Facebook Twitter

საქმე№ა-718-შ-15-2021 31 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

გიორგი მიქაუტაძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ერთობლივი საწარმოს ფორმით „C-N B-T”

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „-.-. ტ-ლ“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უზბეკეთის რესპუბლიკის, … ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 24.07.2019წ. N.-..-…/… გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უზბეკეთის რესპუბლიკის, … ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 24.07.2019წ. N.-..-…/… გადაწყვეტილებით (შემდგომში "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ერთობლივი საწარმოს ფორმით „C-N B-T”-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ „შუამდგომლობის ავტორი“) სარჩელი შპს „-.-.ტ-ლ“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 54 353.37 აშშ დოლარი, საურავი 5435.37 აშშ დოლარი, აგრეთვე საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლოს ხარჯები 5 092 000 სუმის, ხოლო საფოსტო ხარჯები 16 218 სუმის ოდენობით.

2. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უზბეკეთის რესპუბლიკის, … ოლქის ეკონომიკური სასამართლოს მიერ 26.08.2019წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად. განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს საქმის მასალებში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ….-…. რაიონი, … დასახლება მე-.. მ/რ, მე-.კვარტალი, კორპუსი .., ბინა ..). ზემოაღნიშნული განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ჰქონდა შუამდგომლობაზე აზრის გამოთქმის უფლება, აგრეთვე, შეეძლო საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

5. მოწინააღმდეგე მხარის დირექტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: უზბეკეთის რესპუბლიკის, … ოლქის ეკონომიკურ სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა, შესაბამისად, ვერ მოახერხა სასამართლოში პოზიციის დაფიქსირება, რის გამოც დაირღვა მისი უფლებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამართლებრივად შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე უზბეკეთის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განსახილველად დანიშნა სხდომა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობის, თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში მინსკის კონვენცია) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

9. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება. იმავე შინაარსის ნორმას შეიცავს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

11. შესაბამისად, როგორც ზემოაღნიშნული კონვენცია, ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობას (საქმე №ა-…..-2021, 20 მაისი, 2021 წელი; საქმე №ა-…-შ-..-2021, 18 თებერვალი, 2022 წელი).

12. მოცემულ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო დადგენილი წესით სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, მიუხედავად ამისა, მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. ამდენად, მხოლოდ მოსარჩელის მონაწილეობის საფუძლებზე მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

13. საქმის მასალებში წარმოდგენილია უზბეკეთის რესპუბლიკის, … ოლქის ეკონომიკური სასამართლოს წერილი გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევის საკითხზე, რომელშიც მითითებულია, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით (ეკონომიკური საპროცესო კოდექსის მუხ.128), უწყების იურიდიული პირის ადგილსამყოფელის, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის უკანასკნელ ცნობილ მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში უწყება მიიჩნევა ჩაბარებულად მაშინაც, თუ ჩაბარება ვერ მოხდება მითითებულ მისამართზე ადრესატის არყოფნის გამო, რის თაობაზეც ინფორმირებული უნდა იყოს სასამართლო (იხ.: ს.ფ. ..). ახსნა-განმარტებას ერთვის გზავნილის ასლი, რომლითაც ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ მოწინააღმდეგე მხარისთვის უწყება გაგზავნილია შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ….-…რაიონი, .., მე-.. მ/რ, .., .. ბინა, ჩაუბარებლობის მიზეზად კი მითითებულია "არასრული მისამართი" (იხ.: ს.ფ. ..).

14. საქმის მასალებში წარმოდგენილია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარის იურიდიულ მისამართად მითითებულია: საქართველო, ქ. თბილისი, …-… რაიონი, … დასახლება, მე-..მ/რ, მე. კვარტალი, კორპუსი .., ბინა …(იხ.: ს.ფ….). ამდენად, დგინდება, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის, … ოლქის ეკონომიკური სასამართლოს გზავნილი მოპასუხეს მართებულ მისამართზე არ გაგზავნია (გზავნილზე აღნიშნული მისამართი შეიცავს უზუსტობას, არასრულია).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ინფორმირებული არ იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, რაც მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარის, მოცემულ შემთხვევაში, უზბეკეთის რესპუბლიკის … ოლქის ეკონომიკური სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხილეთ, რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014).

17. თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხილეთ „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015; „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (GAKHARIA v. GEORGIA) (განაცხადი N 30459/13), 17.01.2017წ. გადაწყვეტილება, 33).

18. სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეთა ავტონომიურობასა და თვითპასუხისმგებლობას განსაზღვრავს, რომელიც რაიმე ფორმით, მათ შორის, საქმის განხილვაზე მიუწვევლობით არ შეიძლება შეეზღუდოთ სამართალწარმოებაში მონაწილე სუბიექტებს.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, ეწინააღმდეგება ასევე საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, რადგან საქმის ამგვარი წესით განხილვა ეწინააღმდეგება მოპასუხის უფლებას თავისი ნების თავისუფალი გამოვლენით შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა სასამართლოში საქმის განხილვისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ერთობლივი საწარმოს ფორმით „C-N B-T”-ის შუამდგომლობა უზბეკეთის რესპუბლიკის, …. ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 24.07.2019წ. N.-..-…/… გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია