Facebook Twitter

საქმე №ა-2294-შ-67-2022 10 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ. გ-კო

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ისრაელის თელ-ავივ-იაფოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ისრაელის თელ-ავივ-იაფოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დ. გ-სა და ს. ბ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

დ. გ-ომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ისრაელის თელ-ავივ-იაფოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 ლის 15 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ დ. გ-ო საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით დ.გ-ოს შუამდგომლობა ისრაელის თელ-ავივ-იაფოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ.გ-ოს შუამდგომლობა ისრაელის თელ-ავივ-იაფოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ისრაელის თელ-ავივ-იაფოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დ. გ-სა და ს. ბ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 ლის 15 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ დ. გ-ო საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ისრაელის თელ-ავივ-იაფოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. გ-ოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ისრაელის თელ-ავივ-იაფოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. გ-სა და ს. ბ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი