Facebook Twitter

საქმე №ას-522-2022 2 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - მ. წ. (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. მ. (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა (თავდაპირველ სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. წ-მა (შემდგომში - „განმცხადებელი“ ან „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.

3. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული 64.40 კვ.მ. ფართი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .. …ფერდობი, მე-.. მ/რ, მე-.. კორპუსი, ბინა №.., საკადასტრო კოდით …, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 10 მაისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (სანოტარო აქტი №…) და 2020 წლის 06 მარტის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება (სანოტარო აქტი №…); დადგინდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, … ფერდობი, მე-.მ/რ, მე-.. კორპუსი, ბინა №.., ს/კ …, საკუთრების უფლებით უნდა აღირიცხოს საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. 2022 წლის 1 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მოსარჩელემ და მოითხოვა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით №A… სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, … ფერდობი, მე-. მ/რ, კორპ. .., ბინა №..; ს/კ: …) რეალიზაციის შეჩერება საკასაციო სამართალწარმოების დასრულებამდე.

11. განმცხადებელმა მიუთითა, რომ:

11.1. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს გააჩნია ვალდებულება, ამ ვალდებულებიდან გამომდინარე მის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება №A… და არსებობს სადავო უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის საშიშროება;

11.2. დავის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, ქონების დაბრუნება შეუძლებელი იქნება და სასამართლო გადაწყვეტილება ფაქტობრივად აღუსრულებელი დარჩება, ვინაიდან ქონება კეთილსინდისიერი შემძენის ხელში აღმოჩნდება. ანუ, ფაქტობრივად არსებობს იმის საშიშროება, რომ შემდგომში მოსარჩელისთვის მიკუთვნებული ქონება ახალი შემძენის ხელში აღმოჩნდეს, რომლისგან დაბრუნება შეუძლებელი იქნება;

11.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის დავის დასრულებამდე აუცილებელია სადავო ქონებაზე მესამე პირების სასარგებლოდ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების შეჩერება;

11.4. ამასთან, მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უკვე გამოყენებულია ყადაღა, მაგრამ აღნიშნული ვერ დააბრკოლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას XXIII თავით მოწესრიგებული სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებას.

16. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

17. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

18. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

19. ამავე დროს, მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 10 მაისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (სანოტარო აქტი №…) და 2020 წლის 06 მარტის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება (სანოტარო აქტი №…); დადგინდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, … ფერდობი, მე-. მ/რ, მე-.. კორპუსი, ბინა №.., ს/კ …, საკუთრების უფლებით უნდა აღირიცხოს საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით უცვლელი დარჩა.

21. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით №A… სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, … ფერდობი, მე-. მ/რ, კორპ. .., ბინა №..; ს/კ: …) რეალიზაციის შეჩერებას საკასაციო სამართალწარმოების დასრულებამდე.

22. მოსარჩელე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში უთითებს, რომ, დავის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, ქონების დაბრუნება შეუძლებელი იქნება და სასამართლო გადაწყვეტილება ფაქტობრივად აღუსრულებელი დარჩება, ვინაიდან სადავო უძრავი ქონება აუქციონზე რეალიზაციის შედეგად კეთილსინდისიერი შემძენის ხელში აღმოჩნდება. ამასთან, სასამართლოს მიერ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ვერ დააბრკოლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციას.

23. განცხადებაზე თანდართული, კერძო აღმასრულებლის ნ.კ-ას 2022 წლის 20 მაისის №A…-…/… შეტყობინებიდან ირკვევა, რომ მის წარმოებაშია №A…სააღსრულებო საქმე, ნოტარიუსის ა. მ-ას მიერ 2022 წლის 8 აპრილს გაცემული და კრედიტორის ნ. კ-ძის მიერ წარმოდგენილი №… სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ. ამავე შეტყობინების თანახმად, აღნიშნულ საქმეზე უახლოეს ვადებში დაინიშნება (ზემოაღნიშნული კრედიტორის სასარგებლოდ) იძულებითი საჯარო აუქციონი მოვალე/მესაკუთრის - ზ. მ-ძის (პ/ნ …) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, … ფერდობი, მე-. მ/რ, კორპ. .., ბ. №.., ს/კ №…

24. განცხადებას თან ერთვის ასევე კერძო აღმასრულებლის ნ. კ-ას მიერ 2022 წლის 30 მაისს გაცემული №A…-../.. ცნობა, რომლის თანახმად, მოვალის ზ. მ-ძის (პ/ნ …) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, .. ფერდობი, მე-. მ/რ, კორპ…, ბ. №.., ს/კ №…, ამჟამად იძულებითი საჯარო აუქციონი არ მიმდინარეობს.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.

26. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

27. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

28. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას.

29. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების ერთობლივი ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სააღსრულებო წარმოების სასამართლოს მიერ ნაწილობრივ, კერძოდ, ზ. მ-ძის (პ/ნ …) სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, … ფერდობი, მე. მ/რ, კორპ. .., ბ. №.., ს/კ №…, რეალიზაციის ნაწილში შეჩერების საფუძველი. კერძოდ, მოცემულ დავაზე სარჩელი წარდგენილია სწორედ იმ ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, რომელზეც სხვა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მიქცეულია გადახდა - სხვა კრედიტორის (ნ. კ-ძის) მოთხოვნით დაწყებულია იძულებითი აღსრულება, ხოლო წინამდებარე საკასაციო საჩივარზე ჯერ არ არის მიღებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. ამასთან, მოცემულ საქმეზე წარდგენილი სარჩელი წინ უსწრებდა სხვა კრედიტორის მოთხოვნით სააღსრულებო წარმოების დაწყებას (სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2020 წლის 2 ივნისს, ხოლო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი სხვა კრედიტორის სასარგებლოდ გაცემულია 2022 წლის 8 აპრილს). „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრა ხდება მაშინ, როდესაც მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება. მოცემულ შემთხვევაშიც მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, თუმცა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების სარჩელს იგი ვეღარ აღძრავს, რადგან უკვე აღძრული აქვს სარჩელი მოპასუხის მიმართ მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, რომელიც თავისი არსით იმავე მიზანს ემსახურება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოცემული დავა დასრულდება მოსარჩელის სასარგებლოდ და ეს უკანასკნელი ცნობილი იქნება სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, ხოლო აღნიშნულ ქონებაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება გაგრძელდება და მოხდება ქონების რეალიზაცია, სასამართლოს გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება. ამით საფუძველი გამოეცლება და აზრი დაეკარგება დავასაც, რაც არღვევს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ თანაზომიერების პრინციპს, რომლის მიხედვით, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს.

30. ამასთან, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებას, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სადავო უძრავი ქონების რეალიზაციის შეჩერების შესახებ დასაბუთებულია.

31. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს წინამდებარე დავის დასრულებამდე მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ გამხდარი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, .. ფერდობი, მე-. მ/რ, კორპ. .., ბ. №.., ს/კ №..) რეალიზაციის ნაწილში ნოტარიუსის ა. მ-ას მიერ 2022 წლის 8 აპრილს გაცემული №…სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A.. სააღსრულებო წარმოების (კრედიტორი - ნ. კ-ძე, მოვალე/მესაკუთრე - ზ.მ-ძე (პ/ნ …)) შეჩერების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 194-ე, 198-ე, 284-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. წ-ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .. ფერდობი, მე-. მ/რ, კორპ…, ბ. №.., ს/კ №…, რეალიზაციის ნაწილში შეჩერდეს ნოტარიუსის ა. მ-ას მიერ 2022 წლის 8 აპრილს გაცემული №… სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A… სააღსრულებო წარმოება (კრედიტორი - ნ. კ-ძე, მოვალე/მესაკუთრე - ზ.მ-ძე (პ/ნ ---)), მოცემულ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე . გასიტაშვილი