13 იანვარი 2022 წელი
საქმე №ას-1325-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - ს.ს. „მ.ე. კ-ტი“
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ვ-ვი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება
დავის საგანი - საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს. „მ. ე. კ-მა“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ნ. ვ-ის მიმართ და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ…. ქუჩა …, № ..ბ, სართული ., ბ. №., ს/კ …) რაიმე სახით განკარგვის (გასხვისება ან/და იპოთეკით დატვირთვა) აკრძალვა მოითხოვა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:
2.1. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
2.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. სასამართლო ამოწმებს, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის (საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის) დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე.
2.3. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის, მსესხებლის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მხარეთა შეთანხმებით გამოყენებულია სანივთოსამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალება, მხარემ უნდა დაამტკიცოს დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელმა თავი ვერ გაართვა.
2.4. სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის იმ განმარტების პასუხად, რომ ავტომობილის მესაკუთრე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, რის გამოც ვერ ხერხდება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების საგნით დაკმაყოფილება, აღნიშნა, რომ ავტომობილის მესაკუთრის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის პირობებშიც, გირავნობა არ წყდება (გირავნობის შეწყვეტის ასეთი საფუძველი გირავნობის მარეგულირებელი ნორმებით გათვალისწინებული არ არის), შესაბამისად, მოგირავნე ინარჩუნებს სხვა კრედიტორებთან შედარებით გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლებას.
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადებით და მასზე თანდართული მასალით, მოთხოვნის (საარბიტრაჟო სარჩელის) დამატებით საპროცესოსამართლებრივი საშუალებით უზრუნველყოფის საჭიროება არ იკვეთებოდა, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
3. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა საარბიტრაჟო მოსარჩელემ (განმცხადებელმა) და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
3.1. მართალია საარბიტრაჟო მოსარჩელე წარმოადგენს პირველი რიგის მოგირავნეს, თუმცა ეს უკანასკნელი ვერ ახდენს თავისი უფლების დაკმაყოფილებას, ვინაიდან საარბიტრაჟო მოპასუხის კუთვნილ ავტომობილზე არსებობს სხვა სახის უფლებრივი შეზღუდვა, რაც დასტურდება სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობით. სწორედ ამიტომ, პირველი რიგის მოგირავნე მოკლებულია შესაძლებლობას, აიღოს გირავნობის მოწმობა და დაიწყოს შემდგომი სააღსრულებო სამართლებრივი პროცედურები. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი, რომლითაც განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის განჩინებით საჩივარი იმავე სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის განჩინების კანონშესაბამისობა იმ ნაწილში, რომლითაც საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
8. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ Nას-970-2019, 19.07.2019წ.).
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
11. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ N ას-587-2019, 20.02.2020წ.).
12. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ Nას-1586-2018, 26.10.2018წ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
13. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (სუსგ №ას-323-2020, 28.09.2021წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება განმცხადებლის სასარგებლოდ გირავნობით არის დატვირთული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე (მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში; მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით) დაყრდნობით, არ არსებობდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობები, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც, კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უკვე უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალებით - გირავნობით, არ არსებობს დამატებით საპროცესო სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
15. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმ ნაწილშიც, რომ ავტომობილის მესაკუთრის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის პირობებშიც, გირავნობა არ წყდება (გირავნობის შეწყვეტის ასეთი საფუძველი გირავნობის მარეგულირებელი ნორმებით გათვალისწინებული არ არის), შესაბამისად, მოგირავნე ინარჩუნებს სხვა კრედიტორებთან შედარებით გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლებას.
16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, ხოლო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971.4, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს. „მ. ე. კ-ტი“-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია