საქმე №ას-98-2020 7 ოქტომბერი, 2020 წელი, ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,გ-ია შ-ძე“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ-სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს ,,თ-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, საწარმო) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,გ-ია შ-ძის“ (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა მიყენებული ზიანის - 44 989.99 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 2 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, … ქ. №…-ის მიმდებარედ, მოპასუხის ტერიტორიაზე მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ დასაწყობებულ პლასტმასის ქოთნებს ცეცხლი გაუჩნდა და ხანძრის შედეგად №..ანძა (ეგხ ,,…2-…-3“) დაზიანდა.
3. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებითაც დადგინდა.
4. მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ - ექსპერტზის ბიურო“) 2016 წლის 15 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, … დასახლებაში არსებული მოპასუხის ტერიტორიაზე განთავსებული მოსარჩელის ბალანსზე არსებული ანძის საყრდენი კონსტრუქცია ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, აუცილებელია მისი გაძლიერება ან ახალი საყრდენი კონსტრუქციის დამონტაჟება. ექსპერტიზის ბიურომ ვერ განსაზღვრა ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა.
5. მოსარჩელის მიერ შედგენილი გაანგარიშების თანახმად, დაზიანებული ანძის აღდგენის ღირებულება 44 989.99 ლარია.
6. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გაეგზავნა მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შესახებ შეტყობინება, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გამოძიებას ხანძრის გაჩენაზე პასუხისმგებელი პირი არ დაუდგენია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა მოსარჩელის დაზიანებული მაღალი ძაბვის ანძა, რის გამოც მოპასუხის კუთვნილი ქონება განადგურდა.
8. მოპასუხის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი - მოპასუხის ქმედება თუ მოსარჩელის კუთვნილი ანძის გაუმართაობა.
9. მოპასუხე აალებად ან/და ფეთქებად ნივთებს არ ინახავს, შესაბამისად, შეუძლებელია ხანძარი ღია ნაკვეთზე გამოწვეული ყოფილიყო მოპასუხის მიზეზით.
10. მოპასუხემ მიუთითა, რომ გაუგებარია მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების საფუძველი, კერძოდ, მოსარჩელემ რომელი კრიტერიუმით იხელმძღვანელა ფასის განსაზღვრისას, ამასთან, შეესაბამება თუ არა მის მიერ მოცემული ფასები საბაზრო ღირებულებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 44989.99 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
14. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგენილად მიიჩნია, რომ ხანძრით გამოწვეული ზიანი 44989.99 ლარია.
15. სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ მოსარჩელეს სარჩელში მითითებული ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარდგენილი ჰქონდა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლითაც დგინდებოდა, რომ ანძის საყრდენი კონსტრუქცია ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. აუცილებელია მისი გაძლიერება ან ახალი საყრდენი კონსტრუქციის დამონტაჟება. დასკვნის კვლევით ნაწილში მოცემულია დაზიანებული ელემენტების ჩამონათვალი და განმარტებულია, როგორ შეიძლება საყრდენი კონსტრუქციის გაძლიერება ან ახალი კონსტრუქციის მოწყობა. მოსარჩელემ, ამ დასკვნის საფუძველზე შეადგინა პროექტი და გაანგარიშება, რომლის თანახმად დაზიანებული ანძის ღირებულება 44989.99 ლარია. საქმეში წარდგენილია სს ,,ანძა ..-ის“ წერილი, საიდანაც დასტურდება, რომ მაღალი ძაბვის ანძის სადგამის ერთი ტონის დამზადების ღირებულებაა 3300 ლარი დღგს ჩათვლით. უდავოა, რომ მოსარჩელემ გაანგარიშებისას სწორედ ეს ფასი გამოიყენა.
16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტი, მართალია შესაგებლით არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარდგენილ გაანგარიშებას და ეჭვქვეშ დააყენა მასში მითითებული ფასების შესაბამისობა საბაზრო ღირებულებასთან, თუმცა, გარდა ზეპირი განმარტებისა, ამ უკანასკნელს სასამართლოსათვის არ წარუდგენია შესაბამისი სტანდარტის საპირისპირო მტკიცებულება, მაგალითად - ალტერნატიული პროექტი ან განფასება, რაც ანძის უფრო დაბალ ფასად აღდგენის შესაძლებლობას დაადასტურებდა. ასეთ ვითარებაში კი, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშება პირველმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა.
17. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი ანძის დაზიანება მოპასუხის ბრალეულობით (გაუფრთხილებელი ქმედებით) არ გამოწვეულა.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია ის, თუ რამდენდ მიუთითებს სარჩელით განსაზღვრული წინაპირობები მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობაზე. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის შესამოწმებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ვალდებულების დარღვევა, ქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ბრალეულობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ზიანს) შორის.
19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო ზიანის მიმყენებელს - მის ქმედებაში ბრალის არარსებობა.
20. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის პოზიციაზე მისი ბრალის არარსებობასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესების ხელყოფა, რომელიც მოიცავს როგორც კანონით დადგენილ წესებს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მართლწინააღმდეგობის არსი ისაა, რომ ქმედება არღვევს სამართლის ნორმით გამოხატული მოქმედების ან უმოქმედობის ვალდებულებას (კანონის ან ხელშეკრულების ძალით პირი ვალდებული იყო და შეეძლო ემოქმედა, თუმცა არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა განსაზღვრული მოქმედება). მართლწინააღმდეგობა სამართალდარღვევის ობიექტური ნიშანია და მისი არსებობა არ არის დამოკიდებული მოვალის ცნობიერებაზე, ანუ იმაზე, შეგნებული ჰქონდა თუ არა საკუთარი მოქმედება სამართლებრივად. დოქტრინისეული ცნებიდან გამომდინარე, მართლწინააღმდეგობის შეცნობას უკავშირდება ბრალი, ანუ პირი ბრალეულად მოქმედებს, თუ მას გააზრებული აქვს (ან ვალდებულია იცოდეს) ის, რომ მისი ქმედებით ილახება სხვისი უფლება/ინტერესი და ხელყოფას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი.
21. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაზე, რომელიც ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივისა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსებისა და სამუშაოთა წარმოების პირობებს. დადგენილების 3.1 მუხლის თანახმად, ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან მოშორებულია 110 კვ - 20 მეტრით, ხოლო 4.1 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ფორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და მის სიახლოვეს ნებისმიერი სახის ნაგავსაყრელის მოწყობა, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში ნამჯის, ჩალის და თივის ზვინების, ტორფის და შეშის საწყობების მოწყობა, ნებისმიერი დანიშნულების კოცონის დანთება; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვა.
22. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მოთხოვნები უგულებელყო. მოპასუხის მიერ ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში მოპასუხემ მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ მოაწყო პლასტმასის ქოთნების საცავი ისე, რომ ასეთი ნაგებობის მოწყობაზე თანხმობა ხაზობრივი ნაგებობის მფლობელისგან არ გაცემულა. წარდგენილი მტკიცებულებებითვე ირკვევა, რომ სწორედ ამ საცავს გაუჩნდა ცეცხლი, რის შედეგად ანძის რკინის კონსტრუქცია დაზიანდა.
23. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მითითებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი ანძა დაზიანებული იყო და სწორედ ამან გამოიწვია ხანძარი, განმარტა, რომ საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყო წარდგენილი.
24. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მოთხოვნები შეასრულა, კერძოდ, ის, რომ მას მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ საცავის მოწყობაზე ჰქონდა მფლობელის წერილობითი თანხმობა, თუმცა მოპასუხემ ასეთი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა. ეს გარემოება კი ზიანის მიმართ მოპასუხის ქმედების ბრალეულობას ადასტურებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
26. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი დაარღვია, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებული იყო, ზიანის არსებობა და მისი მოცულობა დაედასტურებინა, ასევე - მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მოპასუხის ქმედებას შორის.
27. კასატორის განმარტებით, ზიანის ოდენობა არ არის დადასტურებული. თავად მოსარჩელემ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარადგინა, რომლითაც ზიანის ოდენობის დადგენაზე უარი ეთქვა, შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ გაანგარიშებას დაეყრდნო, რაც მხარეთა ახსნა-განმარტების ტოლფასი მტკიცებულებაა. ზიანის ოდენობის გაანგარიშება კი, არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით, ვინაიდან სპეციალურ ცოდნას საჭიროებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
28. კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირს და მიუთითებს, რომ ზიანის გამომწვევი ქმედება ხანძრის გაჩენაა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. თავის მხრივ, დავის საგანია - ანძის ქვემოთ ვინ განათავსა ყუთები, მოპასუხემ თუ იმ პირმა, ვინც ყუთებს ცეცხლი წაუკიდა, ან საერთოდ ყუთების აალების მიზეზი გაუმართავი ანძა ხომ არ არის.
29. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
30. კასატორი მიუთითებს სსკ-ის 992-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმესთან დაკავშირებით დადგენილია მხოლოდ ერთი გარემოება - ანძის დაზიანება. სხვა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, ზიანის მოცულობა დადგენილი არ არის (ზიანის მოცულობათან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიები შესაგებლის პრეტენზიების იდენტურია), ასევე - პირი, რომლის ქმედებითაც ხანძარი გაჩნდა.
31. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მოპასუხემ ანძის ქვეშ პლასტმასის ქოთნები დააწყო. კასატორი მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია უშუალოდ ზიანის გამომწვევი ქმედება და არა წინამორბედი მოქმედებები. ამასთან, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არის დადგენილი.
32. კასატორი მიუთითებს, რომ გაუგებარია სასამართლომ რის საფუძველზე დადგინდა, რომ ზიანის მიყენებაში ბრალი მოპასუხეს მიუძღვის, ამასთან გაუგებარია როგორ განსაზღვრა ზიანის ოდენობა.
33. კასატორი მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
35. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
37. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
38. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:
39. მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი ,,…-2“-,,…-3“ №.. ანძა მოპასუხის ტერიტორიაზე, ქ. თბილისში, ნ. … №…-ში მდებარეობს.
40. მოსარჩელის კუთვნილი ანძა 2016 წლის 2 ნოემბერის ხანძრის შედეგად დაზიანდა.
41. მოსარჩელის 2016 წლის 3 ნოემბრის საჰაერო ან საკაბელო მექანიკური დაზიანების აქტის თანახმად, 2016 წლის 2 ნოემბერს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შუალედში, ქ. თბილისში, … ქ. №..-ის მიმდებარედ, მოპასუხის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის №.. ანძა. მოსარჩელის საექსპლუატაციო რაიონის უფროსმა აქტი შეადგინა, რომლის შედგენასაც ესწრებოდა საპატრო პოლიციის №… ეკიპაჟიც.
42. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ცნობის თანახმად, 2016 წლის 2 ნოემბერს … ქუჩის ბოლოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მოპასუხის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ დასაწყობებული პლასტმასის ქოთნები დაიწვა.
43. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილების მიმართვის წერილის თანახმად, საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 2 ნოემბერს მოპასუხის ტერიტორიაზე მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ დასაწყობებულ პლასტმასის ქოთნებს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ანძის რკინის კონსტრუქცია დეფორმირდა.
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.
45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესი იმ აუცილებელ წინაპირობებს განსაზღვრავს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
46. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის განხილვისას მტკიცების ტვირთის ზოგადი წესიდან გამონაკლისის დადგენას არც პროცესუალური კანონმდებლობა და არც სამოსამართლო სამართალი (პრაქტიკა) არ იცნობს. თუმცა, დელიქტური ვალდებულების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, მტკიცებულებათა წარდგენა უფრო ლოგიკური და ბუნებრივია, რომ დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოპასუხე მხარის არამართლზომიერი ქმედების შედეგად ზიანი მიადგა, ხოლო მოპასუხეს საკუთარი მტკიცების ფარგლებში ევალება, რომ წარადგინოს შედავება, რომელიც სრულად (ან ნაწილობრივ) გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სავალდებულებელო წინაპირობებს (ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ერთობლიობას) (იხ. სუსგ№ას-80-80-2018, 20 აპრილი, 2018 წელი). მაშასადამე, მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაამტკიცოს, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობები, ხოლო საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხეს ევალება, რისი დამაჯერებლად განხორციელებაც მოსარჩელისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს განაპირობებს.
47. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის როგორც მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის ქონების დაზიანებას შორის, ასევე - ბრალსა და მიყენებული ზიანის ოდენობას.
48. საკასაციო პალატა მოსარჩელის პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაზე, მის მიზანსა და რეგულირების სფეროზე, ასევე, ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებსა და განკაფებაზე (მე-3 მუხლის, ა.ა.გ ქვეპუნქტი), ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობებზე (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,გ“ ქვეპუნქტი. ნორმათა განმარტება იხ. წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტში) და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მოპასუხემ ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში, მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ პლასტმასის ქოთნების საცავი ისე მოაწყო, რომ მოსარჩელისგან ასეთი ნაგებობის მოწყობაზე თანხმობა არ ჰქონდა. ასევე, წინამდებარე განჩინების 39-43 პუნქტებში დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სწორედ ანძის ქვეშ განთავსებულ პლასტმასის ქოთნებს გაუჩნდა ცეცხლი, რამაც მოსარჩელის კუთვნილი ანძის დაზიანება გამოიწვია. მოპასუხემ ანძის ქვეშ პლასტმასის ქოთნების დაწყობით, მართლსაწინააღმდეგოდ იმოქმედა და სამართლის ნორმათა მოთხოვნები დაარღვია, რამაც მოსარჩელის დაცული ინტერესის ხელყოფა გამოიწვია. ამასთან, დამდგარი ზიანი მოპასუხის ქმედების უშუალო შედეგია, აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ თავისი მტკიცების საგანში შემავალი დელიქტური ქმედების განმაპირობებელი გარემოებები დაადგინა, კერძოდ, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ნეგატიური შედეგის დადგომა, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება მოპასუხეს, მან საკუთარი ქმედების მართლზომიერება ვერ დაამტკიცა, რაც კანონიერად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
49. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთიც აწევს დაზარალებულ მხარეს (კრედიტორს), რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება, უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება, ადექვატურობა.
50. მოსარჩელემ ზიანის ოდენობის დასადგენად ექსპერტიზის ბიუროს მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელმა ხანძრით მიყენებული ზიანის ოდენობა ვერ განსაზღვრა, ვინაიდან ანძის შემდგომი ექსპლუატაციისათვის აუცილებელი იყო ანძის გაძლიერება ან ახალი საყრდენი კონსტრუქციის დამონტაჟება. ეს სამუშაოები კი უნდა შესრულებულიყო შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით, რომელსაც ექსპერტიზის ბიურო არ ახორციელებდა. ამის შემდგომ, მოსარჩელემ მის მიერ შედგენილი გაანგარიშება წარადგინა სასამართლოში, რომლის თანახმად, დაზიანებული ანძის აღდგენის ღირებულბა 44989.99 ლარია, რაც მოიცავს სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოებისა და მასალების ღირებულებას. ამასთან, საქმეში წარდგენილია სს ,,ა-ძა ..-ის“ წერილი, რომლის თანახმად, ერთი ტონა 9მ (წონა - 3.832) სადგამის დამზადების ღირებულება 3300 ლარია, რაც მოსარჩელის მიერ გაკეთებულ გაანაგრიშებაში მითითებულ ფასს ემთხვევა. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეს, შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით გააქარწყლებდა არ წარუდგენია სასამართლოსათვის, შესაბამისად, კასატორი პრეტენზია, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
51. სასამართლო მოპასუხის პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით დაუშვებელია არ იზიარებს და განმარტავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხეს არანაირი მტკიცებულება, რაც განსახორციელებელი სამუშაოების ღირებულებაზე მიუთითებდა არ წარუდგენია, იმავდროულად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების რაიმე სპეციალური სტანდარტი არ მოითხოვება (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი), სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენი ნაწილში, საპროცესო ნორმების დარღვევა არ ვლინდება (სსსკ-ის 105-ე მუხლი). პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშება შედგენილია სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ, რასაც მასზე ხელმომწერი პირის თანამდებობა ადასტურებენ.
52. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვისას მხარეთა მტკიცების ტვირთის სტანდარტი დაარღვია და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ ზოგადი წესების გათვალისწინებით გადაანაწილა, რომელიც ახასიათებს სსკ-ის 992-ე მუხლის დანაწესს.
53. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ კასატორს საკასაციო საჩივარში ისეთ გარემოებებზე არ მიუთითებია, რაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გასაჩივრებაის სამართლებრივი საფუძველი არა არსებობს.
54. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
55. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
56. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
57. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: საქმ ე №ას-487-2019 წელი, 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება, საქმე №ას-9-2019, 2019 წლის 17 აპრილის განჩინება; საქმე №ას-72-72-2018, 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება, საქმე №ას-786-735-2017, 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინება, საქმე №ას-1127-1047-2017, 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება).
58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
59. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 2249.50 ლარის 70% – 1574.65 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,გ-ია შ-აძის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. შპს ,,გ-ია შ-ძეს“ (ს/ნ ---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს ,,გ-ას“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2249.50 ლარის (საგადახდო დავალება №--- / გადახდის თარიღი 16.03.2020), 70% - 1574.65 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე