საქმე №ა-2626-შ-73-2019 23 მაისი, 2022 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ხ.გ.გ. კიზი
მოწინააღმდეგე მხარე – რ.გ.ხ. ოღლი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგილანსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგილანსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით ხ.გ.გ. კიზის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე რ.გ.ხ. ოღლის მიერ 2011 წლის 9 მარტს დაბადებული რ.მ.რ. კიზის რჩენისათვის გადახდილი ყოველთვიური ალიმენტის ოდენობა შეიცვალა; მოპასუხე რ.გ.ხ. ოღლის ხ.გ.გ. კიზის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტი ფიქსირებული ფულადი თანხის 108 (ას რვა) მანათის ოდენობით 2011 წლის 9 მარტს დაბადებული რ.მ.რ. კიზის რჩენისათვის მის სრულწლოვანებამდე.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 24 მაისის №7819 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ხ.გ–ვას შუამდგომლობა მოქალაქე რ.მ–ვის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით იუსტიციის სამინისტროსა და შუამდგომლობის ავტორს დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგილანსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომლითაც დადასტურდებოდა მისი კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი, სათანადოდ დამოწმებული თარგმანით; ბ) ცნობა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგილანსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ზემოაღნიშნულ განჩინებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს წერილით აცნობა, რომ სასამართლოს განჩინებაში ჩამოთვლილი დოკუმენტები ინახებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში - საქმეში №ა-4222-შ-118-2016.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
6. 2020 წლის 28 დეკემბერს მოწინააღმდეგე მხარემ შუამდგომლობის თაობაზე წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმად:
6.1. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით ანალოგიური შუამდგომლობა განუხილველად დატოვა;
6.2. მოწინააღმდეგე მხარემ ყოფილ მეუღლეს შეთანხმებისამებრ მამამისის - გუსეინის სახელზე გაუგზავნა 5175 აშშ დოლარი, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს 10 000 აზერბაიჯანულ მანათს. შესაბამისად, თუ საქართველოს სასამართლო აზერბაიჯანის სასამართლოს დადგენილებას (სადაც მას არ მიეცა საშუალება დაეცვა თავი ობიექტური მიზეზეზის გამო) გაითვალისწინებს, მოწინააღმდეგე მხარეს 2016 წელს შუამდგომლობის ავტორისათვის გადახდილი აქვს 7 წლის ალიმენტი (10000:1296=7);
6.3. მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობის ავტორს შვილის სარჩენად პერიოდულად უგზავნის თანხას. ამჟამად მას, წინასწარ გადახდილი 5175 აშშ დოლარის გარდა, გადახდილი აქვს 1411 აშშ დოლარი და 2010 აზერბაიჯანული მანათი;
6.4. მოწინააღმდეგე მხარემ ალიმენტის დანიშვნის საქმესთან დაკავშირებით არ იცოდა. როდესაც უწყება მიიღო, უკვე გვიანი იყო, თუმცა მაინც ვერ მოახერხებდა სასამართლოში მისი უფლების დაცვას, რადგან მისი ყოფილი მეუღლის ახლობლები მას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის შეტანის დღიდან ალიმენტის გადახდის ნაწილში და აღსრულების დაწყება საქართველოს ეროვნული ვალუტის დღევანდელი მდგომარეობით არსებული კურსით, რეალურად გადახდილი თანხის ჩათვლით (5175 აშშ დოლარს+1411 აშშ დოლარი+2010 აზერბაიჯანული მანათი).
8. 2021 წლის 9 ივლისს მოწინააღმდეგე მხარის ზემოაღნიშნული მოსაზრება თანდართული მასალებით შუამდგომლობის ავტორის ინფორმირების მიზნით გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს, თუმცა წინამდებარე განჩინების მიღების დღემდე საქართველოს უზენაეს სასამართლოს დეპარტამენტისგან რაიმე პასუხი არ მიუღია. ამასთან, 2021 წლის 13 დეკემბერს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება თანდართული მასალებით გაეგზავნა უშუალოდ შუამდგომლობის ავტორს მის მიერ მითითებულ მისამართზე - აზერბაიჯანი, ქ. ბაქო, საბაილსკის რაიონი, ... (Н.), თუმცა, გზავნილი ვერ ჩაბარდა, რადგან მისამართზე მიმღები ვერ მოიძებნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხ.გ.გ. კიზის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
10. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით (საქმე №ა-4222-შ-118-2016) გ.ხ. გ. კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგილანსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველი დარჩა (იხ. ს.ფ. 75-77).
11. ზემოაღნიშნული განჩინების თანახმად, შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლომ ვერ ჩააბარა შუამდგომლობის ავტორს მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვინაიდან მის მიერ მითითებული მისამართი არასწორი იყო. რაც შეეხება კონვენციით განსაზღვრულ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები მხარის მისამართის მოძიება-დადგენასა და მისთვის დოკუმენტების ჩაბარებას, საკასაციო სასამართლომ ყველა ღონე იხმარა, თუმცა, თითქმის ორწლიანი მცდელობის მიუხედავად, გაურკვეველი მიზეზით არ იქნა დახმარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მხრიდან აღმოჩენილი (იხ. ს.ფ. 76). ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, მას უფლება ჰქონდა ამავე მოთხოვნით კვლავ აღეძრა შუამდგომლობა (იხ. ს.ფ. 77).
12. როგორც ზემოთ ითქვა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 24 მაისის №7819 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ხ.გ–ვას შუამდგომლობა მოქალაქე რ.მ–ვის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის, ხოლო შემდგომ წარმოდგენილი წერილით დააზუსტა, რომ სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები ინახებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში - საქმეში №ა-4222-შ-118-2016.
13. საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეში განთავსებულია ხ.გ.გ. კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგილანსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, რომელზეც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამართალწარმოება დაასრულა და სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით (საქმე №ა-4222-შ-118-2016) იგი განუხილველად დატოვა. შუამდგომლობის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგილანსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტი არ ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 24 მაისის №7819 წერილს.
14. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლი]. საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.1 მუხლი]. ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სპეციალურ კანონმდებლობასთან ერთად, პროცესუალური საკითხების გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიც.
15. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები) [სსსკ-ის 187.2 მუხლის მე-2 წინადადება].
16. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად [სსსკ-ის 2.1 მუხლი]. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ [სსსკ-ის 3.1 მუხლი]. მოცემული ნორმა ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით ყოველი პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა. ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა.
17. „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ ხელშეკრულების 44-ე მუხლის მე-5-მე-6 პუნქტების თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულებაზე ნებართვის გაცემისა და გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ წარედგინება იუსტიციის დაწესებულებას გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. ეს დაწესებულება შუამდგომლობას გადაუგზავნის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის კომპეტენტურ სასამართლოს. თუ პირს, რომელიც შუამდგომლობს აღსრულებაზე ნებართვის გაცემის შესახებ, გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას, მაშინ მას შეუძლია შუამდგომლობა უშუალოდ წარადგინოს ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კომპეტენტურ სასამართლოში. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს: 1) სასამართლო გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი, იმის მითითებით, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას, თუკი ასეთი თავისთავად არ გამომდინარეობს გადაწყვეტილების ტექსტიდან. 2) დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რომ მოპასუხეს, რომლის მიმართაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება დროულად და სათანადო ფორმით ჩაბარდა შეტყობინება პროცესის აღძვრის შესახებ, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში მას უნდა ჰქონოდა წარმომადგენლობის შესაძლებლობა. 3) ამ მუხლის მე–7 პუნქტის 1–ლ და მე–2 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების დამოწმებული თარგმანები.
18. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
19. ამდენად, დასახელებული ნორმების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისთვის აუცილებელია არსებობდეს თავად დაინტერესებული პირის შუამდგომლობა აღნიშნული მოთხოვნით, ვინაიდან, როგორც ზემოთ ითქვა, სასამართლოში დავის დაწყება (შუამდგომლობის აღძვრა) მხოლოდ მხარის უფლებაა. ამასთან, ის შუამდგომლობა, რომელზეც უკვე სამართალწარმოება დასრულებულია და განუხილველად იქნა დატოვებული, ვერ იქნება მიჩნეული ახალ შუამდგომლობად (სასამართლოსადმი ხელმეორე მომართვად) და მასზე განმეორებით ვერ იმსჯელებს საქართველოს უზენაესი სასასამართლო.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ.გ.გ. კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგილანსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
21. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობის ავტორს განუმარტავს, რომ მას არ ერთმევა უფლება სათანადო წესით შედგენილი შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ ხელშეკრულების 44-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.1 და 187.2 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.გ.გ. კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგილანსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი