Facebook Twitter

განსჯადობა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-21-გ-02 15 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატისა და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 2 ნოემბერს თ. შ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და გარდაცვლილი მამის ყოფილი მეუღლის _ ვ. ი-ა-შ-ის სახელზე გლდანის მასივში, მამამისის კუთვნილი საბაღე ნაკვეთის და მასზე აგებული სახლის მოპასუხის სახელზე აღრიცხვის ბათილად ცნობა და მთელ დანაშთ ქონებაზე, მოსარჩელის, როგორც ერთადერთი კანონიერი პირველი რიგის მემკვიდრის, მემკვიდრედ ცნობა და საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

თ. შ-ე სარჩელში მიუთითებდა, რომ მამამისის მეუღლემ – ვ. ი-ა-შ-ემ 1995 წელს სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა იმ მოტივით, რომ მათ ცოლ-ქმრული ურთიერთობა 1983 წლიდან ფაქტობრივად უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ.

თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1995წ. 5 მაისის გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის საფუძველზეც, 1995წ. 17 ივნისს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის ბიუროს მიერ განქორწინების მოწმობა იქნა გაცემული.

1996წ. 1 ოქტომბერს მოსარჩელის მამა და ვ. ი-ა-შ-ის ქმარყოფილი გარდაიცვალა; მიუხედავად ამისა, ვ. ი-ამ საზედამხედველო საჩივარი წარადგინა სასამართლოში და მათი განქორწინების თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილებაში სხვა მოსამართლე იყო მოხსენებული, ხელს კი სხვა აწერდა.

თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და, თ. შ-ის გარდაცვალების გამო, საქმის განსახილველად უკან დაბრუნებისას, საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1997წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით ვერა იურევას მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შებრუნდა აღსრულება და გაუქმებულ იქნა მმაჩის მიერ გაცემული განქორწინების მოწმობა. M

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმმა 1999წ. 1 აპრილს აღსრულების შებრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და მიიჩნია, რომ პირის გარდაცვალების შემდგომ მის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება და აღსრულების შებრუნება არ დაიშვებოდა.

მოსარჩელემ აქვე დაამატა, რომ მოპასუხემ ამ პერიოდში (ბოლო გადაწყვეტილების მიღებამდე) მამამისის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღება მოასწრო. კერძოდ, ვ. ი-ამ თვალთმაქცურად, ძველი ქორწინების მოწმობის გამოყენებით, ყოფილი მეუღლის _ თ.გ. შ-ის სახელზე რიცხული, გლდანის მასივში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე აგებული სახლის საჯარო რეესტრში თავის სახელზე უკანონოდ აღრიცხვა მოახერხა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თ. შ-ემ მოპასუხეზე სადავო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა და ქონების საკუთრების უფლებით ვ. ი-ას სახელზე აღრიცხვის ბათილად ცნობა, მისი ერთადერთ კანონიერ, პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობა, მამამისის მთელ დანაშთ ქონებაზე მხოლოდ თ.თ. შ-ის (მოსარჩელის) საკუთრების უფლების აღიარება და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 10 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად მცხეთის რაიონის სასამართლოს გადაეგზავნა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით თ. შ-ის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, იგი თ.გ.შ-ის მთელ დანაშთ ქონებაზე _ როგორც სადავო მიწის ნაკვეთის, ისე მასზე აგებული სახლის ერთადერთ კანონიერ მესაკუთრედ იქნა მიჩნეული და ¹... საბაღე მიწის ნაკვეთის მოპასუხის სახელზე აღრიცხვის ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შესაბამისი ცვლილებები უნდა შესულიყო საჯარო რეესტრში და მიწის ნაკვეთი თ.შ-ეზე საკუთრების უფლებით უნდა ყოფილიყო აღრიცხული.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩირა ვ. ი-ა-შ-ემ და გადაწყვეტილების გაუქმება, სადავო შენობაზე მისი საკუთრების უფლების აღიარება ან შესაბამისი კომპენსაციის მიღება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2001წ. 26 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია «ს.» ჩააბა (იმ დროისათვის იგი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს-ს წარმოადგენდა) იმ მოტივით, რომ სადავო საბაღე ნაკვეთი მოპასუხეს სწორედ მის მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად გადაეცა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 3 მაისის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან სადავო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი შპს «ს.» მიერ იყო გაცემული და დავის საგანს კერძო სამართლის იურიდიულ პირსა და ფიზიკურ პირს შორის არსებული დავა წარმოადგენდა, საქმე, შესაბამისად, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადი იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 26 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ, მართალია, შპს «ს.» კერძო სამართლის იურიდიული პირი იყო, მაგრამ სადავო მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაცემისას იგი საჯარო სამართლებრივ ფუნქციებს ახორციელებდა და, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესაბამისად უნდა განხილულიყო. ამავე განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია თ. შ-ე (გარდაცვლილის შვილი) სარჩელით მამამისის დანაშთ ქონებაზე მის ერთადერთ მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარებასთან ერთად, მოპასუხის _ ვ. ი-ას სახელზე სადავო საბაღე ნაკვეთისა და სახლის აღრიცხვისა და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილობასაც მოითხოვს, მაგრამ, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ მოცემულ საქმეში ძირითადსა და წამყვანს გარდაცვლილ თ.გ.შ-ის ყოფილ მეუღლესა და მის შვილს _ თ.თ. შ-ეს შორის არსებული მემკვიდრეობითი დავა წარმოადგენს, ხოლო ვ. ი-ას მიერ მიწის მემკვიდრეობით მიღებისა და თავის სახელზე აღრიცხვის კანონიერების საკითხის განხილვა პირველადი დავის გადაწყვეტის შემდგომ უნდა მოხდეს.

საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ თ.შ-ის სარჩელი თავისი შინაარსით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელია, რომელიც სასამართლოს მიერ მოსარჩელის უფლების დადგენა-აღიარებისკენაა მიმართული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში უპირველესად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სამემკვიდრეო ნორმების გამოყენებით, დადგენილ უნდა იქნეს, თუ ვინ არის გარდაცვლილი თ.გ შ-ის პირველი რიგის მემკვიდრე – მისი ყოფილი მეუღლე თუ სხვა ქორწინებიდან შეძენილი შვილი(მოსარჩელე), ვის ეკუთვნის მთელ მის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ამის შესაბამისად უნდა გადაწყდეს, ვის ეკუთვნის სადავო საბაღე მიწის ნაკვეთი და მასზე აგებული შენობა.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკურების შესახებ» საქართველოს 1996წ. 22 მარტის კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საკომლო მეურნეობა ერთი პირის საკუთრებაა, მისი გარდაცვალებისას ეს მეურნეობა გადაეცემა შემდეგი რიგით:

1) სამკვიდროს დამტოვებლის შვილს,

2) სამკვიდროს დამტოვებლის მეუღლეს ა.შ.

საკასაციო სასამართლო დაამატებს, რომ ძირითადი დავის საგნის _ მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტის შემდგომ უნდა განხორციელდეს საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია, თუმცა აქვე ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად აღნიშნული ასპექტისა, დავა მაინც არ შეიძენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადი საქმის შინაარსს, რადგან საჯარო რეესტრის მიერ ჩანაწერებში ცვლილების განხორციელება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციულ აქტად, რადგან მითითებულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის მხრიდან საჯარო ფუნქციების განხორციელებას ადგილი არ აქვს, არამედ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩანაწერებში ფაქტის უბრალო ფიქსირება ხდება. ამდენად, მოცემული გარემოებაც ვერ მიიჩნევა დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძვლად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას უნდა დაექვემდებაროს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-6 მუხლებით, 26-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.თ. შ-ესა და ვ. ი-ა-შ-ეს შორის წარმოშობილი დავა განსჯადობის წესით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას დაექვემდებაროს.

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.