საქმე №ას-91-2022 04 მაისი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. დ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ძ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ც. ძ-ემ (შემდეგში წოდებული „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“ მხარედ) ქუთაისის საქალაქო სამართლოში სარჩელი აღძრა გ, თ და ე, დ-ის (შემდეგში წოდებული „მოპასუხე“, „კასატორ“ მხარედ) მიმართ, რომლითაც წამოაყენა შემდეგი მოთხოვნები: ც. ძ-ძე ცნობილ იქნას გარდაცვლილი ა. დ-ის მემკვიდრედ; ცვლილებები შევიდეს ე. დ-ის სახელზე გაცემულ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #..., რეგისტრაციის თარიღი 01.11.2016წ.) და ა. დ-ის სახელზე გაცემულ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #..., რეგისტრაციის თარიღი 01.11.2016წ.) სამკვიდრო მოწმობებში და ნაცვლად წილის ½-სა, განისაზღვროს 1/3. ც. ძ-ძე ცნობილ იქნას უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.ქუთაისი, … ქ. #.., საკ.კოდი …, 1/3 წილზე თანამესაკუთრედ.
2. სარჩელის საფუძვლები.
2.1. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოსარჩელის დედა - ა. დ-ლი, გარდაიცვალა 19.. წელს, რომლის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რაც დასტურდებოდა სამკვიდრო მოწმობებით. ა. დ-ლს დარჩა სამი მემკვიდრე. მოსარჩელე - ც. ძ-ძე (შვილი), მოსარჩელის ძმის შ. დ-ის შვილი - ა. დ-ლი და მოსარჩელის ძმის ჯ. დ-ის შვილი - ე. დ-ლი.
2.2. დედის გარდაცვალების შემდეგ, მისი დანაშთი ქონება ფაქტობრივად მიიღო მოსარჩელემ. მან მოპასუხე ე. დ-ის თანდასწრებით, მოწმეების დახმარებით, გადაიტანა თავის საცხოვრებელ სახლში ქონების ნაწილი, კერძოდ, დაფიანი საწოლები, ხის კარადა (ბუფეტი), მაგიდა სავარძლებით, საკერავი მანქანა, ტანსაცმლის ჩასაწყობი ატრესორი, ოქროს ბეჭედი. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ის გათხოვილი იყო და ჰქონდა ცალკე ოჯახი, არასოდეს შეუწყვეტია ურთიერთობა დედის საცხოვრებელ სახლთან, სისტემატურად დადიოდა და რჩებოდა.
2.3. მიუხედავად აღნიშნულისა, ორმა მემკვიდრემ, მისგან დამოუკიდებლად, ა. დ-ის დანაშთ ქონებაზე აღიდგინეს მემკვიდრეობა, უძრავი ქონება დაარეგისტრირეს მათ საკუთრებაში და ის დატოვეს წილის გარეშე, მაშინ როდესაც ის ფაქტობრივად დაუფლებული იყო სამკვიდროს და ამის შესახებ ცნობილი იყო მოპასუხეებისათვის. მოსარჩელის აზრით, მათ სამკვიდრო უნდა მიეღოთ არა თითოეულს ½ წილი, არამედ 1/3. ერთ-ერთი მემკვიდრის - ა. დ-ის, გარდაცვალების შემდეგ, მის სამკვიდროს ფაქტობრივად დაეუფლნენ მისი შვილები, თ და გ დ-ები, რომლებსაც მის წილზე არ მიუღიათ სამკვიდრო, ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისთვის არ იყო გასული 6 თვე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ვინაიდან მათ ნოტარიუსთან დამალეს მოსარჩელის არსებობა, რომელიც ფაქტობრივად დაუფლებული იყო სამკვიდრო ქონებას, ის ცნობილი უნდა ყოფილიყო ა. დ-ის მემკვიდრედ - ქონების 1/3 ნაწილზე.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხე თ. დ-მა და გ. დ-მა სარჩელი არ ცნეს და წარმოადგინეს, მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი.
3.2. ე. დ-ლს შესაგებელი არ წარმოუდგენია, მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთება
4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ც. ძ-ძე ცნობილ იქნა ა. დ-ის მემკვიდრედ. შევიდა ცვლილება ე.დ-ის სახელზე გაცემულ (სანოტარო რეგისტრაციის #..., რეგისტ. თარიღი 01.11.2016წ.) და ა. დ-ის სახელზე გაცემულ (სანოტარო მოქმედების რეგისტ. #..., რეგისტრ. თარიღი 01.11.2016წ.) სამკვიდრო მოწმობებში და მათი წილი ნაცვლდ ½-სა განისაზღვრა 1/3-ით. ც. ძ-ძე ცნობილ იქნა თანამესაკუთრედ 1/3 წილზე უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.ქუთაისი, … ქ. #.., ს/კოდი # …..
4.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1306-ე, 1328-ე, 1336-ე, 1424-ე, 1433-ე, 1433-ე, 1421-ე, 128-ე 130-ე მუხლებით და განმარტა, რომ ა. დ-ის გარდაცვალებით, 19.. წლის 21 აგვისტოს, გაიხსნა სამკვიდრო. გარდაცვალების მომენტისათვის მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: შვილები - ც და ა დ-ები და შვილიშვილი - ე. დ-ლი. მამკვიდრებლის სამკვიდრო მასას შეადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში, … ქ.#..-ში.
4.3. პირველმა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ც. ძ-ემ დედის -ა. დ-ის სამკვიდრო, ფაქტობრივი ფლობის გზით მიიღო, რაც დასტურდებოდა მოპასუხე ე. დ-ის, მოსარჩელისა და საქმეზე გამოკითხული სხვა მოწმეთა განმარტებებით.
4.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა, დედის გარდაცვალების შემდეგ მამკვიდრებლის ცალკეული ნივთების (ქონებას) დაუფლების ფაქტი, რაც მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას ადასტურებდა და მოსარჩელის მიერ საკვიდროს მიღებად უნდა ჩაითვლილიყო. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანისა და მოსარჩელის მესაკუთრედ აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, დააკმაყოფილა ც.ძ-ის სარჩელი.
4.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, გ. დ-მა გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე განმარტა, რომ ა. დ-ლს გარდაცვალების მომენტისათვის დარჩა კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები - ც. ძ-ძე (დ-ლი) და ჯ. დ-ლი, შვილიშვილი - ა. დ-ლი (გარდაცვლილი შ. დ-ის შვილი). ამდენად, მათი წილი სადავო უძრავ ქონებიდან შეადგენდა - თითოეულის 1/3-ს. მაგრამ სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების ორგვარ წესს - სამკვიდრო მოწმობის მიღების ან სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლების გზით.
5.3. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებიდან დასტურდებოდა, რომ ც. ძ-ეს დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანია და არც სამკვიდრო მოწმობა მიუღია. თუმცა, აღნიშნა, რომ საქმის მასალებიდან დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს დედის კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და მისი ქონებით სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად, წარმოდგენილი ჰქონდა მოწმეთა ჩვენებები. სააპელაციო პალატამ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების: მ. ჭ-ის, შ. ჭ-ის, ლ. მ-ძის ჩვენებების მხედველობაში მიღებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. დ-თან და ე. დ-თან ერთად ც. ძ-ძე დედის, ა. დ-ის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა სამკვიდრო საცხოვრებელ სახლში 6 თვე, რომლის შემდეგ სხვა მემკვიდრეების თანდასწრებით სამკვიდრო საცხოვრებელი სახლიდან წაიღო და დაეუფლა დედის კუთვნილ ნივთებს.
5.4. სააპელაციო სასამართლომ ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ მოწმე ნ.ი მ-ის ჩვენება, თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის იყო მოპასუხეების გ. და თ. დ-ბის დედა, მისი ჩვენება სასამართლომ არასარწმუნოდ და არასაკმარისად მიიჩნია, რის გამოც იგი არ გაიზიარა.
5.5. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. დ-ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდრო ქონებიდან თითოეული მემკვიდრის მიერ 1/3 წილის დაუფლებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არ არსებობდა გადაწყვეტილების ამ ნაწილში შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
5.6. რაც შეეხება აპელანტების მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხანდაზმულობა, როგორც სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოება, წარმოადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალებას - შესაგებელს. შესაბამისად, ეს გარემოება მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს სასამართლოს შეფასების საგანი, თუ იგი წარდგენილია საპროცესო წესების დაცვით. სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, არც შესაგებელში და არც საქმის მომზადების სტადიაზე არ მიუთითებია, არამედ მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის ხანდაზმულობაზე მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განაცხადა, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ამ არგუმეტის საფუძლიანობა სამართლებრივად შეეფასებინა და გადაწყვეტილებისთვის დაედო საფუძვლად.
5.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება, გ. დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. გ. დ-ლი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6.2. საკასაციო საჩივარში მხარე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ყველა პირი, რომელთა ჩვენებების განკუთვნადობა და მართლზომიერებაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლომაც გაიზიარა, დაინტერესებული იყვნენ საქმის შედეგით, კერძოდ, მოწმედ დაკითხულ მ. ჭ-ს - ნათელმირონი აკავშირებს მოსარჩელესთან, შ. ჭ-ლი - ახლო ნათესავი, ხოლო ლ. მ-ძე - მოსარჩელის ახლო მეგობარია, რის გამოც თუ სასამართლო კასატორის დედის ჩვენებას არ გაიზიარებდა, მაშინ არ უნდა გაეზიარებინა არც მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მოწმეთა ჩვენებები.
6.3. კასატორი ასევე განმარტავს, რომ საქმეზე დაკითხულმა ვერცერთმა მოწმემ ვერ აღწერა იმ ნივთების ინდივიდუალური თუ სპეციალური ნიშან-თვისებები, რომელთა შესახებაც დანამდვილებით აცხადებდნენ, რომ მოსარჩელემ წაიღო დედის სახლიდან, რის გამოც კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 04 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო საჩივარში შედავებულია სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით მიღებისა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოწმეთა ჩვენებების გაზიარების მართლზომიერების ფაქტი შესაბამისად, წინამდებარე განჩინებაში საკასაციო პალატა გამოიკვლევს მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით, დაუფლებისა და მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებების გაზიარების სამართლებრივ წინამძღვრებს.
8.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
- ც. ძ-ის (დ-ლი) დედა - ა. დ-ი გარდაიცვალა 19.. წლის 21 აგვისტოს, შესაბამისად, ამ დროს გაიხსნა მისი სამკვიდრო მასაც. მის საკუთრებას წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ქუთაისში, ... ქ. №...-ში, ს/კ ...;
- ა. დ-ლს გარდაცვალების მომენტისათვის დარჩა კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები - ც. ძ-ძე (დ-ლი) და ჯ. დ-ლი, შვილიშვილი - ა. დ-ლი (გარდაცვლილი შ. დ-ის შვილი). ამდენად, მათი წილი სადავო უძრავ ქონებიდან შეადგენდა - თითოეულის 1/3-ს;
- ც. ძ-ეს დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანია და არც სამკვიდრო მოწმობა მიუღია;
- ა. დ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღეს მისმა შვილმა ჯ.დ-მა და შვილიშვილმა ა.დ-მა (გარდაცვლილი შ. დ-ის შვილი);
- ა. დ-ის შვილიშვილმა (გარდაცვლილი შ. დ-ის შვილმა) ა. დ-მა განცხადებით მიმართა სანოტარო ორგანოს და 01.11.2016 წელს. მასზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა მასზედ, რომ მან მემკვიდრეობითი გზით მიიღო სადავო - ა. დ-ის დანაშთი უძრავი ქონების ½ ნაწილი;
- ა. დ-ლი გარდაიცვალა, რომლის მემკვიდრეები/შვილები არიან თ. და გ. დ-ები;
- ა. დ-ის შვილი - ჯ. დ-ლი გარდაიცვალა 20.. წლის 20 ოქტომბერს, რომლის დანაშთი სამკვიდრო ქონება, 01.11.2016წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სრულად მიიღო მისმა შვილმა - ე. დ-ლმა, მათ შორის სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილი;
8.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
8.3.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8.3.2. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.
8.3.3. საკასაციო პალატის აზრით, კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებები ურთიერთდაკავშირებულია, კერძოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება დაეფუძნა სწორედ მოწმეთა ჩვენებების გაზიარებას და მათი ახსნა-განმარტებების საფუძველზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევას, შესაბამისად საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო პროცესში მოწმეთა ჩვენებების მნიშვნელობაზე, მათი შეფასების სტანდარტზე და მხოლოდ აღნიშნული საკასაციო პრეტენზიის შესწავლის შედეგად გამოიკვლევს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობას.
8.3.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიულ ლიტერატურაში მოქმედებს მტკიცებულებების თავისუფალი შეფასების პრინციპი. თუმცა, მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასება არ გულისხმობს სამოსამართლო თვითნებობას. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. კანონი არ ახარისხებს მტკიცებულებათა სახეებს სანდოობის ხარისხის მიხედვით. მტკიცებულების ყველა სახე თანაბარი რანგისაა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით. თუმცა, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა ედოს მტკიცებულებათა ობიექტური და სრული განხილვა. შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად თავად წყვეტს, თუ რომელი მტკიცებულებაა სარწმუნო და რომელ მათგანს უნდა დაეყრდნოს იგი. მტკიცებულების შეფასების მთავარი კრიტერიუმი ობიექტურობაა. მტკიცებულება ობიექტურად უნდა ასახავდეს მოვლენას, ანდა ადასტურებდეს ფაქტის არსებობას. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ობიექტურად, ყოველი გონიერი ადამიანი ერთსა და იმავე დასკვნამდე უნდა მიდიოდეს. მტკიცებულების შეფასების მიზნებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა მის სანდოობას (სარწმუნოობას) ენიჭება. მტკიცებულების სანდოობა განაპირობებს მოსამართლის დარწმუნების ალბათობის ხარისხს. რაც უფრო სანდოა მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა, მით უფრო მაღალია აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების ლეგიტიმაციაც. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს მტკიცებულებათა შეფასების შედეგად გამოტანილ გადაწყვეტილებას, აისახოს გადაწყვეტილებაში (იხ. „კერძო სამართლის აქტუალური საკითხები“, ტომი I, თბილისი 2020).
8.3.5. საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (იხ. სუსგ. 2020 წლის 15 თებერვლის განჩინება ას-400-2020).
8.3.6. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას.
8.3.7. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სასამართლოების როლს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობასა და მათი შეფასების კონტექსტში ასევე ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრირებას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობა ან ის თუ, როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა. ეროვნული სასამართლოების ამოცანაა, შეაფასონ მათ წინაშე არსებული მტკიცებულებები. ამრიგად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ევროსასამართლოს შესაძლებლობას არ აძლევს მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასების მხრივ ეჭვქვეშ დააყენოს სამოქალაქო დავის შედეგის სამართლიანობა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების კონტექსტში მუდმივად აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოები ვალდებულნი არიან პროცესის სამართლიანობა უზრუნველყონ, რომელიც, ასევე, მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესის სამართლიანობის შემოწმებას. სხვა მხრივ, მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივაა შეაფასოს მხარეთა არგუმენტები, მტკიცებულებები და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „გარსია რუიზი ესპანეთის წინააღმდეგ“, (García Ruiz v. Spain) [GC], § 28, ასევე, ამავე სასამართლოს განჩინება საქმეზე „ფარანჟი S.A. საფრანგეთის წინააღმდეგ“, (Farange S.A. v. France). 30 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „ელშოლზი გერმანიის წინააღმდეგ“, (Elsholz v. Germany [GC], § 66, ამავე სასამართლოს განჩინება საქმეზე „ვან დე ჰურკი ჰოლანდიის წინააღმდეგ“, (Van de Hurk v. the Netherlands). § 59.)
8.3.8. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი ფლობითა და მართვით სამკვიდროს დაუფლების ფაქტს, იქიდან გამომდინარე, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ კი, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ.
8.3.9. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა მ.ჭ-ლი - ც. ძ-ის მეზობელი, რომელმაც განმარტა, რომ ც. დედის სიცოცხლეშიც (უვლიდა მას), და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა დედის ოჯახში, დაახლოებით 5-6 თვე, ამასთან, დედის გარდაცვალების შემდეგ მან წაიღო საძინებელი, საკერავი მანქანა, მაგიდა, დედის ოქროს ბეჭედი. მოწმემ განაცხადა, რომ ხსენებული ნივთები ც-მ. წაიღო მეუღლის სატვირთო მანქანით, ამ ვითარების შემსწრე თავად მოწმე იყო, რადგან საკუთარი სახლიდან უყურებდა ნივთების წაღების პროცესს. მისივე განმარტებით, მოსარჩელეს ნივთების წაღებაში ეხმარებოდნენ ა. დ-ლი და მისი მეუღლე ნ-ც (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი, ტომი I, ს.ფ. ..-.., 17:16:00 საათიდან შემდგომი პერიოდი).
8.3.10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ასევე, გამოიკითხა შ. ჭ-ლი - ნათესავი, რომელმაც განმარტა, რომ ც. ძ-ემ დედის, ა. დ-ის გარდაცვალების შემდეგ ცალკეული ნივთები წაიღო მისი სახლიდან. კერძოდ: საკერავი მანქანა, კარადა, მაგიდა, საწოლები, სკამები, რომელიც იყო დედამისის. მოწმემ დაადასტურა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე დედის სახლში დაახლოებით 2-3 თვე ცხოვრობდა (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი, ტომი I, ს.ფ. ...-..., 18:22:00 საათიდან შემდგომი პერიოდი).
8.3.11. ამავე სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა ლ.მ-ემ - ოჯახის მეგობარი/ახლობელი, განმარტა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, ალბათ სამი თვის მერე, ც. ძ-ემ წაიღო დედის კუთვნილი ნივთები, კერძოდ: საწოლები, კარადა, საკერავი მანქანა, სკამები, ავტობუსის მაგვარი მანქანით, რომელთა მიტანაში თავადაც ეხმარებოდა, რადგან ც-მ სთხოვა მოხმარება. ავტომანქანა იყო ც-ს მეუღლის და ეს ნივთები მათ წაიღეს სოფელში (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი, ტომი I, ს.ფ...-.., 18:25:00 საათიდან შემდგომი პერიოდი).
8.3.12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლში გამოკითხული ზემოთხსენებული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს, საქმის პროცესით დაინტერესებულ მხარეებს ან სხვა ისეთ პირებს, რომელთა მიმართაც სასამართლოს შეექმნებოდა გონივრული ვარაუდი, რომ მათი ჩვენება სანდოობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა. რაც შეეხება ჩვენებების შინაარსობრივ მხარეს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწმეები იყვნენ იმ მოვლენის თვითმხილველები, რომლის შესახებაც ახსნა-განმარტება მისცეს, ისინი გამოიკითხნენ ცალ-ცალკე და მისცეს ერთგვაროვანი, თანმიმდევრული და ამომწურავი განმარტებები. რაც შეეხება ხსენებულ მოწმეთა საწინააღმდეგოდ, მოპასუხის ინიციატივით, მოწმის სახით გამოკითხულ ნ.მ-ს, რომელიც მოპასუხედ დასახელებული გ. და თ. დ-ის დედაა, საკასაციო პალატის აზრით, მისი ახსნა-განმარტება, როგორც არადამაჯერებელი, მართებულად არ იქნა გაზიარებული, რადგან იგი პროცესის მონაწილეთა ოჯახის წევრია (და არა ნათესავი) და შესაბამისად, შესაძლებელია პროცესის შედეგით დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდეს.
8.3.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შემოწმების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის გაცნობისა და ამ გარემოებების ყოველმხრივ შეფასების შედეგად, საკასაციო პალატას შეექმნა მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ საკასაციო საჩივარში მოყვანილი პრეტენზია მოწმეთა ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ არ ეყრდნობა რაიმე წონად არგუმენტს, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას, რომლის თანახმად, მოსარჩელე ც. ძ-ძე, დედის ა.დ-ის გარდაცვალების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ 6 თვიან ვადაში, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე და 1421-ე მუხლების თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ სამართლებრივ წინაპირობას ქმნიდა.
8.3.14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად გამოიკვლიეს და დაადგინეს წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელებელი კუმულატიური წინაპირობები, ხოლო ეს გარემოებები დასაბუთებული შედავების წარდგენის გზით, კასატორმა ვერ გააქარწყლა.
8.4. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი დასაბუთება:
საკასაციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
8.5. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო
საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პირველი პუნქტის მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე