საქმე №ას-1009-2021 23 თებერვალი 2022 წელი
ქ. თბილის
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ.გ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თ. გ-ის მიმართ, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ---, მიკრო/რაიონი --, რიგი --, კორპუსი -, სართული -, ბინა №--, ფართი - 92.32 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი № ----) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმებისა და ამონაგები თანხის წილების შესაბამისად განაწილების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საზიარო უფლება მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქალაქი თბილისი, დასახლება ---, მიკრო/რაიონი--, რიგი-, კორპუსი -, სართული -, ბინა №--, ფართი: 92.32 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №….. საზიარო საგნის აუქციონზე იძულებითი რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეთა შორის განაწილდა მათი წილების შესაბამისად.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. უძრავი ქონება მდებარე: --- მე-- მიკრო/რაიონი, მე-- რიგი, კორპუსი №-, ბინა №-- (ს/კ № ….) წარმოადგენს მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებას. საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების თანახმად, სადავო უძრავი ქონების 2/5 წილი თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სადავო უძრავი ქონების 3/5 წილი.
5.2. ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 14.12.2018 წლის N … დასკვნის (შემდეგში - „ექსპერტიზის დასკვნა“) თანახმად, N…..საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი თბილისი, --- დასახლება, -- მიკრო/რაიონი, რიგი --, კორპუსი N-, სართული-, ბ. --, ფართი: 92,32 კვ.მ) თანამესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული წილების (2/5 და 3/5) შესაბამისად გამიჯვნა იზოლირებულად, ისე რომ არ შემცირდეს გამოყოფილი ნაწილების ფუნქციური (დანიშნულებრივი) ღირებულება, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით შეუძლებელია.
5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ სარჩელზე დავის საგანია საზიარო უფლების გაუქმება იძულებითი რეალიზაციის გზით, აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 954-ე, 961-ე, 964-ე მუხლები წარმოადგენს.
5.4. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 173.1 მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოდავე მხარეები იმ უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან, რომელიც საზიარო უფლების ობიექტს წარმოადგენს და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან.
5.5. სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლისა და 961-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საზიარო უფლების მქონე პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა არ უნდა შეილახოს. სწორედ ამიტომ, ამავე კოდექსის 963-ე მუხლი, ნატურით გაყოფის გზით, საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.
5.6. სააპელაციო პალატის დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, საზიარო საგნის თანამესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული წილების (2/5 და 3/5) შესაბამისად გამიჯვნა იზოლირებულად, ისე რომ არ შემცირდეს გამოყოფილი ნაწილების ფუნქციური (დანიშნულებრივი) ღირებულება, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით შეუძლებელია. დადასტურებული იყო, რომ სადავო უძრავი ქონება მრავალბინიან სახლში მდებარე იზოლირებული ბინაა, რომლის ნატურით გაყოფა მისი კომუნალური ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ ხდება. ამ პირობებში, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ სადავო ბინის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა რეალურად არსებობდა. პალატის დასკვნით, მოპასუხემ საქმეში არსებული ვერცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ვერც საკუთარი ახსნა-განმარტებით ვერ გააქარწყლა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (სამოქალაქო კოდექსის 961-ე, 964-ე მუხლები).
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ საფუძვლით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონება (საზიარო საგანი) არ წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებას. აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში ჩაწერილები არიან სხვა პირებიც, რაც გამორიცხავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას საზიარო საგნის 2/5 წილზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანია საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 953-968-ე მუხლები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
12. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (სსკ-ის 963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით (სსკ-ის 964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია (სუსგ. Nას-1441-2018, 08.05.2020წ.).
13. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის საფუძველზე, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ საგანი უნდა იყოფოდეს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე (სუსგ. Nას-1217-2018, 13.12.2018წ.; Nას-1389-1309-2017, 30.04.2018წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების (ს/კ № …..) გამიჯვნა იზოლირებულად, მხარეთა წილების შესაბამისად, ისე რომ არ შემცირდეს გამოყოფილი ნაწილების ფუნქციური (დანიშნულებრივი) ღირებულება, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით შეუძლებელია. საქმეში საწინააღმდეგო მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა ხსენებულ დასკვნაზე დაყრდნობით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია, შესაბამისად, სახეზეა საგნის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების ყველა წინაპირობა.
15. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა შეზღუდული იყოს კანონით ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრის არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული. საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება (სუსგ.№ას-1148-1094-2014, 19.03.2015 წელი). ამასთან, მესაკუთრის უფლების - ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება - რეალიზების საშუალება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში, რომლის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით (სუსგ № ას-331-331-2018, 15.07.2019წ.).
16. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ საზიარო საგანი არ წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერი რომლის თანახმად, საზიარო საგნის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ მხოლოდ მოსარჩელე (2/5 ნაწილი) და მოპასუხე (3/5 ნაწილი) (ტ.1, ს.ფ. …), აღნიშნულის საწინააღმდეგო/გამაქარწყლებელი მტკიცებულება კი მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. თ. გ-ლს (პ/ნ …) დაუბრუნდეს ნ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება №…, გადახდის თარიღი 13.12.2021წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი ...
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია