საქმე № ას-327-2022
13 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;
კასატორი - ა.ო–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ქ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების დემონტაჟი
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, ა.ო–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ო–ნმა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით, ა.ო–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა.ო–ნმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივრის ავტორს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა კასაციის საფუძვლების მითითებით და 1525 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
2022 წლის 12 აპრილს კასატორის წარმომადგენელმა სასამართლოს მომართა შუამდგომლობით ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე, რომელიც 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, 2022 წლის 12 აპრილის განცხადება ხარვეზის შესავსებად დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა კასატორს განესაზღვრა ,,5’’ (ხუთი) დღით.
2022 წლის 29 აპრილს, კასატრომა წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, საჩივრის ავტორს არ აქვს ბაჟის გადახდის მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობა. შუამდგომლობის დასასაბუთებლად წარმოდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 აპრილის მომართვა, რომლის მიხედვითაც კასატორს 02.2020 დან 04.2022 წლების პერიოდში არ უფიქსირდება შემოსავლის მიღება, ასევე წარმოდგენილია კასატორის შვილის დაბადების მოწმობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
აღნიშნული შუამდგომლობა 2022 წლის 23 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივრის ავტორს დაზუსტებული საჩივრის ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ხუთ დღიანი ვადა.
2022 წლის 01 ივნისის კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლით ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, კასატორს არ აქვს ბაჟის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა, რაც დასტურდება მანამდე წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 აპრილის მომართვით, რომლის მიხედვითაც კასატორს 02.2020 დან 04.2022 წლების პერიოდში არ უფიქსირდება შემოსავლის მიღება, ასევე წარმოდგენილია კასატორის შვილის დაბადების მოწმობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევდა, რომ არსებობს სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა.
2022 წლის 22 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და კასატორს კვლავ მიეცა ხუთ დღიანი ვადა ხარვეზის შევსების მიზნით.
2022 წლის 22 ივნისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს ეცნო 2022 წლის 02 ივნისის სატელეფონო აქტით. 2022 წლის 06 ივნისს კასატორის წარმომადგენელმა სასამართლოს მომართა განცხადებით, თუმცა აღნიშნული განცხადებით არ დაყენებულა არც რამე სახის შუამდგომლობა და არც დადგენილი ხარვეზი გამოსწორებულა.
შესაბამისად, აღნიშნული დროის პერიოდში საკასაციო საჩივრის ავტორის მხრიდან არ მომხდარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზების შევსება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.
სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.
საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო აქტით, ასევე დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ხარვეზის შევსების მიზნით საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, თუმცა აღნიშნული დროის მანძილზე საკასაციო საჩივრის ავტორს არ გამოუსწორებია 2022 წლის 02 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. უფრო კონკრეტულად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ეცნო 2022 წლის 02 ივნისს, შესაბამისად, ხუთ დღიანი ვადა ამოიწურა 2022 წლის 07 ივნისს, რა დროის მანძილზეც არ მომხდარა არც ხარვეზის შევსება და არც შუამდგომლობის დაყენება.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს რამდენჯერმე (ოთხჯერ მიღებული განჩინების ფარგლებში) ჰქონდა შესაძლებლობა ან გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, ან წარმოედგინა საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ ყოფილიყო შესაბამისად დასაბუთებული, თუმცა, სასამართლოს მიერ მიცემული დრო არ იქნა კასატორის მხრიდან გამოყენებული, რაც გამოიხატა ხარვეზის არშევსებით ან დასაბუთებული შუამდგომლობის წარმოუდგენლობით, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ იქნება მიღებული წარმოებაში და უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ო–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე