Facebook Twitter

საქმე №ას-205-2022 5 მაისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "თ.ქ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლითაც მ.ს–ნის (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი შპს „თ.ქ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) მიმართ დაკმაყოფილდა, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2700 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. მოპასუხემ 2021 წლის 11 ოქტომბერს საჩივრით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2021 წლის 5 ივლისს მიმართა და, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მოპასუხისთვის კომპენსაციის - 2700 ლარის დაკისრება მოითხოვა;

6.2. სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად და მოსარჩელის მიერ მოპასუხეს გაეგზავნა მისამართზე: ქ. რუსთავის გზატკეცილი, .... 2021 წლის 28 ივლისს სარჩელი ე.ჭ–ძეს ჩაჰბარდა.

6.3. მოსამართლის თანაშემწესთან 2021 წლის 24 სექტემბრის გასაუბრების აქტით დასტურდება, რომ ე.ჭ–ძე არის კომპანიის თანამშრომელი, ბუღალტერი და მან ნამდვილად ჩაიბარა სარჩელი თანდართული მასალით, რის თაობაზეც კომპანიის დირექტორს აცნობა.

6.4. მოპასუხეს წერილობითი შესაგებლის წარსადგენად დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა 2021 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით. მოპასუხემ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის;

6.5. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო 2021 წლის 24 სექტემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და, მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპანიას 2700 ლარის გადახდა დაეკისრა.

6.6. მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი და მისი გაუქმებით საქმისწარმოების განახლება მოითხოვა;

6.7. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ შესაგებლის წარუდგენლობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ კომპანიის ინტერესების დამცველმა იურისტებმა ისე დატოვეს სამსახური, რომ დირექტორს არ აცნობეს სარჩელის თაობაზე; კომპანიას არ დაუკარგავს მოცემულ საქმეზე ინტერესი და მისი მიზანი არ არის საქმის გაჭიანურება.

6.8. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 184-ე, 201-ე მუხლების დაცვით, მოპასუხეს გაუგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, რომელიც სარჩელში მითითებულ მისამართზე უფლებამოსილ პირს ჩაჰბარდა;

6.9. სასამართლოს შეფასებით, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სსსკ-ის 2321-ე მუხლის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება საპროცესო ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად იქნა გამოტანილი;

6.10. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზებით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის;

6.11. საჩივრის ავტორის მტკიცებით, დამსაქმებელი კომპანიის იურისტებმა არ შეატყობინეს ხელმძღვანელობას სარჩელის თაობაზე და დირექტორი ამიტომაც არ ფლობდა ამის შესახებ ინფორმაციას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ საჩივრის ავტორს საჩივარში დასახელებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, მოპასუხე მხოლოდ თავის ზეპირ ახსნა-განმარტებას ეყრდნობა, რაც საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევა. ამასთან, სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ დავის მიმართ მხოლოდ მხარის დაინტერესების საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმება, არასწორი პრაქტიკის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და კანონის დაცვით მიღებული ნებისმიერი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაუქმებელი გახდება, თუკი წარდგენილი იქნება საჩივარი. ყოველივე ეს კი ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ წესს.

6.12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული გარემოებები: მოსარჩელე 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 4 ივნისამდე მოპასუხე კომპანიაში ხარისხის მენეჯერად მუშაობდა და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 900 ლარს შეადგენდა; 2021 წლის 9 ივნისის N04/444 ბრძანებით, მოსარჩელე საქართველოს შრომის (შემდეგში - სშკ) კოდექსის 47-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა; მოსარჩელეს კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლია; მან გათავისულების შესახებ ზეპირი ფორმით, 2021 წლის 3 ივნისს შეიტყო; მოსარჩელეს კომპენსაცია არ მიუღია სამსახურიდან გათავისუფლების გამო.

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კომპენსაციის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა სრულად გამომდინარეობს სშკ-ის 47-ე, 48-ე მუხლების მოთხოვნებიდან და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება იურიდიულად გამართლებულია, რაც გამორიცხავს აპელანტის მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ (კომპანიამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.

8.1. კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შესაგებლის წარუდგენლობა კომპანიის ინტერესების დამცველი იურისტების მიერ სარჩელის თაობაზე დირექტორისთვის შეუტყობინებლობამ გამოიწვია, რაც კვალიფიციური შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზი გახდა; მოპასუხე სარჩელში მითითებულ გარემოებებს არ იზიარებს და არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, დამსაქმებელს შესაგებლის წარდგენის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რათა არ დაირღვეს შეჯიბრებითობის პრინციპი და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით კომპანიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის (კომპანიის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად მართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 2321-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:

16.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი სსსკ-ის 70-74-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და 2021 წლის 28 ივლისს, კომპანიის თანამშრომელს- ბუღალტერს ჩაჰბარდა. ამასთან, მხარე ინფორმირებულ იქნა შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებზე.

17. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა იკვეთებოდეს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად განემარტოს 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სარჩელში მითითებულ ნებისმიერ, მათ შორის - საპროცესო ხარჯების საკითხზე.

19. იმისათვის, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ.სუსგ საქმე №ას-975-2019, 5 ივნისი, 2020წელი).

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილების (საქმეზე N ას-64-634-2016; პუნქტი 201) მიხედვით: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

21. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სარჩელზე შესაგებლის წარმოდგენას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

22. კასატორი შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზად კომპანიის ყოფილი იურისტების მხრიდან დირექტორის არაინფორმირებულობას ასახელებს, რაც საკასაციო სასამართლოს განსჯით, მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, ვინაიდან საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან დასტურდება, რომ სარჩელი კომპანიის ბუღალტერმა ჩაიბარა და ამის თაობაზე კომპანიის დირექტორს აცნობა (იხ. წინამდებარე განჩნების 6.3 ქვეპუნქტი). შესაბამისად, გასაზიარებელია გასაჩივრებულ განჩინებაში არსებული მსჯელობა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, საჩივრის ავტორს შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არ გააჩნდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე (კასატორი) იურიდიული პირია, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემების, მათ შორის სამართლებრივად უარყოფითი შედეგის, წინაშე დააყენოს კომპანია (იხ. სუსგ Nას-1318-2020, 25.06.2021წ).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს ერთგვარ სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები), ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და, თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რაც სარჩელით არის მოთხოვნილი, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე N 121-117-2016).

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სშკ-ის 47-ე, 48-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს დამსაქმებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "თ.ქ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "თ.ქ–ის" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N1647242158, გადახდის თარიღი 2022 წლის 14 მარტი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე