Facebook Twitter

საქმე №ას-969-2018 10 აპრილი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სარჩელი გ.მ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ.მ–მა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 მაისის განჩინებით გ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.მ–მა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 1079,10 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ, დ.მ–ს ჩაბარდა 2018 წლის 7 აგვისტოს.

2017 წლის 21 აპრილს ფოსტის მეშვეობით უზენაეს სასამართლოში კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, ვინაიდან კასატორს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, გააჩნია საკრედიტო დავალიანება, არ გააჩნია სამსახური, იმყოფება მოვალეთა რეესტრში და მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაკმაყოფილდა; საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად; კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 1079,10 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი განჩინება გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან - 1079,10 ლარის კასატორისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაკისრების თაობაზე შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კასატორს, საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით გადავადებული, სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობა შეადგენს 1079,10 ლარს, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაუვადდა. იქედან გამომდინარე, რომ სასამართლოს არ გადაუწყვეტია კასატორისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, გადავადებული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი, მიღებულ უნდა იქნას დამატებითი განჩინება და კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1079,10 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.მ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1079,`10 ლარის გადახდა;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე