Facebook Twitter

საქმე №ას-376-2022 5 მაისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კერძო საჩივრის ავტორი – დ.ა–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე, მ.კ–ძე, თ.კ–ძე, ი.კ–ძე (მოპასუხეები)

II კერძო საჩივრის ავტორი – მ.კ–ძე, მ.კ–ძე, თ.კ–ძე, ი.კ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ა–ძე, ნ.ჩ–ძე (მოპასუხეები)

III კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ჩ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე, მ.კ–ძე, თ.კ–ძე, ი.კ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სააპელაციო საჩივრების განხილვა

დავის საგანი – ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მინდობილობების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრების დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.კ–ძის, მ.კ–ძის, თ.კ–ძისა და ი.კ–ძის სარჩელი დ.ა–ძისა და ნ.ჩ–ძის (როგორც პირადად, ასევე, როგორც მ.კ–ძის უფლებამონაცვლეების) წინააღმდეგ, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, მინდობილობების ბათილად ცნობისა და სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.1. ბათილად იქნა ცნობილი: 1) 2018 წლის 26 თებერვლის მინდობილობა, რეგ. #1800196846; 2) 2018 წლის 7 ივნისის მინდობილობა, რეგ. #180655245; 3) უძრავი ქონების ნასყიდობის 2018 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულება, დადებული მ.კ–ძეს, დ.ა–ძესა და ნ.ჩ–ძეს შორის; 4) უძრავი ქონების ჩუქების 2018 წლის 7 ივნისის ხელშეკრულება, დადებული მ.კ–ძეს, დ.ა–ძესა და ნ.ჩ–ძეს შორის;

1.2. 1987 წლის 27 ნოემბრის #1652 სამკვიდრო მოწმობაში უნდა განხორციელდეს ცვლილება და სამკვიდრო მოწმობაში მითითებული ქონების 1/5 წილის მემკვიდრეებად ცნობილი უნდა იქნენ (აღირიცხონ, მიეთითონ) მოსარჩელეები: მ., მ., თ. და ი.კ–ძეები.

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით ნაწილობრივ გაასაჩივრეს მ., მ., თ. და ი.კ–ძეებმა და მოითხოვეს, რომ ისინი სადავო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრეებად იქნენ ცნობილი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მოპასუხეებმაც და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეების - მ., მ., თ. და ი.კ–ძეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის ფასი არ აღემატებოდა 2 000 ლარს, რადგან მხარეთა მიერ სადავო ქონების მთლიანი ღირებულება 1 000 ლარით იქნა განსაზღვრული. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 365-ე მუხლზე მიუთითა და მიიჩნია, რომ გამოკვეთილი იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჩივრის ფასი 2 000 ლარს არ აღემატებოდა.

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 25 თებერვალს მიღებულ იქნა კიდევ ორი განჩინება დ.ა–ძისა და ნ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე, იმ საფუძვლით, რაც ამ განჩინების მე-4 პუნქტშია ასახული.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის იმ განჩინებაზე, რომლითაც მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, მოსარჩელეებმა კერძო საჩივარი წარმოადგინეს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

7. მოსარჩელეებმა კერძო საჩივარში განმარტეს, რომ მათი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო 1987 წლის 27 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობაში #1652 ცვლილების განხორციელება და მთლიანი სამკვიდროს ½ ნაწილის მესაკუთრეებად მოსარჩელეების განსაზღვრა. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხეებმა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულებად 1 000 ლარი, ხოლო სადავო ჩუქების ხელშეკრულების ღირებულებად - 0 ლარი მიუთითეს, რაც ქონების საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამება. მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავო გახადეს სადავო ქონების ღირებულება და სახელმწიფო ბაჟი იმაზე მეტი გადაიხადეს ვიდრე 1 000 ლარის 3 %-ია, რაც რაიონულ სასამართლოს მოსარჩელეებისათვის, როგორც ზედმეტად გადახდილი ბაჟი, არ დაუბრუნებია.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის იმ ორ განჩინებაზე, რომლითაც მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული, მოპასუხეებმა კერძო საჩივრები წარმოადგინეს და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

9. მოპასუხეებმა კერძო საჩივრებში განმარტეს, რომ საჩივრის ფასი არასწორად იქნა განსაზღვრული, რადგან სადავო ქონების რეალური ღირებულება 1 000 ლარზე გაცილებით მეტია. მოპასუხეთა განმარტებით, ისინი ელოდნენ, რომ სააპელაციო სასამართლო მათ ქონების რეალური საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ მტკიცებულების წარდგენას და შესაბამისად დავის საგნის ღირებულების 4 %-ის გადახდას დაავალებდა. თუმცა, სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებებით მოსარჩელეებისა და მოპასუხეების კერძო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებისა და მოპასუხეების სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვებას საფუძვლად სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესი დაედო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატებოდა.

13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ მსჯელობასა და დასკვნას და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრების ავტორების პრეტენზიები დასაბუთებულია და ისინი უნდა დაკმაყოფილდეს.

14. განსახილველ საქმეზე დავის საგანია ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მინდობილობების ბათილად ცნობა და სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა. მოსარჩელეების ინტერესია სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრეები გახდნენ, ხოლო მოპასუხეების ინტერესია პირიქით, რომ მოსარჩელეები სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები არ გახდნენ. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრების ავტორების პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოში განსაზღვრული არ ყოფილა დავის საგნის ღირებულება.

15. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელის დავის საგნის ღირებულება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით განისაზღვრება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ არის სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ ინფორმაცია. სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გარეშე კი ვერც დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება და ვერც მხარეთა მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, გაურკვეველია დავის საგნის ღირებულება აღემატება თუ არა, კანონით დადგენილ, 2 000 ლარიან ზღვარს. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ უპირველესად განსაზღვრულ უნდა იქნეს დავის საგნის ღირებულება, შემდეგ სააპელაციო საჩივრის ფასი, ანუ რა ნაწილში ასაჩივრებს აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, და შემდეგ უნდა განისაზღვროს სააპელაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინდება თუ განუხილველად იქნება დატოვებული. იმ შემთხვევაში, თუ საქმის მასალებით არ დგინდება სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, სასამართლომ ხარვეზის შესახებ განჩინებით უნდა დაავალოს აპელანტს თავად განსაზღვროს დავის საგნის ღირებულება და შესაბამისად გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

17. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

18. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

19. საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრების არგუმენტები საფუძვლიანია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ა–ძის, მ.კ–ძის, მ.კ–ძის, თ.კ–ძის, ი.კ–ძის, დ.ა–ძის და ნ.ჩ–ძის კერძო საჩივრები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებებზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებები და მხარეთა სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის ეტაპზე, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე