საქმე №ას-386-2022 8 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე ლ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე ლ.ბ–ძის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს - 5460 ლარის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 1 თებერვალს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ქ. თბილისში, სხვადასხვა ღონისძიების უზრუნველსაყოფად ელექტროგამათბობლით მომსახურების შესყიდვის თაობაზე. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 105 000 ლარით.
3. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების 0.2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
4. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, ყოველი კონკრეტული დავალებისთვის შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობით, ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო მოკლეტექსტური შეტყობინების სახით უგზავნის დავალებას, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია ღონისძიების ჩატარების ადგილის, თარიღის, დროისა და გასაწევი მომსახურების შესახებ.
5. მოსარჩელის მითითებით, მიმწოდებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაევალა ქ. თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე 2019 წლის 23 დეკემბერს, 14:00 საათისათვის შემდეგი ინვენტარებისა და გამათბობლების მიტანა: 100 ერთეული შავი ფერისა და 250 ერთეული თეთრი ფერის სკამი; 50 ერთეული ოთხკუთხედი მაგიდა, 100 ერთეული მყარი და 100 ერთეული რბილი პუფი, 4 ერთეული ტანსაცმლის საკიდი, 4 ერთეული სარკე, 20 ერთეული გარე და 40 ერთეული სცენის გამათბობელი. ამავე ელექტრონული ფოსტის გზავნილით მიმწოდებელს დაევალა ქ.თბილისში, ორბელიანის მოედანზე შემდეგი ინვენტარების და გამათბობლების მიტანა: 250 ერთეული შავი ფერისა და 250 ერთეული თეთრი ფერის სკამი, 50 ერთეული ოთხკუთხედი მაგიდა, 100 ერთეული რბილი და 100 ერთეული მყარი პუფი, 4 ერთეული კროშტეინი, 4 ერთეული სარკე, 20 ერთეული გარე და 40 ერთეული სცენის გამათბობელი.
6. მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2019 წლის 24 დეკემბრის წერილით დასტურდება, რომ მოპასუხემ ქ.თბილისში, ორბელიანისა და პირველი რესპუბლიკის მოედნებზე არ განახორციელა 20-20 ერთეული გარე და 40-40 ერთეული სცენის გამათბობლების მომსახურება. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხესთან ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად. ამასთანავე, მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისა ფაქტი, რის გამოც მას დაეკისრა პირგასამტეხლო 5 460 ლარის ოდენობით.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ დარღვეულა, რის გამოც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტს და შეუსრულებლობა ობიექტურად გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით.
8. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ მითითებული დავალება, ღონისძიების დატვირთვიდან გამომდინარე, უნდა შესრულდეს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 24-საათიან რეჟიმში, დავალების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული პუნქტი მოსარჩელეს ავალდებულებდა, მოპასუხისათვის განესაზღვრა დავალება გონივრული ვადით ადრე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის შესრულებას ესაჭიროებოდა მოპასუხის მხრიდან დიდძალი რესურსის მობილიზება, დავალების შესახებ კი მას ეცნობა მხოლოდ 1.5 საათით ადრე. მცირე დროის მონაკვეთის გათვალისწინებით კი, მოსარჩელის დავალების შესრულება შეუძლებელი იყო.
9. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მოსარჩელის წარმომადგენლის შეტყობინებით კი ირკვევა, რომ მას მომსახურება უნდა გაეწია 23 დეკემბრიდან 13 იანვრამდე ერთ მისამართზე, ხოლო მეორეზე - 14 იანვრამდე. აღნიშნული კი წარმოადგენდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მოთხოვნას, ვინაიდან მოსარჩელემ სულ წამოაყენა 680 000 ლარის მომსახურების მოთხოვნა მაშინ, როდესაც ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 105 000 ლარს. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მან შესრულების ადგილზე მიიტანა 20 ცალი გარე გამოყენების გამათბობელი და 10 ცალი სცენის გამათბობელი, თუმცა მოსარჩელემ, სიმცირის გამო, ამ შესრულების მიღებაზე უარი განაცხადა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს მოსარჩელესა („შემსყიდველი“) და მოპასუხეს („მიმწოდებელს“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტიც იყო ქ.თბილისში, სხვადასხვა ღონისძიების უზრუნველსაყოფად ელექტროგამათბობლებით მომსახურება.
13. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ინფორმაცია გასაწევი მომსახურების რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების მითითებით, მოცემული იყო მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში. მომსახურების ხარჯთაღირცხვა თან ერთვოდა ხელშეკრულებას (დანართი 1) და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. ამავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება 105 000 ლარს შეადგენდა, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით.
14. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
15. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული დავალება უნდა შესრულებულიყო დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 24-საათიან რეჟიმში, დავალების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, ღონისძიების დატვირთვიდან გამომდინარე, ხოლო 2020 წლის საახალწლო ღონისძიებისათვის გასაწევი მომსახურების ვადა განისაზღვრებოდა შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ღონისძიების საჭიროებიდან გამომდინარე.
16. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა, ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
17. ამავე ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
18. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს უფლება ჰქონდა, მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
19. 2019 წლის 23 დეკემბერს მოპასუხეს მოსარჩელის წარმომადგენლისგან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, დღის 12:35 საათზე ეცნობა, რომ 23 დეკემბერს დღის 2 საათისათვის მოპასუხეს ქ. თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე უნდა უზრუნველეყო 100 ერთეული შავი ფერისა და 250 ერთეული თეთრი ფერის სკამის, 50 ერთეული ოთხკუთხედი მაგიდის, 100 ერთეული მყარი და 100 ერთეული რბილი პუფის, 4 ერთეული ტანსაცმლის საკიდის, 4 ერთეული სარკის, 20 ერთეული გარე და 40 ერთეული სცენის გამათბობელის მიტანა.
20. ამავე ელექტრონული ფოსტის გზავნილით მოპასუხეს დაევალა, იმავე ვადაში ქ. თბილისში, ორბელიანის მოედანზე უზრუნველეყო 250 ერთეული შავი ფერისა და 250 ერთეული თეთრი ფერის სკამის, 50 ერთეული ოთხკუთხედი მაგიდის, 100 ერთეული რბილი და 100 ერთეული მყარი პუფის, 4 ერთეული ტანსაცმლის საკიდის, 4 ერთეული სარკის, 20 ერთეული გარე და 40 ერთეული სცენის გამათბობლის მიტანა.
21. მოსარჩელის 2019 წლის 24 დეკემბრის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ 2019 წლის 23 დეკემბრის მოთხოვნის არაჯეროვანი შესრულების გამო, მასთან ცალმხრივად შეწყდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულების 8.2 და 8.3 პუნქტების შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო 5 250 ლარის ოდენობით.
22. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 19 თებერვლის განკარგულებით, მოპასუხე 2020 წლის 20 თებერვლიდან დარეგისტრირდა შავ სიაში.
23. წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები, რის გამოც, მითითებული ხელშეკრულების 8.3 პუნქტების თანახმად, მას უნდა დაეკისროს ჯარიმა (პირგასამტეხლო) ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში 5 250 ლარს შეადგენს.
24. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში (არაჯეროვან შესრულებაში) ბრალი არ მიუძღვის, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნას გამორიცხავდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შეაფასებს ამ ჭრილში - რამდენად არსებობდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოდავე მხარეთა შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება ვალდებულების დარღვევის (არაჯეროვნად შესრულების) შემთხვევაში ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას, კერძოდ: ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა, ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 8.3 პუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
27. სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ემსჯელა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად დამდგარი პასუხისმგებლობის სამართლებრივ ბუნებაზე: ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, ამასთან, ქონებრივი პასუხისმგებლობის მოვალეზე დასაკირებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი. საერთო სამართლის სივრცეში ვალდებულების არაბრალეული შეუსრულებლობა არ აფუძნებს ვალდებულების დარღვევის დასრულებულ შემადგენლობას და იგი მხოლოდ ხელეკრულებიდან გასვლის უფლებას წარმოშობს, ხოლო მეორადი მოთხოვნის უფლება უპირობოდ ბრალზე დამოკიდებული რჩება. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება არა ვალდებულების ნებისმიერი, არამედ - მხოლოდ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში (საქმე №ას-1408-2019 24 ივლისი, 2020 წელი).
28. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს პირგასამტეხლოს დაანგარიშების სისწორე სადავოდ არ გაუხდია, თუმცა არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ხელშეკრულების დარღვევა მისი ბრალეულობით არ მომხდარა. შესაბამისად, შესაფასებელია მოპასუხის ბრალეულობის საკითხი. ამ თავალსაზრისით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის ხელშეკრულების 3.2 პუნქტით შეთანხმებულ პირობაზე იმის შესახებ, რომ შემსყიდველის მიერ მითითებული დავალება მოპასუხეს უნდა შეესრულებინა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 24-საათიან რეჟიმში, დავალების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, ღონისძიების დატვირთვიდან გამომდინარე. ამასთან, საახალწლო მომსახურებისათვის გასაწევი მომსახურების ვადა განისაზღვრებოდა შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ღონისძიებების საჭიროებებიდან გამომდინარე.
29. სააპელაციო პრეტენზიის თანახმად, ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობა მოსარჩელეს ანიჭებდა უფლებას, რომ მოპასუხისათვის დავალების შესასრულებლად განესაზღვრა, მათ შორის, 1.5 საათიანი პერიოდი, რადგან დავალება სწორედ საახალწლო ღონისძიებების მოწყობას უკავშირდებოდა.
30. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლების მიხედვით, კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. სამართლის დოქტრინის თანახმად, კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია აკისრია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომელიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქციები.
31. უზენაესი სასამართლოს განმარტებით „კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა, კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“. „კეთილსინდისიერების ზემოთ აღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე №ას-1338-1376-2014).
32. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თითოეული პუნქტი, მათ შორის, ხელშეკრულების 3.2. პუნქტით გათვალისწინებული პირობები უნდა განიმარტოს სსკ-ის მე-8 და 115-ე მუხლის ჭრილში, რომლებიც მხარეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ბოროტად არ გამოიყენონ უფლება.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 3.2. პუნქტი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ იგი მოსარჩელეს ავალდებულებდა კონკრეტული დავალების შესასრულებალად მოპასუხისთვის განესაზღვრა გონივრული ვადა, რა დროსაც უნდა გათვალისწინებულიყო დავალების მოცულობა და სირთულე.
34. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოპასუხეს დავალების შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებდა თბილისში, ერთდროულად ორ ლოკაციაზე საკმაოდ დიდი რაოდენობის გამათბობლის მონტაჟსა და სხვადასხვა საგნების განთავსებას (ქ. თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე უნდა უზრუნველეყო 100 ერთეული შავი ფერისა და 250 ერთეული თეთრი ფერის სკამის, 50 ერთეული ოთხკუთხედი მაგიდის, 100 ერთეული მყარი და 100 ერთეული რბილი პუფის, 4 ერთეული ტანსაცმლის საკიდის, 4 ერთეული სარკის, 20 ერთეული გარე და 40 ერთეული სცენის გამათბობელის მიტანა; ასევე, ქ. თბილისში, ორბელიანის მოედანზე უნდა უზრუნველეყო 250 ერთეული შავი ფერისა და 250 ერთეული თეთრი ფერის სკამის, 50 ერთეული ოთხკუთხედი მაგიდის, 100 ერთეული რბილი და 100 ერთეული მყარი პუფის, 4 ერთეული ტანსაცმლის საკიდის, 4 ერთეული სარკის, 20 ერთეული გარე და 40 ერთეული სცენის გამათბობლის მიტანა), განუსაზღვრა მხოლოდ 1.5 საათი.
35. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დავალების შესასრულებლად განსაზღვრული დრო არ არის გონივრული და ვერ აკმაყოფილებს სსკ-ის მე-8 და 115-ე მუხლებით დადგენილ სტანდარტს, რომელიც მხარეებს ავალდებულებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები კეთილსინდისიერად განახორციელონ, ამასთან, ბოროტად არ გამოიყენონ უფლება.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის შედავება და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის შემსრულებლის მხრიდან ვალდებულების ბრალეული დარღვევის ფაქტი, რის გამოც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა განუხორციელებადია (საქმე №ას-1408-2019 24 ივლისი, 2020 წელი).
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
37. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
38. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რასაც უკანონო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
39. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ინვენტარის მიწოდება მოითხოვა სწორად საახალწლო ღონისძიებებისათვის, შესაბამისად, მას, როგორც ხელშეკრულების მხარეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა აძლევდა შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განესაზღვრა გასაწევი მომსახურების ვადა. ამიტომ სასამართლოს მსჯელობა მიწოდებისათვის განსაზღვრული ვადის არაგონივრულობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულება, სრულიად გაუგებარია, სასამართლომ რომელ გარემოებაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მოპასუხეს ვალდებულება არ დაურღვევია.
40. კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულია მინუციპალური ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომში მისი განაწილება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა საკითხებზე. თითოეული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით საჯარო და კერძო ინტერესებს ადგება იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე სარჩელში მოთხოვნილი ოდენობაა.
41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
42. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
44. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს მოსარჩელესა („შემსყიდველი“) და მოპასუხეს („მიმწოდებელს“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტიც იყო ქ.თბილისში, სხვადასხვა ღონისძიების უზრუნველსაყოფად ელექტროგამათბობლებით მომსახურება.
45. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ინფორმაცია გასაწევი მომსახურების რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების მითითებით, მოცემული იყო მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში. მომსახურების ხარჯთაღირცხვა თან ერთვოდა ხელშეკრულებას (დანართი 1) და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. ამავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება 105 000 ლარს შეადგენდა, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით.
46. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
47. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული დავალება უნდა შესრულებულიყო დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 24-საათიან რეჟიმში, დავალების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, ღონისძიების დატვირთვიდან გამომდინარე, ხოლო 2020 წლის საახალწლო ღონისძიებისათვის გასაწევი მომსახურების ვადა განისაზღვრებოდა შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ღონისძიების საჭიროებიდან გამომდინარე.
48. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა, ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
49. ამავე ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
50. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს უფლება ჰქონდა, მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
51. 2019 წლის 23 დეკემბერს მოპასუხეს მოსარჩელის წარმომადგენლისგან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, დღის 12:35 საათზე ეცნობა, რომ 23 დეკემბერს დღის 2 საათისათვის მოპასუხეს ქ. თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე უნდა უზრუნველეყო 100 ერთეული შავი ფერისა და 250 ერთეული თეთრი ფერის სკამის, 50 ერთეული ოთხკუთხედი მაგიდის, 100 ერთეული მყარი და 100 ერთეული რბილი პუფის, 4 ერთეული ტანსაცმლის საკიდის, 4 ერთეული სარკის, 20 ერთეული გარე და 40 ერთეული სცენის გამათბობელის მიტანა.
52. ამავე ელექტრონული ფოსტის გზავნილით მოპასუხეს დაევალა, იმავე ვადაში ქ. თბილისში, ორბელიანის მოედანზე უზრუნველეყო 250 ერთეული შავი ფერისა და 250 ერთეული თეთრი ფერის სკამის, 50 ერთეული ოთხკუთხედი მაგიდის, 100 ერთეული რბილი და 100 ერთეული მყარი პუფის, 4 ერთეული ტანსაცმლის საკიდის, 4 ერთეული სარკის, 20 ერთეული გარე და 40 ერთეული სცენის გამათბობლის მიტანა.
53. მოსარჩელის 2019 წლის 24 დეკემბრის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ 2019 წლის 23 დეკემბრის მოთხოვნის არაჯეროვანი შესრულების გამო, მასთან ცალმხრივად შეწყდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულების 8.2 და 8.3 პუნქტების შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო 5 250 ლარის ოდენობით.
54. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 19 თებერვლის განკარგულებით, მოპასუხე 2020 წლის 20 თებერვლიდან დარეგისტრირდა შავ სიაში.
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).
56. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
57. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე.
58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო ( შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).
60. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016). პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
61. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაციის მიზნის მისაღწევად ანუ, კანონის აზრის გასაგებად, გამოიყენება განმარტების გრამატიკული, ლოგიკური, ისტორიული და სისტემური ხერხები. „გრამატიკული“ ინტერპრეტანციის მიზანია, დაადგინოს, ენობრივი თვალსაზრისით, რა მნიშვნელობით იხმარება კანონის სიტყვები ამ ენის მატარებელთა საზოგადოებაში და რა მნიშვნელობით იყენებს მათ კანონმდებელი. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.
63. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89). პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89).
64. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინაწარაა განსაზღვრული, კეძოდ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
65. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც. (შდრ: სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი.) პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებატა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).
66. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს დაავალა ერთდროულად ორ ლოკაციაზე საკმაოდ დიდი რაოდენობის გამათბობლის მონტაჟი და სხვადასხვა საგნების განთავსება, რისთვისაც განუსაზღვრა მხოლოდ 1.5 საათი, დროის პერიოდი, რომელიც გონივრულად არ შეესაბამებოდა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას.
67. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა გამახვილებული ყურადღება სამოქალაქო კანონმდებლობაში მოქმედ კეთილსინდისიერების პრინციპზე.
68. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. „მუხლის მიზანი არის, ერთი მხრივ, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა წრის განსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის შეფასების უნივერსალური შეფასების დადგენა“. (იხ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I., მუხლი 8., თბ., 2017, ველი 1-ლი).
69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული კერძო სამართლის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა ,,კეთილსინდისიერების” მნიშვნელობა. განვითარებული ქვეყნების სამართალში იგი წარმოადგენს მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედს. ქართულ სამოქალაქო სამართალშიც იმავე მიზანს ემსახურება კეთილსინდისიერების, როგორც სამართლებრივი ფასეულობის შემოღება. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. „კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე“. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის საერთო მიმართულებასაც. არა ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველი. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
70. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი.
71. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კეთილსინდისიერი ქცევის დადგენა კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია და მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოსამართლის მიერ წარმოებული შეფასების ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან კეთილსინდისიერების მოთხოვნას არ გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა სახელშეკრულებო თავისუფლების მიმართ და დაუშვებელია ყოველი გადაწყვეტილების დასაბუთება აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე. აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინება. კეთილსინდისიერების პრინციპი, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ზოგადსახელმძღვანელო პრინციპი, მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არაერთ მუხლში. ამიტომაც, კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელშეკრულებო სამართლით, არამედ იგი ამოსავალი და ფუნდამენტური ქცევის პრინციპია ზოგადად კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში.
72. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
73. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.
74. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
75. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოქმედება, მცირე ვადაში დიდი მოცეულობითი სამუშაოს მოპასუხისათვის დავალების შესახებ, კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგება და ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობას ვერ გამოიწვევს.
76. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
77. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
78. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
79. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
80. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე