№ა-4625-შ-137-2021 25 მაისი, 2021 წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. ბ-ნი
განხილვის საგანი – ამერიკის შეერთებული შტატების ი-ს შტატის ქ. ჩ-ს ლ-ს ოლქის მეცხრამეტე სასამართლოს 2005 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამერიკის შეერთებული შტატების ი-ს შტატის ქ. ჩ-ს ლ-ის ოლქის მეცხრამეტე სასამართლოს 2005 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ა. ბ-სა და კ. ბ-ნს შორის.
ა. ბ-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო სწორედ ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.
სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ასლი შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ და შუამდგომლობა მასზე დართული მასალებით განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე: სომხეთი, ქ. ---, ვ-ის ქ. N., ბ. .. გაეგზავნა კ. ბ-ნს, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა არასრული მისამართის გამო. შესაბამისად, აზრს მოკლებულია მოპასუხისათვის იმავე მისამართზე მასალების განმეორებით გაგზავნა, ხოლო შუამდგომლობის ავტორს სხვა მისამართი არ მიუთითებია. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ი-ის შტატის ქ. ჩ-ს ლ-ის ოლქის მეცხრამეტე სასამართლოს 2005 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის თანახმად, „მოპასუხე კ. ბ-ნს საქმის განხილვის შესახებ ეცნობა აღნიშნული პუბლიკაციით ან ჩაბარების გზით ი-ის შტატის ფარგლებს გარეთ, მაგრამ არ განეკუთვნება მოპასუხის ახლო კონტაქტების რიცხვს“.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან უტყუარად არ დგინდება მოპასუხის ინფორმირება საქმის წარმოების შესახებ, რის გამოც საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად ჩათვალა შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებისა და შუამდგომლობის მასალების მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნა. თუმცა შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე ადრესატს ვერ ჩაბარდა გაგზავნილი კორესპონდენცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 278-ე (იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით) მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს (მიუთითებს მოპასუხის მისამართს, რომელზეც შესაძლებელი იქნება დოკუმენტაციის ჩაბარება), მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. ა. ბ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ი-ის შტატის ქ. ჩ-ს ლ-ის ოლქის მეცხრამეტე სასამართლოს 2005 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი.
2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე