საქმე №ას-27-2021
28 მაისი, 2021 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ჯ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ბ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მიმწოდებელი) სარჩელი:
1.1. შპს „ჯ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი, აპელანტი ან კასატორი) 112 842.40 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. მხარეებს შორის 2017 წლის მაისში ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს 118730 კგ ბიტუმი (მარკა 60/70) ხობის რაიონის სოფელ ..... მიაწოდა, რომლის ღირებულებამ - 116500 ლარი შეადგინა.
3.2. მოპასუხემ 2017 წლის 8 მაისს მოსარჩელის ანგარიშზე ავანსის სახით მხოლოდ 3657,60 ლარი ჩარიცხა, მოსარჩელემ 2017 წლის 9 მაისს 118730 კგ ბიტუმი ზეპირი შეთანხმების მიხედვით მოპასუხეს დანიშნულ დროსა და ადგილას მიაწოდა.
3.3. მხარეებს შორის დავის საგანს 2017 წლის მაისში მიწოდებული 118730 კგ ბიტუმის (მარკა 60/70) ხარისხი და ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენდა.
4. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი პრეტენზიის, საპროცესო ნორმების დარღვევის, უარსაყოფად დამატებით მიუთითა:
4.1. მოსარჩელემ 2017 წლის 24 ნოემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
4.2. მოპასუხემ რამდენჯერმე მიმართა იმავე სასამართლოს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის წინააღმდეგ მიუღებელი შემოსავლის - 50 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით. საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინება.
4.3. მოპასუხემ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისს კვლავ მიმართა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით. სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით შეგებებული სარჩელის ავტორს სარჩელის განსახლველად მიღებაზე უარი ეთქვა და განემარტა, რომ მოპასუხემ 2018 წლის 4 მაისს და 2019 წლის 11 იანვარს იმავე შინაარსის შეგებებული სარჩელებით მიმართა სასამართლოს, იმავე საფუძვლებით და მოპასუხეს სასამართლოს 2018 წლის 8 მაისისა და 2019 წლის 15 იანვრის განჩინებებით უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე, აღნიშნული განჩინებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს და 22 აპრილის განჩინებებით დარჩა ძალაში. ამდენად, აშკარა იყო, რომ მოპასუხე შეგნებულად ცდილობდა საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებას. აღნიშნულ განჩინებაზე კვლავ კერძო საჩივარი წარადგინა შეგებებული სარჩელის ავტორმა.
4.4. ფოთის საქალაქო სასამართლომ სარჩელზე გააგრძელა საქმის განხილვა და 2019 წლის 10 ივლისს მთავარი სხდომა დანიშნა, რაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ; სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ კერძო საჩივრის განხილვამდე მოითხოვა საქმის განხილვის გადადება, რაც უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა; 2019 წლის 6 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დასრულდა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 22.08.2019 წელს, 16:00 საათზე გადაიდო. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით 2020 წლის 5 აპრილს გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელიც 2020 წლის 7 მაისს გადაიდო, ხოლო 2020 წლის 7 მაისის განჩინებით საქმის განხილვამ, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის შესაბამისად, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადაიწია.
4.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 მაისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განჩინება .
4.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 25 ივნისის სააპელაციო საჩივრის განხილვა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე დაინიშნა 2020 წლის 13 ოქტომბერს.
4.8. 2020 წლის 13 ოქტომბერს სასამართლო სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და აცნობა, რომ კომპანიის დირექტორმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამ მიზეზით საქმის განხილვა 2020 წლის 3 ნოემბერს გადაიდო.
4.9. 2020 წლის 3 ნოემბერს იმავე საფუძვლით სააპელაციო სასამართლოს მოპასუხის სხვა წარმომადგენელმა მიმართა და ახალ ადვოკატთან ხელშეკრულების გაფორმებამდე სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. სწორედ ამ მიზეზით აპელანტი არ გამოცხადდა სხდომაზე და მონაწილეობა არ მიიღო დისტანციურად სხდომის მიმდინარეობაში, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) პოზიციის გათვალისწინებით საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსმენილი იყო აპელანტის წარმომადგენელთა განმარტებები, 2020 წლის 3 ნოემბერს სასამართლომ გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტება მოისმინა.
5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო დარღვევების თაობაზე აპელანტის მტკიცება და მიუთითა, რომ მოპასუხემ შეგებებული სარჩელი ერთი და იმავე საფუძვლით სამჯერ, მოპასუხის მიმართ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნით აღძრა. სამივე შემთხვევაში სასამართლომ უარი უთხრა მოპასუხეს შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე, ერთი და იმავე საფუძვლით - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო. მოპასუხემ სამივე განჩინება კერძო საჩივარით გაასაჩივრა. პირველ და მეორე განჩინებებზე წარდგენილი კერძო საჩივრები სასამართლომ განსახილველად გადააგზავნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და საქმის განხილვა შეაჩერა, თუმცა, ორივე შემთხვევაში კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებები. მესამე განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი საქალაქო სასამართლომ სარჩელის განხილვამდე არ გადააგზავნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, რადგან მიიჩნია, რომ მოპასუხე შეგნებულად ცდილობდა საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებას. ეს საპროცესო ხარვეზი სააპელაციო ინსტანციის მიერ აღმოიფხვრა და სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვა ზემოხსენებული კერძო საჩივრის განხილვამდე გადაიდო. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განჩინება.
6. სააპელაციო სასამართლომ ზემოთ დასახელებული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ საქმის განხილვისას გამოვლენილი იყო საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურების თაობაზე მოპასუხის განზრახვა,მათ შორის სააპელაციო სასამართლოშიც, რაც დაუსაბუთებლად არღვევს მოსარჩელის უფლებას სწრაფი და ეფექტიანი მართლმსჯულების მიღებაზე. შესაბამისად, არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე.
7. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოდავე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა უდავოა, თუმცა მიწოდებული ნივთის გადაუხდელი საფასურის - 112 842,40 ლარის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების საკითხი სადავო გარემოებაა.
8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე მუხლის მეორე ნაწილიდან (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველსშეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) გამომდინარეობს.
9. სასამართლოს მითითებით სადავო არაა, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა ნასყიდობის საგანი და მოთხოვნილი თანხის მოცულობა, სადავოა მიწოდებული საქონლის ხარისხი და ამის საფუძველზე წარმოშობილი თანხის გადახდის ვალდებულება.
10. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მიღებული პროდუქტის ნაკლი მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებაა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში მას ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშობა. საგულისხმოა, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების არსებობა და 116500 ლარის ბიტუმის მიწოდების ფაქტი. მოპასუხემ დაადასტურა, რომ მიწოდებული პროდუქციის სანაცვლოდ თანხა (გარდა 3657.60 ლარისა) - არ გადაუხდია, თუმცა მიზეზად პროდუქციის უხარისხობა მიუთითა.
11. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 495-ე მუხლით (თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება) იხელმძღვანელა და არ გაიზიარა ნივთის უხარისხობის თაობაზე აპელანტის მტკიცება, ვინაიდან სადავო საკითხთან მიმართებით დირექტორის ჩვენება მიიჩნია დაინტერესებული პირის ჩვენებად და, აგრეთვე, საქმის მასალებიდან არ დგინდებოდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ნივთის ნაკლის გამო პრეტენზია წარუდგინა.
12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამყიდველმა მყიდველს ნივთობრივად უნაკლო ნივთი გადასცა, რაც საკმარისი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის, რასაც ადასტურებს მიწოდებული ნივთის (ბიტუმის) ღირებულების ნაწილობრივ გადახდა. მოპასუხემ კი ვერ უზრუნველყო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და თავადვე მითითებული გარემოებების უტყუარად დადასტურება.
13. სააპელაციო სასამართლოს გაიზიარა მოპასუხისთვის მიწოდებული ბიტუმის დარჩენილი ნაწილის 112, 842.40 ლარის დაკისრების მართებულობის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1 მოპასუხემ (მიმწოდებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოპასუხის (მიმწოდებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
19. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება, როდესაც არ გაითვალისწინა კომპანიის დირექტორის მიერ წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების შეჩერების გამო სააპელაციო საჩივრის განხილვის გადადების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა და საქმე განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე; მიუხედავად იმისა, რომ შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე საქალაქო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული ჰქონდა მოპასუხეს, მოსამართლემ უკანონოდ გააგრძელა საქმის განხილვა; ამასთან, მოპასუხე სადავოდ ხდის ნასყიდობის საგნის ხარისხს და ნაკლიანი პროდუქტის მიწოდებაზე აპელირებს.
20. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ ურთიერთვალდებულების ჯეროვნად შესრულების საკითხის გამორკვევა წარმოადგენს.
21. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხლი) ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები. გამყიდველი (მოსარჩელე) ვალდებული იყო, კასატორისთვის (მოპასუხისთვის) მიეწოდებინა შეთანხმებული საქონელი, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო მიწოდებული საქონლის საფასური გადაეხადა. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კასატორმა მოსარჩელისგან ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პროდუქცია მიიღო, რაც, როგორც აღინიშნა, გამყიდველს მყიდველის მიმართ საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს. მოპასუხემ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან, 116 500 ლარიდან, მოსარჩელის ანგარიშზე ავანსის სახით მხოლოდ 3657.60 ლარი ჩარიცხა, ხოლო დარჩენილი ნაწილი ნაკლიანი ნივთის მიწოდების გამო არ გადაიხადა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპასუხო შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ის დაამტკიცებს, რომ მან ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო, ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ, ფასის შემცირების, წუნდებული ნივთის ახლით შეცვლის ან ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მეორად სახელშეკრულებო მოთხოვნებს წარმოუშობს, თუმცა მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოვალის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის დადასტურება.
22. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი, მართალია, უთითებს ნაკლიანი/უხარისხო პროდუქციის მიღებაზე, თუმცა მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ის უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა კრედიტორის მხრიდან ნაკლიან შესრულებაზე. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ფაქტის მითითება არ არის საკმარისი და მტკიცების ტვირთი არ უბრუნდება მოწინააღმდეგე მხარეს, რადგან ზიანის ფაქტობრივი გარემოება დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს მხარემ. შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებით (სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლები) თანაბრად არის უზრუნველყოფილი მხარეთა მიერ დასამტკიცებელი ფაქტების მითითებისა და მათი დამტკიცების შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, ზეპირი განმარტების გარდა, არ შეუთავაზებია სასამართლოსათვის რაიმე სახის მტკიცებულება.
23. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავისას გამოიყენება სსსკ-ის 102-ე მუხლით განსაზღვრული სტანდარტი, როდესაც ფაქტის მიმთითებელი მხარე, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე, ვალდებულია, წარადგინოს განკუთვნადი მტკიცებულებები, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, ვითარებას ცვლის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტთა სპეციფიკურობა _ ხელშემკვრელ მხარეებად გვევლინებიან მეწარმეები, რომელთა მიმართ კანონი, განსხვავებით სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივი სუბიექტებისაგან, წინდახედულობის მაღალ სტანდარტს ადგენს. ამგვარი მიდგომა ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, შესაბამისად, მტკიცების ზოგადპროცესუალური სტანდარტისაგან განსხვავებით, მატერიალური კანონმდებლობა ადგენს, რომ (სსკ-ის 495-ე (1) მუხლი), თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. ამდენად მეწარმეთა შორის ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის თაობაზე წარმოშობილი დავისას არაჯეროვანი შესრულების მტკიცება ეკისრება შემძენს, რომელიც კანონით განსაზღვრული წინადახედულობის დარღვევის შემთხვევაში კარგავს შედავების უფლებას. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის ქვაკუთხედს ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისირება წარმოადგენს და იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდა, რომ მეწარმე გამყიდველი ნივთის ნაკლის გამო დუმდა, იგი სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით ვერ დაიცავს თავს (იხ. სსკ-ის 495-ე (2) მუხლი), თუმცა, ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ნორმის წინაპირობების არსებობა _ საქონლის ნივთობრივი ნაკლი, რომლის თაობაზეც განზრახ დუმდა გამყიდველი (იხ. სუსგ Nას-373-347-2017, 27.10.2017წ).
24. ამრიგად, განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის მყიდველს, როგორც მეწარმე სუბიექტს, შესაძლებლობა ჰქონდა, წინადახედულობის ფარგლებში ნასყიდობის საგნის მიღებისას შეემოწმებინა მისი ვარგისიანობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან მიმართებით დირექტორის ჩვენება, რომელზეც კასატორი აფუძნებს თავის პრეტენზიას, მართებულად შეფასდა დაინტერესებული პირის ჩვენებად, ხოლო საქმის მასალებიდან არ დგინდებოდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ნივთის ნაკლის გამო პრეტენზია წარუდგინა. ამრიგად, კრედიტორის მიერ მისთვის უნაკლო პროდუქციის მიწოდების საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, უხარისხო პროდუქციის მიწოდების ვარაუდს აქარწყლებს (მყიდველი, რომელმაც ნაკლიანი შესრულება მიიღო, არასარწმუნოა, კრედიტორს, პრეტენზიის წაყენების ნაცვლად, შესყიდული პროდუქტის ღირებულებით ანაზღაურებას დაჰპირდეს.) ამასთან, სსკ-ის 495-ე მუხლზე მითითებით, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კასატორმა, რომელსაც კანონმდებელმა დააკისრა ნაკლის დაუყოვნებლივ გამოვლენისა და ამ ფაქტის თაობაზე პრეტენზიის გაცხადების ვალდებულება, დაკარგა შესყიდული პროდუქციის ნაკლზე შედავების უფლება, ვინაიდან მოპასუხეს ნივთის ნაკლის თაობაზე პრეტენზია არ გამოუხატავს სსკ-ის 495-ე მუხლის მოთხოვნათა წესის დაცვით, შემძენი მეწარმე სუბიექტისათვის განსაზღვრულ ლიმიტირებულ ვადაში (იხ. სუსგ Nას-954-2018, 28.02.2019წ).
25. საბოლოოდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა გამყიდველის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რისი გათვალისწინებითაც შემძენი ვალდებულია, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაუხადოს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელი ნაწილი - 112 842.40 ლარი.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა და დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3).
27. „სასამართლოებმა არ უნდა დაუშვან, რომ შეგებებული სარჩელები გამოყენებული იქნეს საქმის განხილვის გაჭიანურების მიზნით“ (იხ. ლილუაშვილი თენგიზ, ხრუსტალი ვალერი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, გვ. 328; გამომცემლობა „სანი“, 2004). (იხ. სუსგ Nას-654-2020, 23.07.2021წ). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესოსამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის გონივრული ვადით გადადებას, თუმცა არ ნიშნავს ვადის გაგრძელებას დაუსრულებლად და უსაფუძვლოდ. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები (იხ. სუსგ Nას-505-508-2018, 6.07.2018წ).
28. ვინაიდან დადგენილია, რომ აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე სხდომა რამდენჯერმე გადაიდო და მას არ გამოუსწორებია ის ხარვეზი, რაც ბოლო სხდომის გადადების საფუძველი გახდა (იხ. წინამდებარე განჩინების 4.9 ქვეპუნქტი), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მესამედ იმავე მიზეზით გადადება დაარღვევდა არა მხოლოდ შეჯიბრებითობის პრინციპს, რითაც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები ილახება, არამედ გამოიწვევდა პროცესის გაჭიანურებასაც, რაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის წინაპირობაა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას მოსმენილი ჰქონდა აპელანტის ახსნა-განმარტება და 2020 წლის 3 ნოემბერს მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტება მოისმინა, რაზეც თავად სააპელაციო სასამართლოც მიუთითებს. საქმის მასალებიდან ისიც დგინდება, რომ მოპასუხემ შეგებებული სარჩელი ერთი და იმავე საფუძვლით სამჯერ აღძრა მოპასუხის მიმართ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნით. სამივე შემთხვევაში სასამართლომ უარი უთხრა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე, ერთი და იმავე საფუძვლით - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო. მოპასუხემ სამივე განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა. პირველ და მეორე განჩინებებზე წარდგენილი კერძო საჩივრები სასამართლომ განსახილველად გადაუგზავნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს და საქმის განხილვა შეაჩერა, თუმცა ორივე შემთხვევაში კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებები. მესამე განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი საქალაქო სასამართლომ სარჩელის განხილვამდე არ გადააგზავნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, რადგან მიიჩნია, რომ მოპასუხე შეგნებულად ცდილობდა საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ ვლინდება საპროცესო ნორმების დარღვევა, რომელიც მოპასუხისათვის შეგებებული სარჩელის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებების ხელოვნურად შექმნასა და საპროცესო უფლების შეზღუდვას უკავშირდება. კასატორის მხრიდან შეგებებული სარჩელის არაერთხელ აღძვრა, სასამართლოს განჩინებების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება და სხდომის გადადების შესახებ წარდგენილი შუამდგომლობები სასამართლო პროცესის გაჭიანურების მიზანმიმართული მცდელობის გონივრულ ეჭვს ბადებს. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიები საკასაციო სასამართლოს მიერ არ არის გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
30. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჯ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ჯ–ის" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი თანხის 4643,15 ლარიდან, 2852,48 ლარი (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 26 თებერვალი);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე