№ა-1833-შ-50-20220 6 ივნისი, 2022 წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. ბ. ო.
განხილვის საგანი – ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ქორწინების/IAS ნაწილში უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების სახლის, …ოლქის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამერიკის შეერთებული შტატების, ნ. ჰ-ის შტატის, ნ. ჰ-ის საოლქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ნ. ბ-ო-სა და ჯ. ბ-ის შორის. აღნიშნული გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის გადაეცა ავტომანქანა ----- ნ. ბ-ო-ძის ყოველგვარი წილის გარეშე; ხოლო ნ. ბ-ო-ეს გადაეცა ავტომანქანა ---- ჯ. ბ-ის ყოველგვარი წილის გარეშე. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ქონებაზე უფლება მიენიჭა ნ. ბ-ო-ძეს, მეორე მხარის ნებისმიერი უფლების, საკუთრებისა და წილის გარეშე, თუმცა გირავნობის უფლებით დატვირთული.
ჯ. ბ-იმ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების, ნ. ჰ-ის შტატის … ოლქის საჯარო ნოტარიუსს და წარადგინა ფიცით მიცემული წერილობითი ჩვენება უძრავი ქონებისა და პირადი ქონების საკუთრების ინტერესის დათმობის შესახებ.
2022 წლის 14 აპრილს ნ. ბ. ო-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა ამერიკის შეერთებული შტატების, ნ. ჰ-ის შტატის, ნ. ჰ-ის საოლქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და ამერიკის შეერთებული შტატების ნ. ჰ-ის შტატის მ-ს ოლქის საჯარო ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტი - სასამართლოსთვის ჯ.ბ-ის ფიცით მიცემული წერილობითი ჩვენება, უძრავი ქონებისა და პირადი ქონების საკუთრების დათმობის შესახებ და შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ ითხოვს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით ნ. ბ. ო-ეს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობის წარმოდგენა დაზუსტებული მოთხოვნით.
2022 წლის 30 მაისს საკასაციო პალატას მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების ნ. ჰ-ის შტატის მ-ს ოლქის საჯარო ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის - სასამართლოსთვის ჯ.ბ-ის ფიცით მიცემული წერილობითი ჩვენების, უძრავი ქონებისა და პირადი ქონების საკუთრების დათმობის შესახებ - საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსასრულებლად გავრცელებას.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
ზემოაღნიშნული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, არამედ საჯარო ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის - სასამართლოსათვის ფიცით მიცემული წერილობითი ჩვენების ცნობასა და აღსრულებას, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონი კი ითვალისწინებს, მხოლოდ უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების ცნობასა და აღსრულებას, ხოლო მხარის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის ცნობასა და აღსრულებას მითითებული კანონი არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების საკუთრების უფლების დათმობას ეხება, მხარემ უნდა გაითვალისწინოს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა“ პუნქტი, რომლის თანახმად, სარჩელები, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია, საქართველოს სასამართლოების განსაკუთრებულ საერთაშორისო კომპეტენციას განეკუთვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ბ.ო-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნ. ჰ-ის შტატის მ-ის ოლქის საჯარო ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის - სასამართლოსთვის ჯ. ბ-ის ფიცით მიცემული წერილობითი ჩვენების, უძრავი ქონებისა და პირადი ქონების საკუთრების დათმობის შესახებ - საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. ნ. ბ. ო-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნ. ჰ-ის შტატის მ-ის ოლქის საჯარო ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის - სასამართლოსთვის ჯ. ბ-ის ფიცით მიცემული წერილობითი ჩვენების, უძრავი ქონებისა და პირადი ქონების საკუთრების დათმობის შესახებ - საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია