Facebook Twitter

საქმე №ას-460-2022 23 მაისი 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ვ-ის ხ-ი ..“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ია ი-ონ-ტ-სი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველ სარჩელში), გადაზიდვის ღირებულების დაკისრება და ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს „ვ-ის ხ-ი ..“-ის სარჩელი მოპასუხე შპს „კ-ია ი-ონ ტ-სის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „კ-ია ი-ონ ტ-სის“ შეგებებული სარჩელი შპს „ვ-ის ხ-ი ..“-ის მიმართ, გადაზიდვის ღირებულების დაკისრებასა და ზიანის ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდა შპს „ვ-ის ხ-ი ..“-ს შპს „კ-ია ი-ონ ტ-სის“ მიმართ 1870 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

2020 წლის 24 სექტემბერს, შპს „ვ-ის ხ-ი ..“-მა სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით, შპს „ვ-ის ხ-ი ..“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ვ-ის ხ-ი ..“-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ: შპს „ვ-ის ხ-ი ..“-ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 16 007,17 ევროს ექვივალენტი ლარისა და 141,50 ლარის 5%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს – ი. ნ-იას (იხ. მინდობილობა ტომი III, ს.ფ. ..) ჩაბარდა 2022 წლის 05 მაისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს – ი. ნ-იას (იხ. მინდობილობა ტომი III, ს.ფ. ..) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 05 მაისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორ შპს „ვ-ის ხ-ი ..“-ისთვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 05 მაისის მომდევნო დღეს, 2022 წლის 06 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 16 მაისს (რადგან ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს - კვირას, ხოლო კვირის შემდეგ, პირველი სამუშაო დღე იყო 16 მაისი-ორშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2022 წლის 16 მაისის ჩათვლით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორი შპს „ვ-ის ხ-ი ..“-ის წარმომადგენელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია სასამართლოში 16 007,17 ევროს ექვივალენტი ლარისა და 141,50 ლარის 5%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და არც სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მოუმართავს. ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან კასატორმა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ვ-ის ხ-ი ..“-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი