Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-21-გ-03 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა გ. მ-ის, ზ. ჭ-ისა და ლ. ს-ის სააპელაციო საჩივრების განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

1996წ. 11 ოქტომბერს ლ. ს-მა სარჩელი აღძრა სიღნაღის რაიონის სასამართლოში და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მეუღლესთან, აწ გარდაცვლილ ი. მ-თან ერთად ცხოვრების დროს შეძენილი, ქ. სიღნაღში, ... მდებარე სამსართულიანი სახლისა და ე.წ. «ო." მდებარე ოთხოთახიანი ბინებიდან 1/2 წილის მისთვის საკუთრებაში გამოყოფა, ხოლო მეორე ნახევრის მოპასუხეებისთვის _ გ. მ-ისა და ზ. ჭ-ისათვის მიკუთვნება:

მოსარჩელის მითითებით, იგი ი.მ-თან ერთად ცხოვრობდა 1965 წლიდან 1996 წლამდე _ ი.მ-ის გარდაცვალებამდე. 1965 წლამდე კი ი.მ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ზ.ჭ-თან, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი _ გ. და ნ. მ-ები. 1966 წელს ი.მ-ი განქორწინდა ზ.ჭ-თან, თუმცა აღნიშნულის რეგისტრაცია მმაჩის ბიუროში არ განუხორციელებიათ. ზ.ჭ-თან განქორწინების მომენტში ი.მ-ს ჰქონდა ბინა ქ. სიღნაღში, ..., რომელიც 1985 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა. ლ.ს-მა და ი.მ-მა ერთად ცხოვრების დროს, 1969 წელს, შეიძინეს საცხოვრებელი სახლი ქ. სიღნაღში, ..., რომელიც 1971 წელს მეწყერის შედეგად დაინგრა, რის სანაცვლოდაც, 1982 წელს მეუღლეებმა ერთობლივად მიიღეს სახლი ქ. სიღნაღში, ე. წ. «ო.". შემდგომ ი. მ-მა და ლ.ს-მა ერთობლივად ააშენეს სახლი ქ. სიღნაღში, ..., რომელიც რეგისტრირებულ იქნა მათთან მცხოვრები გერის _ ნ.მ-ის სახელზე. 1994 წელს კი, ნ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშინული სახლი მემკვიდრეობით გადაეცა ი.მ-ს. მოსარჩელის მითითებით, ქ. სიღნაღში, ე.წ. «ო." მდებარე ბინის პრივატიზაცია, მისივე თანხმობით განხორციელდა ი.მ-ის სახელზე და ბინაში მიღებისთანავე ჩაწერილი იყო ლ. ს-ი, ხოლო ... ქუჩაზე მათ მიერ აშენებულ სახლში არავინ არის ჩაწერილი.

გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მას ქ. სიღნაღში, ... მდებარე სამსართულიანი სახლიდან რეალური წილის სახით გამოეყო მეორე სართული, ხოლო მოპასუხეებს მიეკუთვნათ ამავე სახლის პირველი სართული, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997წ. 6 მაისის განჩინებით.

1999წ. 19 ივლისს გ.მ-მა და ზ. ჭ-მა განცხადება წარადგინეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 12 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997წ. 10 მარტის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997წ. 6 მაისის განჩინება.

2000წ. 23 ივლისს ქ. სიღნაღის საკრებულომ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სსკ-ს 421-ე, 422-ე მუხლის «ბ”' ქვეპუნქტის, 426-ე და 427-ე მუხლების საფუძველზე გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997წ. 10 მარტის გადაწყვეტილებისა და უზენაესი სასამართლოს 1997წ. 6 მაისის განჩინების ბათილად ცნობა. განმცხადებლის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებებით უხეშად დაირღვა ქ. სიღნაღის საკრებულოს, როგორც მოპასუხის უფლება, რადგან იგი არის ე.წ «ო.” მდებარე პრივატიზებული ბინის გამსხვისებელი. ამასთან ... ნ.მატინოს სახელზე ახალი ბინის მშენებლობაზე ნებართვა, სათანადო პროექტი და მიწის ნაკვეთის გაცემაც მის მიერ განხორციელდა. ამიტომ ქ. სიღნაღის საკრებულო საქმეში მოპასუხედ უნდა ყოფილიყო ჩართული და მოწვეული უნდა ყოფილიყო ასევე სიღნაღის ტექნიკური აღრიცხვის ბიურო, პრივატიზაციის კომისია და სიღნაღის სანოტარო კანტორა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 აგვისტოს განჩინებით ქ. სიღნაღის საკრებულოს განცხადება დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997წ. 10 მარტის გადაწყვეტილება და უზენაესი სასამართლოს 1997წ. 6 მაისის განჩინება, განახლდა საქმის წარმოება და საქმეში მხარედ იქნა ჩართული ქ. სიღნაღის საკრებულო. გურჯაანის რაიონის სასამართლოს მოსამართლეთა თვითაცილების გამო, საქმე განსახილველად გადაეცა ყვარლის რაიონის სასამართლოს.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას საკუთრებაში გამოეყო ქ. სიღნაღში, ..., ე.წ. «ო." მდებარე ოთხოთახიანი ბინიდან 1/2 ნაწილი, ხოლო ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფაზე უარი ეთქვა; დაუსაბუთებლობის გამო, ასევე არ დაკმაყოფილდა გ.მ-ის შეგებებული სარჩელი 8500 ლარის ღირებულების ნივთების დაბრუნების თაობაზე, რაც სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ლ.ს-ის, გ. მ-ისა და ზ. ჭ-ის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმე განსჯადობით განსახილველად გადასცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა სიღნაღის რაიონის გამგეობა, მესამე პირად კი ნოტარიუსი ნ. ლ-ი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის საოქმო დადგენილებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინება საქმეში თანამოპასუხედ სიღნაღის რაიონის გამგეობისა და მესამე პირად ნოტარიუსის ჩაბმის შესახებ და სააპელაციო საჩივრები განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას იმ მოტივით, რომ მხარეებს შორის არსებული დავა არ ეხება იმ სამართლებივ ურთიერთობებს, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის განჩინებით ამავე პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინების მესამე პუნქტში შევიდა შესწორება და დადგინდა, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადაიგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, დავის არსის გაცნობისა და საქმის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სწორედ არის განსაზღვრული დავის განსჯადობის საკითხი და სააპელაციო საჩივრები განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე ლ. ს-ი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა აწგარდაცვლილ მეუღლესთან ი. მ-თან ერთად ცხოვრების პერიოდში აშენებული, სიღნაღში, ... მდებარე 3-სართულიანი სახლის თანაამშენებლად ცნობას და 1/2 წილის მისთვის საკუთრებაში გადაცემას. მოსარჩელე აგრეთვე ითხოვდა მისი თანხმობით ი. მ-ის სახელზე პრივატიზებული ე.წ ო. მდებარე 4-ოთახიანი ბინიდან 1/2 წილის საკუთრებაში გამოყოფას, ხოლო მოპასუხე გ. მ-ი და ზ. ჭ-ი შეგებებული სარჩელით მოითხოვდნენ ლ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, აღნიშნული ბინების, როგორც ი. მ-ის სამკვიდრო ქონების მხოლოდ მათზე, მემკვიდრეზე გადაცემას. გ. მ-ი შეგებებული სარჩელით ასევე მოითხოვდა 8500 ლარის ღირებულების ნოვთების დაბრუნებას ლ. ს-ისაგან.

ამდენად, დავის საგანია აწგარდაცვლილი ი. მ-ის სამკვიდრო ქონების გაყოფა შვილს _ გ. მ-სა და არარეგისტრირებულ მეუღლეს _ ლ. ს-ლს შორის, რაც სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსახილველი სამემკვიდრეო ურთიერთობიდან გამომდინარე დავაა მემკვიდრეებს _ ფიზიკურ პირებს შორის. ამიტომ საქმე განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატა დავის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავა სამართლებრივად არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს ... მდებარე ოთხოთახიანი პრივატიზებული ბინიდან 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობას და იგი სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციულ გარიგებას _ ბინის პრივატიზებას. მოსარჩელე ასევე ითხოვს ... ი. მ-თან თანაცხოვრების პერიოდში აშენებული კერძო სახლის თანაამშენებლად ცნობას და 1/2 წილის საკუთრებაში გადაცემას. რაც შეეხება სიღნაღის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებას ი. მ-ისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის, მიწის ნაკვეთის გამოყოფის, ასევე სახლის მშენებლობის პროექტის დამტკიცების შესახებ გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად აღნიშნული არც დავის საგანს წარმოადგენს. ამიტომ დავა სამემკვიდრეო ურთიერთობიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი დავაა და მასში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ განაპირობებს დავის სამართლებრივ ბუნებას, რადგან არც მოსარჩელეს და არც შეგებებული სარჩელის ავტორს რაიმე მოთხოვნა არ გააჩნია პროცესში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს _ სიღნაღის საკრებულოს მიმართ და შესაბამისად, არც საკრებულომ ჩათვალა საჭიროდ კერძო საკუთრების ბინებზე მემკვიდრეებს შორის არსებულ დავაში ჩართვა, რაც სიღნაღის საკრებულომ არაერთგზის დააფიქსირა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისადმი მიმართვებში.

ამდენად, რადგან დავა სამართლებრივად წარმოადგენს სამემკვიდრეო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე დავას კერძო საკუთრების ბინების წილზე და დავის საგანი არ არის არც ადმინისტრაციული გარიგების, არც ადმინისტრაციული აქტის კანონიერება და შესაბამისად, არც პროცესში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს _ სიღნაღის საკრებულოს მიმართ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ რაიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატა თვლის, რომ მარტო საკრებულოს პროცესში მონაწილეობა არ განსაზღვრავს დავის განსჯადობას და სადავო სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე განსახილველი დავა არის სსკ-ს მე-11 მუხლის «ა” პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი სამემკვიდრეო დავა და საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ს მე-11 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ს-ის, გ. მ-ის, ზ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრები განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.