№ ას-70-2022 16 თებერვალი 2022 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი – ს.ს–ი (საპროცესო წარმომადგენელი გ.დ–ძე, ი.მ–ძე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.შ–ნა (მოსარჩელე) (საპროცესო წარმომადგენელი რ.პ–ძე)
არასრულწლოვანი - ვ.ს-შ–ა (საპროცესო წარმომადგენელი ნ.ი–ძე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა და დახმარების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრი (საპროცესო წარმომადგენელი ი.შ–ძე)
თარჯიმანი - ი.მ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ქ.შ–ნამ სარჩელი აღძრა მოპასუხე ს.ს–ის მიმართ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვანი ბავშვის - ვ.ს-შ–ას (დაბადებული 2015 წლის 27 მარტს) დაბრუნება ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში - რუსეთის ფედერაციაში, დედის ქ.შ–ნას, საცხოვრებელ მისამართზე - ქ. მოსკოვი, .....№21, ბინა №39.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. ქ.შ–ნა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც: „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში. 2011 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს.ს–თან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც: „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“). ერთად ცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 27 მარტს, შეეძინათ ქალიშვილი - ვ.ს-შ–ა. 2017 წლის 18 ნოემბერს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. განქორწინების შემდეგ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიწყო დავა არასრულწლოვანი შვილის - ვ.ს-შ–ას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მოსარჩელემ სარჩელით მიმართა ქ. მოსკოვის პრესნენის რაიონულ სასამართლოს, ხოლო ს.ს–მა შეიტანა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. დავის მიმდინარეობისას ს–მა, დედის-ქ.შ–ნას თანხმობის გარეშე, არაერთხელ გაიტაცა ვ–სა საბავშვო ბაღიდან. 2020 წლის 9 ოქტომბერსაც წაიყვანა მოტყუებით ისე, რომ ბავშვის ადგილსამყოფელი მოსარჩელისთვის უცნობი იყო. ამიტომ, მისი შუამდგომლობის საფუძველზე მოსკოვის ოლქის პრესნენის სასამართლომ ვ–სას ს–ისთვის ჩამორთმევისა და დედის, ქ.შ–ნას საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებისა და დედისათვის გადაცემის თაობაზე დროებითი განკარგულება მიიღო. განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, თუმცა განკარგულების აღსრულება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მამამ დედასთან შეუთანხმებლად, ბავშვი გაიყვანა რუსეთის ფედერაციიდან, კერძოდ, 2020 წლის 10 ოქტომბრიდან ბავშვი წაიყვანა ჯერ ბელორუსიაში, გადავიდა არაბულ სახელმწიფოებში, შემდეგ თურქეთში, საიდანაც 2021 წლის 2 მარტს, სტამბოლის აეროპორტის მეშვეობით, შევიდა თბილისში, ხოლო 4 მარტს -ბათუმში.
2.2. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე, 2021 წლის 6 მარტს, მოსარჩელე ჩავიდა ბათუმში. შვილის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, მოსარჩელემ მიმართა საერთაშორისო ინტერპოლს, რომელთაც დაადგინეს ბავშვის ადგილსამყოფელი - საქართველო, ქ. ბათუმი. მოპასუხე უარს აცხადებდა მოსარჩელეს ბავშვის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებაზე, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა, აღეძრა წინამდებარე სარჩელი.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და შესაგებელში მიუთითა, რომ მას ბავშვი არასოდეს გაუტაცებია და არც მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უმოქმედია. მისი განმარტებით, მოსარჩელე მხოლოდ მცირე დროით იმყოფებოდა საქართველოში, როდესაც მიმართა პოლიციას არარსებული ძალადობის ფაქტებზე, იმ მოლოდინით, რომ ს.ს–ს დააკავებდნენ, მაგრამ, როდესაც უფლებამოსილი ორგანოების მიერ მასალების მოკვლევისას, ეს არ დადასტურდა, მან დატოვა საქართველოს ტერიტორია. მოპასუხე აცხადებდა, რომ იგი თავად აპირებდა, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის ბავშვზე შესაძლო ძალადობისა და ცრუ დასმენის მოთხოვნით.
3.2. მოპასუხე შესაგებელში აღნიშნავდა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არ ჰქონდა წარდგენილი სარჩელის განხილვის უფლებამოსილება, რადგან „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის საფუძველზე, ვერ მოგვარდებოდა ურთიერთობა, ვინაიდან არ არსებობს ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის.
3.3. შესაგებელში მხარე, მიუთითებდა, რომ საქართველოში მოპასუხისა და მისი შვილის ყოფნა ავტომატურად არ ნიშნავდა ბავშვის არამართლზომიერად დაკავებას. მოპასუხეს სურდა, ორივე მშობელს თანაბრად ეზრუნა შვილის აღზრდა/განვითარებაზე, რაც მოსარჩელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და, შურისძიების მიზნით, ცდილობს ზიანი მიაყენოს მას.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთება
4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ს.ს–ის მიმართ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე ქ.შ–ნას სარჩელი დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილებით დადგინდა არასრულწლოვანი ვ.ს-შ–ას (დაბ. 27.03.2015 წ.) რუსეთის ფედერაციაში დედასთან ქ.შ–ნასთან დაბრუნება . ქ.შ–ნასთვის გადაცემის უზრუნველყოფა მამას - ს.ს–ს დაევალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
4.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება ს.ს–მა გაასაჩივრა საპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით - ს.ს–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების, ფსიქოლოგების დასკვნების, მხარეთა, მათ შორის, არასრულწლოვნის, მოსმენისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კანონის სწორ განმარტებას, საქმის გადასაწყვეტად საჭირო ყველა ფაქტი დადგენილი იყო, სამართლებრივი გარემოებები სწორად შეფასებული და არ არსებობდა მისი გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები.
5.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მოსარჩელე ქ.შ–ნა და მოპასუხე ს.ს–ი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები (ტომი I, ს.ფ. 21-23);
- ქ.შ–ნა ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში. ის დასაქმებულია საერთაშორისო კომპანია -ფ „ა.ზ–ში“ მარკეტოლოგის თანამდებობაზე და აქვს მაღალი ანაზღაურება. ს.ს–ი 2020 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში, პროგრამისტია და დაკავებულია ბიზნესსაქმიანობით;
- 2011 წლიდან მხარეები იმყოფებოდნენ ქორწინებაში და ქ. მოსკოვში ერთად
ცხოვრობდნენ. თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 27 მარტს, მხარეებს შეეძინათ
ქალიშვილი - ვ.ს-შ–ა. ვ–სა დაიბადა ქ. მოსკოვში და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა (ტომი I, ს.ფ. 18-20);
- 2017 წლის 18 ნოემბერს, ს.ს–სა და ქ.შ–ნას შორის ქორწინება შეწყდა (ტომი I, ს.ფ. 24-27). მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ბავშვი საცხოვრებლად დარჩა დედასთან, ქ. მოსკოვში. ბავშვის აღზრდაში ქ.შ–ნას ეხმარებოდნენ თავისი მშობლები, რომლებთანაც ვ–სა რჩებოდა დედის სამსახურებრივ მივლინებებში ყოფნის პერიოდში;
- მცირეწლოვანი ბავშვის - ვ.ს-შ–ას ძირითადი საცხოვრებელი ადგილია რუსეთის ფედერაცია. რუსეთის ფედერაციაში ვ–სას რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია - ქ. მოსკოვი, ..... №21, ბინა №39, სადაც რეგისტრირებულია და ცხოვრობს მოსარჩელე ქ.შ–ნაც. ქ. მოსკოვში, ...... №21-ში მდებარე ბინა №39 წარმოადგენს ქ.შ–ნასა და ს.ს–ის თანასაკუთრებას;
- მცირეწლოვანი ვ–სა, თავისი ასაკის შესაბამისად, სრულყოფილად ფლობს
მშობლიურ რუსულ ენას. ქ. მოსკოვში ის დადიოდა საბავშვო ბაღში - რომანოვების სკოლა „მოზაიკაში“, შემდეგ მისამართზე: ......... სახლი 16;
- განქორწინების შემდეგ, ქ.შ–ნა და ს.ს–ი შეთანხმდნენ შვილთან ურთიერთობის გარკვეულ წესზე, იმგვარად, რომ ს.ს–ს შეეძლო, ურთიერთობა ჰქონოდა მცირეწლოვან შვილთან და წაეყვანა თავისი მშობლების საცხოვრებელ ადგილას, თუმცა 2020 წლიდან მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა;
- 2020 წლის 22 ივლისს, ს.ს–მა მცირეწლოვანი შვილი - ვ.ს შ–ა, დედასთან - ქ.შ–ნასთან შეთანხმების გარეშე, წაიყვანა საბავშვო ბაღიდან. 2020 წლის 24 ივლისს, ქ.შ–ნამ, იმ მიზეზით, რომ მამა უარს აცხადებდა ბავშვის დაბრუნებაზე და დედას არ ეძლეოდა მცირეწლოვან შვილთან კონტაქტის საშუალება, ქ. მოსკოვის პრესნის რაიონულ სასამართლოს ს.ს–ის მიმართ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ბავშვთან მამის ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე სარჩელით მიმართა. ს.ს–მა შეგებებული სარჩელი აღძრა ქ.შ–ნას მიმართ და მოითხოვა ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ს.ს–ი შვილთან ერთად იმყოფებოდა პერმის ოლქში არსებულ სანატორიუმში, ქ.შ–ნას თანხმობის გარეშე, საიდანაც დედამ ბავშვი წაიყვანა ქ. მოსკოვში;
- 2020 წლის 9 ოქტომბერს, ს.ს–მა დედის - ქ.შ–ნას თანხმობით, ვ.ს-შ–ა 2 დღით წაიყვანა უკან დაბრუნების პირობით, თუმცა ს–მა ბავშვი დედასთან აღარ დააბრუნა.
- 2020 წლის 14 ოქტომბერს, ქ.შ–ნამ, ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, განცხადებით მიმართა ქ. მოსკოვის პრესნის პოლიციის განყოფილებას, რომელმაც, თავის მხრივ, ვ.ს-შ–ას ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმართა კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას;
- ქ.შ–ნამ შუამდგომლობითაც მიმართა ქ. მოსკოვის პრესნის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არასრულწლოვანი ბავშვის ბინადრობის ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, იმ მოტივით, რომ მამამ ვ–სა წაიყვანა სხვა რეგიონში, დედის თანხმობის გარეშე და დედას აღარ ეძლევა შვილთან ურთიერთობის საშუალება;
- ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით:
„ - არასრულწლოვან გოგონას, ვ–სა ს–ის ასული ს -შ–ას, - დაბადებული 2015
წლის 27 მარტს, - ქ. მოსკოვში, ბინადრობის ადგილად განისაზღვრა დედის - ქ.ა.ასული შ–ას საცხოვრებელი ადგილი აღნიშნულ სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
- განჩინება წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ არასრულწლოვანი ვ–სა ს–ის ასული ს -შ–ა, - დაბადებული 2015 წლის 27 მარტს,- ჩამოერთვას მამას - ს. ს. ძე ს–ს და გადაეცეს დედას - ქ.ა. ასულ შ–ას.
- განჩინება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.
სასამართლოს მითითებით, საქმე განხილულ იქნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - პრესნის მუნიციპალური ოკრუგის წარმომადგენლის, მოსარჩელე ქ.შ–ნას, მისი წარმომადგენლის,მოპასუხე ს.ს–ის წარმომადგენლის მონაწილეობით. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ გაითვალისწინა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ბინის საცხოვრებელი-საყოფაცხოვრებო პირობები, პრესნის მუნიციპალური „ოკრუგის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლის წერილობითი დასკვნა სადავო საკითხთან დაკავშირებით, ბავშვის ასაკი, კავშირი დედასთან, არასრულწლოვნის ინტერესები, ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხემ ბავშვი წაიყვანა ქალაქ მოსკოვიდან ქალაქ პერმში თავის მშობლებთან, დედის თანხმობის გარეშე, (ტომი I, ს.ფ. 28-33);
- განჩინების აღსრულების მიზნით, ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს
მიერ, 2020 წლის 18 ნოემბერს, გაიცა სააღსრულებო ფურცელი და გადაეცა აღსასრულებლად შესაბამის ორგანოს, მოსკოვის სასამართლო ბოქაულთა ფედერალური სამსახურის მთავარ სამმართველოს №1 (ტომი I, ს.ფ. 34-42);
- 2020 წლის ოქტომბერში ს.ს–ი შვილთან ერთად გაემგზავრა ბელორუსიაში, შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საიდანაც დუბაისა (არაბთა გაერთიანებული საემიროები) და სტამბოლის (თურქეთის რესპუბლიკა) გავლით, 2021 წლის 2 მარტს, შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, თბილისში, ხოლო 2021 წლის 4 მარტს - ბათუმში. მითითებულ პერიოდში (დაახლოებით 5 თვის განმავლობაში) დედამ, ქ.შ–ნამ, არ იცოდა შვილის ვ.ს-შ–ას კონკრეტული ადგილსამყოფელი, საქართველოშიც ს.ს–მა ბავშვი ჩამოიყვანა დედის - ქ.შ–ნას თანხმობისა და მისი ინფორმირების გარეშე
(ტომი I, ს.ფ. 125, 272-273);
- ს.ს–ისა და ბავშვის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია მიიღო ინტერპოლის მეშვეობით. ინფორმაციის მიღებისთანავე, წარმომადგენლის მეშვეობით, 2021 წლის 22 მარტს, სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ს.ს–ის მიმართ და მოითხოვა არამართლზომიერად გადაადგილებული/ დაკავებული ბავშვის ძირითადი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნება (ტომი I, ს.ფ. 2-11, 43-44, ტომი III, ს.ფ. 228-241).
- 2021 წლის 6 მარტს ქ.შ–ნა მოსკოვი-სტამბოლი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა საქართველოში, შვილის რუსეთის ფედერაციაში წაყვანის მიზნით, რაც ვერ შეძლო
ს.ს–ის წინააღმდეგობის გამო;
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის ბრძანებით, საქმეზე
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ს.ს–ს აეკრძალა ვ.ს შ–ას გადაადგილება ქ. ბათუმიდან სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ან საქართველოს საზღვრებს
გარეთ გაყვანა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო ს.ს–ისა და ვ.ს შ–ას ადგილსამყოფლის დადგენა და სასამართლოს ინფორმირება. ბრძანება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (ტომი I, ს.ფ. 49-52);
- საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს 2021 წლის 1 აპრილის #MIA 52100799778 წერილით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეცნობა, რომ ს.ს–ი შვილთან - ვ.ს შ–ასთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში, თუმცა კონკრეტული მისამართი უცნობია, ვინაიდან ს.ს–ი არ ასახელებდა საცხოვრებლის მისამართს და განმარტავდა, რომ მას არ სურდა, მიეწოდებინა საგამოძიებო ორგანოებისთვის ან სხვა უწყებებისთვის თავისი და
შვილის საცხოვრებელი მისამართის შესახებ ინფორმაცია. ამასთან, ის განმარტავდა, რომ შვილთან ერთად ცხოვრობს ბათუმში და არ აპირებს საქართველოდან წასვლას (ტომი I, ს.ფ. 125);
- 2021 წლის 21 იანვარს ქ. მოსკოვის პრესნის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბავშვის ვ.ს-შ–ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი, ხოლო მამას დაუდგინდა ბავშვთან ურთიერთობის დღეები (ტომი I, ს.ფ. 30-33, 38-42);
- ს.ს–ი შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში. არასრულწლოვანი ვ.ს-შ–ა ირიცხება ბათუმში არსებული „საერთაშორისო ამერიკული სკოლის“ პირველ კლასში. სწავლა დაეწყო 2021 წლის 4 ოქტომბრიდან. ვ–სა კერძო პედაგოგებთან ეუფლება ინგლისურ და ფრანგულ ენებს, ასევე - ქართულ ენას, ბალეტს, ჭადრაკსა და ხატვას, ჩართულია სხვადასხვა აქტივობაში, პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სკოლისა და ბალეტის ამხანაგებთან (მხარეთა ახსნა-განმარტება, იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმები);
- საქალაქო სასამართლოში დავის განხილვისას, მეურველობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგების მიერ მომზადებული არაერთი
დასკვნის თანახმად, ვ.ს-შ–ას დადებითი დამოკიდებულება აქვს როგორც მამის, ასევე - დედის მიმართ, სურს, იცხოვროს ორივე მშობელთან ერთად;
- სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკის
ნ.მ–ს მიერ 01.12.2021წ. მომზადებული დასკვნის თანახმად: „მამა-შვილს შორის ურთიერთობაზე დაკვირვებით შეიძლება დავასკვნათ, რომ მათ შორის არის დადებითი და პოზიტიური ურთიერთობა. მამა ზრუნავს ბავშვზე და უზრუნველყოფს მის ყველა საჭიროებებს.ვ–სა დედასთან დაკავშირებით საუბრობდა დადებითად, აღნიშნავდა, რომ დედა ძილის წინ მას უკითხავს ზღაპრებს და მასთან აქვს ხშირი კომუნიკაცია. - ს.ს–ისა და ქ.შ–ნის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, იკვეთება, რომ ისინი ვერ იღებენ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა, ოჯახში ძალადობრივი გარემო არ შეიმჩნევა. - არასრულწლოვანი ვ.ს-შ–ა მარტის თვიდან იმყოფება საქართველოში. ის დადის სკოლაში, ბალეტის გაკვეთილებზე და სათამაშო
მოედანზე. გოგონა სწავლობს ქართულ ენას, ოჯახში ვიზიტის დროს ის ქართულ ენაზე წერდა სიტყვებს, რომელიც წაიკითხა კიდეც. ვ–სამ საუბარში აღნიშნა, რომ მას მეგობრები ჰყავს როგორც სკოლაში, ისე საბავშვო მოედანზე, სადაც ისინი თამაშობენ სხვადასხვა თამაშებს და ერთობიან. შესწავლის შედეგად და მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვის ინტეგრაცია ამჟამინდელ გარემოში დაწყებულია, თუმცა, სრულად მისი ინტეგრაციისათვის აუცილებელია მრავალმხრივი ურთიერთობა, როგორც მშობლებთან და მათ ნათესავებთან, ისე თანატოლებთან (დღესასწაულების ერთად აღნიშვნა, სტუმრად სიარული და სხვა), რისი შესაძლებლობაც მას არ ეტაპზე არა აქვს. - დასკვნის შესაბამისად, ბავშვის სრულყოფილი ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მას რეგულარული ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან და ნათესავებთან. მიზანშეწონილია მხარეები შეთანხმდნენ იმგვარად, რომ დაცული იყოს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას მიზანშეწონილია მხარეებს შორის შედგეს მორიგება ბავშვის უფლებებისა და ჭეშმარიტი ინტერების დაცვის მიზნით“ (ტომი II, ს.ფ. 11-15, 63-67);
- 2021 წლის 29 ნოემბერს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის მიერ მომზადებული შეხვედრის ოქმის თანახმად: „საცხოვრებელ სახლში მისვლისას სახლში დახვდათ ს.ს–ი და ვ.ს-შ–ა. - შეხვედრის განმავლობაში ვ–სა მაგიდასთან იჯდა და საღებავებით ხატავდა, ს.ს–ი კი სოციალური მუშაკის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. ვიზიტის მსვლელობისას, საშუალება მიეცათ ს.ს–ისა და მისი ადვოკატის დასწრების გარეშე გასაუბრებოდნენ ვ–სას. - ვ–სა თავისუფლად კონტაქტირებდა მათთან, ამომწურავად პასუხობდა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს, თუმცა, რამდენჯერმე შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე ვ–სა ჩუმდებოდა, ერთ წერტილს უყურებდა, ეფანტებოდა ყურადღება. შესაბამისად, მოუწიათ შეკითხვების რამდენჯერმე განმეორება. საუბრის დასაწყისში გამოიკვეთა, რომ არასრუწლოვანი სწავლობს ქართულ ენას, აჩვენა მისი დაწერილი სიტყვები და წაიკითხა კიდეც. ამბობდა, რომ ძალიან მოსწონს ქართული ენა. ასევე აღნიშნა, რომ დადის სკოლაში, ჭადრაკზე, ბალეტზე და სათამაშო მოედანზე. დასმულ შეკითხვაზე სახლში ხომ არ მოდიან სკოლის მეგობრები პასუხობს, რომ ჯერ არა, თუმცა, იმედოვნებს, რომ მალე ესტუმრებიან. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რამდენად ხშირად ეკონტაქტება დედას ვ–სა პასუხობს, რომ ყოველ დღე. ყვება, რომ დედა უკითხავს იმ ზღაპრებს, რომელსაც აირჩევს. თხოვნაზე, რომ მათი თანდასწრებით დაერეკა დედისთვის აღნიშნა, რომ ახლა ზღაპრების წაკითხვის დრო არ არის და შესაბამისად უარი განაცხადა დედასთან გასაუბრებაზე“ (ტომი III, ს.ფ. 113-115).
- 2021 წლის 9 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი ბავშვის ვ.ს-შ–ას ადვოკატის - ნ.ი–ძის განმარტების თანახმად, ბავშვს პირველად შეხვდა ს.ს–ის ადვოკატის ოფისში, ხოლო მეორედ - ს–ის საცხოვრებელ მისამართზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ბავშვთან გასაუბრების დასრულებისას დედასთან - ქ.შ–ნასთან ექნებოდათ სატელეფონო კომუნიკაცია, რაზეც ს–ი დაეთანხმა, თუმცა, როდესაც შეეცადნენ ქ.შ–ნასთან დარეკვას, აღმოჩნდა, რომ დედის ნომერზე ბავშვის ტელეფონიდან გამავალი ზარები დაბლოკილი იყო და საჭიროებდა დამცავი კოდის შეყვანას, რომელიც უკარნახა ს–მა, მაგრამ დარეკვა მაინც ვერ მოახერხეს. ს–ს სთხოვა შეზღუდვის მოხსნა, რამაც მასში აგრესია გამოიწვია და უთხრა, რომ 7 საათის შემდეგ იბლოკებოდა ყველა ზარი ბავშვის ტელეფონზე. საბოლოოდ, ს–ის ადვოკატების დახმრებით, ქ–თან დარეკვა მაინც მოახერხეს. დედასთან საუბრისას ბავშვი ძალიან ნერვიულობდა, სთხოვა არ ჩაერთო ვიდეოთვალი, რადგან არ გაეგო დედას, თუ სად ცხოვრობდნენ. დედას არ უნდა სცოდნოდა მათი მისამართი. ბავშვი მასთან საუბრისას ამბობდა შემდეგ ფრაზებს, რომელიც მამამ უთხრა: „მე არ მინდა რუსეთში დაბრუნება, რადგან იქ ავად გავხდები“, ავად გახდომაში ბავშვი მოიაზრებდა კოვიდ-პანდემიას; „მოსკოვში თუ წავიდოდა იქ წაიყვანდნენ სოფელში სტუმრად, სადაც ქათმებია და მას არ უნდოდა ქათმებთან“, ამის შესახებ ს–მაც ისაუბრა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ამით ის ცდილობს, დააკნინოს ის გარემო, სადაც ვ–სა ატარებდა დროს (დედის მშობლებთან). ბავშვის გადმოცემით - „ბებიამ (მამის დედამ) მითხრა, რომ დედაშენი ცბიერი მელაა და მას არ უნდა უთხრა, სად ცხოვრობო“; მამამ მას უთხრა, რომ „მისი დაბადება დედას არ გაუხარდა, რადგან მას ბიჭი უნდოდა. მამას უფრო უყვარს ის, ვიდრე დედას“. ადვოკატის განმარტებით, ეს და კიდევ სხვა გარემოებები აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მამის მიერ ბავშვზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეგავლენა და დედის როლის დაკნინება. ს–ი მისი და ბავშვის, ასევე - ბავშვისა და ფსიქოლოგის შეხვედრას ფარულად უსმენდა და ზედამხედველობდა. ამდენად, ს–ი აკონტროლებს მათ საუბრებს, რათა შემდეგში ბავშვის სასაუბრო თემები შეერჩია და დაემუშავებინა. არასრულწლოვანი არ არის თავისუფალი ნების გამოხატვისას, მამა ცდილობს, გააკონტროლოს მისი თითოეული შეხვედრა და გასაუბრება, გოგონას მუდმივად უკეთია სააათი, რომელსაც აქვს ჩაწერის ფუნქცია. ეს საათი ეკეთა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლესთან გასაუბრებისას. ს–ი აქტიურად ცდილობს, გოგონა შეაგუოს ახალ გარემოს, აქვს ზედმეტად დატვირთული გრაფიკი. როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში იხილებოდა დროებითი განკარგულების შეცვლის საკითხი, ბავშვის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ძლივს მოახერხეს დედა-შვილის შეხვედრა. არასრულწლოვანს არა აქვს დასვენების პერიოდი, ვინაიდან ყოველი საათი გაწერილი აქვს. მამა ცდილობს, ხელოვნურად შეუქმნას შვილს სამეგობრო წრეც. გოგონამ იცის რამდენიმე ქართული სიტყვა და შეუძლია, დაწეროს დასწავლილი ტექსტი, ჯერჯერობით არ ფლობს ქართულ ენას, სწავლის პროცესშია. ადაპტაციად არ მიიჩნევა ბავშვისათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნა და იძულებით სწავლა იმ სახელმწიფოს ენისა , რომელშიც არამართზომიერად გადაადგილებულია. ამასთან, რუსეთის ფედერაციაში მხარეთა შორის ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დავა ამჟამად დასრულებულია და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი. ს–მა, დედისა და მეურვეობის ორგანოს თანხმობის გარეშე, ბავშვი შემოიყვანა საქართველოში, რაც აპელანტმა დაადასტურა კიდეც სასამართლო სხდომაზე. არასრულწლოვანი არამართლზომიერად გადაადგილებული პირია. არ იკვეთება რუსეთის ფედერაციაში ბავშვის დაბრუნების კანონით დადგენილი დამაბრკოლებელი რაიმე წინაპირობა. შესაბამისად, ბავშვი უნდა დაბრუნდეს რუსეთის ფედერაციაში (ტომი I, იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 09.12.2021წ. 16:28-16:53 სთ);
- 2021 წლის 9 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენლის - ი.შ–ძის განმარტებით, მხარეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციების შესაბამისად, დედას არ ჰქონდა ბავშვის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. ის დაეთანხმა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის მიერ გაცემულ დასკვნებში მითითებულ გარემოებებს და დამატებით განმარტა, რომ ბავშვის ადაპტაცია დაწყებულია, თუმცა ინტეგრირებული და გარემოსთან შეგუებული არ არის (ტომი I, იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 16:55-17:06 სთ);
- 2021 წლის 9 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე სოციალური მუშაკი ნ.მ–ვა სრულად დაეთანხმა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებისა და მათ მიერ გაცემულ დასკვნებში მითითებულ გარემოებებს (ტომი I, იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 17:06-17:07 სთ);
- 2021 წლის 17 დეკემბერს, მოსამართლეებთან გასაუბრებისას არასრულწლოვანმა ვ.ს-შ–ამ აღნიშნა, რომ დღეისათვის ცხოვრობს მარტო მამასთან ერთად, მაგრამ სურს ორივე მშობელთან ერთად. ამასთან, აღნიშნა, რომ არ უნდა მოსკოვში ცხოვრება და ურჩევნია ბათუმში. ვ–სას სიტყვებით, ბათუმში ჰყავს ბევრი მეგობარი, აქ არის დიდი აუზი, მამა დაჰპირდა, რომ წაიყვანს საფრანგეთში და ელოდებიან, როდის მოვა დიდი თოვლი;
5.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ჰააგის კონვენციის, როგორც გამოსაყენებელი სამართლის რელევანტურობის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა და აღნიშნა რომ საქართველო და რუსეთის ფედერაციაც „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აიღეს ვალდებულება, კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ნებისმიერი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვის ინტერესების დაცვის უპირატესი მნიშვნელობის გათვალისწინებით, კონვენციით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი ვერ გახდებოდა ის , რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არსებობს კონვენციაზე მიერთების აღიარება (კონვენციის 38-ე მუხლი), რადგან არ წარმოადგენდა კონვენციის გამოყენების გამომრიცხავ გარემოებას.
5.4. სასამართლომ განსახილველი ტიპის დავების განხილვისას არასრულწლოვნის ძირითადი საცხოვრებლის დადგენისა და მისი მნიშვნელობის შესახებ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი მნიშვნელოვანია უფლებადარღვეული მშობლის მეურვეობის უფლებების განსაზღვრისათვის და იმის დასადგენად, მეურვეობის უფლებები დაირღვა თუ არა და, შესაბამისად, გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერი ხომ არ იყო. სასამართლოს მითითებით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი, თითოეულ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოების მიერ ფაქტობრივი ელემენტების საფუძველზე უნდა განსაზღვრულიყო, იგი ავტონომიური ცნებაა და უნდა განიმარტოს კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე და არა ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების მიხედვით.
5.5. არასრულწლოვნის ძირითადი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო, რომ არასრულწლოვანი ვ.ს-შ–ა და მისი მშობლები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, ვ–სა დაიბადა 2015 წლის 27 მარტს და ცხოვრობდა რუსეთში მშობლებთან ერთად, ხოლო 2017 წლიდან, მშობლების დაშორების შემდეგ - დედასთან ერთად, ქ. მოსკოვში, სადაც დადიოდა ბაღში, ფლობს მშობლიურ რუსულ ენას, ჰყავს მშობლების მხრიდან ნათესავები, ბებია-ბაბუა და სხვები, რომლებთანაც ჰქონდა მჭიდრო კავშირი, არასრულწლოვანი საქართველოში ცხოვრობს მხოლოდ 2021 წლის მარტიდან, არ იცის ქართული ენა და ამჟამად სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეა დადის სკოლაში და საბალეტო წრეზე, სადაც შეიძინა მეგობრები, სასამართლოს აზრით, საქართველოში ჩამოყვანის შემდგომ ბავშვის გარემოსთან ინტეგრაციისა და ადაპტაციის ფაქტი არ დასტურდებოდა, რის გამოც პალატამ დაადგინა, რომ ბავშვის ძირითადი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი იყო რუსეთის ფედერაცია.
5.6. აღნიშნულის შემდგომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ტერმინებზე, როგორებიცაა: „ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილება“ და „ბავშვის დაკავება“, როდესაც ჰააგის 1980 წლის კონვენციის მხედველობაში მიღებით მიუთითა, რომ ქ.მოსკოვის, პრესნის რაიონულ სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი განკარგულების თანახმად, არასრულწლოვანი ვ.ს-შ–ას ბინადრობის ადგილად განისაზღვრა დედის - ქ.შ–ნას საცხოვრებელი, რომელიც მდებარეობს ქ.მოსკოვში. ეს განჩინება წარმოადგენდა იმის საფუძველს, რომ დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, არასრულწლოვანი ჩამორთმეოდა მამას და გადასცემოდა დედას. მიუხედავად ამისა, მამამ ბავშვი ნებართვის გარეშე, რუსეთის ფედერაციიდან წამოიყვანა საქართველოში და მიმდინარე დავის ფარგლებშიც, უარს აცხადებდა მის ნებაყოფლობით რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ს.ს–ის მხრიდან აშკარა იყო არასრულწლოვან ვ.ს-შ–ას როგორც არამართლზომიერი გადაადგილება, ისე არამართლზომიერ დაკავება, რაც კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე უკანონოდ გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის ძირითადი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყნაში დაუყოვნებლივ დაბრუნების საფუძველი უნდა გამხდარიყო.
5.7. გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ გამოიკვლია ჰააგის 1980 წლის კონვენციით გათვალისწინებული არასრულწლოვნის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების გამომრიცხველი გარემოებები, ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის დასკვნაზე (მათ შორის, უახლესი - 01.12.2021წ. დასკვნით), მხარეთა ახსნა-განმარტებებზე, არასრულწლოვანთან გასაუბრების ოქმზე, მისი ადვოკატების, წარმომადგენლების, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის მოსაზრებებზე და დაადგინა, რომ ბავშვი საქართველოში იმყოფებოდა 2021 წლის მარტიდან - ანუ ერთ წელზე ნაკლები დროით, ამასთან, არ არსებობდა ჰააგის კონვენციის მე-12 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული ისეთი გარემოება/გამონაკლისი, რაც მიუთითებდა, რომ გოგონა ამ დროისათვის იმგვარად, იმ ხარისხით იყო ინტეგრირებული თავის ახალ გარემოში, რომ არსებობდა მის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი.
5.8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება ს.ს–მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. 2021 წლის 23 დეკემბერს წარდგენილი საკასაციო საჩივრით, ს.ს–მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2. საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ ჰააგის 1980 წლის კონვენციით (ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ) მიმდინარე დავებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონვენციის წევრი სახელმწიფოების ცენტრალურ ორგანოთა თანამშრომლობას, ამავე კონვენციის 38-ე მუხლის თანახმად კი, სახელმწიფოთა შორის უნდა არსებობდეს კონვენციაზე მიერთების აღიარება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა შეძლონ კონვენციის საფუძველზე ორმხრივი სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება, ასეთი აღიარება კი, საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს, ამიტომ, ეს სახელმწიფოები სამართლებრივად არ თანამშრომლობენ არ ხორციელდება, რაც სარჩელის წარმოებაში მიღებასა და განხილვაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
6.3. ასევე, მხარე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არსებობს სამართლებრივი თანამშრომლობა, რაც კასატორისთვის დამატებითი მტკიცებულებების მოძიების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამ ტიპის დავებზე აუცილებელია, დადგინდეს ბავშვის შესაძლო დაბრუნების ადგილზე არსებული სოციალური გარემო და ფონი, რომლის შემოწმებაც ამავე მიზეზით, შეუძლებელია. აგრეთვე, კასატორის აზრით, კონვენციის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ დავებში მხარე გათავისუფლებულია ვალდებულებისგან, დაიცვას უცხო ქვეყნის სახელმწიფოს სასამართლოების და/ან სხვა უწყებათა გადაწყვეტილებების საქართველოს სახელმწიფოში ცნობისა და აღსრულების წესი.
6.4. კასატორი მიუთითებს, რომ თვითონ და თავისი არასრულწლოვანი შვილი საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით სარგებლობენ, პრაქტიკის განვითარების მიზნებისთვის, მნიშვნელოვანი იქნებოდა, სასამართლომ შეაფასოს ჰააგის კონვენციის დებულებების გამოყენებით თავშესაფრის მაძიებლის, არასრულწლოვნის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების საკითხი.
6.5. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით და არ განკარგა ყველა შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფდა, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მშობლებს შორის წარმოშობილი დავის მორიგებით დასრულებას.
6.6. ამასთან, კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება საერთოდ არ გაუმახვილებია ისეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე, როგორებიცაა: 1) 2021 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის აჭარის ა/რ/ რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის (ლ.გ–ი) N07-27/2013 განმეორებითი შეფასება (ფსიქოლოგი - ს.ს–ძე); 2) 2021 წლის 24 მაისით დათარიღებული სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის აჭარის ა/რ/ რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის (ლ.გ–ის) N07-27-1351 დასკვნა; 3) 2021 წლის 14 ივნისის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კლინიკის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ფსიქოლოგი ქ.ბ–ძე); 4) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17/03/2021-15/05/2021 წლის N003234421ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; 5) 2020 წლის 25 სექტემბრის (რუსეთის ფედერაცია), არასასამართლო საკომისიო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგებით მიღებული ექსპერტიზის დასკვნა Nპე7720-189რ; 6) 2020 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული მიხაილ ვრუბლევსკის ფსიქოლოგიისა და სამართლის ცენტრის ფსიქოლოგის N24 დასკვნა.
6.7. გარდა აღნიშნულისა, კასატორის მტკიცებით, მის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო არაერთი მტკიცებულება, რომელიც ბავშვზე დედის ნეგატიურ ზემოქმედებას ადასტურებდა, რაც სასამართლოს არ გაუზიარებია, აგრეთვე, სასამართლოს არ უხელმძღვანელია ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც მრავალ სხვა ასპექტთან ერთად, დავის საგანთან მიმართებით ბავშვის ნების გათვალისწინებას გულისხმობს, მოცემულ შემთხვევაში კი, ბავშვს არ სურდა რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება, მამასთან, მეგობრებსა და სკოლასთან დაშორება. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ შინაგანი რწმენისა და სუბიექტური შეხედულების საფუძველზე, რადგან მოწინააღმდეგე მხარე არის „დედა“ და სწორედ ეს გახდა მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორი დავის გადაწყვეტისას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას არ სურდა ობიექტური სურათის დანახვა, რომლის თანახმად, ბავშვის აღზრდაში დაბადებიდან ძირითადად მამა იყო ჩართული, მხოლოდ ბიოლოგიური დედობა არ ნიშნავს ბავშვთან უფრო მეტი ემოციური კავშირის არსებობას.
6.8. აგრეთვე, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ გამოკვლეულა არსებობდა თუ არა, 1980 წლის ჰააგის კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების გამომრიცხველი გარემოებები. პალატამ არ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251(16)-ე მუხლით, რომელიც განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუყენებია „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 და მე-12 მუხლები, რომლებიც ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერ საქმის განხილვისას უპირატესობას ანიჭებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რაც განსახილველ შემთხვევაში იყო უგულებელყოფილი. არასრულწლოვანს რუსეთის ფედერაციაში ფაქტობრივად მეურვეობდა მამა, ბავშვი დღესდღეობით ადაპტირებულია და ინტეგრირებულია გარემოსათან, დადის ქ. ბათუმის სკოლაში. ბავშვის ასაკი, განვითარება და ფიზიკური მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გათვალისწინებული იყოს მისი აზრი. კასატორის მტკიცებით, ბავშვის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება იქნება მატრავმირებელი, რამაც შესაძლებელია, მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის პიროვნულ ფორმირებაზე. სოციალური ადაპტაციის ეფექტურობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურად, ინდივიდუალურად აღიქვამს ბავშვი თავს და სოციალურ კავშირებს, ვ.ს-შ–ას მოსწონს ის გარემო, სადაც ცხოვრობს და, შეიძლება ითქვას, რომ ადაპტირებულია ამ გარემოში. საქმის მასალებში წარმოდგენილ არაერთ მტკიცებულებაში მითითებულია, რომ დედა უარყოფითად განაწყობს შვილს მამის მიმართ, ნეგატიურად აღწერს მას, რაც ბავშვის რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში აუტანელ მდგომარეობაში ჩავარდნის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ს.ს–ის მიმართ რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობს დევნა, გამოცემულია მისი წინასწარ დაკავების ბრძანება, რის გამოც იგი ვერ შეძლებს რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას, არასრულწლოვნის მამასთან დიდი ხნით დაშორება და მათ შორის არსებული ძლიერი ემოციური კავშირის გაწყვეტა კი, გამოუსწოროებელ ფსიქოლოგიურ სტრესს გამოიწვევს ბავშვისთვის.
6.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მოსარჩელის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
7.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვალს, ს.ს–ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და 2022 წლის 16 თებერვალს, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა დადგინდა.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების თანახმად, კასატორი არ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო პალატის მიერ არასრულწლოვნის ძირითად, ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად ქ. მოსკოვის განსაზღვრას, სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მიერ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციით განმტკიცებული გამონაკლისების არარსებობის დადგენის ფაქტს და გამორიცხავს ამავე კონვენციის გამოყენების შესაძლებლობას.
8.2. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, უპირველესად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია არასრულწლოვნის არამართლზომიერად გადაადგილებისა ან/და არამართლზომიერად დაკავების ფაქტის არსებობა-არარსებობის შემოწმება, ხოლო, დადასტურების შემთხვევაში, იმის განსაზღვრა - არასრულწლოვნის რუსეთის ფედერაციაში დედასთან დაბრუნება შეესაბამება თუ არა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ხომ არ იქნება მისთვის ფიზიკური ან/და ფსიქოემოციური საფრთხის შემცველი (კონვენციის საგამონაკლისო შემთხვევები). დასმული საკითხების შინაარსობრივი კვლევის დაწყებამდე კი, პალატა, საკასაციო საჩივარში გამოსაყენებელი სამართლის შესახებ გამოთქმულ პრეტენზიას უპასუხებს.
8.3. კასატორის მტკიცებით, ჰააგის 1980 წლის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „კონვენცია“) კონვენციით გარანტირებული დებულებები რომ ამოქმედდეს, აუცილებელია, მოთხოვნის გამგზავნი და მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოები თანამშრომლობდნენ ორმხრივად კონვენციის 38-ე მუხლის შესაბამისად. უდავოა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმება და არც კონვენციასთან მიერთების შესახებ აღიარება, რაც დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის გამორიცხავს კონვენციის გამოყენების შესაძლებლობას.
8.4. უზენაესი სასამართლო კასატორის ამ პოზიციას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, კონვენციით გარანტირებული დებულებების ასამოქმედებლად, ზოგადი სტანდარტის თანახმად, აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმი კუმულაციურად არსებობდეს, კერძოდ: ბავშვს არ უნდა ჰქონდეს შესრულებული 16 წელი (მე-4 მუხლი), უნდა დგინდებოდეს, რომ არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე არასრულწლოვანი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში (მე-3(1)(ა) და მე-4 მუხლები) და მოთხოვნის გამგზავნი და მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოები ორმხრივად უნდა თანამშრომლობდნენ კონვენციის 38-ე მუხლის (ნებისმიერი სხვა სახელმწიფო შეუძლია შეუერთდეს ამ კონვენციას... შეერთებას ძალა ექნება მხოლოდ შეერთებულ სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობასთან მიმართებაში, რომლებსაც განცხადებული ექნებათ მათ მიერ შეერთების მიღების შესახებ. ამგვარი განცხადება გასაკეთებელი ექნება ნებისმიერ იმ წევრ სახელმწიფოსაც, რომელიც კონვენციას რატიფიკაციას გაუკეთებს, მიიღებს ან დაამტკიცებს შეერთების შემდეგ) შესაბამისად. აღნიშნული მუხლის თანახმად, კონვენცია აწესებს კონკრეტული სახელმწიფოებისათვის კონვენციის ძალაში შესვლის დამატებით მოთხოვნას, რაც საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში არატრადიციული მოწესრიგებაა და იგი მოითხოვს, რომ კონვენციის ასამოქმედებლად, საჭიროა ეს მიერთება აღიარონ იმ სახელმწიფოებმა, რომელთათვისაც კონვენცია უკვე ძალაშია შესული (იხ. ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო). მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ როგორც საქართველოს ასევე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოები, წარმოადგენენ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს, თუმცა საქართველოს სახელმწიფოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არსებობს ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმება/კონვენციასთან მიერთების აღიარება კონვენციის 38-ე მუხლის შესაბამისად. ამ საფუძვლით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, როგორც კონვენციით გათვალისწინებულმა ცენტრალურმა ორგანომ, უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე (ს.ფ.246. ტომი I). მიუხედავად აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მოცემული ვითარება არ წარმოადგენს დავის გადაწყვეტისას, კონვენციით გათვალისწინებული დებულებების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველს, კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს კონვენციის 29-ე მუხლზე, რომლის თანახმად, "ეს კონვენცია ხელს არ უშლის ნებისმიერ პირს, დაწესებულებას ან ორგანოს, რომელიც აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევას მე–3 (ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილების/დაკავების საფუძვლები) და 21–ე მუხლის (შეფარების უფლება) მნიშვნელობის ფარგლებში, მიმართოს უშუალოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებს, ამ კონვენციის დებულებათა თანახმად იქნება ეს, თუ არა". ზემოთ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, უნდა აღინიშნოს, რომ ჰააგის კონვენცია არ ცდილობს შექმნას განსაკუთრებული სისტემა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ბავშვების დაბრუნების მიზნით. პირიქით, ის წარმოგვიდგება, როგორც დამატებითი ინსტრუმენტი იმ პირების დასახმარებლად, ვისი მეურვეობის ან ნახვის უფლებაც დარღვეულ იქნა. შესაბამისად, პირებს ამავე კონვენციით აქვთ არჩევანის შესაძლებლობა – მიმართონ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოებს ანუ გამოიყენონ კონვენციის მექანიზმები თუ აირჩიონ უშუალო ქმედების გზა მეურვეობისა და ნახვის უფლებების სფეროში კომპეტენტური ორგანოების წინაშე იმ სახელმწიფოში, სადაც ბავშვი იმყოფება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანუ, როდესაც დაინტერესებული პირები ამჯობინებენ პირდაპირ მიმართონ აღნიშნულ ორგანოებს, მათ შეუძლიათ მეორე არჩევანიც გააკეთონ და წარადგინონ თავიანთი განცხადება "კონვენციის დებულებების გამოყენებით ან მის გარეშე”. მეორე შემთხვევაში, ცხადია, კომპეტენტური ორგანოები არ იქნებიან ვალდებული, გამოიყენონ კონვენციის დებულებები, თუ სახელმწიფოს არ აქვს ისინი გადატანილი შიდა კანონმდებლობაში, კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ კონვენციის 38-ე მუხლი ე.წ. გამოყენების საგამონაკლისო ნორმას კი არ წარმოადგენს და კონვენციის გამოყენების აკრძალვას კი არ ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფოთა შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ აღიარება არ არსებობს, არამედ ე.წ. პროცედურული ნორმაა, რომელიც კონვენციის წევრი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოების კონვენციასთან მიერთების/აღიარების პროცედურას (თანამშომლობას) განამტკიცებს. ამგვარი ქმედებებით ხელშემკვრელი სახელმწიფოები შეეცადნენ, შეენარჩუნებინათ აუცილებელი წონასწორობა უნივერსალიზმის სურვილსა და იმ რწმენას შორის, რომ თანამშრომლობის სისტემა მხოლოდ მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც მხარეებს შორის არსებობს საკმარისი ხარისხის ორმხრივი ნდობა (იხ. ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, გვ. 12-13, 49. https://assets.hcch.net/docs/7d5e50cc-c3df-4308-8f33-09b4fe92b4f1.pdf).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელემ საკუთარი უფლების დაცვის მიზნით, უშუალოდ მიმართა კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს-სასამართლოს და მოთხოვნა სწორედ ჰააგის კონვენციით განმტკიცებულ დებულებებს დააფუძნა, რაც სასამართლოს, დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, სწორედ ამ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენების წინაპირობებს უქმნიდა. დამატებით კი, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-35118 და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-13059 მუხლებზე, რომლებიც აწესრიგებს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლებებს, ასევე ითვალისწინებს ასეთი საქმეების განხილვის თავისებურებებს და აღნიშნული ნორმები სრულად შეესაბამება 1980 წლის ჰააგის კონვენციის მოთხოვნებს.
8.5. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს დავის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კონვენციის მიზნებზე. კონვენციის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, კონვენციის მიზნებია: სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნებისა და ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა. ამდენად, კონვენცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს status quo-ს აღგენას, ითხოვს რა არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 16). ყოველივე ეს კი, საბოლოოდ, უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დაცვას არამართლზომიერი გადაადგილებით/დაკავებით გამოწვეული მავნე შედეგებისაგან. ამასთან, კონვენციის პრეამბულის მიხედვით, არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სახელმძღვანელო პრინციპს, ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მუხლები უშუალოდ არ ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს, კონვენციის ორივე მიზანი - ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისკენ, მთლიანობაში პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 25).
8.6. ჰააგის კონვენციის გამოყენების უპირველესი წინაპირობა არის იმის დადგენა, არასრულწლოვანი ექცევა თუ არა მის იურისდიქციაში, ანუ ვლინდება თუ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება ან/და არამართლზომიერი დაკავება. საკასაციო პალატა, უპირველესად, განმარტავს, თუ რა განსხვავებაა ხსენებულ ორ ტერმინს შორის: ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილება ეს არის პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივიდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე და რომელიც გადაადგილების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივიდუალურად, ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი გადაადგილება, ბავშვი კი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში გადაიყვანეს მეურვეობის უფლების მქონე პირის ნებართვის გარეშე და მისი მოთხოვნის შემდეგ არ აბრუნებენ. რაც შეეხება არასრულწლოვნის არამართლზომიერად დაკავებას, აშკარაა , როდესაც არსებობს პირისა თუ ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივიდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ დაკავებამდე და დაკავების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივიდუალურად, ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი დაკავება; ამ სახელმწიფოდან მეურვეობის უფლების მქონე პირის ნებართვის შედეგად არასრულწლოვანი გადაადგილდა კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრული ვადით, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ ბავშვს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში არ აბრუნებენ, მიუხედავად მეურვეობის უფლების მქონე პირის მოთხოვნისა (იხ. ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო). ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ აღნიშნული კრიტერიუმები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლებში.
8.7. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც უნდა არსებობდეს გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერების დასადგენად. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რომ გადაადგილებით/დაკავებით დარღვეულია განმცხადებლის მეურვეობის უფლება (კონვენციის მე-3(1)(ა)) მუხლი, ხოლო შემდეგ ეტაპზე დასამტკიცებელია გადაადგილებამდე/დაკავებამდე განმცხადებლის მიერ რეალურად მეურვეობის უფლების განხორციელება (კონვენციის მე-3(1)(ბ) მუხლი).
8.8. ამასთან, მნიშვნელოვანია განიმარტოს, თუ ჰააგის კონვენციის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, რა უფლებებია ნაგულისხმები მეურვეობის უფლებაში. დოქტრინაში აღიარებულია, რომ მეურვეობა მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება პიროვნებაზე მზუნველობას, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას, ხოლო ურთიერთობის უფლება - უფლებას ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანისა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მეურვეობის უფლების წარმოშობის საფუძველია: კანონი, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, ან/და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმება. იგივე წინაპირობებია განსაზღვრული მეურვეობის უფლების არსებობისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.
8.9. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მეურვეობის უფლების რეალური გამოყენება მეორე კრიტერიუმია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერებას. ამ კრიტერიუმის ძირითადი იდეა არის ის, რომ სახელმწიფოებმა მეურვეობის უფლება არ აღიარონ მარტივად და გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში იყოს მიღებული, თუ რამდენად სარგებლობდნენ რეალურად ამ უფლებით. ამასთან, მისი მიზანია, დაიცვას ბავშვის უფლება, იცხოვროს სტაბილურ გარემოში, არ გაუარესდეს ემოციური, სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი გარემო. კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არსებობს ამ კრიტერიუმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის პრაქტიკა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც აისახა არაერთი ხელშემკვრელი ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არის ის, რომ კონვენციის საფუძველზე მეურვეობის უფლების დასადგენად არ არის სავალდებულო, მეურვეობის უფლებას უშუალოდ და პირდაპირ ახორციელებდეს ამ უფლების მქონე პირი. უპირატესი მეურვეობის უფლების მქონე პირს, ხშირად შიდა კანონმდებლობის საფუძველზე, აქვს უფლება, განსაზღვროს - ვის მიანდოს ბავშვი აღსაზრდელად, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მეურვეობის უფლების მქონე პირს აქვს უფლებამოსილება, განსაზღვროს ბავშვის საცხოვრებელი ადგილი და ინარჩუნებს პასუხისმგებლობას მის მიმართ. სხვა მიდგომის მიხედვით, მეურვეობის უფლება შესაძლებელია განხორციელდეს იმ მშობლის მხრიდანაც, რომელიც არ ფლობს უპირატეს მეურვეობას, მაგრამ მუდმივად/რეგულარულად ურთიერთობს შვილთან და ინარჩუნებს ნახვის/ურთიერთობის უფლებას. იმ მშობლის მხრიდან ბავშვთან სისტემატური კონტაქტის შენარჩუნება, რომელიც ფლობს de jure მეურვეობის უფლებას, ნიშნავს, რომ მშობელი ამ უფლებას ახორციელებს. ამასთან, მშობელი, რომელსაც უფლება აქვს, შეეწინააღმდეგოს თანხმობის გარეშე ქვეყნის საზღვრებს გარეთ ბავშვის გაყვანას, მიიჩნევა, რომ ახორციელებს მეურვეობის უფლებას (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 32-34; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 72).
8.10. საკასაციო პალატა იმის გამოსარკვევად არასრულწლოვნის დედას - ქ.შ–ნას, ჰქონდა თუ არა ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას მეურვეობის უფლება, ყურადღებას მიაპყრობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა მიმართ საკასაციო საჩივარში წამოყენებული არ არის დასაშვები ან დასაბუთებული პრეტენზია და, შესაბამისად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, სავალდებულოდ მიიჩნევა საკასაციო სასამართლოსთვის.
8.11. საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2017 წლის 18 ნოემბერს, ს.ს–სა და ქ.შ–ნას შორის ქორწინება შეწყდა და ბავშვი საცხოვრებლად დარჩა დედასთან, ქ. მოსკოვში (ტომი I, ს.ფ. 24-27). ბავშვის აღზრდაში ქ.შ–ნას ეხმარებოდნენ თავისი მშობლები, რომლებთანაც ვ–სა რჩებოდა დედის სამსახურებრივ მივლინებებში ყოფნის პერიოდში; მცირეწლოვანი ბავშვის - ვ.ს-შ–ას ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილია რუსეთის ფედერაცია. რუსეთის ფედერაციაში ვ–სას რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია - ქ. მოსკოვი, ........ №21, ბინა №39, სადაც რეგისტრირებულია და ცხოვრობს მოსარჩელე (დედა) - ქ.შ–ნაც. 2020 წლის 24 ივლისს, ქ.შ–ნამ სარჩელით მიმართა ქ. მოსკოვის პრესნის რაიონულ სასამართლოს ს.ს–ის მიმართ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მასთან მამის ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე. ს.ს–მა შეგებებული სარჩელი აღძრა ქ.შ–ნას მიმართ და მოითხოვა ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა, ასევე, ქ.შ–ნამ, შუამდგომლობით მიმართა ქ. მოსკოვის პრესნის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არასრულწლოვანი ბავშვის ბინადრობის ადგილად დედის საცხოვრებლის განსაზღვრა, იმ მოტივით, რომ მამამ ვ–სა წაიყვანა სხვა რეგიონში, დედის თანხმობის გარეშე და დედას აღარ ეძლევა შვილთან კონტაქტის საშუალება. ამ მოთხოვნის შესაბამისად, ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით: „არასრულწლოვანი გოგონას, ვ–სა ს–ის ასული ს-შ–ას, დაბადებული 2015 წლის 27 მარტს, ქ. მოსკოვში, ბინადრობის ადგილად განისაზღვრა დედის, ქ.ა. ასული შ–ას საცხოვრებელი ადგილი“. შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, გაითვალისწინა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბინის საცხოვრებელი-საყოფაცხოვრებო პირობები, ბავშვის ასაკი, კავშირი დედასთან, არასრულწლოვნის ინტერესები, მოპასუხის მიერ ბავშვის წაყვანა მოსკოვიდან ქალაქ პერმში, თავის მშობლებთან დედის თანხმობის გარეშე (ტომი I, ს.ფ. 28-33).
8.12. საქმის მასალებიდან ირკვევა, 2021 წლის 21 იანვარს ქ. მოსკოვის პრესნის რაიონულმა სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც ბავშვის - ვ.ს-შ–ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მამას დაუდგინდა ბავშვთან ურთიერთობის დღეები გარკვეული წესით. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა, ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში, ს.ს–ი შვილთან ერთად გაემგზავრა ბელორუსიაში, შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საიდანაც დუბაისა (არაბთა გაერთიანებული საემიროები) და სტამბოლის (თურქეთის რესპუბლიკა) გავლით, 2021 წლის 2 მარტს, შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, ქ. თბილისში, ხოლო 2021 წლის 4 მარტს - ქ. ბათუმში.
8.13. გარდა ამისა, სსიპ სოციალური სამსახურის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის 2021 წლის 24 მაისის დასკვნის თანახმად, სოციალური მუშაკის დასკვნით, ორივე მშობელთან გასუბრებისას გამოიკვეთა, რომ ვ–სა ქ. მოსკოვში ცხოვრობდა დედასთან - ქ.შ–ნასთან, რომელიც ფაქტობრივად თავად ზრუნავდა შვილზე (ტომი II, ს.ფ. 11-15, 63-67).
8.14. ამასთან, მართალია, საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის დროს, მხარე მიუთითებდა, რომ არასრულწლოვანს რეალურად თავად მეურვეობდა, რადგან დედას დატვირთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, არ ეცალა მოსავლელად, თუმცა ჰააგის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, კონვენციის მე-3 მუხლის ფორმულირება განმცხადებელს აკისრებს მხოლოდ იმის წინასწარი მტკიცების ვალდებულებას, რომ იგი რეალურად ზრუნავდა ბავშვზე. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, კონვენციის მე-13 მუხლის ჩანაწერიდან გამომდინარე, ეკისრება „გამტაცებელს“. მან უნდა ამტკიცოს, რომ მშობელი, რომელსაც ბავშვი წაართვეს, ეფექტურად არ ახორციელებდა მეურვეობის უფლებას (იხ. ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას განმარტებითი ანგარიში, პარ. 73). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული მუხლებით განსაზღვრულია მხოლოდ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, იგი განისაზღვრება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სამართლით. როგორც საკასაციო პალატამ უკვე მიუთითა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპირო დოკუმენტები, რომლითაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და მითითებული გარემოებების სისწორე ეჭვქვეშ დადგებოდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს თავად კასატორის მიერ წარმოდგენილ 2020 წლის 25 სექტემბრის სპეციალიზებული კვლევებისა და ექსპერტიზის ცენტრის არასასამართლო, საკომისიო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგებით მიღებული ექსპერტიზის Nპე7720-189რ და 2020 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებულ მიხაილ ვრუბლევსკის ფსიქოლოგიისა და სამართლის ცენტრის ფსიქოლოგის N24 დასკვნებს (ტომი I, ს.ფ. 148-153, 333-373), საიდანაც ცალსახად დგინდება, რომ ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას - რუსეთის ფედერაციაში, არასრულწლოვანი დედასთან ერთად ცხოვრობდა, შესაბამისად, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, უდავოდ დასტურდება, რომ მისი რეალური მეურვე იყო ქ.შ–ნა.
8.15. როგორც წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე განიმარტა, რეალური სხვაობა არასრულწლოვნის არამართლზომიერ გადაადგილებასა და არამართლზომიერ დაკავებას შორის არის ის, რომ არამართლზომიერად აკავებენ, როდესაც რეალურ მეურვეს თავდაპირველად გაცემული ჰქონდა ბავშვის კონკრეტული დროით გადაადგილების შესახებ ნებართვა, თუმცა ამ დროის გასვლის შემდგომ, ბავშვს უკან აღარ აბრუნებენ. არამართლზომიერი გადაადგილების დროს კი, ბავშვის გადაადგილების თაობაზე რეალური მეურვის თანხმობა, საერთოდ არ არსებობს. მოხმობილი მტკიცებულებებისა და სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, რომელთა სისწორის შესახებ საკასაციო საჩივარში შედავება განხორციელებული არ არის და არც რაიმე ისეთი მტკიცებულება არ წარმოდგენილა, რაც სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს შეუქმნიდა, პალატა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციაში არასრულწლოვნის „რეალური მეურვე“ იყო დედა - ქ.შ–ნა, რომელსაც არ გაუცია არასრულწლოვნის რუსეთის ფედერაციიდან გაყვანის შესახებ თანხმობა (ტომი I, ს.ფ. 272-273, 125). ამიტომ, ქვემდგომ სასამართლოებს არასრულწლოვნის დედისთვის ე.წ. უპირატესი მეურვის უფლების მისანიჭებლად და ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილების ფაქტის დასადგენად, ყველა საფუძველი ჰქონდათ. შესაბამისად, ამ მიმართებით გაზიარებული ვერ იქნება გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნა იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში იკვეთებოდა, როგორც არასრულწლოვნის არამართლზომიერად გადაადგილების, ასევე - არამართლზომიერად დაკავების ფაქტიც.
8.16. რაც შეეხება სასამართლოს საკვლევ იმ გარემოებას, თუ რომელი ადგილი უნდა მივიჩნიოთ არასრულწლოვანი ვ.ს-შ–ას ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ჰააგის კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. სტანდარტულად, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობს რეალურად ბავშვი ანუ ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად დამოკიდებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ფსიქოემოციურ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე;
8.17. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დასტურდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ძირითადი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი არის რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, კერძოდ, არასრულწლოვანი ბავშვი ვ.ს-შ–ა დაიბადა რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვში. ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და 2020 წლამდე იგი ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში (ტომი I, ს.ფ. 18-19, ს.ფ. 125, ს.ფ. 272-273, 148-153, 333-373). ამასთან, სასამართლოს წინაშე არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქ.შ–ნა და ს.ს–ი არასრულწლოვან შვილთან, ვ.ს-შ–ასა და თავიანთ მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ მოსკოვში. ბავშვის აღზრდაში ქ–ს ეხმარებოდნენ თავისი მშობლები. ვ–სა, თავისი ასაკის შესაბამისად, სრულყოფილად ფლობს რუსულ ენას. დადიოდა მოსკოვში საბავშვო ბაღში - რომანოვების სკოლა „მოზაიკაში“, მდებარე მისამართზე: ….. სახლი #16 (იხ. სარჩელი, შესაგებელი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმები).
8.18. 2021 წლის 24 მაისით დათარიღებულ დასკვნაში ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ბავშვის ადაპტაციის პროცესი საქართველოში ნაწილობრივ დაწყებულია, რადგან ვ–სა ელოდება 15 სექტემბერს, სწავლის დაწყებას, ესწრება სხვადასხვა წრეს: ინგლისურის, ბალეტის, ჰყავს მეგობარი ტ–ო, მამის ადვოკატის შვილი. მას მოსწონს ბათუმში ყოფნა, სადაც სეირნობს მამასა და ბებიასთან (მამის დედა) ერთად. ვ–სა არ ფლობს და ამ ეტაპზე არ სწავლობს ქართულ ენას. მამის განმარტებით, იცის საბაზისო სიტყვების ნაწილი, ადრე მასწავლებელიც ამეცადინებდა, შესწავლას განაახლებს სკოლაში სიარულისას (ტომი II, ს.ფ 69-70). ამასთან, სსიპ სოციალური სამსახურის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის 2021 წლის 24 მაისის დასკვნის თანახმად, ვ–სა მოცემულ ეტაპზე სასტუმროშია, მანამდე ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში, რომელშიც დედა შეიჭრა ბავშვის გასატაცებლად. ამის შემდეგ დაიქირავა დაცვა და ახალი საცხოვრებელი ფართის მოძიებამდე იცხოვრებენ სასტუმროში. სოცმუშაკის აზრით, ვ–სა ფაქტობრივად არ იმყოფება ჩვეულ გარემოში და ამ მოკლე დროში ვერ ინტეგრირდებოდა ახალ გარემოში (ტომი II, ს.ფ. 11-15, 63-67). ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანმა გამოკითხვისას მიუთითა, რომ სურს როგორც დედასთან ურთიერთობა და ცხოვრება, ისე - მამასთან, თუმცა ქ.მოსკოვს ურჩევნია ბათუმი. აქაც შეიძინა მეგობარი. მოსკოველი 2 მეგობარი გოგონა წერდა ხოლმე, თუმცა ბოლო პერიოდში აღარ შეეხმიანენ, გაუბრაზდა მათ და აღარც თვითონ არ კითხულობს (ტომი III, ს.ფ. 113-115).
8.19. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ: ბავშვი საქართველოში იმყოფება მხოლოდ 2020 წლის 2 მარტიდან და ცხოვრობს ბათუმში; 2015 წლიდან საქართველოში ჩამოსვლამდე, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში, არასრულწლოვანი უწყვეტად ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში და დადიოდა ადგილობრივ საბავშვო ბაღში, ჰყავდა მეგობრები და ნათესავები. საქართველოში ჩამოსვლამდე არასრულწლოვანი ბავშვის მთელი ცხოვრებისეული გამოცდილება დაკავშირებული იყო რუსეთის ფედერაციასთან და მას ბუნებრივად ჩამოუყალიბდა ემოციური კავშირი ამ ქვეყანასთან. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი, კონვენციის მიზნებისთვის, რუსეთის ფედერაციაა, ქ. მოსკოვი.
8.20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანის არამართლზომიერად გადაადგილებულად ცნობა, კონვენციის მიხედვით, ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების წინაპირობაა. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს იმ გამონაკლისების არსებობა, რაც დადგენილია ჰააგის კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლებით და, რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის ვალდებული, მიიღოს არასრულწლოვნის უკან დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლში.
8.21. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია და ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, არაერთგზის განმარტა, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის, უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (საქმე "ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ" - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72. Johansen v. Norway)
8.22. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. "ბავშვთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად; ამასთან ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა გარემოების საფუძველზე შეზღუდვა.
8.23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის #12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი). ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით კი - დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე–12–ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და ასევე ნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები.
საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვისას, ორივე ინსტანციის სასამართლოებმა მოუსმინეს ექვსი წლის არასრულწლოვან ვ.ს-შ–ას. საქმის მასალების თანახმად, 2021 წლის 17 დეკემბერს, მოსამართლეებთან გასაუბრებისას არასრულწლოვანმა ვ.ს-შ–ამ აღნიშნა, რომ დღეისათვის ცხოვრობს მარტო მამასთან ერთად, მაგრამ სურს ორივე მშობელთან ერთად. ამასთან, აღნიშნა, რომ არ უნდა მოსკოვში ცხოვრება და ურჩევნია ბათუმში.
8.24. საქმის მასალებში წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანს ორივე მშობელთან აქვს პოზიტიური ემოციური კავშირი. აქვე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტებისა და ფსიქოლოგების დასკვნების იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია ბავშვზე მამის „არაპირდაპირი/ირიბი ზეგავლენის შესახებ“ (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ზეპირ სხდომაზე არასრულწლოვნის ადვოკატების ნ.ი–ძისა და ბ.გ–ძის ახსნა-განმარტება, ასევე, იხ. ფსიქოლოგის ს.ს–ძის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ტომი III, ს.ფ. 49-53), იხ. ფსიქოლოგის დასკვნა (ტომი II, ს.ფ 69-70), რაც სასამართლოს აძლევს იმდაგვარი დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ქ. მოსკოვში დაბრუნების სურვილის არქონა, სწორედ მამის არაპირდაპირი/ირიბი ზეგავლენის შედეგია. ამასთან, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ბავშვის მიერ ძირითადი საცხოვრებელი ადგილის დამოუკიდებლად არჩევის მიზნებისთვის, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვ.ს-შ–ას ასაკი მოწიფულად ვერ მიიჩნევა.
8.25. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინეს საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგის დასკვნები იმის თაობაზე, რომ ბავშვი საქართველოში ინტეგრირებულია და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება არ გამომდინარეობს მისი საუკეთესო ინტერესებიდან, რადგან მისი დაბრუნება იქნება მატრავმირებელი, რაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად უარყოფითად აისახოს ბავშვის პიროვნულ ფორმირებაზე. კასატორის მითითებით, მის მიმართ რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობს დევნა, გამოცემულია მისი წინასწარ დაკავების ბრძანება, რის გამოც იგი ვერ შეძლებს რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას, არასრულწლოვნის მამასთან დიდი ხნით დაშორება და მათ შორის არსებული ძლიერი ემოციური კავშირის გაწყვეტა კი, გამოუსწორებელ ფსიქოლოგიურ სტრესს მიაყენებს.
8.26. საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის კვლევის მიზნებისთვის სასამართლო ცალ-ცალკე შეისწავლის კონვენციით განმტკიცებულ, არასრულწლოვნის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების თითოეულ გამონაკლის შემთხვევას.
8.27. ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების თარიღიდან საქმის გარჩევის დაწყებამდე ერთ წელზე მეტია გასული და იგი ინტეგრირებულია ახალ გარემოში. კონვენციის მიზნებისთვის ადაპტაცია განიხილება არა გარემოსადმი შეგუებად, არამედ არასრულწლოვნის მხრიდან გარემო პირობების, ცხოვრების წესთან იმგვარ ადაპტაციად, როდესაც თავს მშობლიურ ვითარებაში გრძნობს, ობიექტურად განიცდის კეთილგანწყობას იმ ადამიანებისა და საცხოვრებლისადმი, სადაც მას მოუხდა ცხოვრება და ფაქტობრივად ჩამოუყალიბდა ოჯახური ურთიერთობის განცდა, რომლის დარღვევაც მეტი ზიანის მომტანი იქნება მისთვის (იხ. სუსგ საქმე №ას-1040-2020, 19 აპრილი, 2021 წელი). ამასთან, ემოციური სტაბილურობისა და უსაფრთხოების შეგრძნება არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ბავშვს ინტეგრაციისას ეუფლება (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 88-89).
8.28. საკასაციო პლატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომლის თანახმად ვერ დადგინდა არასრულწლოვანი ბავშვის საქართველოში სრული ინტეგრირების ფაქტი. ამ მიმართებით პალატა ყურადღებას ამახვილებს სსიპ სოციალური სამსახურის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის 2021 წლის 24 მაისის დასკვნაზე, საიდანაც ირკვევა, რომ სოცმუშაკის აზრით, ვ–სა ფაქტობრივად არ იმყოფება ჩვეულ გარემოში და მოცემულ მოკლე დროში ვერც შეეგუებოდა. ბავშვის სრულყოფილი ფსიქოემოციური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, ბავშვს რეგულარული ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან და მხარეები შეთანხმდნენ იმგვარად, რომ დაცულ იქნეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები და შედგეს მორიგება (ტომი II, ს.ფ. 11-15, 63-67). აგრეთვე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სასამართლოს ზეპირ სხდომაზე სოც. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკმა მხარი დაუჭირა არასრულწლოვანის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი). გარდა ამისა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის წარმომადგენელმა ი.შ–ძემ ზეპირ სხდომაზე განმარტა, რომ არ დგინდებოდა ბავშვის საქართველოში ადაპტაციის ფაქტი, რადგან ბავშვის ახალ გარემოსთან შეგუებას სჭირდება წლები, ამასთან, ვ–სა არ ფლობს ქართულ ენას, ამ ეტაპზე არც ეუფლება მასწავლებელთან, შესაბამისად, ის არ არის ადაპტირებული საქართველოში და ვერც ბავშვის პოზიცია ვერ იქნება გათვალისწინებული დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მისი ასაკიდან გამომდინარე (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი). ამასთან, სწორედ კონვენციის გონივრული განსჯის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს კასატორის წარმოდგენილი 2021 წლის 14 ივნისის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კლინიკის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ფსიქოლოგი ქ.ბ–ძე) (ტომი II, ს.ფ. 198-207). გარდა იმისა, რომ აღნიშნული მტკიცებულება შინაარსობრივად ეწინააღმდეგება საქმის მასალებში წარმოდგენილ სხვა არაერთ ექსპერტიზისა და ფსიქოლოგის დასკვნას და ბავშვის საქართველოში სრულად ადაპტირების შესახებ ერთადერთი დოკუმენტია რომელიც არ მიუთითებს, თუ კონკრეტულად რის საფუძველზე მიიჩნია ფსიქოლოგმა ბავშვის შეგუება სრულად გარემოსთან, რაც მის სანდოობას ასუსტებს და სხვა თანაბარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებთან არ არის თანხვედრაში.
8.29. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნის ადაპტაციად მიიჩნევა არა ბავშვისათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნა და იძულებით სწავლა იმ სახელმწიფოს ენის, რომელშიც ის არამართლზომიერად არის გადაადგილებული, არამედ - არასრულწლოვნის ბუნებრივი, მჭიდრო ემოციური კავშირის გათვალისწინება სამშობლოს მიმართ, სადაც იგი დაბადებიდან მის არამართლზომიერად გადაადგილებამდე ცხოვრობდა. ყოველივე ზემოთქმულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ არასრულწლოვნის ცხოვრების წესის იმგვარი ადაპტაცია, როდესაც ის თავს მშობლიურ ვითარებაში გრძნობს, საქმის გარემოებებით არ დასტურდება, რაც ცალსახად გამორიცხავს კონვენციის მე-12 მუხლით განმტკიცებული საგამონაკლისო ნორმის გამოყენების შესაძლებლობას.
8.30. არამართლზომიერად გადაადგილებული პირის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების მეორე საგამონაკლისო შემთხვევა განმტკიცებულია ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლით, რომლის თანახმად, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს ბავშვის დაბრუნების თაობაზე განკარგულება, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დადგენს, რომ: ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ან/და დაეთანხმა, ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე, შეუძლია, უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმდეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებასა და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება.
8.31. როგორც წინამდებარე გადაწყვეტილების 8.10-8.15 პუნქტებში განვითარებულმა მსჯელობამ ცხადყო, ბავშვის დედას, რომელიც ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას შვილზე რეალურად ზრუნავდა, არასრულწლოვნის გადაადგილებაზე თანხმობა არ გაუცია და არც შემდგომში არ შეჰგუებია მას (წარადგინა სარჩელი), ამიტომ მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამომრიცხავი გარემოება არ არსებობს, რაც შეეხება „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობებს, კასატორი მიუთითებდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესაძლებლობა არ არსებობს და სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემო-პირობები თუ სოციალური ფონი, სადაც ბავშვს დაბრუნების შემდეგ მოუწევს ცხოვრება, რის გამოც მისი, ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება მიზანშეუწონელი იყო. აღნიშნულ არგუმენტს სასამართლო ვერ გაიზიარებს და ამ მიმართებით საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ ქ. მოსკოვის, პრესნის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განჩინებას, რომლის მტკიცებულებითი ძალაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, კასატორს არ გაუქარწყლებია. ხსენებულ განჩინებაში მითითებულია, რომ საქმესთან დაკავშირებით შეგროვებული მტკიცებულებების, მათ შორის, დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ბინის საცხოვრებელი-საყოფაცხოვრებო პირობების გამოკვლევის აქტის, რომელიც შედგენილი იყო პრესნის მუნიციპალური ოკრუგის (ოლქი) ადმინისტრაციის სპეციალისტის მიერ, ასევე, პრესნის მუნიციპალური ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის წერილობითი დასკვნისა და ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით - ვ–სა ს–ის ასული ს-შ–ას, ბინადრობის ადგილად განისაზღვრა დედის - ქ.ა. ასული შ–ას საცხოვრებელი ადგილი (ტომი I, ს.ფ. 30-33).
8.32. აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს არათუ აფიქრებინებს, არამედ უქმნის მტკიცებულებით შექმნილ მყარ რწმენას მასზე, რომ ბავშვის წარმოშობის ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმდა რეალური მეურვის საცხოვრებელი მისამართი და დადგინდა, რომ იგი აკმაყოფილებდა არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრის წინაპირობებს. რუსეთის ფედერაციის სასამართლომ შეისწავლა ქ.შ–ნას ფინანსური მდგომარეობაც და დაადგინა, რომ იგი დასაქმებულია საერთაშორისო კომპანია „ა.ზ–ში“ მარკეტოლოგის თანამდებობაზე და აქვს მაღალი ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 272). საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, კასატორს არ განუცხადებია და არც დასაბუთებული შედავებაარ წარუდგენია იმ ფაქტის დასამტკიცებლად, რომ დედის ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვალა და მას ბავშვის საჭიროებების უზრუნველყოფის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია, ამიტომ, საკასაციო პალატა ადგენს, ვინაიდან საქმეზე უკვე გამოკვლეულია ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის წინაპირობები და არსებობს მისი პოზიტიურად შეფასების შესახებ შეუცილებადი მტკიცებულება, კასატორის არგუმენტის გაზიარება ფაქტობრივსამართლებრივად უსაფუძვლოა.
8.33. რაც შეეხება არამართლზომიერად გადაადგილებული პირის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების მესამე საგამონაკლისო შემთხვევას, იგი განმტკიცებულია ჰააგის კონვენციის მე-20 მუხლით, რომლის თანახმად, მე–12 მუხლის დებულებათა მიხედვით ბავშვის დაბრუნებაზე უარი შეიძლება იქნეს ნათქვამი, თუკი ეს აკრძალულია თანახმად მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ძირითადი პრინციპებისა, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას შეეხება. ამ მუხლში დასახელებული საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ, საკასაციო საჩივარში არ არის წარმოდგენილი არგუმენტები, მათი არსებობა არც სასამართლოს შინაგანი რწმენიდან არ გამომდინარეობს, რაც საგამონაკლისო შემთხვევის არარსებობის დადგენის წინაპირობას ქმნის.
8.34. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბავშვს საქართველოში აქვს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და იქამდე სანამ კომპეტენტური ორგანოების მიერ არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, დაუშვებელია ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას მისი დაბრუნება. პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დავა შეეხება არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას, როდესაც სასამართლო ხელმძღვანელობს „ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციით, „ბავშვის უფლებათა კოდექსით“, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის შესაბამისი დებულებებით. ამიტომ, მამის მიერ რომელიმე სახელმწიფო უწყებაში შეტანილი ჰუმანიტარული ან/და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება ისე, რომ საკასაციო საჩივარში ამ განცხადების შეტანის ობიექტური საფუძვლებიც კი არ არის მითითებული, ვერ გახდება საქართველოს მიერ ჰააგის 1980 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი.
8.35. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისა და დადგენისას საქართველოში მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ინკვიზიციური სამართალწარმოების ელემენტებით აღჭურავს, რაც სასამართლოს მიერ საქმეზე დასადგენ გარემოებათა წრის განსაზღვრასა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ მტკიცებულებების საკუთარი ინიციატივით გამოთხოვაში გამოიხატება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამავე კოდექსის 2511-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბერის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტის მიხედვით დადგინდა, რომ საქართველოდან ვ.ს-შ–ას რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება და დედისათვის - ქ.შ–ნასთვის გადაცემა უნდა უზრუნველყოს მამამ - ს.ს–მა (დაბ. 30.12.1983წ, პასპორტის ნომერი ….. ), (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე) და აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინებით .
8.36. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა არასრულწლოვანი შვილი დედის (რომელიც რუსეთის ფედერაციის სასამართლოს განჩინებით და მოგვიანებით გადაწყვეტილებით, ცნობილ იქნა არასრულწლოვნის მეურვედ) თანხმობის გარეშე, არამართლზომიერად გადაადგილა რუსეთის ფედერაციიდან და უარს აცხადებს, ნებაყოფლობით დააბრუნოს იგი ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას.
8.37. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ქ.შ–ნას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გადაწყდა არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონული ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 24 იანვრის წერილით, დგინდება, რომ სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი და სასამართლოს აქტით განსაზღვრული პირობების ნებაყოფლობითი აღსრულების მოთხოვნის შესახებ წინადადება ჩაბარდა ს.ს–ს, რომელმაც გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა, იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის იმდაგვარად ჩამოყალიბებული, რომ არასრულწლოვანი საქართველოში გადაეცეს კანონიერი მეურვეს.
8.38. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინსაც იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“(იხ. სუსგ. 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1115-2021)
8.39. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ფორმით, როგორც ეს სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტშია მითითებული, ვერ აღსრულდება, ამიტომ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ს–ს დაევალოს რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მიზნით, არასრულწლოვანი ვ.ს-შ–ა გადასცეს დედას-ქ.შ–ნას.
8.40. საკასაციო პალატა მოდავე მხარეებს განუმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
8.41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
8.42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
8.43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დადგინდეს, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მიზნით, არასრულწლოვანი ვ.ს-შ–ას დედისთვის გადაცემა უზრუნველყოს მამამ, ს.ს–მა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.
8.44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები − არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასა ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
8.45. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
2.1. რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მიზნით, არასრულწლოვანი ვ.ს-შ–ას დედასთვის გადაცემა უზრუნველყოს მამამ ს.ს–მა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.
3. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი