საქმე №ას-29-2022 14 აპრილი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ა-ვი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ. ა-მა (შემდეგში წოდებული „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“ მხარედ) რუსთავის საქალაქო სამართლოში სარჩელი აღძრა ზ. ს-ის (შემდეგში წოდებული „მოპასუხე“, „კასატორ“ მხარედ) მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზ. ს-ის უკანონო მფლობელობიდან რ.ა-ის კუთვნილი უძრავი ნივთების მდებარე: ქ. რუსთავი, ... გამზირი, კორპუსი №..., ბინა №..., საკადასტრო კოდით №... და ქ. რუსთავი, ... გამზირი, კორპუსი №..., ბინა №.., საკადასტრო კოდით №... გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მან 2018 წლის 22 ნოემბერს მოპასუხისგან, 45 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ორი ბინა შეიძინა, რომლებიც გაერთიანებულია და ერთ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს. გამყიდველმა უთხრა, რომ თუ ბინა ამჟამად არ სჭირდებოდა, მაშინ მისგან იქირავებდა და თვეში 300 აშშ დოლარს გადაუხდიდა. მხარეები ქირის გადახდაზე შეთანხმდნენ, თუმცა მოპასუხემ ბოლო ექვსი თვე ქირა არ გადაიხადა. მოთხოვნის მიუხედავად, არც საცხოვრებელი ბინა დაუბრუნებია და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მათ.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საცხოვრებელი ბინა მოსარჩელეს ავეჯის გარეშე მიჰყიდა. მოსარჩელე დაჰპირდა, რომ არ გამოასახლებდა და არც ბინას გაასხვისებდა, ბინის ქირას კი კეთილსინდისიერად უხდიდა, რაც მისი აზრით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთება
4.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე ზ.ს-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთები მდებარე - ქ. რუსთავი, ... გამზირი, კორპუსი №..., ბინა №.., საკადასტრო კოდით №... და ქ. რუსთავი, ... გამზირი, კორპუსი №..., ბინა №.., საკადასტრო კოდით №... და ორივე უძრავი ნივთის მოსარჩელე რ. ა.ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცემა დადგინდა.
4.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დგინდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლითა და 312-ე მუხლით რეგლამენტირებული წინამძღვრები, რომლებიც ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს განსაზღვრავდა. კერძოდ: საქმის მასალებში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე იყო ქ. რუსთავში, ... გამზირის №...-ში მდებარე №... და №.. ბინების მესაკუთრე, ასევე უდავოდ დადასტურდა, რომ ორივე უძრავი ნივთი მოპასუხის მფლობელობაში იყო და იგი უარს აცხადებდა საკუთარი ნებით, უძრავი ნივთები დაებრუნებიუნა მესაკუთრისთვის.
4.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მის მიერ, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთების მართლზომიერი ფლობის ფაქტი დადასტურდებოდა, ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის პრეტენზია, უძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნების თაობაზე, დასაბუთებული იყო და დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.
4.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ზ. ს-მ გაასაჩივრა, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით მოითხოვა, რომ ზ. ს-ეს ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით განმტკიცებული ფლობის უფლება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
5.2. სააპელაციო პალატამ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია დადგენილად:
- რ. ა-ის საკუთრებაშია უძრავი ნივთები მდებარე: ქ. რუსთავი, ... გამზირის №...-ში მდებარე №... და №.. ბინები, საკადასტრო კოდებით №... და №.... მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული და გაცემულია შესაბამისი ამონაწერები (ს.ფ. ..-..);
- მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული ორივე უძრავი ნივთი მოპასუხე ზ.ს-ის მფლობელობაშია (ს.ფ. .-.., ..-..);
- მოსარჩელემ მოპასუხეს უძრავი ნივთების დაბრუნება მოსთხოვა, მოპასუხემ უარი განაცხადა უძრავი ნივთების გამოთავისუფლებაზე და მოსარჩელისთვის გადაცემაზე (იხ. სასამართლოს 20.01.2021 და 24.03.2021 წლის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები);
- მოპასუხე მხარეს არ აქვს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება, ვინაიდან მხარეთა შორის ზეპირი ქირავნობის ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის პირობებშიც, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ქირის გადახდის ფაქტი;
5.3. სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ნივთებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა იყო მართლზომიერი. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარში, ისევე როგორც შესაგებელში მოპასუხე აღნიშნავდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით შემძენმა სადავო ქონებიდან მის გამოსახლებაზე უარი განაცხადა, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა, მხოლოდ აპელანტის ზეპირი განმარტება კი, მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონიდა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.
5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინება ზ. ს-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. 2021 წლის 21 დეკემბერს, ზ. ს-ემ ფორმალური საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 2022 წლის 07 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორმა წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
6.2. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში მხარე ერთადერთი არგუმენტის მითითებით შემოიფარგლა, რომლის თანახმად, სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი, ვინაიდან კასატორს ჰქონდა სადავო უძრავი ნივთების ფლობის უფლება.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის აღმოფხვრის ვადა და კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში დაევალა დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარდგენა.
7.3. 2022 წლის 07 მარტს, ზ. ს-ემ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა.
7.4. 2021 წლის 14 მარტის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
8.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო საჩივარში შედავებულია კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი უძრავი ნივთების მართლზომიერი ფლობის უფლება, შესაბამისად, წინამდებარე განჩინებაში საკასაციო პალატა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შემაფერხებელი გარემოებების არსებობას გამოიკვლევს.
8.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
- რ.ა-ის საკუთრებაშია უძრავი ნივთები მდებარე: ქ. რუსთავი, ... გამზირის №..-ში მდებარე №.. და №.. ბინები, საკადასტრო კოდებით №... და №.... მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული და გაცემულია შესაბამისი ამონაწერები (ს.ფ. ....);
- მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული ორივე უძრავი ნივთი მოპასუხე ზ.ს-ის მფლობელობაშია (ს.ფ. .-.., ..-..);
- მოსარჩელემ მოპასუხეს უძრავი ნივთების დაბრუნება მოსთხოვა, მოპასუხემ უარი განაცხადა უძრავი ნივთების გამოთავისუფლებაზე და მოსარჩელისთვის გადაცემაზე (იხ. სასამართლოს 20.01.2021 და 24.03.2021 წლის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები);
8.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
8.3.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8.3.2. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და მას დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.
8.3.3. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. კერძოდ, ვინდიკაციური სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).
8.3.4. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
8.3.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სადავო უძრავი ნივთი აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე (იხ. ტომი I, ს.ფ. 15-19). ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
8.3.6. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მფლობელს. მეტიც საკასაციო საჩივარში მითითებულია ერთადერთი არგუმენტი, რომლის თანახმად მოპასუხეს გააჩნდა სადავო უძრავი ნივთის ფლობის უფლება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.
8.3.7. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შესაბამისად, სწორედ კასატორის მტკიცების საგანს წარმოადგენდა იმ ფაქტის რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დადასტურება, რომ მას გააჩნდა სადავო უძრავი ნივთების მართლზომიერი ფლობის საფუძველი (მაგ. ხელშეკრულება, ქირის გადახდის ქვითრები და ა.შ.).
8.3.8. კასატორის მიერ, ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა, წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება, რომლითაც მის მიერ სადავო უძრავი ქონებების მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი დადასტურდებოდა, ამიტომ ამ მიმართებითაც, კასატორს წარმოდგენილი არ აქვს დასაშვები და დასაბუთებული შედავება, შესაბამისად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ზ. ს-ეს სადავოდ გამხდარი უძრავი ქონებების ფლობის უფლება არ გააჩნდა.
8.3.9. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვა (იხ. სუსგ Nას-..20.., 27.12.20..წ.). ამასთან ნიშანდობლივია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ებები: №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).
8.4. საკასაციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
8.5. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% -105 ლარი დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.
2. კასატორ ზ. ს-ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზ. ს-ის მიერ 2022 წლის 10 თებერვალს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე