საქმე №ა-2498-შ-72-2022 20 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი/განმცხადებელი – სს „P. G. S-s”
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა. ჯ.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე - პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA ../.. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – საარბიტრჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA ../.. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ს“ სს „P. G. S-s“-ის სასარგებლოდ კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, დაეკისრა 10 517, 81 ევროს ოდენობით გარიგებით გათვალისწინებული თანხის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ წელზე არა უმეტეს 10.1% 2021 წლის 9 თებერვლიდან გადახდის თარიღამდე.
2. „ა. ჯ-ს“ სს „P. G. S-ns“-ის სასარგებლოდ კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, დაეკისრა 23 155 ზლოტის და, ასევე, 300 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდა, როგორც სამართალწარმოების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან გადახდის თარიღამდე.
3. 2022 წლის 19 მაისს სს „P. G. S-s-ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA ../.. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და შპს „ა. ჯ-ის“ (ს/კ …) იმ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, .. ქუჩა №.. (ს/კ …) შპს „ა. ჯ-ის“ მიერ იჯარით აღებულ 1 851 კვ. მეტრ ფართში.
4. განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
4.1. მოწინააღმდეგე მხარე თბილისის მასშტაბით, საკმაოდ ცნობილი ფიტნეს დარბაზის „A. F-ss”-ის მფლობელს წარმოადგენს. მოწინააღმდეგე მხარემ 2022 წლის 9 მაისს, .. პარკში „A. F-ss”-ის ახალი ფილიალი გახსნა, სადაც განთავსებულია ისეთი მოძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია ფიტნეს დარბაზის ფუნქციონირებისათვის;
4.2. უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის №ა-…-შ-..-20.. განჩინებაში აღნიშნულია, იმისათვის, რომ მოხდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფა, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს 191-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ კრიტერიუმებზე, კერძოდ: გარემოებებზე, რომლებიც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით;
4.3. განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება უკიდურესად გართულდება, რამდენადაც ერთი მხრივ, მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნია უძრავი ქონება, ხოლო მეორე მხრივ, არა ერთი შეტყობინების მიუხედავად, მან თავი აარიდა საარბიტრაჟო პროცესში მონაწილეობას. საარბიტრაჟო დავაც სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ მოპასუხე არ ასრულებდა და დღესაც არ ასრულებს თავის ფულად ვალდებულებას განმცხადებლის მიმართ;
4.4. მოპასუხის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში ფიქსირდება მის ქონებაზე ყადაღა, ასევე, მის მთელს ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა;
4.5. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებები არის პროპორციული. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს მოპასუხეს აეკრძალოს იმ მოძრავი ქონების განკარგვა, რომელიც განთავსებულია მოწინააღმდეგის მიერ იჯარით აღებულ ფართში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. ასევე, „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
7. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
8. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მსგავსად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობა შეიძლება, იმ შემთხვევაში წარმოიშვას, თუ საარბიტრაჟო მოსარჩელეს დავის დასრულებამდე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა არ გაუკეთებია და, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტამდე (სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე) ამ გადაწყვეტილების აღსრულების საჭიროება წარმოიშვა (იხ.სუსგ №ას-678-678-2018, 22 ივნისი, 2018 წელი).
9. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
10. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).
11. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (იხ. სუსგ № ას-1477-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).
12. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის .. სექტემბრის №././..,… გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ს-ო კ-ია რ-ი ..“ და „შპს ტ-ა ს-ო“ ს-ს პ-ის წინააღმდეგ, II-52).
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ საქმე №ას-…-20.., .. ოქტომბერი, 20.. წელი). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია, არათანაზომიერად არ უნდა შეიზღუდოს მოპასუხის უფლებები, არამედ მხოლოდ იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის უფლების რეალიზაციისათვის. უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
14. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას და შპს „ა. ჯ-ის“ (ს/კ …) იმ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, … ქუჩა №..(ს/კ …) შპს „ა. ჯ-ის“ მიერ იჯარით აღებულ 1 851 კვ. მეტრ ფართში.
15. განმცხადებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერების დასადასტურებლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არ მონაწილეობდა საარბიტრაჟო პროცესში და დღესაც არ ასრულებს ვალდებულებას, რაც არ არის საკმარისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოვალის (მოპასუხე) ქონებაზე საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების დაწესება სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა, რამდენადაც კომპანია (მოპასუხე მხარე) ფუნქციონირებს. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი თავად მიუთითებს მოპასუხე მხარის ცნობადობაზე, ამასთან, დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ ახალი ფილიალის გახსნის ფაქტიც. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოპასუხე შემოსავლის მქონე კომპანიაა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული საწარმოს ფილიალის ისეთ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებამ, რომელიც აუცილებელია ფილიალის ფუნქციონირებისათვის, უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს კომპანიის შემოსავლებსა და თავად პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA ../..საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 35618-ე, 284-ე მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „P. G. S-s” განცხადება პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო
2. სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA ../.. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი