საქმე №ას-1002-2019 31 მაისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ე.ა–ლი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ა–ლი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილდ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე.ა–ლმა (შემდგომ – მოსარჩელე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ა–ლის (შემდგომ - მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით, მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა დ.ა–ლი (შემდგომ - მოპასუხის უფლებამონაცვლე, მოწინააღმდეგე მხარე).
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი მოსარჩელის საჩივარიც არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის (აპელანტის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელ მხარის წარმომადგენელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე. მან სხდომის დღეს - 2017 წლის 18 ოქტომბერს წერილობითი განცხადებით მიმართა სასამართლოს და ავადმყოფობის გამო, საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის მოითხოვა.
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელ ხ.ხ–ის (შემდგომ - მოსარჩელის პირველი წარმომადგენელი) შუამდგომლობით, პირველი ინსტანციის სასამართლოში არაერთი სხდომა გადაიდო, მათ შორის - 2017 წლის 12 ოქტომბერს დანიშნულიც. ამასთან, სხდომის გადადების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება წარმომადგენელს შემდგომაც არ წარუდგენია სასამართლოში. ამასთან, საქმეში არსებული 2016 წლის 8 ივნისის მინდობილობით, მოსარჩელემ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მ.ხ–ძესაც (შემდგომ - მოსარჩელის მეორე წარმომადგენელი) მიანიჭა. მინდობილობა 2018 წლის 8 ივნისამდე იყო ძალაში და მოსარჩელეს არ წარუდგენია ზემოაღნიშნული რწმუნებულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. აპელანტმა შესაბამისი მტკიცებულება მხოლოდ 2018 წლის 5 ივნისს წარადგინა, თუმცა სანოტარო აქტი, 2017 წლის 26 დეკემბრით თარიღდება, ესე იგი, მაშინ, როდესაც სასამართლოს უკვე გამოტანილი ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოა.
7. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პოზიცია, მოსარჩელის ავადმყოფობის გამო, მეორე წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობის გაუქმების შეუძლებლობის თაობაზე. სასამართლოს მითითებით, სადავო გარემოების დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულება ასახავს 2018 წლის 27 თებერვალს ექიმთან ვიზიტს, არტერიული წნევის დამწევი საშუალებებისა და, ზოგადად, შემოწმების მიზნით, რაც არ შეიძლება, შეფასდეს მარწმუნებლის მძიმე ავადმყოფობის გამო მინდობილობის გაუქმების შეუძლებლობად.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა.
კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გაჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
10. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს 2017 წლის 18 ოქტომბრის სხდომაზე კანონის სრული დაცვით წარდგენილი ჰქონდა სასამართლო სხდომაზე ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით განცხადება, რომელსაც სათანადოდ დამოწმებული ჯანმრთელობის შესახებ ცნობა ერთვოდა.
11. კასატორის მითითებით, სასამართლოში წარდგენილია მისი ავადმყოფობის შესახებ ცნობაც. ამასთან, უდავოა, რომ საქმისწარმოების დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მყისიერად, პირველი წარმომადგენლის ავადმყოფობის გაგებისთანავე სასამართლოსთვის მეორე წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ვერც მიმართავდა და ვერც მოძებნიდა მეორე წარმომადგენელს, რომელთანაც კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა.
12. კასატორის განმარტებით, სასამართლო სხდომა რამდენჯერმე სხვადასხვა საფუძვლით გადაიდო. მათ შორის, მორიგებისა და უფლებამონაცვლეობის დადგენამდე, რაც საქმისწარმოების თანმდევი პროცესია და, საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, სასამართლოს მითითება დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსსკ-ის 229.1 მუხლის (სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობა) შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ანუ რამდენად მართებულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.
16. საკასაციო სასამართლოს აზრით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება), საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
18. 2017 წლის 12 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე 2017 წლის 18 ოქტომბერს გადაიდო. სხდომის დრო და ადგილი, ასევე, გამოუცხადებლობის შედეგები მოსარჩელის წარმომადგენელ კანონით დადგენილი წესით ეცნობა.
19. 2017 წლის 18 ოქტომბერს, მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სასამართლო სხდომის გადადება ავადმყოფობის გამო მოითხოვა.
20. მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე იშუამდგომლა.
21. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აწესრიგებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სსსკ-ის 229-ე მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
23. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოსარჩელე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.
24. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, წარმომადგენელს კანონის სრული დაცვით წარდგენილი ჰქონდა განცხადება სასამართლო სხდომაზე ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სათანადოდ დამოწმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ერთვოდა. ამასთან, მეორე წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა რეალურად გაუქმებული იყო. მოსარჩელე ფიზიკურად ვერ შეძლებდა მყისიერად, პირველი წარმომადგენლის ავადმყოფობის გაგებისთანავე სასამართლოსთვის მეორე წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ეცნობებინა.
25. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის საკასაციო პრეტენზიებზე და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად არ დასტურდება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
26. საკასაციო პალატის მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის), საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს (რომლის შესატყვისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).
27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დასადასტურებელია საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.
28. საკასაციო პალატის განმარტებით, მართალია, საქმეში წარდგენილია მოსარჩელის პირველი წარმომადგენლის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, რომელიც ასახავს სადავო მომენტისათვის მის არადამაკმაყოფილებელ ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, არ არსებობს კასატორის საკასაციო პრეტენზიების გაზიარების საფუძველი, კერძოდ, პალატის მითითებით, სასამართლო სხდომის დღეს - 2017 წლის 18 ოქტომბერს, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი განცხადება სასამართლო სხდომის გადადების საფუძველს არ წარმოადგენდა, ვინაიდან, შუამდგომლობის ავტორი მოსარჩელის ერთადერთი წარმომადგენელი არ იყო. მოსარჩელის ინტერესებს 2017 წლის 18 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომის დროისათვის, 2016 წლის 8 ივნისს ორი წლის ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე სხვა წარმომადგენელიც (მ.ხ–ძე) იცავდა, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მხოლოდ ერთი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის თუნდაც საპატიო მიზეზის არსებობა (იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით სასამართლო სხდომა არაერთხელ იყო გადადებული) სასამართლო სხდომის გადადების საკმარის საფუძველს არ ქმნიდა. ამასთან, უდავოა, რომ არსებობდა სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი (მოსარჩელის გამოუცხადებლობა, გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი, მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ), რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, როგორც ნეიტრალური არბიტრი ვალდებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიეღო.
29. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. ამასთან, სსსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი წარმოადგენს სამართლებრივ ბერკეტს საიმისოდ, რომ სასამართლომ ხელოვნური გაჭიანურების გარეშე განიხილოს საქმე. მოხმობილი ნორმა ავალდებულებს მხარეს (ასევე მის წარმომადგენელს), რომ უზრუნველყოს სასამართლოს ინფორმირება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მხარის წარმომადგენელს (თუ იგი თავადაა ინიციატორი, სსსკ-ის მე-100 მუხლი) უფლებამოსილების შეწყვეტისათვის.
30. უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში ორი წარმომადგენელი იცავდა. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება და არც კასატორს არ წარუდგენია სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მეორე წარმომადგენლის სახელზე გაცემული რწმუნებულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვის დროს არ მიუთითებია დოკუმენტის გაუქმების შესახებ, მაშინ როდესაც, როგორც უკვე აღინიშნა მის ვალდებულებას წარმოადგენდა უზრუნველყო სასამართლოს ინფორმირება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რაც კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების გაზიარების საფუძველს გამორიცხავს.
31. საკასაციო პალატის განმარტებით, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარდგენილი სანოტარო აქტი, რწმუნებულების/მინდობილობის გაუქმების შესახებ 2017 წლის 26 დეკემბრით თარიღდება, რაც, ბუნებრივია, ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროისათვის - 2017 წლის 18 ოქტომბერს, მეორე წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა გაუქმებული იყო.
32. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის იმ არგუმენტსაც, რომლის თანახმად, მისი ჯანმრთელობა მინდობილობის გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავდა. სადავო გარემოების დასადასტურებლად, კასატორს არსებითი მტკიცებულება არ წარუდგენია, 2018 წლის 27 თებერვალს ექიმისათვის მიმართვა კი (არტერიული წნევის დამწევი საშუალებების საჭიროებებიდან და ზოგადი შემოწმებიდან გამომდინარე), ბუნებრივია, სადავო გარემოებას ვერ დაადასტურებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქმისწარმოების დროს კასატორი მინდობილობის გაუქმებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავად განმარტავდა, ხან მიუთითებდა მინდობილობის ფიქციურობაზე (ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის 29 მარტის სხდომას მეორე წარმომადგენელიც ესწრებოდა და სწორედ მისი შუამდგომლობის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით საქმის განხილვა გადაიდო, რისი გათვალისწინებითაც დასტურდება, რომ მეორე წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა რეალური და მოქმედი იყო), ხან მინდობილობის გაუქმებაზე და ხანაც აპელირებდა, რომ მეორე წარმომადგენელს ვერ დაუკავშირდებოდა, შეეტყობინებინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულიყო, აღნიშნული განმარტებები კი, კიდევ უფრო გამორიცხავს კასატორის პოზიციის საფუძვლიანობას.
33. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზეც: წინამდებარე საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომა 2016 წლის 8 ივნისს გაიმართა, რის შემდგომაც საქმე უფლებამონაცვლის დადგენამდე 2016 წლის 10 ივნისისდან იმავე წლის 4 ივლისამდე შეჩერებული იყო. ამის შემდგომ, სასამართლო სხდომა 2017 წლის 2 მარტს გაიმართა, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა გადაიდო იმავე წლის 29 მარტს. ამ უკანასკნელ სხდომაზე მოსარჩელის მეორე წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით საქმის განხილვის გადადება იშუამდგომლა, რაც დაკმაყოფილდა და სხდომა 2017 წლის 17 მაისს დაინიშნა (აღნიშნული სხდომა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო). 2017 წლის 14 ივნისის სხდომაც, იმავე წლის 13 სექტემბერს მხარეთა მორიგების პირობების დაზუსტების მიზნით გადაიდო. 2017 წლის 13 სექტემბერს სასამართლოს წერილობითი განცხადებით მიმართა მოსარჩელის პირველმა წარმომადგენელმა და სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის გამო საქმის განხილვის გადადება მოითხოვა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სხდომა 2017 წლის 12 ოქტომბერს ჩაინიშნა. 2017 წლის 11 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და, ავადმყოფობის გამო, სხდომის გადადება მოითხოვა, ასევე, აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის შესახებ ცნობას უახლოეს დღეებში წარადგენდა სასამართლოში. აღნიშნული შუამდგომლობაც დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა 2017 წლის 18 ოქტომბერს გადაიდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელს სასამართლოში 2017 წლის 12 ოქტომბერს დანიშნული სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ წარუდგენია. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2018 წლის 18 ოქტომბერს კვლავ მიმართა სასამართლოს და ავადმყოფობის გამო სხდომის გადადება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა და გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
34. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სხდომის გადადების შესახებ სხვადასხვა მოტივით წარდგენილი შუამდგომლობების გათვალისწინებით საქმისწარმოება გაჭიანურება, ამასთან, წინამდებარე განჩინების 28-30-ე პუნქტებში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიების გაზიარების წინაპირობები არ იკვეთება, რაზეც კანონიერად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ.
35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 2017 წლის 6 მარტის განჩინება).
36. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.).
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და, თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ №ას-1158-1113-2016, 2017 წლის 10 თებერვალის განჩინება).
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
42. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-783-2019, 2020 წლის 18 მარტის განჩინება; №ას-986-918-2017, 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება, №ას-141-2020, 2020 წლის 10 დეკემბრის განჩინება).
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 887 ლარის 70% – 620.9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ა–ლის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ე.ა–ლს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ხ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 887 ლარის (საგადასახადო დავალება 0 / გადახდის თარიღი 05.08.2019), 70% - 620.9 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე