Facebook Twitter

საქმე №ას-20-2022

კერძო საჩივრის განუხილველად

დატოვების შესახებ

31 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ს. ს. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. შ. (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

აღწერილობითი ნაწილი :

ქ. შ-ამ სარჩელი აღძრა ს. ს-ის მიმართ და მოითხოვა არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება.

ქუთასის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი ვ. ს-შ-ინა დაბრუნდა რუსეთის ფედერაციაში დედასთან ქ.შ-თან. საქართველოდან ვ-შ-ნას რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება და დედისათვის ქ. შ-თვის გადაცემა დაევალა მამას ს. ს-ნს. ქ. შ-ნას შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება როგორც სააპელაციო წესით, ასევე კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოითხოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში და გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით: 1. ქ. შ-ნას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; 1.1 გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. შ-ნას და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ; 1.2 გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ვ. ს-შ-ნას საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება და დედისათვის ქ. შ-თვის გადაცემის უზრუნველყოფა მამას ს. ს-ინს (დაბ. 30.12.19..წ. პასპორტის ნომერი …) დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე; 2. ქ. შ-ასა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა. 3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც გადაწყდა არასრულწლოვანი ვ. ს-შ-ინას (დაბ.03.05.20..) დაბრუნება რუსეთის ფედერაციაში, დედასთან ქ. შ-თან (დაბ. 03.05.19..წ. პასპორტის ნომერი …; პასპორტის ნომერი …), მცხოვრები: რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, …. გადსასვლელი #..., ბინა .. და საქართველოდან ვ.ს-შ-ნას რუსეთის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება და დედისთვის ქ. შ-თვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალა მამას ს. ს-ნს და მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ს-ნის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება, რომლითაც მოსარჩელის კერძო საჩივრის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. შ-ნას და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ; ქ. შ-ნასა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც გადაწყდა არასრულწლოვანი ვ. ს-შ-ინას (დაბ.03.05.20..) დაბრუნება რუსეთის ფედერაციაში, დედასთან ქ.შ-ნასთან (დაბ. 03.05.19..წ. პასპორტის ნომერი ….; პასპორტის ნომერი …), მცხოვრები: რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, … გადსასვლელი #.., ბინა ..და საქართველოდან ვ. ს-შ-ინას რუსეთის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება და დედისთვის ქ. შ-თვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალა მამას ს.ს-ნს და მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამავე განჩინებით, მხარეებს განემარტათ, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 270-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ქ.შ-ნას შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით გამოტანილი განჩინების გასაჩივრების თაობაზე, გამოყენებულია, რამდენადაც კერძო საჩივრის ფარგლებში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დასკვნის კანონიერებაზე (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინება). ამასთან, ეს განჩინება სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მიიღო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება წარმოადგენს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი კერძო ან საკასაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო (იხ. სუსგ №ას-340-340-2018, 19 მარტი, 2018; საქმე №ას-260-248-2016, 20 მაისი, 2016 წელი).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს შეხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; № ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რამდენადაც ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების საკითხზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ს-ნის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თ. ძიმისტარაშვილი