Facebook Twitter

№ას-991-2021

16 მარტი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ. გ.

მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ლ. გ-ის მიმართ, 2015 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავ ქონებაში (მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ---, №..ა, ს/კ ----), მოპასუხის კუთვნილი წილის - შენობა №.-ში ლ-რი „.“ ¼ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავ ქონებაში, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ---, №1… ს/კ ---, მოპასუხის კუთვნილი წილის - შენობა №.-ში ლ-ი „.“ ¼ ნაწილის მესაკუთრედ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. მოსარჩელე 2004 წლიდან 2005 წლის ჩათვლით არაერთხელ იქნა მოთავსებული სტაციონარში სამკურნალოდ, ყველა შემთხვევა დაკავშირებული იყო ალკოჰოლის მიღებით გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებთან. ამასთან, 1987 წლიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე შ.პ.ს. „თბილისის ა. გ-ის სახელობის ფ-ნ-რ დ-ში“ დიაგნოზით - …..

5.2. 2017 წლის 07 ივლისს შ.პ.ს. „ფ. ჯ-ა და ნ. პ. ც-ის“ მიერ გაცემული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №.. დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს აღენიშნება არაფსიქოზური რეგისტრის ფსიქიკური აშლილობა. ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა, ხშირი დეკომპენსაციებით F 60.3 ქრ. ალკოჰოლიზმი. დასკვნაში ნათლად და გარკვევით აღნიშნულია, რომ 2015 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელეს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო სრულად შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის. დასკვნა მომზადებული და გაცემულია შ.პ.ს. „ფ. ჯ. და ნ. პრევენციის ც-ის“ ფსიქიატრისა და ექიმ ფსიქიატრების მიერ, გამოსაკვლევი პირის მიერ მიწოდებული ანამნეზური მონაცემებისა და ცენტრში არსებული პაციენტის არაერთი სამედიცინო ბარათის, ასევე, შ.პ.ს. „თბილისის ა. გ-ს სახელობის ფ. დ. საექიმო კომისიის 28.12.2006წ. დასკვნა/ცნობა №…-ისა და მოსარჩელესთან პირადი გასაუბრების საფუძველზე.

5.3. მოსარჩელე წლებია მოიხმარს დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს და ხშირად იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში.

5.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვაა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 58.2, 477-ე და 183-ე მუხლები.

5.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა, ამასთან, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, ე.ი მას უნდა ჰქონდეს უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით, სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ნების გარეგნული გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს პირის სურვილს მიაღწიოს, კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სამოქალაქო კოდექსის 58–ე მუხლი არეგულირებს გარიგების ბათილობის საკითხს პირის ქმედუუნარობის ან ფსიქიკური აშლილობის გამო: ბათილია მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს. ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული (2015 წლის 20 მარტის კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით), ამდენად, კანონი ერთნაირ სამართლებრივ შედეგს, გარიგების ბათილობას უკავშირებს ქმედუუნაროდ ცნობილი და ფსიქიკურად დაავადებული იმ პირის მიერ ნების გამოვლენას, რომელსაც არ შესწევს უნარი რეალურად აღიქვას ვითარება.

5.6. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის გამყიდველს (მოსარჩელეს) არ ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი, არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, რაც 2015 წლის 29 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი იყო, სახელდობრ:

2015 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, --- ქუჩა №..ა, ს/კ …., შენობა ., ლ-რი „-“, ¼ ნაწილი. შ.პ.ს. „ფ. ჯ. და ნ. პ-ის ც-ის“ მიერ 2017 წლის 07 ივლისს გაცემული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა №..-ის თანახმად, 2015 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელეს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო სრულიად შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, მოსარჩელე 1987 წლიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე შ.პ.ს. „თბილისის ა. გ-ის სახელობის ფ.-ნ-ურ დ-ში“ დიაგნოზით: …; 2004 წელს ჩაუტარდა სტაციონარული მკურნალობა მ. …სახ. ნ. გ-ში - გადაიტანა თ-ი ც-ბა, გაეწერა ათ დღეში, დიაგნოზი: ა-რი ფ-ი; 2014 წლის მაისში სტაციონირებულ იქნა შ.პ.ს. „ფ. ჯ. და ნ. პ-ის ც-ში“. Ds. F-60.3 ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, თანმხლები: პოსტტრამვული (T-90.5) და ალკოჰოლური (G31.2) ენცეფალოპათია; 11 04.03.2015წელს მისივე სურვილით მეუღლემ მიიყვანა შ.პ.ს. „ფ.ჯ. და ნ.პ-ს ც-ში“, სადაც დაჰყო 13 დღე, იგივე დიაგნოზით; განმეორებით იყო სტაციონირებული 02.10.2015 წელს.

5.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა - ექიმ-ფსიქიატრებმა: ნ. დ-მა და ა. ბ-მა განმარტეს, რომ 2017 წლის 07 ივლისის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა №.. კატეგორიულია, ასევე, დაადასტურეს, რომ დასკვნაში მოცემული პასუხი ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ 2015 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელეს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო, სრულად შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ექსპერტმა ნ. დ-მა განმარტა, რომ ექსპერტს ერთმნიშვნელოვნად შეუძლია არსებული დოკუმენტებით დაადგინოს მოსარჩელის 2 წლის წინანდელი მდგომარეობა. ვინაიდან პაციენტის კლინიკური მდგომარეობა ნევროლოგიური ტოქსიური ენცეპათოლოგიაა, რის საფუძველზეც ცალსახაა, რომ მას უკეთესი მდგომარეობა არ ექნებოდა, ვინაიდან მისი შემსუბუქება შეუძლებელია და ვერცერთ მონაკვეთში ვერ გაუმჯობესდებოდა. დაავადების პროგრესირების დაბლოკვა, კონსერვაცია შესაძლებელია, თუმცა გაუმჯობესება შეუძლებელია. ექსპერტ ა.ბ-ის განმარტებით, კვლევა ჩატარებულია 2017 წლის 14 ივნისიდან - 2017 წლის 30 ივნისის პერიოდში, თუმცა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, გადატანილი ტრავმები, 2-ჯერ სტაციონარი, ჩატარებული კვლევები, მისი ხასიათის ანომალია, იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოსარჩელეს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო სრულად შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის.

5.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერტის დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ გაკეთებული შეფასებაა. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება საბოლოო დასკვნაში“... (საქმე #ას-… -…-.., 07.10.2015წ.). შ.პ.ს. „ფ. ჯ. და ნა.ს პ-ის ც-ის“ მიერ 2017 წლის 07 ივლისს გაცემული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა №..-ის თანახმად, 2015 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელეს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო სრულიად შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა არარელევანტური იყო და სასამართლომ არასწორად გამოიყენა ის სადავო საკითხის გადასაჭრელად.

5.9. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით: ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო სხდომაზე დააკითხულ ექსპერტთა განმარტებებით, საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ისტორიით დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს 2015 წლის 29 სექტემბერს არ შეეძლო შეეგნო მის მიერ დადებული გარიგების მნიშვნელობა, საპირისპირო მტკიცებულება კი, მოპასუხეს არ წარუდგენია. პალატამ განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა შეფასებული უნდა იყოს თავად სასამართლოს მიერ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, ხოლო დ.ზ-ის წერილი და მოსაზრება იმ ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე, რომელშიც მას თავად მონაწილეობა არ მიუღია, არ იძლეოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

5.10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის საკითხს, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან კავშირი არ აქვს. ნასყიდობის საფასურის გადახდის ან გადაუხდელობის საკითხის კვლევა არ იყო ვალიდური მოცემულ სასარჩელო მოთხოვნასა და დავის საგანთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლომ უარი თქვა ხსენებული ფაქტობრივი გარემოების კვლევაზე, რადგანაც არ ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების ან უარყოფის წინაპირობებს. პალატამ საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე მიუთითა და აღნიშნა, რომ დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა არ წარმოადგენს (სუსგ # ას-405-2021).

5.11. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ ორჯერ გამოხატა ნება მოპასუხესთან გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება და კარგად აცნობიერებდა საკუთარი მოქმედების მნიშვნელობას და მხოლოდ ნების შესაბამისად მოქმედებდა.

როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღესვე - 2015 წლის 29 სექტემბერს, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან მისი განმარტებით ხელი მოაწერა მისთვის გაურკვეველ დოკუმენტს და ხელის მოწერის დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. იმავე დღეს მოსარჩელემ და მოპასუხემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ორმხრივი შეთანხმება სარეგისტრაციო წარმოების განახლებისა და ზემოთ აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. აღნიშნულის შემდგომ, მხარეთა შორის 29.09.2015 წელს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ. თბილისში, ---ქუჩა №--ა-ში, შენობა №--ში ლ-რი „.“ ¼ ნაწილის მესაკუთრედ, ს/კ ….. 2016 წლის 01 აგვისტოს მოსარჩელემ საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №….-.. (29.09.2015წ.) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოპასუხე აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

შ.პ.ს. „ფ. ჯ. და ნ. პ-ის ც-ის“ მიერ 2016 წლის 06 ოქტომბერს გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (ფორმა №..-100/ა) თანახმად, მოსარჩელე 2015 წლის 02 ოქტომბრიდან 2015 წლის 12 ოქტომბრამდე მოთავსებულ იქნა სტაციონარში.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე 2004 წლიდან 2015 წლის ჩათვლით არაერთხელ იქნა მოთავსებული სტაციონარში სამკურნალოდ, ყველა შემთხვევა დაკავშირებული იყო ალკოჰოლის მიღებით გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებთან. ამასთან, 1987 წლიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე შ.პ.ს. „თბილისის ა. გ-ის სახელობის ფ-ნ დში“ დიაგნოზით - ფსიქოპათია. 2015 წლის 29 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დღეს მოსარჩელემ გამოიჩინა მერყევი ნება ხელშეკრულების გაფორმებისა, კერძოდ, ჯერ გააფორმა მოპასუხესთან უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო შემდგომ რამდენიმე წუთში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეიტანა სარეგიტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე განცხადება, მაგრამ საბოლოოდ მხარეთა შორის ხელშეკრულება მაინც გაფორმდა.

საქმეში არსებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა და საქმეზე გამოკითხული ექსპერტების ჩვენებები, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასება ქმნიდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მოსარჩელეს 2015 წლის 29 სექტემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს არ შეეძლო, სრულად შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა, სწორად აღექვა რეალური ვითარება და ხელშეკრულების შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთია ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის ფაქტების უტყუარად დადასტურება.

6.2. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ მყიდველმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის ფასი - 45 000 აშშ დოლარი. იმ პირობებში, როდესაც, განსამარტია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა ნასყიდობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით.

6.3. სასამართლომ სრულად არ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც უტყუარად დადგინდა სასამართლოში ექსპერტ-ფსიქიატრებისა და მოწმე - დ. ზ-ის დაკითხვის დროს. მტკიცებულებათა არასწორი შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ არასწორად დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვლინდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 58-ე მუხლების გამოყენების წინაპირობები.

6.4. ექსპერტთა დასკვნა იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელე სრულად ვერ გაიაზრებდა საკუთარი მოქმედების მნიშვნელობას და ვერ უხელმძღვანელებდა მას, რაიმე კვლევასა და ექსპერტების კვალიფიციურ ცოდნას არ ემყარება.

6.5. ექსპერტების განმარტებების თანახმად, მოსარჩელის დაავადებები ფსიქიკური რეგისტრის არ არის, ეს ხასიათის ანომალიაა. ექსპერტებს არ მიუთითებიათ, რომ ამ დაავადებას ახასიათებს ცნობიერების დაკარგვა. ექსპერტიზით არც ის დადგენილა, რომ მოსარჩელის დაავადება „ფსიქიკური მოშლილობაა“, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის, ასევე, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის გამოყენება დაუშვებელია.

6.6. მოსარჩელეს საჯარო რეესტრში ნების გამოვლენის დროს ცნობიერება არ ჰქონია დაკარგული, ის არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და აცნობიერებდა გარიგების შინაარსს. საჯარო რეესტრში მისვლამდე ან იქ მისვლისას არ ჰქონია ადგილი არც იძულებას, არც მოტყუებას, არც მუქარას და არც საჯარო რეესტრის მხრიდან კანონდარღვევას.

6.7. მოსარჩელე, ფსიქიკური მდგომარეობის გამო, სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ არის ცნობილი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სადავო გარიგების დადებისას რამდენად აცნობიერებდა მოსარჩელე გამოვლენილი ნების შინაარსს მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა, ამასთან, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, ე.ი მას უნდა ჰქონდეს უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ნების გარეგნული გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს პირის სურვილს მიაღწიოს, კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სამოქალაქო კოდექსის 58–ე მუხლი არეგულირებს გარიგების ბათილობის საკითხს პირის მცირეწლოვანების ან ფსიქიკური აშლილობის გამო, კერძოდ, მეორე ნაწილის თანახმად, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს; ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი (დასახელებულ ნორმაში ცვლილება განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს 2015 წლის 20 მარტის N 3339 კანონით, რომელიც იმავე წლის 31 მარტიდან ამოქმედდა). სადავო ხელშეკრულების დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები შემდეგი რედაქციით იყო ჩამოყალიბებული: „ბათილია მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს. ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული“ საკასაციო სასამართლოს შეფასებით „კანონი ერთნაირ სამართლებრივ შედეგს გარიგების ბათილობას უკავშირებს ქმედუუნაროდ ცნობილი და ფსიქიკურად დაავადებული იმ პირის მიერ ნების გამოვლენას, რომელსაც არ შესწევს უნარი რეალურად აღიქვას ვითარება“ (იხ. სუსგ: N ას-283-2021, 25.06.2021წ.; N ას-400-379-2012, 28.05.2012წ.).

13. განსახილველ შეთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შ.პ.ს. „ფ.ჯ. და ნ.პ-ის ც-რის“ ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია და დასაშვები საკასაციო პრეტენზიაც არ არის წარმოდგენილი, რომ მოსარჩელეს აღენიშნება არაფსიქოზური რეგისტრის ფსიქიკური აშლილობა. ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა, ხშირი დეკომპენსაციებით F 60.3 ქრ. ალკოჰოლიზმი. 2015 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელეს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო, სრულად შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის.

სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ექსპერტების - ექიმ-ფსიქიატრების: ნ.დ-ისა და ა. ბ-ის განმარტებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 07 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია და მასში მოცემული პასუხი ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ 2015 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელეს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო, სრულად შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულებების გამაბათილებელი სათანადო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება შ.პ.ს. „ფ. ჯ. და ნ. პ-ის ც-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილის - დ. ზ-ის წერილს, საკასაციო პალატის შეფასებით, ის კონკურენციას ვერ გაუწევს და ვერ ჩაანაცვლებს ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნა ეფუძნება სპეციალური ცოდნის მქონე პირების მხრიდან ჩატარებული შესაბამისი კვლევების შედეგს.

კასატორი მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ფსიქიკური მდგომარეობის გამო სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ არის ცნობილი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან, როგორც ზემოთ აღნიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სულიერი მდგომარეობა არ იწვევს ქმედუნარიანობის დაკარგვას. მიუხედავად ამისა, ნების გამოვლენა შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, რადგან ნორმაში საუბარია ბათილად გამოცხადების შესაძლებლობაზე, თუ რა პირობებში შეიძლება გარიგება იყოს ნამდვილი, კანონი არ ადგენს. ბათილად უნდა ჩაითვალოს ნების გამოვლენა მაშინაც, როცა ნების გამოვლენა სარგებლის მომტანია ნების გამომვლენისათვის ანდა ნების გამომვლენმა თავი შეგნებულად ჩაიყენა ამ მდგომარეობაში (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 2017 წ. წიგნი 1, გვერდი 340)

14. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა ქმნიდა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მოსარჩელეს 2015 წლის 29 სექტემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს არ შეეძლო სრულად შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა, სწორად აღექვა რეალური ვითარება და ხელშეკრულების შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.

15. სასაკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველი საქმის დავის საგანიდან გამომდინარე (გარიგების ბათილობა), არარელევანტურია სადავო ხელშეკრულების ფარგლებში ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტობრივი გარემოების კვლევა.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ლ. გ-ვს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის (საგადასახადო დავალება №., გადახდის თარიღი: 13.10.2021წ. გადამხდელის პ/ნ: …..) 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …., მიმღების ანგარიშის №…., სახაზინო კოდი …..).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია