Facebook Twitter

საქმე №ას-1238-2020 22 მარტი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ი. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.08.2020წ. გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა

1. მ. მ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე") სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ი-ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე") მიმართ აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 24.05.2017 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.09.2018წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხედ ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდეგში „მეორე მოპასუხე“).

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.09.2018 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 24.05.2017 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგინდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ N---) მისასვლელი აუცილებელი საფეხმავლო გზა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული 363 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N---) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის --/-- დასკვნის N- დანართის მიხედვით.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხემ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2019 წლის განჩინებით საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.08.2020 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ N---) მისასვლელი აუცილებელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთისა და პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული 363 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N---) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის --/-- დასკვნის #-დანართის მიხედვით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

8.1. 2001 წელს საჯარო რეესტრში რ. დ-ის საკუთრებად აღირიცხა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ --- მდებარე 950 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N---), რომელიც 2015 წლიდან მოსარჩელის საკუთრებაშია.

8.2. 2012 წლიდან საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის საკუთრებად ირიცხება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ --- მდებარე 363,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი ( ს/კ N---).

8.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.02.2013 წლის N--- დასკვნის თანახმად: ა) ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ --- მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ N---, რომელიც მდებარეობს სამანქანე გზის მარცხენა მხარეს არსებულ ტერასაზე, განთავსებულია სხვათა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შიგნით და მას მისასვლელი გზის არც ერთი კატეგორია არ გააჩნია (არც საფეხმავლო, არც საავტომობილო); ბ) მიწის ნაკვეთთან (ს/კ N---), რომელსაც არ გააჩნია აუცილებელი მისასვლელი არც ერთი კატეგორიის გზა, მისასვლელი სამანქანე გზის მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ ნაკვეთის მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში: ს/კ N---, რომელიც სახლთმფლობელობაა და ს/კ N---, რომელიც მისასვლელი გზის სახითაა დარეგისტრირებული. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთი ს/კ N---მდებარეობს სოფლის ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს, ის რელიეფურად ტერასული მიწის ნაკვეთია, რომელიც დამრეცად ეშვება ღელისკენ და მის ქვემოთ არსებულ მიწის ნაკვეთზე. მასზე გაშენებულია მანდარინის ბაღი. ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ მიწის ნაკვეთი წარმოქმნილია ერთი მთლიანი მიწის ნაკვეთისაგან, რადგან საკადასტრო გეგმების ორთოგადაღებიდან და ადგილის განთავსებით არ შეინიშნება მასთან მისასვლელი გზის არსებობა. ადგილის დათვალიერებით, ყველაზე მოსახერხებელი და ოპტიმალური გზა მიწის ნაკვეთთან მისასვლელად არის სოფლის ცენტრალურ გზასთან მოწყობილი მდინარეზე გადასასვლელი ხიდით და პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან - ს/კ N---. მოსარჩელის ნაკვეთთან დამაკავშირებელი სხვა რაიმე ალტერნატიული გზა არ არის, ნაკვეთი განთავსებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის.

8.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.11.2016 წლის #--- დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ს/კ N---მიწის ნაკვეთს არ გააჩნია აუცილებელი მისასვლელი გზა, რომლის მოწყობისთვის ექსპერტი გვთავაზობს შემდეგ შესაძლებლობას: მოსარჩელემ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად უნდა გამოიყენოს პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული N--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, შემდეგ გადაკვეთოს სახელმწიფო მიწის ნაკვეთი. მისასვლელი გზის მოწყობის შესაძლებლობა ექსპერტმა N- დანართის სახით დაურთო დასკვნას.

8.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.12.2016 წლის #--- დასკვნით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოწყობა ჟ. მ-ძის სახელზე რეგისტრირებული ს/კ N---მიწის ნაკვეთის გამოყენებით შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ჟ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული N--- და N--- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ასევე, გზასთან არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი (დანართი #--). გზის მოწყობისათვის ჩასატარებელი იქნება რიგი სამუშაოები (დახრილი და უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ნაკვეთების მოსწორება/დამუშავება, ნაკადულთან ხიდის მოწყობა და სხვა), შესაბამისად, აუცილებელია შედგეს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია.

8.6. ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია მანდარინი და ნაკვეთი სამოსახლოდ არ გამოიყენება. ტერიტორია დამრეცი ფორმისაა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, უწინარესად ექსპერტთა დასკვნების შეფასებით დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს სამოსახლო მიწის ნაკვეთს, მასზე გაშენებულია ციტრუსის პლანტაცია და მიწის ნაკვეთს აუცილებელი გზა არ გააჩნია. 17.11.2016 წლის საექსპერტო დასკვნით გარკვევითა შეთავაზებული ყველაზე ოპტიმალური შესაძლებლობა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა დადგინდეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ N---) მისასვლელი აუცილებელი გზა, როგორც საავტომობილო, ისე საფეხმავლო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთისა და პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული 363 კვ.მ მიწის ნაკვეთის გავლით. მეტი განსაზღვრულობისთვის სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო მიწის ნაკვეთი განთავსებულია მოსარჩელესა და პირველი მოპასუხის მიწის ნაკვეთებს შორის, იგი ოდნავ ჩაღრმავებულ ადგილს წარმოადგენს და ხის მასივი ან ტყე მასზე გაშენებული არ არის. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა მეორე მოპასუხის მითითება, რომ თუ მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს ამ მიწის ნაკვეთით, ეს გამოიწვევს ხის მასივების გაჩეხვას. იგივე მოსაზრებისაა ექსპერტი დ. გ-ძე, რომელიც განმარტავს, რომ ყველაზე მოსახერხებელი და ოპტიმალური გზა მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მისასვლელად არის ს/კ N--- მიწის ნაკვეთიდან, რომელიც პირველი მოპასუხის საკუთრებაშია რეგისტრირებული. რაც შეეხება პირველი მოპასუხის მიერ წარმოდგენილ 29.12.2016 წლის დასკვნას, ექსპერტისთვის დასმული იყო შემდეგი კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მოეწყოს მისასვლელი გზა N--- და N--- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებიდან (რომელიც არის მ-ების მიწის ნაკვეთი), შესაბამისად, ექსპერტიც სწორედ ამ კითხვაზე იძლევა პასუხს და არა კითხვაზე, თუ როგორი იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მისასვლელი გზის მოსაწყობად.

8.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 180-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. საქმის მასალების, ექსპერტიზის დასკვნებისა და ადგილზე დათვალიერების ოქმის სრული და ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სსკ-ის 180-ე მუხლიდან გამომდინარე უნდა დაკმაყოფილდეს როგორც საავტომობილო, ისე საფეხმავლო გზის დადგენის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ნარგავები, მიიღება მოსავალი და მოსავლის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია საავტომობილო გზა. საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს მისასვლელი გზის არცერთი კატეგორია არ გააჩნია (საფეხმავლო, საავტომობილო) და ყველაზე ოპტიმალურია, გამოყენებული იქნეს პირველი მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. მოცემულ საქმეში, სარჩელის საგანია აუცილებელი გზის უფლების დადგენა. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 180-ე მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით) წარმოადგენს, რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული.

14. მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებში. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოების არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (შდრ. №ას-1291-1211-2017, 15.12.2017წ; სუსგ №ას-1048-1316-09, 23.03.2010წ.).

15. აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც (სუსგ Nას-45-2021, 22.04.2021წ.).

16. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი გზასთან და მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან დაკავშირების ყველაზე ოპტიმალური შესაძლებლობა მოპასუხეების მიწის ნაკვეთებით სარგებლობაა. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიგანეზე (ტ.4, ს.ფ.80), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მეორე მოპასუხეს სსსკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად, არც 20.09.2018 წლის საოქმო განჩინება და არც სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, კასატორი კი არ წარმოადგენს ხსენებულ საკითხზე პრეტენზიის უფლების მქონე პირს (ასევე იხ.: წინამდებარე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2019 წლის, Nას-1869-2018 განჩინება, ტ.3, გვ.94,95). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 180.1 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს მართებულად მიანიჭა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება.

17. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

18. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ უფლების რეალიზაციის საუკეთესო საშუალება პირველი მოპასუხის მიწის გამოყენებაა, რამდენადაც, როგორც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ისე შემდგომში ჩატარებული საექსპერტო კვლევით დგინდება, რომ პირველი მოპასუხის უფლების შეზღუდვა მოსარჩელის ინტერესების დაცვის პროპორციული და თანაზომიერი საშუალებაა. მართალია, ამ ფაქტის გაქარწყლების თვალსაზრისით პირველმა მოპასუხემ წარადგინა ექსპერტის დასკვნა, თუმცა, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას, რომლის თანახმადაც, პირველი მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ასახავს არა უფლების შეზღუდვის თანაზომიერებას, არამედ - მასში პასუხია გაცემული შეკითხვაზე, მ-ების ნაკვეთის გამოყენებით შეიძლება თუ არა მოსარჩელე მოხვდეს საკუთარ მიწის ნაკვეთში. ამ თვალსაზრისით ქვემდგომი სასამართლოს შეფასებები დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო კვლევების შედეგების სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით (ინდივიდუალურად და ერთობლიობაში) შეფასებიდან.

19. გასაზიარებელია ასევე სასამართლოს მსჯელობა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია სსკ-ის 180-ე მუხლის წინაპირობები და მოთხოვნა განხორციელებადია, არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების და მოსარჩელისათვის საფეხმავლო გზასთან ერთად საავტომობილო გზით სარგებლობის უფლების მინიჭების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება ნივთის ფუნქციას, რომელზეც განლაგებულია ნარგავები, მიიღება მოსავალი და მოსარჩელის ქონებით სრულფასოვნად სარგებლობის და მოსავლის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია საავტომობილო გზის არსებობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი როგორც საფეხმავლო, ისე საავტომობილო გზით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ.

20. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგან აუცილებელი გზის უფლების დადგენის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. მაგ., სუსგ №ას-367-2021, 15.10.2021წ.; №ას-45-2021, 22.04.2021წ.). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი -150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ნ. ი-ეს (პ/ნ: ---) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება №-, გადახდის თარიღი 08.12.2020წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე