საქმე №ა-4341-შ-128-2021 31 მაისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები – ნ. ო; უკრაინის, …. ოლქის …. რაიონული სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის, … ოლქის … რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. უკრაინის, … ოლქის, … რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, ნ.ო-ის სარჩელი ლ. მ-ის მიმართ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს ნ. ო-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 2012 წლის 29 ივნისს დაბადებული ბავშვის ლ. ლ. ძე მ-ის სარჩენად ალიმენტის გადახდა დაეკისრა (ბავშვის სარჩენად ნებისმიერი სახის გამომუშავების (შემოსავლის) ¼ ნაწილის ოდენობით, მაგრამ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის საჭირო საარსებო მინიმუმის არა ნაკლებ 50%, დაწყებული 2018 წლის 16 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე). ამავე გადაწყვეტილებით, ლ. მ-ლს სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო ბაჟის - 640 რუბლის გადახდა დაეკისრა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2021 წლის 9 სექტემბრის №... წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა უკრაინის ... ოლქის ... რაიონული სასამართლოხ შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, რომლითაც ლ.მ-ლს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმიწოფო ბაჟის - 640 რუბლის გადახდა. მომართვას ასევე ერთვის ნ. ო-ის შუამდგომლობაც, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (ალიმენტის დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
3. შუამდგომლობაზე წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 15 აპრილს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ... ოლქის ...რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის ცნობის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობა. ამავე სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის სხდომის ოქმისა და გადაწყვეტილების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, ნ. ო-სა და უკრაინის, ... ოლქის, ... რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად.
5. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - გ. მ-ლს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - გ-ნი, ... ქუჩა, სახლი №... მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნილი სასამართლოს გზავნილის ჩაბარებაზე მისმა ოჯახის წევრებმა ორჯერ უარი განაცხადეს ადრესატის საზღვარგარეთ ყოფნის მოტივით. მოწინააღმდეგე მხარეს, გზავნილი ვერ ჩააბარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენმაც (მომართვის თანახმად, მამამ ი. მ-მა განაცხადა, რომ შვილთან არ აქვს ურთიერთობა და ვერ გადასცემს გზავნლს). მოწინააღმდეგე მხარესისათვის გაგზავნილი გზავნილი შუამდგომლობის განხილვის შესახებ ასევე არ ჩაიბარა ადრესატის ძმამ.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.
7. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულმა პირებმა უწყების ჩაბარებაზე რამდენჯერმე განაცხადეს უარი. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურება ოჯახის წევრთა მიერ ადრესატისათვის გზავნილის გადაცემის შეუძლებლობა, ისევე როგორც - შესაბამისი მტკიცებულებებით, მოწინააღმდეგე მხარის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი, რისი გათვალისწინებითაც, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო დოკუმენტები მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. მოწინააღმდეგე მხარეს, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უკრაინის, ... ოლქის ... რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქმის მასალებით დგინდება, რომ უკრაინის, .. ოლქის ... რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, ნ.ო-ის სარჩელი ლ. მ-ის მიმართ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს ნ. ო-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 2012 წლის 29 ივნისს დაბადებული ბავშვის ლ. ლ. ძე მ-ის სარჩენად ალიმენტის გადახდა დაეკისრა (ბავშვის სარჩენად ნებისმიერი სახის გამომუშავების (შემოსავლის) ¼ ნაწილის ოდენობით, მაგრამ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის საჭირო საარსებო მინიმუმის არა ნაკლებ 50%, დაწყებული 2018 წლის 16 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე). ამავე გადაწყვეტილებით, ლ. მ-ლს სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო ბაჟის - 640 რუბლის გადახდა დაეკისრა.
11. შუამდგომლობაზე წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ: მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე; გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში; გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
12. მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში მაცხოვრებელი პირია.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (ძალაშია 1996 წლის 6 დეკემბრიდან) (შემდგომ - ასევე „ორმხრივი ხელშეკრულება“, მინსკის კონვენცია).
15. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
16. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
17. „მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს სპეციალური კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს რა შუამდგომლობას ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, შესაბამისად, უკრაინის, ... ოლქის ... რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ო-სა და უკრაინის, .. ოლქის .. რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა უკრაინის, .. ოლქის ..რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, ..ოლქის, .. რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ლ. მ-ლს ნ. ო-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 2012 წლის 29 ივნისს დაბადებული ბავშვის ლ. ლ. ძე მ-ის სარჩენად ალიმენტის გადახდა დაეკისრა (ბავშვის სარჩენად ნებისმიერი სახის გამომუშავების (შემოსავლის) ¼ ნაწილის ოდენობით, მაგრამ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის საჭირო საარსებო მინიმუმის არა ნაკლებ 50%, დაწყებული 2018 წლის 16 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე), ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო ბაჟის - 640 რუბლის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე