Facebook Twitter

ას-259-2022

05 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „პ. ს-ფო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ. ფ-მა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 01 ივნისს შპს „პ. ფ-ამ“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა შპს „პ. ს-ოს“ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „პ. ფ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 89899.51 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდა.

1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 ნოემბრის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტში დაშვებული უსწორობა და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „5. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდეს“.

1.6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 ნოემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „პ.ფ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს „პ. ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

2.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს სააპელაციო პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 3595.98 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2022 წლის 27 იანვარს. კანონით დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

3.1. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. სააპელაციო პალატის მიერ უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული სააპელაციო საჩივარში მითითებული ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც იგი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას და არა მისგან გათავისუფლებას. აპელანტი მიუთითებდა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო სამედიცინო დაწესებულების რენტაბელურობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული და ვერ ახდენდა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საჭირო თანხის მობილიზებას. სასამართლომ აღნიშნული საკითხის განხილვის გარეშე უარი უთხრა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის მიერ უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული სააპელაციო საჩივარში მითითებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის მითითებული გარემოებები და სასამართლომ აღნიშნული საკითხის განხილვის გარეშე უარი უთხრა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.

8. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მხარე ვალდებულია სააპელაციო საჩივარი/სარჩელი/საკასაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით, შესაბამისი გრაფების შევსების გზით, ისე, რომ შეცდომაში არ შეიყვანოს სასამართლო. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობისათვის გაკუთვნილ გრაფაში მონიშნულია, რომ აპელანტი არ ითხოვს ბაჟის გადახდის გადავადებას, ხოლო შუამდგომლობების გრაფების შემდგომ იგი მიუთითებს, რომ ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. მიუხედავად აღნიშნული მოთხოვნის აპელანტის მიერ შეუსრულებლობისა, საკასაციო პალატა იმსჯელებს მის მიერ განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებულ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

9. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

10. განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 3595.98 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.

11. სააპელაციო პალატამ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ აპელანის წარმომადგენელს ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარდა 2022 წლის 27 იანვარს.

12. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

13. ამდენად, 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების 10-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა აპელანტის მიმართ დაიწყო მისთვის განჩინების ჩაბარებიდან (27 იანვრიდან) მეორე დღეს - 2022 წლის 28 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 7 თებერვალს (6 თებერვალი იყო არასამუშაო დღე - კვირა). აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე მსჯელობის გარეშე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, რადგან სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში სავსებით ამომწურავად განუმარტა აპელანტს ის საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების შემთხვევაშიც მოხდებოდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, თუმცა მითითებული მოვალეობა მხარემ არ შეასრულა. ასევე საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დასასაბუთებლად რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ შუამდგომლობის არსებობის პირობებშიც, აპელანტი ვალდებული იყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების შემდგომ, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში მიემართა სასამართლოსთვის და გამოეხატა პოზიცია ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, რაც მას არ განუხორციელებია.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „პ. ს-ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე