28 მარტი 2022 წელი
№ას-298-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. „G-it” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ა-ა ჯ-ფი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შ.პ.ს. „ა-ა ჯ-ი“-მ სარჩელი წარადგინა შ.პ.ს “G-it”-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანების 36 930 ლარის დაკისრება.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 36 643.06 ლარის გადახდა.
3. მოპასუხემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით შ.პ.ს “G-it”-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
5. 2020 წლის 05 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობით მიმართა შ.პ.ს. „G-it”-ის წარმომადგენელმა ზ. ლ-ემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინებით შ.პ.ს. „G-it”-ის წარმომადგენლის ზ. ლ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ განჩინება ცალკე არ საჩივრდებოდა და მისი გასაჩივრება საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლებოდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შ.პ.ს. „G-it”-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება. მიღებული განჩინებით, მხარეს განემარტა საკასაციო წესით საქმის გასაჩივრების წესი და ვადა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ 2022 წლის 05 თებერვალს მომზადებული აქტით დგინდება, რომ განჩინება მომზადდა 2022 წლის 02 თებერვალს და შ.პ.ს. „G-it”-ის წარმომადგენელს დასაბუთებული განჩინება ჩაბარდა 2022 წლის 10 თებერვალს.
9. 2022 წლის 07 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო (კერძო) საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო (კერძო) საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო (კერძო) საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინება, რომლითაც შ.პ.ს. „G-it”-ის წარმომადგენლის ზ. ლ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აღნიშნული განჩინება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. ამასთან, ერთია, რომ სადავო განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია, ხოლო მეორეა, რომ სადავო განჩინება რომც ექვემდებარებოდეს კერძო საჩივრით გასაჩივრებას, კერძო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადაც არ არის დაცული.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
18. ვინაიდან, შ.პ.ს. „G-it”-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 07 მარტს გადახდილი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე, 374-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „G-it”-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „G-it”-ის (ს/კ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე ზ.ლ-ის (პ/ნ …) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი (საგადასახადო დავალება #./ გადახდის თარიღი 07.03.2022).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი