საქმე №ას-208-2022 10 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – გ.მ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ც–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 იანვრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.ც–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–ს (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მოითხოვა 13 000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 4550 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდის დაკისრება, ასევე, დავალიანების გადახდევინება იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 3 მარტს გ.მ–ძესა და გ.მ–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ.მ–მა გ.მ–ძისაგან ისესხა 18 500 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 24 თვის ვადით. სესხი გაიცა ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.5% პროცენტის დარიცხვით და ყოველთვიური გადახდით.
3. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონებით. იპოთეკის ხელშეკრულება აღირიცხა საჯარო რეესტრში.
4. 2015 წლის 3 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ სანოტარო აქტი, რომლის თანახმად მხარეებმა გააგრძელეს სესხის მოქმედების ვადა 2025 წლის 5 აპრილამდე.
5. 2017 წლის 3 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული ცესიის /მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, გ.მ–ძე, მოსარჩელე და გ.ს–ძე შეთანხმდნენ, რომ გ.მ–ძემ ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნიდან 13 000 აშშ დოლარის მოთხოვნა დაუთმო მოსარჩელეს, ხოლო გ.ს–ძეს კი- 5500 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება.
6. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შესრულდა. მსესხებელს 2020 წლის 5 ივლისიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში პროცენტის თანხა არ გადაუხდია, რამაც შეადგინა 4550 აშშ დოლარი.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის ვალდებულება მოვალემ სრულად შეასრულა. სესხის დაბრუნების ვადა კი ჯერ არ დამდგარა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 4550 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა, დავალიანების დასაფარად გადახდევინება მიექცა იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს შევსების მიზნით დაევალა: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან, მიეთითა, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი ასლის ოდენობით რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა; გ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა; დ) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა 7 დღე.
11. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე 2021 წლის პირველ დეკემბერს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე. ამ უკანასკნელმა იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე.
12. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული განჩინება არაერთხელ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს იმავე მისამართზე, თუმცა ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა, კერძოდ, 2021 წლის 14 დეკემბრისა და 2022 წლის 11 იანვრის უკუგზავნილების თანახმად, მითითებულ მისამართზე არავინ იმყოფებოდა. კურიერმა განმარტა, რომ იგი ესაუბრა ადრესატს, რომელმაც მიუთითა გზავნილის უშუალოდ საფოსტო ოფისიდან გატანის თაობაზე.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე 71-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა სწორედ მის მიერ 2021 წლის 8 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებაში (ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ) მითითებულ მისამართზე ორჯერ. გარდა ზემოაღნიშნულისა, იგივე მისამართზე აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარებული აქვს 2021 წლის პირველი ნოემბრის განჩინება. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლოს გზავნილი აპელანტისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს. ჩაბარების თარიღად კი განისაზღვროს ფოსტის კურიერის მეორე ვიზიტის თარიღი, ანუ 2022 წლის 11 იანვარი.
14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა აპელანტისთვის დაიწყო 2022 წლის 12 იანვარს და ამოიწურა 2022 წლის 18 იანვარს. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, ამ პერიოდის განმავლობაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და დღემდე არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ.
15. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით სასამართლოს არ მიმართა, არსებობდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
17. ხარვეზის დადგენის შესახებ 2021 წლის პირველი ნოემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა პირველ დეკემბერს. მან ვერ მოახერხა მარწმუნებელთან კომუნიკაცია, რის გამოც მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 20 დღით გაგრძელება. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ აპელანტი თავს არიდებდა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებას, რადგან მან ერთხელ უკვე ჩაიბარა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება.
18. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ სადავო გზავნილი განმეორებით გააგზავნა წარმომადგენლის იმავე მისამართზე, რომელზეც ერთხელ გაგზავნისას ადრესატს არ ჩაბარდა და არ უცდია მისი უშუალოდ მხარისათვის ჩაბარება ან ელექტრონულ მისამართზე განჩინების გაგზავნა. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ სასამართლომ თუ მითითებულ მისამართზე ვერ მოახერხა განჩინების ჩაბარება, მაშინ რატომ იქნა იმავე მისამართზე გზავნილი ხელმეორედ გაგზავნილი, როდესაც სასამართლოსათვის რამდენიმე მისამართი იყო ცნობილი (იხ. კერძო საჩივარი, ს.ფ. 144-145).
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა, რომ საქმის განხილვა მოხდებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი საკასაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ 2022 წლის 10 მარტს სატელეფონო შეტყობინებით აცნობა კერძო საჩივრის ავტორ გ.მ–ს წარმომადგენელ რ.გ–ს (შემდგომ - წარმომადგენელი).
20. 2022 წლის 18 აპრილს 15:30 საათზე მოსამართლის თანაშემწე ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს და აცნობა, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი, მოსამართლეები: მირანდა ერემაძე და ეკატერინე გასიტაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, 2022 წლის 29 აპრილს განიხილავდა მოპასუხის კერძო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებაზე. კერძო საჩივრის ავტორს, ასევე მის წარმომადგენელს რაიმე შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად. 2022 წლის 3 მაისს მითითებული განჩინების ასლი მოპასუხის წარმომადგენელს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე - თბილისი, ..... №7, ოფისი 311ბ(იგივე მისამართია დაფიქსირებული განსახილველ განცხადებაშიც).
განმცხადებლის მოთხოვნა:
22. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 24 მაისს საჩივრით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმება, ასევე კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმება. ( იხ. საჩივარი).
23. წარმოდგენილი საჩივარი სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაეფუძნა კერძო საჩივარში ასახულ მოპასუხის პოზიციას.
24. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით განმცხადებელმა მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს მისთვის აღნიშნული განჩინების მიღების თაობაზე არ უცნობებია და მის შესახებ მხარემ შეიტყო აღმასრულებლისაგან 2022 წლის 22 მაისს, რაც არღვევს მოპასუხის კანონიერ უფლებებს. სასამართლო ვალდებული იყო, სატელეფონო შეტყობინებით ან/და მხარისათვის სასამართლო გზავნილის გაგზავნის გზით ეცნობებინა განჩინებით მიღებული სამართლებრივი შედეგი, რაც არ განუხორციელებია.
25. საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა საკასაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც გაზიარებულ იქნა სააპელაციო პალატის დასაბუთება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით განცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალა დაზუსტებული განცხადების წარდგენა. საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში, მხარე ვალდებული იქნებოდა, სასამართლოსათვის წარედგინა სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება და საქმის წარმოების განახლების საფუძვლის გათვალისწინებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრებოდა 100 ლარით, ხოლო განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში - 50 ლარით. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ თუ მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, განცხადება აღარ მიიღებოდა წარმოებაში და განუხილველად დარჩებოდა.
27. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებელმა წარმოადგინა დაზუსტებული განცხადება იმავე მოთხოვნით და დამატებით მიუთითა, რომ სსსკ-ის 422-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ სასამართლო უწყება, ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არსებობს 2022 წლის 21 იანვრის განჩინების კანონით დადგენილი წესით გაუქმების წინაპირობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატამ იმავე მისამართზე გამოგზავნით ორი განჩინება ჩააბარა მოპასუხეს, ასევე, არც თავად მხარეს და არც მის წარმომადგენელს მისამართი და ტელეფონის ნომრები არ შეუცვლიათ, ამდენად, სასამართლო გზავნილი მხარესა და მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ.
28. მითითებულ განცხადებას დაერთო სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობის წინაპირობების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
30. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი, არსებობს თუ არა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმისწარმოების განახლების საფუძველი, თუმცა მითითებულის შემოწმებამდე, სასამართლო ვალდებულია, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა შეამოწმოს. რადგან განცხადების დასაშვებობის შემოწმება სამართლის საკითხია, სასამართლომ, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა იგი.
31. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
32. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა შესაძლოა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდეს.
33. სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
34. მითითებული ნორმა შეიცავს იმ აუცილებელ მონაცემთა ჩამონათვალს, რომელთაც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს და რომელთა არსებობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განცხადების დასაშვებობის ეტაპზე. თუ წარმოდგენილი განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება (სსსკ-ის 427II მუხლი).
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით გ.მ–ს კერძო საჩივარზე საქმის წარმოება დასრულდა და აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამავე კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამავე კოდექსის LII თავით განსაზღვრულია საქმის წარმოების განახლების საფუძვლები, რომელიც საქმის წარმოების საგამონაკლისო წესს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში მხარის მოთხოვნა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე ან 423-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამასთანავე, ნიშანდობლივია ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა და 248-ე მუხლის დანაწესები, კერძოდ, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ხოლო გადაწყვეტილების ფაქტობრივი ფარგლების განსაზღვრისას კანონმდებელმა დაადგინა შემდეგი: სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მხარემ ზუსტად და ამომწურავად უნდა განსაზღვროს მისი მოთხოვნა და ჩამოაყალიბოს მოთხოვნის საფუძვლები, რა დროსაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი ფარგლების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას სადავო საკითხზე, ისე, რომ არ არის უფლებამოსილი გასცდეს მხარის მითითებებს.
36. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია, მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
37. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 იანვრის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმება, თუმცა განმცხადებელმა ვერ მიუთითა, კანონით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობის მოტივით. განმცხადებლის პოზიცია ძირითადად ეფუძნება პრეტენზიას სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთებისადმი, რომელიც გაიზიარა საკასაციო სასამართლომაც და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვა. აღნიშნული სამართლებრივი შინაარსის განცხადება კი სსსკ-ის 427-ე მუხლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
38. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი იმის თაობაზე, თუ რომელი საფუძვლით ითხოვს განმცხადებელი კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლებას, მხარის მიერ საპროცესო უფლების მართლზომიერად განკარგვას გულისხმობს და სასამართლოს განჩინებით დადგენილი მოთხოვნების არა ფორმალურად შესრულებას, არამედ კონკრეტული წინაპირობების მითითებას და დასაბუთებას, ამასთან, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის სრულად გამოსწორებას გულისხმობს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ განცხადებაზე/საჩივარზე დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადება/საჩივარი.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო შესაძლებლობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის გზით საქმის წარმოების განახლების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ ეტაპს არ წარმოადგენს და დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო, კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ასეთის არარსებობის პირობებში კი მხარის განცხადება არ განიხილება. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის განახლება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
40. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე განცხადების დასაშვებად ცნობის პირობებშიც, აღნიშნული უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდებოდა შემდეგ გარემოებათა გამო:
41. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებული ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; დ) სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მოპასუხე თავის განცხადებაში წარმოადგენს პირველად პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის მექანიზმს და ის არ შეიძლება ე.წ შენიღბულ აპელაციად იქცეს, სასამართლოს აქტს, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ საზოგადოების ნდობა გააჩნია და მისი გაუქმების შესაძლებლობა არღვევს მუდმივობის პრინციპს. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ საქმის წარმოების განახლების მექანიზმი ევროკონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილია, თუმცა საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში. არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით. „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ისე რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნეს დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი N 18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 58; Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII).
43. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 419-ე მუხლის თანახმად, განჩინება გამოიტანება, როგორც წესი, ზეპირი განხილვის გარეშე.
44. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. კანონის მითითებული დანაწესი შეიცავს საკასაციო სასამართლოს ვალდებულებას, დავის მონაწილე მხარეებს შეატყობინოს საკასაციო ( კერძო) საჩივრის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე.
45. განსახილველ საქმეზე 2022 წლის 10 მარტს მოპასუხის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით მისი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, 2022 წლის 18 აპრილს 15:30 საათზე კი მოსამართლის თანაშემწე ასევე ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს და შეატყობინა საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე - განხილვის დრო და სასამართლო შემადგენლობა. ( იხ. საქმის მასალები). კერძო საჩივრის ავტორს რაიმე შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
46. სსსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
47. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
48. სსსკ-ის 259-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს, თავიანთი განცხადების საფუძველზე, გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები არა უგვიანეს 3 დღისა განცხადების შემოტანიდან. გადაწყვეტილების ასლებს ხელს აწერს სასამართლოს კანცელარიის მდივანი და უსვამს სასამართლოს ბეჭედს. შესაბამისად, მხარის პროცესუალურ უფლებას წარმოადგენს მოითხოვოს გადაწყვეტილების (განჩინების) მისთვის გადაცემა.
49. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა, როგორც კერძო საჩივრის განხილვის წესი, ასევე განხილვის თარიღი - 2022 წლის 29 აპრილი. პრეზუმირებულია, რომ კერძო საჩივრის განხილვა ხდება მხარისათვის შეტყობინებულ დროს, თუმცა კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული განჩინების სამართლებრივი შედეგის შეტყობის ან განჩინების მისთვის გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება მოპასუხის წარმომადგენელს 2022 წლის 3 მაისს მის მიერ მითითებულ მისამართზე - თბილისი, ........, ოფისი 311ბ (იგივე მისამართია დაფიქსირებული განსახილველ განცხადებაშიც) გაეგზავნა, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი სასამართლო გზავნილით.
50. როგორც წინამდებარე განჩინების პ.41-ი აღინიშნა, გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის საფუძვლები კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული და მათ შორის საკასაციო სასამართლოს მიერ მხარისათვის საქმეზე (კერძო საჩივარზე) მიღებული საბოლოო განჩინების ჩაუბარებლობა, (ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც), არ მოიაზრება.
51. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სასამართლოს ვალდებულებაა გასაჩივრებული სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმისათვის არაარსებითი შინაარსის გარემოებებზე და განმცხადებლის (კერძო საჩივრის ავტორის) იმ პრეტენზიებზე, რომელიც მარტოოდენ მისი მოსაზრებაა და არ უკავშირდება განცხადებაში (კერძო საჩივრის ფარგლებში) საკასაციო სასამართლოს მიერ შესამოწმებელ გარემოებებს, სასამართლო არ იმსჯელებს (შდრ: სუსგ-ები: №ას-189-2019, 24 დეკემბერი, 2021).
52. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება და უნდა დარჩეს განუხილველად. ამასთან, განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით პ.მ–ძის მიერ 03/06/2022 №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე, 427-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.მ–ს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 იანვრის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. გ.მ–ს (პირადი ნომერი - .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით პ.მ–ძის მიერ 03/06/2022 №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე