საქმე №ას-1107-2021 28 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს-ვო კ-ია ე-ნს ჯ-ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჩ, ა. მ. (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.07.2021წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.09.2020 წლის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ისა და ა. მ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე" ან „დამზღვევი“, „მეორე მოსარჩელე“ ან „მესამე პირი“, ერთად - „მოსარჩელეები“) სარჩელი სს „ს-ვო კ-ია ე-ნს ჯ-ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მზღვეველი“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 800 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 29 988 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. 28.09.2019 წელს მოპასუხეს (მზღვეველი), პირველ მოსარჩელეს (დამზღვევი) და შპს „მ-ს“ (დაზღვეული/მოსარგებლე) შორის დაიდო ავტოტრანსპორტის და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაიზღვა ავტოსატრანსპორტო საშუალება „--- ---“, სახელმწიფო ნომრით ---(შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც „ავტომანქანა“ ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება“). სადაზღვევო თანხა შეადგენდა 3500 აშშ დოლარს. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტი შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს.
1.2. 18.10.2019 წელს 23:51 საათზე, ა-ის დასახლებაში, პირველი მოსარჩელე, რომელიც მართავდა დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, შეეჯახა მის წინ მიმავალ ავტომანქანას, რის გამოც დაჯარიმდა 250 ლარით.
1.3. 14.11.2019 წელს მზღვეველმა დამზღვევს აცნობა, რომ მისი ქმედებები არ შეესაბამებოდა დაზღვევის პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ამ ქმედებების შედეგად მიადგა ზიანი დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას და 18.10.2019 წელს მომხდარი შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
1.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.11.2019 წლის დასკვნის შესაბამისად, პირველი მოსარჩელის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
1.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ სადავო ავტოსაგზაო შეთხვევის დროს პირველი მოსარჩელის მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 829-ე მუხლზე (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) და განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ყოველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ შეიძლება ჩაითვალოს უხეშ დარღვევად. პირველი მოსარჩელე დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის გამო, რაც ითვალისწინებს, მძღოლის დაჯარიმებას მანევრირების წესების დაუცველობისას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ასევე ექსპერტისა და მოწმის ჩვენებების ანალიზის შედეგად, სასამართლო ვერ ადგენს უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კომპონენტს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა განაცხადა, რომ არ იყო მუხრუჭების და გზის დაზიანების კვალი. ექსპერტი საუბრობს ე.წ. „შეუსაბამო სიჩქარეზე“, თუმცა ამავე დროს ვერ ადგენს გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბების ფაქტს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სიჩქარის გადაჭარბება ვერ დასტურდება, შეუძლებელია დადგინდეს შეუსაბამო სიჩქარის არსებობის თაობაზე გარემოება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია მარშრუტის ურთულესი რელიეფი და განათების სიმცირე, რაც მძღოლის სასარგებლო გარემოებებია გაუფრთხილებლობის სახის განსაზღვრისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მოსარჩელის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ გამოიხატება უხეშ გაუფრთხილებლობაში, რადგან ცხადია, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას.
1.6. მოპასუხე ასევე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ დამზღვევმა დაარღვია დაზღვევის ხელშეკრულება და მესამე პირს წინასწარ შეუთანხმდა ზიანის ანაზღაურებაზე. საპატრულო პოლიციაში მიცემულ ახსნა-განმარტებაში პირველი მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მეორე მოსარჩელესთან შეთანხმდა ზარალის ანაზღაურებაზე. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული შეთანხმება უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პირებმა სადავო არ გახადეს და წინასწარ დაეთანხმნენ საპატრულო პოლიციის მიერ გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ხელშეკრულების მე-5 სექციის 9.1. მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც დაზარალებულმა განზრახ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც პირდაპირ კავშირშია სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან; დამზღვევმა, მზღვეველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე, გადაუხადა მესამე პირს კომპენსაცია ან აუნაზღაურა სასამართლო ან/და სასამართლოს გარეშე დაცვის ხარჯები. წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ პირველმა მოსარჩელემ მეორე მოსარჩელეს გადაუხადა რაიმე სახის კომპენსაცია. არ არსებობს ამ მიზეზით ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
1.7. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 799-ე, 814-ე მუხლებზე, ასევე სსკ-ის 839-843-ე მუხლებზე და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის უარი დამზღვევს და მესამე პირს აუნაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი.
1.8. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 408-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხეს ზიანის ოდენობა სადავო არ გაუხდია. სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი აქტებით, რომლითაც ჩატარდა ავტომობილების ინსპექტირება, ზიანის ოდენობისა და ნარჩენების ღირებულების დადგენა. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, …-… მარკის ავტომანქანისთვის (სახელმწიფო ნომრით ….) მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 29 988 ლარს, ხოლო ავტომანქანა „…- …“ (სახელმწიფო ნომრით: ….) შემოწმებისას დადგინდა, რომ დაზიანებული ავტომობილის ზიანის ხარისხიდან გამომდინარე, მისი აღდგენის ღირებულება აღემატება საბაზრო ღირებულების 70%-ს, შესაბამისად, ავტომობილის აღდგენა მიზანშეუწონელია და ის ითვლება განადგურებულად. მანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2800 აშშ დოლარს. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.07.2021 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ არ არსებობდა დამზღვევის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციის საფუძველი და მიიჩნია, რომ სასამართლომ მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე მუხლები (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში). რაც შეეხება მესამე პირის სარჩელს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა ეფუძნება სსკ-ის 839-ე (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო) და სსკ-ის 840-ე (მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას) მუხლებს.
9. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).
10. მოცემულ შემთხვევაში: მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად არის შესრულებული ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე; დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა დამზღვევის, მესამე პირის ავტომობილები.
11. მზღვეველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, ამასთან, სადაზღვევო პირობების დარღვევით, წინასწარ შეუთანხმდა მესამე პირს ზიანის ანაზღაურებაზე, რაც მას ანიჭებს უფლებას, უარი თქვას თანხის გადახდაზე.
12. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა. კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
13. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (სუსგ.Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).
14. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 18.10.2019 წელს 23:51 საათზე, … დასახლებაში, პირველი მოსარჩელე, რომელიც მართავდა დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, შეეჯახა მის წინ მიმავალ ავტომანქანას. დამზღვევი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის გამო, რაც ითვალისწინებს, მძღოლის დაჯარიმებას მანევრირების წესების დაუცველობისას. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ არ დასტურდება მძღოლის მხრიდან სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გასათვალისწინებელია მარშრუტის ურთულესი რელიეფი და განათების სიმცირეც, რაც მძღოლის სასარგებლო გარემოებებია გაუფრთხილებლობის სახეების გამიჯვნისას. პალატას მიაჩნია, რომ ამ ფაქტების ერთობლიობა იძლევა მძღოლის მოქმედების მარტივ, და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას.
15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამზღვევის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების კასატორისმიერი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსსაც, რადგანაც ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და მზღვეველმა არ აანაზღაუროს დამდგარი ზიანი (სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს (სუსგ Nას-1479-2019, 21.01.2020წ.).
17. რაც შეეხება მესამე პირის სარჩელს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ ზიანის დაზღვევის ხელშეკრულების ობიექტი შეიძლება იყოს არა მარტო დამზღვევის ქონება, არამედ დამზღვევის სამოქალაქო პასუხისმგებლობაც. დაზღვევის მოცემული სახის მიზანია, ერთი მხრივ, გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირისათვის (დაზარალებულისათვის) ზიანის მიყენების გამო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს თვით მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც დაზარალებულის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის საიმედო გარანტიას წარმოადგენს (იხ.მ. ცისკაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II, თბილისი, 2001, გვ. 161,162). მოპასუხე ზიანის ანაზღაურებაზე უარს ასევე აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ დამზღვევმა დაარღვია ხელშეკრულება და წინასწარ შეუთანხმდა მესამე პირს ზიანის ანაზღაურებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას, რომ საპატრულო პოლიციისთვის მიცემული ახსნა-განმარტება, სადაც დამზღვევი მიუთითებს, რომ შეუთანხმდა მეორე მოსარჩელეს ზარალის ანაზღაურებაზე, უნდა განიმარტოს იმგავრად, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პირებმა სადავო არ გახადეს და დაეთანხმნენ საპატრულო პოლიციის მიერ გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ პირველ მოსარჩელეს მეორე მოსარჩელისთვის რაიმე სახის კომპენსაცია არ გადაუხდია. ამდენად, მეორე მოსარჩელე უფლებამოსილია სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში მზღვეველს მოსთხოვოს ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანი და არ არსებობს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1934.8 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1354.36 ლარი .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს-ვო კ-ია ე-ნს ჯ-იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს „ს-ვო კ-ია ე-ნს ჯ-იას“ (ს/ნ: …..) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, საერთო ჯამში 1934.8 ლარის (საგადახდო დავალება №., გადახდის თარიღი 02.09.2021წ., გადახდილი თანხა - 1901.2 ლარი; საგადახდო დავალება №., გადახდის თარიღი 05.11.2021წ., გადახდილი თანხა - 33.6 ლარი) 70% – 1354.36 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი ….
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია