Facebook Twitter

№ას-1288-2021

10 თებერვალი, 2022 წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ა. პ, ნ. პ, რ. პ. (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ბ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის განჩინება

საკასაციო მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2016 წლის 26 თებერვალს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ა. პ-მა, ნ. პ-მა და რ. პ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) ხ. ბ-ას მიმართ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრეს და 2013 წლის 01 მაისს, ერთი მხრივ, ა. და ნ. პ-ის წარმომადგენელ რ. პ-სა და მეორე მხრივ, ხ. ბ-იას შორის, უძრავ ნივთზე - მდებარე: ოზურგეთი, სოფელი …, ს/კ … - გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

1.1. სარჩელი ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2013 წლის 01 მაისს, მართალია, მხარეთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა, რეალურად, სადავო გარიგებით დაფარულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეების მიერ, სესხის სახით აღებული იქნა - 10000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, თვეში 5%-ის სარგებლის დარიცხვით. მოსარჩელეებმა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხადეს 3 თვის პროცენტი -1500 აშშ დოლარი, ხოლო, შემდგომ, მოვალე მხარე თვეში 500 აშშ დოლარს იხდიდა იმ სააგენტოს მეშვეობით, რომლის შუამავლობითაც მოხდა მხარეთა დაკავშირება. მოსარჩელის განმარტებით, სადაო ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა, რადგან მიზნად ისახავდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებას და აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ სადაო ქონება ბევრად მეტი ღირებულისაა ვიდრე 10000 აშშ დოლარი, ამასთან, მოსარჩელეები დღემდე ფლობენ და სარგებლობენ სადავო ქონებით. მოსარჩელეები აღიარებენ, რომ სესხად მიიღეს -10000 აშშ დოლარი, რომლის გადახდასაც აპირებდნენ, თუმცა, ოჯახური და ეკონომიური პირობებიდან გამომდინარე თანხის უკან დაბრუნება ვერ შეძლეს.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ 2013 წლის 29 აპრილს მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სესხის თანხა განისაზღვრა 10000 აშშ დოლარით, პროცენტის ოდენობა თანხის 5% ყოველთვიურად, მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრირებული ქონება, 2014 წლის შეთანხმებით კი, სესხის თანხა განისაზღვრა 12500 აშშ დოლარით.

3.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ხ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.1. ამავე სასამართლოს 2017 წლის 06 ივლისის განჩინებით, ა, ნ. და რ. პ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის განხილვა განახლდა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტ ხ. ბ-იას წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა; ხ. ბ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და ა. პ-ის, ნ. პ-ისა და რ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით, ა, ნ. და რ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, ხ. ბ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და ა. პ-ის, ნ. პ-ისა და რ. პ-ის სარჩელი ხ. ბ-იას წინააღმდეგ, 2013 წლის 01 მაისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

8. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების - ა. პ-ის, ნ. პ-ის და რ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 01 მაისს, ა. და ნ.პ-ის წარმომადგენელ რ. პ-სა და ხ. ბ-იას შორის, უძრავ ნივთზე - მდებარე: ოზურგეთი, სოფელი …, ს/კ …. - გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

8.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ხ. ბ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის განჩინებით, ხ. ბ-იას (წარმომადგენელი რ. ჯ-ძე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება, ა. და ნ. პ-ის წარმომადგენელ რ. პ-სა და ხ. ბ-იას შორის, უძრავ ნივთზე - მდებარე: ოზურგეთი, სოფელი…. ს/კ …. - გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და მოსარჩელეების ა. პ-ის, ნ. პ-ისა და რ. პ-ის სარჩელი დარჩა განუხილველი.

9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იყო უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანმდევი შედეგის - დავისადმი მოსარჩელის იურიდული ინტერესის დასაბუთების გარეშე, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის განჩინებაზე მოსარჩელეებმა კერძო საჩივარი წარადგინეს, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს იმ მოტივით, რომ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებულ იქნა სასარჩელო მოთხოვნა შემდეგი სახით: „ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 01 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა“, შესაბამისად, არასწორია სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ სარჩელით საკუთრების უფლების აღდგენა მოთხოვნილი არ იყო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

14. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

15. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც ა. პ-ის, ნ. პ-ისა და რ. პ-ის სარჩელი სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, დავისადმი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაუსაბუთებლობის მოტივით, დარჩა განუხილველად, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

16. განსახილველ საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისთვის უპირატესად უნდა გაირკვეს გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

17. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018 წ.).

18. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (სუსგ №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.).

19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა, 2016 წლის 26 თებერვალს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ხ.ბ-იას მიმართ წარდგენილ სარჩელში, სასარჩელო მოთხოვნა შესაბამის გრაფაში ჩამოაყალიბეს შემდეგი სახით: „ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 01 მაისს, ერთი მხრივ, ა. და ნ. პ-ბის წარმომადგენელ რ. პ-სა და მეორე მხრივ, ხ. ბ-იას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ნივთზე - მდებარე: ოზურგეთი, სოფელი .…, ….“ (ტ.1, ს.ფ. .). ამასთან, იმავე სარჩელში, დავის საგნის საგნის შესაბამის გრაფაში მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას ითხოვენ (ტ.1, ს.ფ. .). აქვე, მოსარჩელეებმა მიუთითეს იურიდიული ინტერესზე და განმარტეს, რომ მათ თავიანთი უძრავი ქონება არ გაუყიდიათ და არც არასოდეს ჰქონიათ აზრად ამ ქონების გასხვისება. მოპასუხისაგან აღებული თანხა წარმოადგენდა არა ნასყიდობის საფასურს, არამედ სესხად მიღებულ თანხას, რომლის უზრუნველსაყოფადაც მათი ქონება იპოთეკით უნდა დატვირთულიყო. მოსარჩელეების განმარტებით, სასამართლოს მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. საყურადღებოა, რომ 2016 წლის 08 ნოემბერს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენს: „გაუქმდეს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, დაიდოს ახალი ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკით დაიტვირთოს სადავო ქონება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოპასუხის ინტერესები ვალის დაბრუნების თაობაზე“ (იხ. სხდომის ოქმი, დრო - 16:31:52).

20. დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ხელშეკრულება, გადაწყვეტილება კი დაეფუძნა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი მხარეთა მიერ გამოვლენილი ნებისაგან განსხვავებული იყო. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მხარეთა ნება მიმართული არ იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისაკენ და სადავო ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით, დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველი იყო. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, მან მხოლოდ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ მიიჩნია მოსარჩელის მიზნის მიღწევისათვის - სადავო ნივთზე საკუთრების უფლების დაბრუნებისათვის - საკმარისად, ვინაიდან თავად მოსარჩელეები არ ითხოვდნენ ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების აღდგენას. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებისას დაემყარა მსგავს საკითხზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას და აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდებოდა, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ იყო მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიეკუთვნებინა მხარისათვის ის, რაც მას არ მოუთხოვია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობდა მოსარჩელეების აღიარებითი მოთხოვნის განუხილველად დატოვების წინაპირობა, იურიდიული ინტერესის არარსებობის საფუძვლით.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის მოთხოვნა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, თავისი სამართლებრივი ბუნებით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელია იურიდიული ინტერესის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი წარმოადგენს, რომლის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. თვალთმაქცური გარიგების ბათილობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მხარეთა შორის გაფორმებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნება ცნობილი, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნეს ის ნორმები, რომელიც შეესაბამება დაფარულ გარიგებას, იმ შემთხვევაში, თუკი დაფარული გარიგება არის მართლზომიერი და ამ საფუძვლით ნამდვილი.

22. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მაშინაც კი, როდესაც მოსარჩელეს მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნა აქვს აღძრული მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნის გარეშე და მცდარად ვარაუდობს მისი დაკმაყოფილებით იურიდიული შედეგის მიღწევას, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე უნდა შეამოწმოს, რამდენად არის შესაძლებელი მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება (სარჩელის დაზუსტება) იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გზით.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე არ შეამოწმა სარჩელის გამართულობა (დასაბუთებულობა), რა დროსაც სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, თუ რა სურდა მოსარჩელეს. მართლმსაჯულების ეფექტიანობა მის საპროცესო ეკონომიაშიც გამოიხატება და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსარჩელისათვის შეკითხვების მეშვეობით უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის დაკონკრეტების (დაზუსტების) შესაძლებლობა (სსსკ-ის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილი), რადგანაც ამ შემთხვევაში, მოთხოვნილი აქტების ბათილობა, სავარაუდოდ იმის წინაპირობას წარმოადგენს, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის დაზუსტება, მოთხოვნის გამართულად ჩამოყალიბება არ წარმოადგენს იმ შემთხვევას, რომელიც დადგენილია სსსკ-ის 381-ე მუხლით და დაუშვებლად მიიჩნევს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დავის საგნის შეცვლას ან გადიდებას“ (იხ. სუსგ №ას-595-554-2017, 15.12.2017 წ., აბზაცი 16-1).

24. სწორედ აღნიშნული საპროცესო დანაწესის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის შესაძლებელი მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება ანუ არა არსებული ფაქტობრივი გარემოებების ან ახალი მტკიცებულებების წარდგენის/მითითების გზით, არამედ - უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, რათა მოსარჩელემ მიაღწიოს მისთვის სასურველ იურიდიულ შედეგს, რომელიც აღსრულებადი იქნება. სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი (იხ. სუსგ №ას-595-554-2017, 15.12.2017 წ., აბზაცი 16-2).

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ იმსჯელა აღიარებითი სარჩელის მიზნებსა და დასაშვებობის წინაპირობებზე, თუმცა, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნიდან, მითითებული დავის საგნიდან და იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე, ძირეულად არ შეამოწმა სარჩელის გამართულობა (დასაბუთებულობა) და არ დაადგინა თუ რა სურდათ მოსარჩელეებს (სარჩელის დაზუსტება), მაშინ როცა, სასამართლოს კონკრეტულად უნდა გამოეკვლია აღნიშნული საკითხი, რაც სრულ შესაბამისობაში იქნებოდა სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესთან და რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და პროცესის ეკონომიის პრინციპების დაცვა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეები სარჩელის დავის საგნის გრაფაში უთითებდნენ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე, ხოლო, იურიდიულ ინტერესში უთითებდნენ იმაზე, რომ სასამართლოს მეშვეობით დადგენილიყო გარემოება მასზედ, რომ მხარეთა შორის არა ნასყიდობის, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო.

26. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ, სარჩელის დაზუსტების გარეშე, თუ რა სახის მიკუთვნებითი მოთხოვნა შეიძლება გააჩნდეთ მოსარჩელეებს მოპასუხის მიმართ აღიარებით მოთხოვნასთან ერთად (იურიდიული ინტერესის არსებობა-არარსებობის დადგენა), მათ მიერვე მითითებული ფაქტებისა და იურიდიული ინტერესის ფარგლებში, როდესაც მოსარჩელეებს თავიდანვე ჰქონდათ მოთხოვნილი სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, იურიდიული ინტერესის არ არსებობის საფუძვლით აღიარებითი მოთხოვნის განუხილველად დატოვება, უსაფუძვლოა.

(შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 09 ნოემბრის განჩინება, საქმეზე №ას-273-2021).

27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, საბოლოოდ არ აყენებს მოსარჩელისათვის სასარგებლო იურიდიულ შედეგს და დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ არ გადაწყვეტილა საკუთრების უფლების აღდგენის საკითხი, აღსრულების ეტაპზე, ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელეებისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რადგან მხოლოდ გარიგების ბათილად ცნობით, რეესტრის უტყუარობის შედეგად წარმოშობილი უფლებები ეჭვქვეშ ვერ დადგება (სუსგ №ას-811-778-2016, 21.03.2018წ.). გარიგების ბათილობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს გავლენას რეესტრის ჩანაწერის ნამდვილობაზე, თუ ჩანაწერის უსწორობა სასამართლო გადაწყვეტილებით პირდაპირ დადგინდება. აღნიშნული მსჯელობა შეესაბამება ამ მიმართულებით დადგენილ სასამართლო პრაქტიკასაც (სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.; №ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

28. ამასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სააპელაციო სასამართლო ზემოთმითითებული მსჯელობიდან გამომდინარე უფლებამოსილი იყო დაეზუსტებინა თუ რა სახის მიკუთვნებითი მოთხოვნა ჰქონდათ მოსარჩელეებს მოპასუხის მიმართ, მაგრამ საყურადღებოა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხე ხ. ბ-იამ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე მხარის დარღვეული უფლებების დაცვისა და აღდგენის უზრუნველსაყოფად, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობაშიც გამოიხატება, საკითხი იმის შესახებ, აღიარებით მოთხოვნასთან ერთად თუ რა სახის მიკუთვნებითი მოთხოვნა შეიძლება გააჩნდეთ მოსარჩელეებს, უნდა დააზუსტოს პირველი ინსტანციის სასამართლომ.

29. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს. აღნიშნული ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017წ.; სუსგ №ას-1219-1139-2017, 12.01.2018წ.).

30. მართალია, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე (Liakopoulou v. Greece, 20627/04, $17, 2006, ECHR; საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014).

31. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, რომელმაც საქმე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაუბრუნოს იმის შესაფასებლად, გარიგების ბათილად ცნობა წარმოადგენდა დამოუკიდებელ მოთხოვნას (რომელსაც ჰქონდა მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი), თუ - მიკუთვნებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას, ანუ, თავადაც ხომ არ მოიაზრებდა მიკუთვნებითი მოთხოვნას. მხოლოდ აღნიშნულის გარკვევის შემდეგ შეიძლება საუბარი იურიდიული ინტერესის არსებობა-არარსებობის საკითხზე.

(შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 09 ნოემბრის განჩინება, საქმეზე №ას-273-2021).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე, 180-ე, 377-ე, 381-ე, 412-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. პ-ის, ნ. პ-ის, რ.პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი