საქმე №ა-3385-შ-90-2021 20 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – კერძო საწარმო სამეცნიერო სამრეწველო-კომერციული გაერთიანება „ტ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ-ა - 20..“ (ამჟამად - შპს „ფ. ე-ის ფ-ენი“)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის … ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის --- ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ნ-ა - 20..“-ს (საქართველო, ქალაქი …, …ქუჩა ./., ს/ნ: ….) კერძო საწარმო სამეცნიერო სამრეწველო-კომერციული გაერთიანება „ტ-ას“ (იურიდიული მისამართი: …., ქ. ზ-იე, …. ქუჩა, სახლი .; საფოსტო მისამართი: …, ქ. ზ-იე, …ქუჩა ..; ეგრპოუ კოდი …) (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 14 მარტის №38 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე ვალის - 25 740,00 აშშ დოლარის (რაც 2017 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით შეადგენს 686 228 გრივნასა და 40 კაპიკს), წლიური 3%-ის - 1544,40 აშშ დოლარისა (რაც 2017 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით შეადგენს 41 173 გრივნასა და 70 კაპიკს) და სასამართლო მოსაკრებლის საფასურის - 10 223 გრივნისა და 46 კაპიკის გადახდა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2021 წლის 7 ივლისის №.. წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა კერძო საწარმო სამეცნიერო სამრეწველო-კომერციული გაერთიანება „ტ-ას“ შუამდგომლობა უკრაინის… ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ზემოაღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული განახლებული, სათანადო წესით დამოწმებული ოფიციალური ცნობის (დაწესებულების ბეჭდით და კომპეტენტური პირის ხელმოწერით) დედანი და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი იმის შესახებ, რომ უკრაინის … ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა; ბ) ამონაწერი უკრაინის საწარმოებისა და ორგანიზაციების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან (დედნის სახით) და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, რომლითაც დადასტურდებოდა შუამდგომლობის წარმოდგენის დროისათვის (2021 წლის 9 ივლისისათვის) ლ. ვ. ს-ას, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება.
4. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა უკრაინის … ოლქის სამეურნეო სასამართლოს მიერ 2021 წლის 11 ოქტომბერს გაცემული ცნობა და ამონაწერების ასლები იურიდიულ პირთა, ფიზიკურ პირთა - მეწარმეთა და სამოქალაქო ფორმირებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ზემოაღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ამონაწერი იურიდიულ პირთა, ფიზიკურ პირთა - მეწარმეთა და სამოქალაქო ფორმირებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან დედნის სახით ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი, სათანადოდ დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად, რომლითაც დადასტურდებოდა შუამდგომლობის წარმოდგენის დროისათვის (2021 წლის 9 ივლისისათვის) ლ. ვ. ს-ას, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის, უფლებამოსილება.
6. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა განცხადება, რომელშიც მიუთითა შემდეგი:
6.1. 2021 წლის 9 ივლისის მდგომარეობით, დირექტორის - ლ.ვ. ს-ას უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ამონაწერი იურიდიულ პირთა, ფიზიკურ პირთა - მეწარმეთა და სამოქალაქო ფორმირებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან, რომელიც შეიქმნა 2021 წლის 6 ოქტომბერს. აღნიშნული დოკუმენტი თარგმანთან ერთად გაიგზავნა სასამართლოს მისამართზე 2021 წლის 22 ოქტომბერს;
6.2. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად: 1. ამონაწერი ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან აპოსტილისთვის გაიცემა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ A4 ფორმატის ფურცლებზე, სპეციალური ბლანკების გამოყენების გარეშე სახელმწიფო რეგისტრატორის ხელმოწერითა და ბეჭდით; 2. ამონაწერი ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან გაიცემა სახელმწიფო რეგისტრატორის (უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს სახელმწიფო რეგისტრატორის გარდა), ადმინისტრაციული მომსახურების გაწევის ცენტრის უფლებამოსილი პირის, ნოტარიუსის მიერ, A4 ფორმატის ფურცლებზე, სპეციალური ბლანკებისა და ბეჭდების გამოყენების გარეშე;
6.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამონაწერი არის დოკუმენტი, რომელიც იქმნება ელექტრონული რეესტრის გამოყენებით, მასზე ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე. დოკუმენტის უტყუარობა მოწმდება პრეამბულაში მითითებული კოდის მეშვეობით. სასამართლოში წარდგენილ, 2021 წლის 6 ოქტომბრის დოკუმენტში შესამოწმებელი კოდი არის ……;
6.4. გარდა ამისა, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით უკრაინის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნა საომარი მდგომარეობა 30 დღით, რომელიც 2022 წლის 14 მარტის ბრძანებულებით გაგრძელდა იმავე ვადით;
6.5. ომის დროს უკრაინის ტერიტორიაზე სახელმწიფო რეესტრების მუშაობა შეჩერებულია და, ამასთანავე, მუშაობა შეაჩერეს ნოტარიუსებმაც, რაც ართულებს თარგმანების ხელახალ დამოწმებას;
6.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს სთხოვს ადრე წარმოდგენილი, ლ. ვ. ს-ას უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებას, რომლებსაც უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, აქვს ორიგინალის ძალა და მათი სხვა ფორმით მიღება შეუძლებელია.
7. შუამდგომლობის ავტორის განცხადებას თან ერთვის 2021 წლის 6 ოქტომბრის ამონაწერის ასლი იურიდიულ პირთა, ფიზიკურ პირთა - მეწარმეთა და სამოქალაქო ფორმირებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან, რომელიც მის მიერ ასევე 2021 წლის 22 ოქტომბერს გამოიგზავნა და არის საქმის მასალებში. შუამდგომლობის ავტორმა ასევე წარმოადგინა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მიერ გაცემული ცნობის დაუმოწმებელი ასლი, დაუმოწმებელი ქართული თარგმანით, რომლის თანახმად, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ადასტურებს საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე ფორს-მაჟორულ გარემოებებს (დაუძლეველი ძალის გარემოებებს).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საწარმო სამეცნიერო სამრეწველო-კომერციული გაერთიანება „ტ-ას“ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
11. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ანალოგიურად, შუამდგომლობის ხარვეზის არსებობისას სასამართლო შუამდგომლობის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
12. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ზემოაღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ამონაწერი იურიდიულ პირთა, ფიზიკურ პირთა - მეწარმეთა და სამოქალაქო ფორმირებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან დედნის სახით ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი, სათანადოდ დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად, რომლითაც დადასტურდებოდა შუამდგომლობის წარმოდგენის დროისათვის (2021 წლის 9 ივლისისათვის) ლ. ვ. ს-ას, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის, უფლებამოსილება. ამასთანავე, მას განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა.
13. საქმის მასალებით დასტურდება, რომ, მართალია, შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თუმცა, მას არ წარმოუდგენია სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი - ამონაწერი იურიდიულ პირთა, ფიზიკურ პირთა - მეწარმეთა და სამოქალაქო ფორმირებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან დედნის სახით ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი, სათანადოდ დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად, რომლითაც დადასტურდებოდა შუამდგომლობის წარმოდგენის დროისათვის (2021 წლის 9 ივლისისათვის) ლ. ვ. ს-ას, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის, უფლებამოსილება.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მოცემული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება.
15. განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ამონაწერი არის დოკუმენტი, რომელიც იქმნება ელექტრონული რეესტრის გამოყენებით, მასზე ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე, ხოლო დოკუმენტის უტყუარობა მოწმდება პრეამბულაში მითითებული კოდის მეშვეობით. ამასთან, შუამდგომლობის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარმოდგენა ვერ შეძლო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, რადგან შეჩერებულია სახელმწიფო რეესტრებისა და ნოტარიუსების მუშაობა.
16. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს „საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ ხელშეკრულების მე-13 მუხლით (დოკუმენტის ნამდვილობა), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე შესაბამისი დაწესებულების მიერ შედგენილი დოკუმენტები, რომლებიც დამოწმებულია ბეჭდით და კომპეტენტური პირის ხელმოწერით ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოველგვარი სხვა მოწმობის გარეშე მიიღება. ეს აგრეთვე ეხება შესაბამისი ორგანოს მიერ დამოწმებულ ასლებს და თარგმანებს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ უკრაინის სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის საქართველოს ტერიტორიაზე დასადასტურებლად აუცილებელია აღნიშნული დოკუმენტის ბეჭდითა და კომპეტენტური პირის ხელმოწერით დამოწმება. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის ასლიც ამავე სახით უნდა იყოს დამოწმებული.
18. შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ 2021 წლის 9 ივლისის მდგომარეობით, დირექტორის - ლ.ვ. ს-ას უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ამონაწერი იურიდიულ პირთა, ფიზიკურ პირთა - მეწარმეთა და სამოქალაქო ფორმირებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან, რომელიც შეიქმნა 2021 წლის 6 ოქტომბერს. შუამდგომლობის ავტორის განცხადებას თან ერთვის 2021 წლის 6 ოქტომბრის ამონაწერის ასლი იურიდიულ პირთა, ფიზიკურ პირთა - მეწარმეთა და სამოქალაქო ფორმირებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან, რომელიც მის მიერ ასევე 2021 წლის 22 ოქტომბერს გამოიგზავნა და არის საქმის მასალებში.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობის ავტორის განცხადებაზე თანდართული 2021 წლის 6 ოქტომბრის ამონაწერის ასლი (ისევე როგორც 2021 წლის 22 ოქტომბერს გამოგზავნილი და საქმის მასალებში არსებული 2021 წლის 6 ოქტომბრის ამონაწერის ასლი) არ არის დამოწმებული უკრაინის უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულების ბეჭდითა და კომპეტენტური პირის ხელმოწერით, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორს არ შეუვსია ხარვეზი. ამასთან, იგი არ შუამდგომლობს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და არც სასამართლოს შეუძლია საკუთარი ინიციატივით საპროცესო ვადის გაგრძელება [სსსკ-ის 64-ე მუხლი: სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით], რადგან ამჟამად უცნობია უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის დასრულების თარიღი.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს კვლავ მომართოს სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კერძო -საწარმო სამეცნიერო -სამრეწველო-კომერციული -გაერთიანება „ტ-ას“ შუამდგომლობა უკრაინის .. ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური