Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-20-გ-02 29 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატასა და ამავე სასამრთლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა ც. ა-ის სააპელაციო სარჩელთან დაკავშირებით გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ც. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სოფ. ...ის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელის ბალანსზე რიცხული, სოფლის სკოლის ყოფილი შენობის მის სამკვიდრო ქონებაში დაბრუნება.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა ც. ა-ის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმე განსახილველად ექვემდებარებოდა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და 2003წ. 5 თებერვლის განჩინებით საქმე განსახილველად გადაუგზავნა ამ უკანასკნელს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ იმ მოტივით, რომ დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, 2003წ. 10 მარტის განჩინებით საქმე სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ა-ის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ მოსაზრებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დავა მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციული კატეგორიის დავად, აუცილებელია ორი ძირითადი პირობის არსებობა:

ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა;

ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მე-2 პირობა, კერძოდ მოპასუხე მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ, ბუნებრივია, საქმეში მარტოოდენ ამ უკანასკნელის მონაწილეობა, თავისთავად არ ქმნის დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების ჩარჩოებში მოქცევის საფუძველს.

იმისათვის, რომ დავა გახდეს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი, აუცილებელია, იმავდროულად მეორე პირობის არსებობაც. კერძოდ, დავა უნდა გამომდინარებდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს და რაშიც საკასაციო სასამართლო ეთანხმება საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას ან დავა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილიდან.

საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, სახეზეა ფიზიკური პირის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს გარკვეული სახის მოქმედება, ამდენად, ადგილი აქვს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირობას, რის გამოც, განსახილველი დავა ექვემდებარება საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ს კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ა-ის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.