საქმე №ას-87-2020 18 ნოემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ზ–ო-?“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ზ–ო-?“-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ზ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 595715,39 ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2009-2016 წლების განმავლობაში მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდებიდან და პერიოდული არასრული ანგარიშსწორებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება 595715,39 ლარის დავალიანება. 09.11.2016 წელს მხარეთა შორის გაფორმდა ვალდებულების აღიარება/დადასტურების თაობაზე შედარების აქტი.
2.2. მოსარჩელე მოპასუხეს მომსახურებას უწევდა/საქონელს აწვდიდა მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლებიც საბოლოოდ ფორმდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით თითოეული ოპერაციისათვის (ტრანზაქციისთვის/ქმედებისთვის) გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციით, კერძოდ, დღგ-ს საგადასახადო ანგარიშფაქტურებით (რომლებიც ადასტურებს ქმედების განხორციელების ფაქტს), მიღება-ჩაბარებისა და შედარების აქტებით, რომლებითაც მხარეებმა განსაზღვრეს მომსახურების/საქონლის ღირებულება (ფასი) და მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი დავალიანების ჯამი.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ:
3.1. 09.11.2016 წელს მხარეთა შორის ნამდვილად გაფორმდა შედარების აქტი, თუმცა იგი არ წარმოადგენს ვალის არსებობის აღიარების დოკუმენტს, არ შეიცავს ფულადი ვალდებულების გადახდის დაპირებას, მასში მხოლოდ ვალდებულების ფაქტობრივი გარემოებებია მითითებული.
3.2. მოპასუხე დაეთანხმა სამი ანგარიშფაქტურიდან (05.04.2016წ; 07.01.2015წ; 01.12.2014წ.) გამომდინარე, ჯამურად 2404 ლარის ოდენობით ვალდებულების არსებობას და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილი ეფუძნება სარჩელის აღძვრამდე (31.10.2017 წლამდე) სამი წლით ადრინდელ დოკუმენტაციას, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2404 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. მოპასუხე არის მოსარჩელის 25% წილის მფლობელი პარტნიორი.
4.2. მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, 2009-2016 წლების განმავლობაში, მოსარჩელე მოპასუხეს უწევდა მომსახურებას, ასრულებდა სამუშაოებს და აწვდიდა საქონელს.
4.3. 2009-2016 წლების განმავლობაში დაგროვებული დავალიანების დაფარვის მიზნით, მოპასუხემ 2011-2014 წლებში აწარმოა ანგარიშსწორება მოსარჩელისაგან დივიდენდების სახით მისაღები თანხის გამოქვითვის გზით, რის შედეგადაც მოპასუხის საბოლოო დავალიანება შემცირდა 595 715,39 ლარამდე.
4.4. 09.11.2016 წლის შედარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს აღნიშნული დღის მდგომარებით, 01.02.2013-09.11.2016 წლების პერიოდისათვის, მოპასუხის ფინანსური დავალიანების არსებობა მოსარჩელის წინაშე 595 715,39 ლარის ოდენობით.
4.5. მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11.10.2017 წელს. 12.10.2017 წლის განჩინებით მას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე განსჯადობის გამო. მოსარჩელემ სარჩელი ხელმეორედ აღძრა 31.10.2017 წელს.
4.6. სასარჩელო მოთხოვნაზე 593 311,39 ლარის დაკისრების ნაწილში გასულია 3 წელზე მეტი ვადა და სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.7. სასარჩელო მოთხოვნაზე 2404 ლარის დაკისრების ნაწილში (რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი), სარჩელი არ არის ხანდაზმული. სარჩელის აღძვრამდე (11.10.2017 წელი) არ არის გასული სამწლიანი ვადა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.07.2018 წლის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება იურიდიული მომსახურების სახით მოსარჩელისთვის 21232,46 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
6. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დამატებითი გადაწყვეტილებაც და მოითხოვა მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019 წლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018 წლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 05.07.2018 წლის დამატებითი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტა შემდეგი:
7.1. მოსარჩელე სადავოდ ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომლითაც საქმეში წარმოდგენილი 09.11.2016წ. შედარების აქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად არ იქნა მიჩნეული.
7.2. 09.11.2016წ. შედარების აქტში დაფიქსირებულია შემდეგი: „ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი ერთი მხრივ, მოპასუხის დირექტორი ზ.კ–ძე და მეორეს მხრივ, მოსარჩელის დირექტორი მ.მ–ძე ვთანხმდებით, ვაღიარებთ და ვაფორმებთ წინამდებარე შედარების აქტს შემდეგზე, რომ მოპასუხის ვალდებულება (ფინანსური დავალიანება) მოსარჩელის (09/11/2016-ის მდგომარეობით) მიმართ შეადგენს 595715,39 ლარს“.
7.3. მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, თავდაპირველად სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, 11.10.2017 წელს, თუმცა 12.10.2017 წლის განჩინებით განსჯადობის გამო უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და განემარტა, რომ მოცემულ საქმეზე განსჯად სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა. მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა 31.10.2017 წელს.
7.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად: სამოქალაქო კოდექსის როგორც 137-ე, ისე 144.3 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებულების ფაქტის კონსტატაციას (სუსგ №ას-374-347-2010, 09.11.2010წ; №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.) და აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, 09.11.2016წ. შედარების აქტში მოპასუხე აღიარებს მხოლოდ დავალიანების არსებობის ფაქტს, არ იძლევა დავალიანების გადახდის თაობაზე დაპირებას, შესაბამისად, ასეთ აღიარებას ვერ მოჰყვება ის სამართლებრივი შედეგი, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 137-ე და 144.3 მუხლებით. 09.11.2016წ. შედარების აქტი არ წარმოადგენს ვალის აღიარების თაობაზე დამოუკიდებელ ხელშეკრულებას. იგი არ შეიცავს რაიმე სახის დაპირებას ან/და ვალდებულების შესრულების მზაობას, რაც გამორიცხავს, სსკ-ის 341-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
7.5. სააპელაციო სასამართლომ დამატებით გადაწყვეტილებაზე წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მითითებული ნორმით განსაზღვრულია მაქსიმალური ზღვარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების განაწილებისას, ხოლო მისი გონივრული შესაბამისობის დადგენა დამოკიდებულია ცალკეულ შემთხვევაში დავის სირთულესა და მნიშვნელობასთან. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 595715,39 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, საიდანაც არ დაკმაყოფილდა 593311,39 ლარის ნაწილში მოთხოვნა, რომლის 4% შეადგენს 23 732,45 ლარს, პალატამ მიიჩნია, რომ წაგებული მოთხოვნის ოდენობიდან გამომდინარე, მოპასუხის სასარგებლოდ 2500 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება, დავის სირთულიდან გამომდინარე, გონივრულია და არ არსებობდა მის დაკისრებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.01.2020 წლის განჩინებით მოპასუხის განცხადება იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
9.1. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ფაქტებზე, რომლებიც პირდაპირ მეტყველებენ ვალის როგორც დეკლარაციულ, ასევე - კონსტიტუციურ აღიარებაზე. 2009 წლიდან 2016 წლამდე მოპასუხე პერიოდულად უკვეთავდა და იღებდა მოსარჩელისგან მომსახურებას/საქონელს და მის ღირებულებას შემდგომ ნაწილობრივ ისტუმრებდა მოსარჩელისგან განაწილებული დივიდენდით. შესაბამისად, ამ პერიოდში მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა პერიოდულად წყდებოდა როგორც ანგარიშსწორებით (გაქვითვის ფორმით), ასევე - კონსტიტუციურ აღიარებასთან ახლოს მდგომი და პრაქტიკულად მისი იდენტური კაუზალური აღიარებით.
9.2. 09.11.2016 წლისთვის ამოწურული არ იყო სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. მისი თავიდან ათვლა დაიწყო 09.11.2016 წელს მხარეთა შორის გაფორმებული აქტით, რომლითაც მოპასუხემ ნათლად გამოავლინა ვალდებულების აღიარების ნება. 09.11.2016 წლის შედარების აქტი არ გადმოსცემს მარტოოდენ სახელშეკრულებო ურთიერთობის ამსახველ ფაქტს. იგი პირდაპირ ითვალისწინებს დათქმას ვალდებულების აღიარებასა და დადასტურებაზე, რაც ვიწრო განმარტებითაც ქმედების განხორციელების დაპირებას გულისხმობს.
9.3. სამართლის დოქტრინა იცნობს კვალიფიციური დუმილის ცნებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, გარიგება ბოლომდე მკაფიოდ არ ადგენდეს რიგ დებულებებს, თუმცა ისინი ნაგულისხმები იყოს არსებულით. როდესაც მხარე აღიარებს დავალიანებას, რა თქმა უნდა, ამით იგი გულისხმობს დავალიანების გადახდას და, კანონიერი ნდობიდან გამომდინარე, უქმნის მეორე მხარეს შესრულების მიღების მოლოდინს. შედარების აქტში ვალდებულების შესრულების ვადის პირობის გაუთვალისწინებლობით მხარეებმა იგულისხმეს ვალდებულების ვადამოსულობა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. სამართლებრივად რელევანტური შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის:
12.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, 2009-2016 წლების განმავლობაში, მოსარჩელე მოპასუხეს უწევდა მომსახურებას, ასრულებდა სამუშაოებს და აწვდიდა საქონელს.
12.2. 2009 წლიდან დაგროვილი დავალიანების დაფარვის მიზნით, მოპასუხემ 2011-2014 წლებში აწარმოა ანგარიშსწორება მოსარჩელისაგან დივიდენდების სახით მისაღები თანხის გამოქვითვის გზით, რის შედეგადაც მოპასუხის საბოლოო დავალიანება შემცირდა 595715,39 ლარამდე.
12.3. 09.11.2016 წელს მხარეთა შორის გაფორმდა შემდეგი შინაარსის შედარების აქტი: „ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი, ერთის მხრივ, მოპასუხის დირექტორი ზ.კ–ძე და მეორეს მხრივ, მოსარჩელის დირექტორი მ.მ–ძე ვთანხმდებით, ვაღიარებთ და ვაფორმებთ წინამდებარე შედარების აქტს შემდეგზე, რომ მოპასუხის ვალდებულება (ფინანსური დავალიანება) მოსარჩელის (09.11.2016 წლის მდგომარეობით) მიმართ შეადგენს 595715,39 ლარს“ (იხ.ტ.1, ს.ფ.17).
12.4. შედარების აქტის გაფორმებამდე სამი წლის განმავლობაში გაფორმებულია საქმეზე დართული მხოლოდ შემდეგი ანგარიშფაქტურები: 05.04.2016წ. №ეა-07 4575964; 07.01.2015წ. №ეა-03 3230464; 01.12.2014წ. №ეა-03 2306719; 01.10.2014წ. №ეა-03 0676516 (იხ.ტ.1, ს.ფ.18-21).
12.5. მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, თავდაპირველად სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, 11.10.2017 წელს, თუმცა 12.10.2017 წლის განჩინებით განსჯადობის გამო უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 222-225). მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა 31.10.2017 წელს (იხ. ტ.1, ს.ფ. 1-16).
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ.).
14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2404 ლარის გადახდა, კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა აფასებს 593311,39 ლარის ნაწილში სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას.
15. მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობისა და ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულებებიდან. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსესუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი (სუსგ №ას-1166-2019, 06.04.2020წ.). სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. რაც შეეხება ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ მოთხოვნებს, მათი სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები (სუსგ №ას-722-2019, 29.11.2019წ.).
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება 593311,39 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ 09.11.2016 წლის შედარების აქტით მოპასუხემ ვალი აღიარა, რაც გამორიცხავს მოთხოვნის ხანდაზმულობას.
17. კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს ვალის აღიარების იურიდიულ ბუნებაზე და ამ კუთხით შეაფასებს 09.11.2016 წლის შედარების აქტში მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას.
18. ნების გამოვლენა სსკ-ის 341-ე მუხლით (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განმტკიცებულ ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა. არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (შდრ. სუსგ-ები №ას-839-890-2011, 8.11.2011წ; №ას-392-371-2013, 8.11.2013წ; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018წ; №ას-758-2019, 22.10.2019წ.).
19. ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013წ.). პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (სუსგ №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.). რადგან ვალის კონსტიტუტიური აღიარების დროს ახალი მოთხოვნა წარმოიშობა, ახალი ხანდაზმულობის ვადა იწყება. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძველი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია, ახალი ვადა მაინც იწყებს ათვლას (შდრ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 21).
20. ვალის აბსტრაქტული (კონსტიტუციური) აღიარების, როგორც ვალდებულების წარმოშობის ახალი საფუძვლისაგან, უნდა გაიმიჯნოს ე.წ. ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანია არსებული ვალდებულების დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება, შემდგომი დავის თავიდან აცილება, სადავო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, ყველა იმ ფაქტისა, თუ არგუმენტის გაქარწყლება, რომელიც ვალის არსებობას გამორიცხავს, ან თუნდაც, ეჭვქვეშ დააყენებს (Sprau, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §781, Rn. 2-6; ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.11). კაუზალური აღიარების მიზანია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება და არა ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, დავისა თუ გაურკვევლობის თავიდან აცილება (შდრ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2014წ. §781, ველი 2,3). შესაბამისად, ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით ვალის კონსტიტუციური (აბსტრაქტული) აღიარებისგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს (იხ.: ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.12; შდრ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 24).
21. სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (სუსგ №ას-1029-949-2017, 23.02.2018წ.).
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დეკლარაციული („კაუზალური“) აღიარება უკვე ხანდაზმული მოთხოვნის ვადას კი არ აღადგენს, არამედ ხანდაზმულობის მიმდინარე ვადის შეწყვეტას იწვევს. შესაბამისად, სსკ-ის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. სსკ-ის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა.
23. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე 09.11.2016 წლის შედარების აქტის შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს არ ქმნის, კერძოდ: არ შეიცავს შეთანხმებას გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ არსებით პირობებზე და დაპირებას/მზაობას მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დავალიანების გადახდის თაობაზე; განსაზღვრული არ არის შესრულების ვადა. 09.11.2016 წლის შედარების აქტი მხოლოდ აზუსტებს/ადასტურებს უკვე არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულების მოცულობას (შდრ. სუსგ №ას-1987-2018, 24.07.2020წ; №ას-1485-1401-2012, 11.11.2013წ; №ას-237-498-08, 03.10.2008წ.). ამდენად, 09.11.2016 წლის შედარების აქტი უკვე არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში დამატებითი შეთანხმება, ე.წ. ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარებაა, რომლითაც მხარეებმა განსაზღვრეს ნარდობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულება. გამომდინარე აქედან, შედარების აქტი მისი შედგენის დღისათვის უკვე ხანდაზმული მოთხოვნების ვადას ვერ აღადგენს. მის საფუძველზე ხანდაზმულობის მიმდინარე ვადა შეწყდა იმ მოთხოვნებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ხანდაზმული. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული მსჯელობა მასზე, რომ ხანდაზმული არ არის მხოლოდ იმ თანხის მოთხოვნა, რომლის ანგარიშფაქტურებიც თარიღდება პირველი სარჩელის აღძვრამდე 3 წლის პერიოდით, ანუ 11.10.2014 წლამდე. დავის გადასაწყვეტად უნდა განისაზღვროს, 09.11.2016 წლის შედარების აქტის გაფორმების დროს დავალიანების რა ნაწილი არ იყო ხანდაზმული.
24. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019, 04.12.2019წ.). ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია, გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ №ას-986-2019, 16.10.2019წ.).
25. მოსარჩელის მოთხოვნა შესრულებული სამუშაოებიდან და საქონლის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობისა და ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, ამრიგად, მასზე სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება. სადავო არ არის, რომ დავალიანება, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს, წარმოადგენს საქმის მასალებში არსებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში მითითებული თანხების საერთო ჯამს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი თითოეული საგადასახადო ანგარიშფაქტურით დადასტურებული მოთხოვნისათვის გამოთვლილ უნდა იქნეს ცალ-ცალკე.
26. გამომდინარე აქედან, შედარების აქტის 09.11.2016 წელს გაფორმებისას, ხანდაზმული იყო ამ თარიღამდე მხოლოდ 3 წლით ადრე, ანუ 09.11.2013 წლამდე გაფორმებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დადასტურებული დავალიანება. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებიდან 09.11.2013 წლიდან დავალიანების წარმოშობას ადასტურებს მხოლოდ ოთხი: 05.04.2016წ. №ეა-07 4575964; 07.01.2015წ. №ეა-03 3230464; 01.12.2014წ. №ეა-03 2306719; 01.10.2014წ. №ეა-03 0676516 (ტ.1, ს.ფ.18-21). მეოთხე ანგარიშფაქტურის თანახმად, ოპერაცია განხორციელდა 2014 წლის სექტემბერში, ანგარიშფაქტურა კი გამოწერილ იქნა 01.10.2014 წელს. ამრიგად, 09.11.2016 წლის შედარების აქტის გაფორმებით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა (სსკ-ის 137-ე მუხლი) და 09.11.2016 წელს მისი თავიდან ათვლა დაიწყო (სსკ-ის 141-ე მუხლი) მითითებული ოთხი ანგარიშფაქტურით დადასტურებული მოთხოვნის მიმართ. მოსარჩელემ პირველი სარჩელი აღძრა 11.10.2017 წელს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი ხანდაზმული არ არის. პირველი სამი (05.04.2016წ., 07.01.2015წ., 01.12.2014წ.) საგადასახადო ანგარიშფაქტურით დადასტურებული დავალიანების, საერთო ჯამში 2404 ლარის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილებულია, ხოლო მეოთხე საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან - 01.10.2014წ. №ეა-03 0676516 - გამომდინარე მოთხოვნის (280 ლარის ოდენობით) ნაწილში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელი არ დააკმაყოფილეს მისი ხანდაზმულობის საფუძვლით, რასაც საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს დამატებით უნდა აუნაზღაუროს 2014 წლის სექტემბერში განხორციელებული ოპერაციისათვის 01.10.2014წ. საგადასახადო ანგარიშფაქტურით დადასტურებული დავალიანება - 280 ლარი. რაც შეეხება 09.11.2013 წლამდე წარმოშობილ დავალიანებას, რომელიც 09.11.2016 წელს შედარების აქტის გაფორმების დროს უკვე ხანდაზმული იყო, სარჩელი ამ ნაწილში ხანდაზმულია და მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
27. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019 წლის განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018 წლის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დატოვების თაობაზე და მიღებულ იქნეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრება 280 ლარის გადახდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019 წლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა მოსარჩელისთვის მოპასუხის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.07.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილება, უნდა დარჩეს უცვლელად.
28. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, ასევე 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფო ბაჟი სასარჩელო მოთხოვნის მოგებული ნაწილის (მოპასუხეს დამატებით დაეკისრა 280 ლარი, რაც შეადგენს დავის საგნის 0,05%-ს) პროპორციულად, რაც ამ ნაწილში სამივე ინსტანციის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გათვალისწინებით (4928 ლარი (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სსსკ-ის 49.2 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან დაუბრუნდა 72 ლარი), 7000 ლარი და 8000 ლარი) შეადგენს 10 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ზ–ო-?“-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019 წლის განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018 წლის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დატოვების თაობაზე და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ზ–ო-?“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს „ზ–ოს“ შპს „ზ–ო-?“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 280 ლარის გადახდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019 წლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. შპს „ზ–ოს“ შპს „ზ–ო-?“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 10 ლარის ოდენობით.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე