Facebook Twitter

საქმე№ა-4389-შ-129-2021

16 მარტი 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.პ.

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. გ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის … რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №.-…/20… გადაწყვეტილება

დავის საგანი – მამობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის … რაიონული სასამართლოს 20.. წლის 25 თებერვლის №..-…/20..გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 1959 წლის 11 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის ჩხოროწყუს რაიონის სოფელ … დაბადებული თ.ა. ძე შ-ძე არის 2007 წლის 06 სექტემბერს დაბადებული მ.პ-ასა და 2007 წლის 06 სექტემბერს დაბადებული ლ. პ-ას მამა. ბავშვები შეეძინა ს. პ-ას, რაზეც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩხოროწყუს სამსახურის მიერ შედგა სააქტო ჩანაწერები ..№…, ..№…. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა დაბადების შესახებ სააქტო ჩანაწერიდან 2007 წლის 06 სექტემბერს დაბადებული მ. პ-სა და 2007 წლის 06 სექტემბერს დაბადებული ლ. პ-ას მამის - 1972 წლის 08 ივლისს დაბადებული ზ. გ. ძე გ-ის შესახებ ცნობების ამოშლა.

2. 2021 წლის 22 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ს. პ-ამ და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის … რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №.-…/20.. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის … რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №.-…20.. გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ზ. გ. ძე გ-ის მიმართ. ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. გადაწყვეტილებით ასევე ირკვევა, რომ ზ. გ. ძე გ-მა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით თანხმობა განაცხადა მისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევასა და თ. ა. ძე შ-თვის მ. პ-ასა და ლ.პ-ვას მიშვილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით მოპასუხე ფაქტობრივად ცნობდა სარჩელს.

4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 09 აპრილს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ს.პ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის … რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №.-…/20.. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.

6. ხსენებული განჩინება საქმის მასალებთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს - ზ. გ-ს, რომელსაც განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები.

7. განსაზღვრული ვადის დაცვით, მოწინააღმდეგე მხარემ - ზ. გ-მა ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ის არ არის წინააღმდეგი მ. პ-ასა და ლ. პ-ას მამობა თ.ა. ძე შ-ძეს მიენიჭოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა, წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა დასკვნამდე, რომ ს.პ-ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის … რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №.-…/20.. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით - გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამავე კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ერთ-ერთი წინაპირობა საქმის განხილვასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობაა (შდრ. საქმე №ა-2226–შ–48-2015, 10 სექტემბერი, 2015 წ.; საქმე №ა-2631-შ-65-1016, 24 იანვარი 2017 წელი).

11. განსახილველ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის … რაიონულ სასამართლოში შუამდგომლობის ავტორის მიერ სარჩელი აღძრულია ზ. გ-ის მიმართ, რომელიც მ. და ლ. პ-ბის დაბადების მოწმობებში ამ უკანასკნელთა მამად არის მითითებული. მოსარჩელე მოითხოვდა მამობის დადგენასა და სააქტო ჩანაწერში (დაბადების მოწმობებში) ცვლილების შეტანას, კერძოდ: ბავშვების მამად მითითებული პირის - ზ. გ-ის ამოშლას და მის ნაცვლად 2012 წლის 18 მარტს გარდაცვლილი თ. შ-ძის მითითებას. მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნებს არ შედავებია, როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ეს უკანასკნელი თავის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში ფაქტობრივად აღიარებდა სარჩელის მოთხოვნას.

12. რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის … რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №.-…/20..გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2012 წლის 18 მარტს გარდაცვლილი თ. შ-ძე წარმოადგენს მ. და ლ. პ-ების მამას. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ დაბადების შესახებ სააქტო ჩანაწერიდან უნდა ამოშლილიყო ცნობები 2007 წლის 06 სექტემბერს დაბადებული მ. პ-ასა და 2007 წლის 06 სექტემბერს დაბადებული ლ. პ-ას მამად მითითებული პირის - 1972 წლის 08 ივლისს დაბადებული ზ. გ. ძე გ-ის შესახებ.

13. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვისას სასამართლოს არ მიუწვევია საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, რომელთა ინტერესებსაც შეიძლება შეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, დადგენილია, რომ თ. შ-ძე რუსეთის ფედერაციაში საქმის განხილვის დროს გარდაცვლილი იყო, წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ დგინდება მოძიებული იქნა თუ არა თ. შ-ის მემკვიდრები და ეცნობათ თუ არა მემკვიდრეებს საქმის განხილვის შესახებ. გადაწყვეტილება, რომლის ცნობასა და აღსრულებასაც ითხოვს შუამდგომლობის ავტორი მიღებულია დაინტერესებული პირების საქმეში მონაწილეობის გარეშე, რაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების ცნობაზე უარის საფუძველია.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზეც, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. Ruiz-Mateos v. Spain, 23.06.1993) ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. Lobo Machado v. Portugal, 20.02.1996). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ. Dilipak and Karakaya v. Turkey, 04.03.2014). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაბარდა მხარეს, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხ. Ozgur-Karaduman v. Germany, 26.06.2007; Zavodnik v. Slovenia, no. 21.05.2015).

15. ამდენად, სასამართლო პროცესის თაობაზე დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის - შეჯიბრებითი სამართალწარმოების წინაპირობაა.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც არ აკმაყოფილებს მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის … რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. პ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, სანკტ-პეტერბურგის … რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №.-…/20.. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია