საქმე № ას-1382-2021 15 აპრილი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „O-i R-e“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ. ჯ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სარჩელის მოთხოვნა
1. შპს „კ. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა შპს „O-i. R-e“-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 42640 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხის შესაგებელი
2. მოპასუხეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „კ. ჯ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „O-i R-ce“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 42 640 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად ლარში.
4. 2020 წლის 24 თებერვალს, შპს „კ. ჯ-იას“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და წარადგინა მოპასუხეზე გზავნილის ჩაბარების დასტურები, საიდანაც დგინდებოდა, რომ 2020 წლის 31 იანვარს, შპს „O-I R-CE“-ის გზავნილი ჩაბარდა მოპასუხის ადმინისტრატორს - ი. ლ-ეს.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 177-ე და 2321-ე მუხლებით და განმარტა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2020 წლის 31 იანვარს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღიანი ვადა, მაგრამ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამიტომ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა ჩათვლილიყო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ასევე, რადგან არ იკვეთებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მოპასუხის მიერ მითითებულ სადავო საპროცესო დარღვევებს, რომელთაც მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება შეიძლებოდა გამოეწვია.
7. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 04 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე.
9. სააპელაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებებიდან იკვეთებოდა, რომ მოპასუხეს სასამართლო გზავნილი - სარჩელი, თანდართული მასალებით თავდაპირველად გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე - ქ. ბათუმში, … .. ქუჩა #...-ში, სადაც გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამ მისამართზე იურიდიული პირის მოუძიებლობის გამო. სააპელაციო პალატამ ასევე დასძინა, რომ ის გარემოება, რომ ზემოხსენებულ, ოფიციალურად რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე შპს „O-I R-CE“ სადავო პერიოდში რეალურად არ ფუნქციონირებდა აპელანტის მიერ შედავებული არ იყო, მეტიც დგინდებოდა, რომ განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შპს „O-I R-CE“-ის იურიდიული მისამართი იყო ქ. ბათუმი, შ. … ქ. #..ბ, კომერციული ფართი #. (ს.ფ. ..).
10. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დგინდებოდა, რომ სარჩელი, თანდართული მასალებით, მოპასუხეს გაეგზავნა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზეც - „….@....com“, თუმცა გზავნილის მიღების ფაქტი მოპასუხეს არ დაუდასტურებია (ს.ფ…..).
11. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დასტურდებოდა, რომ შპს „O-I R-CE“-ს სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე გაეგზავნა მისამართზე, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით. საფოსტო შეტყობინების კომენტარით კი ირკვეოდა, რომ გზავნილი 2020 წლის 31 იანვარს, ჩაბარდა ადრესატის უფლებამოსილ პირს - ი. ლ-ეს (ადმინისტრატორს) (ს.ფ. ..).
12. სასამართლოს აზრით, გარემოება მასზედ, რომ ი. ლ-ძე უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი იყო, საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებით დგინდებოდა, რადგან ხელშეკრულების თანახმად, ი. ლ-ძე შპს „O-I R-CE“-ში დასაქმებული იყო სასტუმროს პროექტის უფროს ადმინისტრატორად (ს.ფ. ..-..).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო უწყება უფლებამოსილ მხარეს, კანონით დადგენილი წესით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით) ჩაბარდა, რის გამოც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს მის გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
15. კასატორი მიუთითებს, რომ ი. ლ-ძე არ იყო უფლებამოსილი საწარმოს სახელით ჩაებარებინა სასამართლოს უწყება, რადგან საწარმოში არსებობს კანცელარია (საქმისწარმოების განყოფილება) და როგორც ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილითაა რეგლამენტირებული, უწყება სწორედ კანცელარიას უნდა ჩაბარებოდა. კასატორი მიუთითებს, რომ საწარმოში კანცელარიის არსებობის ფაქტს ადასტურებს 2021 წლის 24 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის მონაცემები. მხარის მოსაზრებით, ელექტრონული სისტემის ამონაწერიდან ნათლად ჩანს, რომ მას შემდეგ რაც, 2021 წლის 21 ივნისს, მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლოს შენობაში ჩაბარდა განჩინება, ეს დოკუმენტი იმავე დღეს, შესაბამისი თანამშრომლის მიერ რეაგირების მიზნით, აიტვირთა ელექტრონულ სისტემაში. კასატორი, დაწესებულებაში კანცელარიის არსებობის დადასტურების მიზნით, ასევე მიუთითებს „ო-ის“ ჰ-ის შემავალი კომპანიების დირექტორის/გენერალური დირექტორის 2020 წლის 03 იანვრის N1 ბრძანებაზე.
16. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანცელარია არ იარსებებდა დაწესებულებაში, ი. ლ-ძე მაინც არ იქნებოდა უფლებამოსილი ჩაებარებინა სასამართლო უწყება ვინაიდან მისი ვალდებულებები შემოიფარგლება შემდეგით: მოემსახუროს სასტუმროს - მიიღოს, დაარეგისტრიროს და ნომერში დააბინავოს სტუმარი, შესაბამისად სრულიად გამორიცხულია ამ პირის, როგორც ორგანიზაციის ადმინისტრაციულ ისე მმართველობით სფეროში რაიმე სახით მონაწილეობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კი, პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ ორგანიზაციაში კანცელარია არ არსებობს, უწყება უნდა ჩაბარდეს ორგანიზაციის ისეთ უფლებამოსილ პირს, რომელიც კანცელარიის ფუნქციებს ასრულებს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
17. საკასაციო საჩივარში ასევე, აღნიშნულია, რომ თავდაპირველად სარჩელი და თანდართული მასალები გაიგზავნა შპს „O-I R-CE“-ის იურიდიულ მისამართზე, რაზეც კურიერმა (ფ..მ) აცნობა მოსარჩელეს, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს საცხოვრებელი სახლი და მხარეს მოსთხოვეს მისამართის დაზუსტება. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელემ GOOGLE-ის საძიებო სისტემით დაიწყო მისამართის მოძიება და იპოვნა ერთ-ერთი სასტუმროს მისამართი (ქ. ბათუმი, … ქუჩა N..), სადაც მოგვიანებით გაიზავნა კიდეც დოკუმენტაცია. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის ამგვარი მოქმედება კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება, რადგან მას უწყება უნდა გაეგზავნა მისთვის ცნობილ მისამართზე და უწყების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე ეშუამდგომლა საჯარო პუბლიკაციის გზით უწყების ჩაბარების თაობაზე, რაც მხარეს არ განუხორციელებია.
18. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს ასევე, სარჩელისა და თანდართული მასალების ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მხარემ გაურკვეველი მიზეზების გამო, გამოიყენა ის ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც საწარმოს საჯარო რეესტრში ჰქონდა მითითებული და არა ის, რომელიც მხარეებმა გაფორმებული ხელშეკრულებით, ერთმანეთთან საკომუნიკაციო საშუალებად შეათანხმეს (…@.....N..), რაც მისივე აზრით, ქმნის მოსარჩელის არაკეთილსინდისიერების თაობაზე წარმოდგენას.
19. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, კასატორის აზრით, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა, რომლის თანახმადაც დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, თუ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მხარის მტკიცებით, 2020 წლის 16 ივნისამდე მისთვის არა თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებების, არამედ მის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის შესახებ ინფორმაციაც კი არ იყო ცნობილი, რის გამოც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელს ვერ წარადგენდა.
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ობიექტი და შესაბამისად საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სასამართლოს განჩინება.
24. საკასაციო საჩივრის თანახმად, მხარე პრეტენზიას ძირითადად ამყარებს მისთვის სასამართლო შეტყობინების კანონით დადგენილი წესის დაუცველად ჩაბარებაზე, რის გამოც საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე გაამახვილებს ყურადღებას და გამოიკვლევს მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის ჩაბარების მართლზომიერების ფაქტს.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აგრეთვე, შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ამავე კოდექსის 2321-ე მუხლიც, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარჩელი წარმატებულია, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
26. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი).
28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. კანონით განსაზღვრული თანმიმდევრობა ემსახურება მხარის რეალური ინფორმირების მიზანს და ნორმის ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ გონივრული ზომები უნდა მიიღოს იმისათვის, რათა პროცესის სუბიექტებს მიეცეთ სხდომაზე გამოცხადებისა და საპროცესო თავდაცვის საშუალება.
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 მუხლის თანახმად, ორგანიზაციისათვის შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს, როგორც უშუალოდ მის მისამართზე, ისე წარმომადგენლის მისამართზე. ორგანიზაციისათვის გაგზავნილი შეტყობინება კი, ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
30. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იმ საკითხზე თუ ვინ მიიჩნევა სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარებაზე ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად, ზოგადი სახით, ჩამოთვლის იმ სუბიექტებს, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ან/და პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად, გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-1289-1309-2011, 14 ნოემბერი, 2011 წელი, Nას-330-2019 19 ნოემბერი 2019 წელი). აგრეთვე, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, პრეზუმირებულია, რომ საწარმოს იურიდიულ მისამართზე უწყების მიმღები პირი უფლებამოსილია, მიიღოს კორესპონდენცია. თუკი ასეთი უფლებამოსილება სინამდვილეში არ არსებობს, აღნიშნული საწარმოს მენეჯმენეტისა და შიდა ორგანიზაციულ ხარვეზზე მიუთითებს, რაც განხორციელებული საპროცესო მოქმედების სამართლებრივ შედეგს ვერ შეცვლის. იგულისხმება, რომ ორგანიზაციამ ისეთი პირობები შექმნა, რომ უწყების ჩამბარებელი სუბიექტი კეთილსინდისიერად ვარაუდობდა გზავნილის მიმღების სათანადო უფლებამოსილების არსებობას (სუსგ. №ას-610-583-2016, 05 ოქტომბერი 2016 წელი; სუსგ Nას-151-151-2018, 30 ივლისი 2018 წელი).
31. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევა მოპასუხის მითითება, რომ გზავნილის მიმღები არ იყო ინფორმირებული სარჩელის მიღების შემდგომ განსახორციელებელი მოქმედებების თაობაზე, რამაც განაპირობა გზავნილის ადრესატისთვის (უფლებამოსილი პირისთვის) მიუწოდებლობა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წამოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სარჩელი თანდართული მასალებით 2020 წლის 31 იანვარს ჩაბარდა შპს „O-I R-CE“-ის თანამშრომელს - ადმინისტრატორს (ს.ფ. --). ამასთანავე, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. ლ-ძე, კასატორ ორგანიზაციასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებით ( რომელსაც დამსაქმებლის სახელით ხელს აწერს შპს „O-I R-CE“-ს დირექტორი ი. კ-ძე) რომლის თანახმადაც, ი. ლ-ძე შპს „O-I R-CE“-ში დასაქმებული იყო სასტუმროს პ-ს უ-ს ა-ად (ს.ფ. ..-..).
32. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მტკიცება, რომ რადგან ი. ლ-ეს არ აქვს შეხება ორგანიზაციის არც ორგანიზაციის ადმინისტრაციულ და არც ორგანიზაციულ საკითხებთან, მისთვის სასამართლო დოკუმენტაციის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ სტანდარტს არღვევს. ამ მიმართებით საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად გზავნილის მიმღები პირის თანამდებობისა, ის ფაქტი, რომ მხარე შრომით ურთიერთობაში იმყოფება ორგანიზაციასთან (რასაც კასატორი სადავოდ არ ხდის), სწორედ მისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის სუბიექტად მიჩნევის წინაპირობაა და სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ბარათზე ამ პირის მიერ ხელის მოწერა სასამართლოს აძლევს სრულ შესაძლებლობას მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება (შდრ. იხ. სუსგ № ას-1082-1032-2014, 30 ივლისი, 2015 წელი).
33. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაციაში არსებობდა კანცელარია, რის გამოც გაგზავნილი დოკუმენტაცია, სავალდებულო წესით, კანცელარიაში უნდა ყოფილიყო ჩაბარებული, გაზიარებული ვერ იქნება. ამ არგუმენტთან დაკავშირებით საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი შეჯიბრებითობის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მხარე ვალდებულია დაასაბუთოს ის გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს მის სარჩელსა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მისივე მოსაზრებით, ორგანიზაციაში კანცელარიის არსებობის ფაქტს ადასტურებს, დათარიღებულია 2020 წლის 03 იანვრით (ბრძანება "ო-ს" ჰ-ში შემავალი კომპანიების საქმისწარმოებაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის შემოღების თაობაზე") და 2021 წლის 21 ივნისით (2021 წლის 24 თებერვლის სასამართლოს გადაწყვეტილების ასახვა პროგრამაში). თუმცა უშუალოდ დოკუმენტბრუნვის არსებობის დამადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტით გატარებული რეგისტრაციების თარიღი(-.-. ..) არ ემთხვევა იმ სადავო პერიოდს, როდესაც სარჩელისა და თანდართული მასალების ადმინისტრატორისთვის გადაცემა მოხდა (უფრო გვიანდელია) ასევე, ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა მხარის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 06 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების დროს (ს.ფ. ..-..). მეტიც, არათუ არ მომხდარა ამ მტკიცებულებების წარდგენა, არამედ მხარეს ამგვარი ფაქტის არსებობის თაობაზეც კი არ მიუთითებია საჩივარში. ეს გარემოება, პირველ რიგში, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე და 104-ე მუხლების შესაბამისად, უზღუდავს შესაძლებლობას მიიღოს და გადაწყვეტილება დააფუძნოს მოგვიანებით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას, რომ კანცელარიის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე უფრო გვიანდელი თარიღის არსებობა, ვიდრე სადავო სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის ჩაბარების დროს, ორგანიზაციაში კანცელარიის არარსებობით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული.
34. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს ასევე, იმ მისამართის თაობაზე, სადაც მოსარჩელემ დოკუმენტაცია გააგზავნა. აღნიშნული არგუმენტიც, მისი დაუსაბუთებლობის გამო გაზიარებული ვერ იქნება, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2020 წლის 07 თებერვლის ჩაბარების დასტურით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სცადა დოკუმენტაციის იურიდიულ მისამართზე ჩაბარება, თუმცა უშედეგოდ, რადგან ფოსტის განმარტებით, ადრესატის მისამართი საჭიროებდა დაზუსტებას (ს.ფ. ..). საგულისხმოა, რომ იმავე დღითაა დათარიღებული (2020 წლის 07 ივლისი) ფოსტის უკუგზავნილი (ინფორმაცია გზავნილი ჩაბარების თაობაზე) რომლითაც მოსარჩელეს მეორე მისამართზე - ქ. ბათუმი, … ქუჩა N.., მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარების შესახებ ეცნობა. ამიტომ, გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პრეტენზია მისამართის GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მოძიების და სხვაგვარი ქმედებების განხორციელების თაობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული საწარმოსთვის დოკუმენტაციის/უწყების გაგზავნის უპირობოდ - იურიდიულ მისამართზე გაგზავნის ვალდებულება, ამიტომ მოსარჩელეს შეეძლო დოკუმენტაცია მისთვის ცნობილ ნებისმიერ მისამართზე(მოპასუხის) გაეგზავნა და ამგვარად უზრუნველეყო სასამართლოს დავალების შესრულება.
35. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ პრეტენზიაზეც, რომლის თანახმად, მოსარჩელემ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გასაგზავნად გამოიყენა არა მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი, არამედ ის მისამართი, რომელიც საწარმოს საჯარო რეესტრში ჰქონდა მითითებული. ამ მიმართებითაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ აწესებს რაიმე იმპერატიულ დათქმას, თუ რომელ ელექტრონულ მისამართზე უნდა გაიგზავნოს კორესპონდენცია, არამედ ამოსავალია ის, რომ მოხდეს მხარის ინფორმირება. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების მოტივად, ვერც კასატორის მიერ გამოთქმული ზემოაღნიშნული არგუმენტი გამოდგება.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.
პროცესის ხარჯები:
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, შპს „O-I R-CE“-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6580,63 ლარის (საგადახდო დავალება N…, გადახდის თარიღი../01/2022), 70% – 4606,44 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „O-I R-CE“-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „O-I R-CE“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 6580,63 ლარის (საგადახდო დავალება N..., გადახდის თარიღი ../01/2022), 70% – 4606,44 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე