საქმე №ას-590-2022 3 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ა.ა.ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ჭ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.ჭ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.ა.ს–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 3240 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 440 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 13 ივნისს ავტომანქანა „მერსედეს-ბენცის“ მლ-350 მარკის ჩამოყვანის მიზნით, საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა შპს „ი.ა.მ–თან“ (შემდგომ - შპს). მან შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გადაიხადა 15 200 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ავტომანქანის ფოთის პორტიდან მცხეთამდე ტრანსპორტირებისათვის, ასევე, სხვა საჭიროებებისათვის გაიღო ხარჯი, კერძოდ, ფოთის პორტის მომსახურებისათვის შპს-ს გადაუხადა 240 აშშ დოლარი, ევაკუატორის მძღოლს - ფოთის საზღვაო ნავსადგურის 210 ლარი, შემოსავლის სამსახურის - 50 ლარი და ავტომანქანის ფოთიდან მცხეთამდე ტრანსპორტირებისათვის - 180 ლარი, სულ 240 აშშ დოლარი და 440 ლარი.
3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანა საქართველოში ჩამოიყვანა დაზიანებულ მდგომარეობაში. მოსარჩელემ ავტომანქანის შესაკეთებლად სარემონტო სამუშაოებისათვის გაიღო ხარჯი (ძრავის შესაკეთებლად) 3000 აშშ დოლარის ოდენობით. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მოსარჩელისათვის ჩამოყვანილი ავტომანქანა, რომელიც მის მფლობელობაში იყო, ირიცხებოდა მოპასუხის სახელზე. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ავტომანქანა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით გადაეცა მესაკუთრეს - მოპასუხეს.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, შესაბამისად, მოპასუხეს, სხვა პირების მართალსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებების გამო, მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაეკისროს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მაისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. აღნიშნული ღონისძიება დარჩა ძალაში ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
განმცხადებლის მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა მოპასუხის სახელზე საქართველოში არსებული ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება, რადგან 2020 წლის 30 ივნისს მოპასუხემ წინასწარი შეცნობით მიზანმიმართულად, ისე, რომ არ დაელოდა მის მიერვე 2020 წლის 28 მაისს შეტანილი საჩივრის განხილვას, სადავო ავტომანქანა სხვა პირზე გაასხვისა. აღნიშნულის საპასუხოდ, განმცხადებელმა მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებს საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში 3 000 აშშ დოლარის ფარგლებში, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მოპასუხე კომპანია ახორციელებს უცხოეთის ქვეყნებიდან ავტომანქანების იმპორტს, იღებს შეკვეთებს მესამე პირებისაგან, რის სანაცვლოდაც ისინი ურიცხავენ თანხას, რაც არ ნიშნავს, რომ მის ანგარიშზე ნებისმიერი დადებითი ნაშთი კომპანიას ეკუთვნის. აღნიშნული დასტურდება ინვოისებით, რომლებიც გამოწერილია მესამე პირებისადმი ვალდებულებების შესასრულებლად. სააპელაციო პალატის მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოპასუხეს და გამოიწვევს მესამე პირების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. ავტომანქანების იმპორტისას ვერ განხორციელდება საბაჟო და საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდა, რის გამოც მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა. კომპანია ვერ გასცემს ხელფასებს, რაც გამოიწვევს მისი საქმიანობის შეჩერებას და საბოლოოდ იგი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ დაიცვა საჭირო ბალანსი მხარეთა უფლებებს შორის.
11. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კომპანიის მთლიანი სახსრების დაყადაღება დაუშვებელია, თუმცა არ გამოიკვლია, დაყადაღებული თანხის გარდა გააჩნდა თუ არა მოპასუხეს სხვა თანხა. სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
13. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 372-ე, 271-ე, 193-ე მუხლებისა და 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს და საკუთარი ქონება გაასხვისოს, ფინანსური სახსრები განკარგოს, გადამალოს, რის შედეგადაც მოსარჩელის უფლება განუხორციელებელი დარჩება. უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც პირველადი, ასევე, მეორადი მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას.
15. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის საგანი გასხვისებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მაისის განჩინების გვერდის ავლით, დანაშაულებრივად, თუმცა, გასხვისების ფაქტის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული მტკიცებულება არ წარდგენილა. შსს მომსახურების სააგენტო მესამე პირზე ავტოსატრანსპორტო საშუალების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობას არ გასცემს, ამდენად, განმცხადებლისთვის აღნიშნული მტკიცებულების წარმოდგენის დაკისრება აზრს მოკლებული იქნებოდა.
16. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ უზრუნველყოფის საგნის გასხვისების ფაქტი დაადასტურა, რაც ფაქტობრივად აზრს უკარგავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მაისის განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან, სწორედ აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებას, საწინააღმდეგო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს გასაჩივრებულ განჩინებაში, ასევე, სასამართლო სხდომაზეც განემარტა უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების (საგნის) მეორეთი ჩანაცვლების შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
20. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
21. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
22. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
23. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
24. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
25. სარჩელისა თუ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.
27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ.„აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009;Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
28. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.).
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).
30. სსსკ-ის 2-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან მოსარჩელის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი დგება, როცა საჭიროა კანონის ეფექტურობის უზრუნველყოფა.
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე: №1/2/466.). „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე: №3/1/512.).
32. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე (შდრ. Beck’sche Kurz-Kommentare Band1, Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. Adolf Baumbach, Professor Dr. Wolfgang Lauterbach, Dr. Jan Albers, Dr. Dr. Peter Hartmann. Verlag C.H. Beck ,München 2003, 2375.).
33. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში. (შდრ. სუსგ 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1135-1082-2013.) მაგრამ ამ უფლების რეალიზაციამდე შესრულებული უნდა იყოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. წარმოდგენილი სარჩელის შინაარსი მაღალი ალბათობით უნდა იძლეოდეს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა და მასში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელების [შესრულების] შემთხვევაში, სწორედ ის სამართლებრივი შედეგი დადგება, რისი ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს, ანუ მოთხოვნა იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელს (იხ. დამატებით ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.).
34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015.).
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (შდრ. სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015.).
36. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
37. სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
38. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა მოითხოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის დადება 3000 აშშ დოლარის ფარგლებში. სწორედ აღნიშნული ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
39. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ განმცხადებელმა სარწმუნოდ დაასაბუთა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის სადავო ღონისძიების გამოყენების საჭიროება.
40. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს რა სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეული სტანდარტი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორმა სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გზით ვერ დაასაბუთა საკუთარი პოზიცია, სადავო 3000 აშშ დოლარის დაყადაღების გამო, მისი საქმიანობისათვის გაუმართლებლად რეალური საფრთხის შექმნის საშიშროებასთან დაკავშირებით და, ამავდროულად, არ გამოიყენა გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული სსსკ-ის 196-ე მუხლით (სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით), ასევე, 199-ე მუხლით (სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება) გათვალისწინებული შესაძლებლობები.
41. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოყენებული, გასაჩივრებული უზრუნველყოფის ღონისძიება ეფექტურად ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და მოპასუხის ინტერესების უკანონო ხელყოფას ვერ გამოიწვევს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა.ა.ს–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლისა და 23 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი