საქმე №ას-1351-2021 8 აპრილი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ-ის რ-ის ..-. ბ-ოს ჯ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.გ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ. გ-მა (შემდეგში წოდებული, როგორც "მოსარჩელე", "მოწინააღმდეგე" მხარედ) შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ის“ (შემდგომში წოდებული, როგორც "მოპასუხე", "კასატორ" მხარედ) წინააღმდეგ ხ-ის რაიონულ სასამართლოში სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოპასუხისთვის მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 42 748 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვისათვის გადახდილი 1000 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 300 ლარის, დაკისრება მოითხოვა.
2. ხ-ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ზ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ჩ-ის რ-ის ..-. ბ-ოს ჯ-ფს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელ სახლზე მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად - 38 000 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვისათვის გადახდილი - 1000 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
3. საქმის ხელახლა განხილვის შედეგად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, ზ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ფს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელ სახლზე მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად - 42 748 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვისათვის გადახდილი - 1000 ლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 1886 ლარის გადახდის ვალდებულება.
4. ხ-ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-მა“ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ (16 207,52 ლარის ნაწილში) დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელ სახლზე მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად - 38 000 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვისათვის გადახდილი - 810 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 243 ლარის გადახდის ვალდებულება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებისას დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო:
- მოპასუხე შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ფი“ ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენებოდა მიწისქვეშა აფეთქებები;
- მოსარჩელე ზ. გ-ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში;
- ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში მდებარე ზ. გ-ის, საცხოვრებელი სახლი მოპასუხე შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ის“ მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების პროცესში განხორციელებული სისტემატიური, გარკვეული სიხშირით წარმოებული, მიწიქვეშა აფეთქებების შედეგად დაზიანდა და იგი აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს საჭიროებს;
- ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში მდებარე მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის ხარჯების შესახებ ინდმეწარმე „ზ. გ-ძის“ მიერ 2017 და 2018 წელს შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც მოიცავს შენობის შიდა მოპირკეთების, რეაბილიტაცია-გამაგრებისა და საძირკვლის ფუძე-გრუნტების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს, შეადგინა 16 207.52 ლარი, ხოლო 2018 წლის მეორე კვარტლის (დამატებითი) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ამავე შენობის მთელ შიდა ფართზე და გარე პერიმეტრზე რკინა-ბეტონის ფილის მოწყობის და შენობის გარე პერიმეტრზე ფოლადის სარტყელის მოწყობის ღირებულება განისაზღვრა 26 541,90 ლარით, რაც მთლიანობაში შეადგენდა 42 749.42 ლარს (ტომი I, ს.ფ……, ტომი II, ს.ფ. ..-..).
აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი გამოიყენა და დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ, 38 000 ლარის ნაწილში, იყო დასაბუთებული. ამავე გადაწყვეტილებით პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარეს ხ-ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელ ნაწილში სადავოდ არ გაუხდია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პარაგრაფი), საპროცესო კანონმდებლობით მიიჩნევა, რომ მან დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში უარი განაცხადა მისთვის მინიჭებული, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების რეალიზებაზე და შესაბამისად, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილშიც, რაც საქმის ხელახალი განხილვის პროცესში ზღუდავს მის უფლებას, პრეტენზია განაცხადოს სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გასცდენოდა მოპასუხის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებს და თავდაპირველი გადაწყვეტილება მოპასუხის საუარესოდ შეეცვალა, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ხ-ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ 38 000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში, საქმის ხელახლა განხილვის შედეგად სასამართლო მოსარჩელეს 38 000 ლარზე მეტს ვეღარ მიაკუთვნებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედმეტად დაკისრებული 4 748 ლარის ნაწილში შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი გასაზიარებელი იყო და ამ ნაწილში არსებობდა ხ-ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური საფუძველი, რის შედეგადაც სააპელაციო პალატამ მოპასუხისთვის დასაკისრებელ მატერიალური ზიანის ოდენობად განსაზღვრა 38 000 ლარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება შემდეგი არგუმენტაციით:
კასატორის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომლითაც დგინდებოდა, რომ საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო იყო 16 207,52 ლარი. ამასთან, კასატორის მტკიცებით ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებას დაუდო საფუძვლად, ექსპერტს არ განუსაზღვრავს, სახლზე არსებული დაზიანებებიდან კონკრეტულად რომელი იყო კასატორი კომპანიის მხრიდან მიყენებული და რომელი არა, ასევე, არ შეუფასებია არსებული დაზიანებები სრულად იყო, თუ არა, კომპანიის მიერ მიყენებული. საქმეში კასატორის მიერ წარდგენილი ზ. გ-ის მიერ შედგენილი მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით კი, რომელიც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, დათვლილი და შეფასებული იყო საცხოვრებელ სახლზე გასაწევი ყველა სამუშაოს ღირებულება, კერძოდ: შენობის საძირკვლის გამაგრება, შიგა და გარე კედლების ლესვა, ბეტონის იატაკებისა და კერამიკული ფილების კედლებზე გაკვრა, ახალი სახურავის მოწყობა და მრავალი ისეთი სამუშაო, რაც ბუნებრივი ცვეთის შედეგად იყო გამოწვეული, თუმცა მიუხედავად ასეთი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებისა, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არ აღემატებოდა 16 207,52 ლარს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კასატორი ეწინააღმდეგება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას და მის შედეგად გამოანგარიშებულ ზიანის ღირებულებას, რომელიც სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით შეფასდა 38 000 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საკასაციო საჩივარი, 2022 წლის 20 იანვარს, წარმოებაში მიიღო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგი დასაბუთებით:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია.
10. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლომ, მტკიცებულებათა არასწორი შეფასების შედეგად, განსაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ოდენობა.
განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება). შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა: საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; №ას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
11. საკასაციო პალატა კასატორის მითითებებს ვერ გაიზიარებს და, უპირველესად, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელნი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპი თავისებურად აისახა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არაერთ სხვა ნორმაში.
მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
12. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომელშიც სასამართლო უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
13. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელით, მოპასუხისთვის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული დაზიანების გამო მოითხოვა, მატერიალური ზიანის - 42 748 ლარის, დაკისრება. მოთხოვნის დასაბუთებულობის დასამტკიცებლად კი, სასამართლოს წინაშე წარმოადგინა სხვადასხვა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, სარჩელზე დართული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 სექტემბრის N …. დასკვნით დადგენილია, რომ ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში მდებარე ზ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული ბზარების გახსნილობა პროგრესირებს, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე განვითარებული დაზიანებები მე-3 ხარისხისაა, ბზარების გახსნილობის მიხედვით შენობის შემდგომი ექსპლოატაცია საფრთხის შემცველია და აუცილებელია საცხოვრებელ სახლზე ჩატარდეს აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები, შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ექვსი პირის, მათ შორის მოსარჩელის, მიმართვის საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2013 წელს პირველი დასკვნა გასცა, სადაც თითოეული საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი განისაზღვრა და დადგინდა, რომ სახლების დაზიანება გამოწვეული იყო სოფ. ქ-ში N..სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებით, ამ დასკვნას ექსპერტი 2019 წლის განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნითაც სრულად ეთანხმება (ტომი I, ს.ფ…-..).
--. ასევე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ა-ტ-ე-ოს“ 2017 წლის დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების (აღუდგენადი ფიზიკური ცვეთის) საბაზრო ღირებულებამ 2017 წლის 28 მაისის მონაცემით შეადგინა 31 085 აშშ დოლარი, ანუ 75 139 ლარი (ტომი I, ს.ფ. ..-..
15.მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების ნაწილობრივ გამომრიცხველ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის სახლი სრულად კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად არ დაზიანებულა, არამედ მის ქმედებას მიზეზობრივად უკავშირდება მხოლოდ ის დაზიანებები, რომელთა აღდგენითი სამუშაოების ღირებულებაც შეადგენს 16 207 ლარს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოპასუხემ წარმოადგინა ინდ. მეწარმე ზ. გ.ის მიერ 2017 წელს შედგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, სადავო შენობის შიდამოპირკეთების, რეაბილიტაცია-გამაგრებისა და საძირკვლის ფუძე-გრუნტების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების ღირებულება 16 207.52 ლარს შეადგენდა (ტომი I, ს.ფ. …-…), თუმცა აღნიშნული მტკიცებულებიდან არ დგინდებოდა, თუ რა გამოკვლევის საფუძველზე მიიჩნევდა კომპანია მხოლოდ ხარჯთაღრიცხვაში არსებული დაზიანებების მიმართ თავს ვალდებულად, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილ სხვა დაზიანების მიყენებაში საკუთარ ბრალეულობას რა მოტივით გამორიცხავდა.
16.ხ-ის რაიონულ სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვის ეტაპზე, მოპასუხემ დამატებით წარადგინა ინდ. მეწარმე ზ. გ-ის მიერ 2018 წელს შედგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც სადავო საცხოვრებელი შენობის მთელ შიდა ფართზე და გარე პერიმეტრზე რკინა-ბეტონის ფილის მოწყობის და შენობის გარე პერიმეტრზე ფოლადის სარტყელის მოწყობის ღირებულებას აფასებდა 26 541,90 ლარით.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში არ არსებობს წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რომელიც საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანების ღირებულებას სხვაგვარად გამოთვლიდა. როგორც აღინიშნა, მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლოს როლი მხარეთა შეჯიბრებითობის დაცვით წამოდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევითა და მათი შეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანაში მდგომარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ თავად კასატორის მიერ წარმოდგენილი ორი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციით, კერძოდ, 2017 წლის პირველი კვარტლის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტით, რომელიც მოიცავს შენობის შიდამოპირკეთების, რეაბილიტაცია-გამაგრებისა და საძირკვლის ფუძე-გრუნტების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს, და მათ ღირებულებას 16 207.52 ლარით განსაზღვრავს, ასევე, 2018 წლის მეორე კვარტლის (დამატებითი) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, რომლითაც ამავე შენობის მთელ შიდა ფართზე და გარე პერიმეტრზე რკინა-ბეტონის ფილის მოწყობისა და შენობის გარე პერიმეტრზე ფოლადის სარტყელის მოწყობის ღირებულებას 26 541,90 ლარით აფასებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაჯამა ეს ორი მტკიცებულება და საერთო ზიანის ოდენობად სწორად დაადგინა 42 749.42 ლარი.
17. აღნიშნული დასკვნის სისწორეს ასევე, ამყარებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი მ. ბ-ის ჩვენებაც, რომელიც სადავო საცხოვრებელი სახლის ორივე შეფასების პროცესში იღებდა მონაწილეობას. მ. ბ-ის ჩვენებით დადგინდა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში შენობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შენარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ, პირველი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტით დადგენილი სამუშაოების ღირებულების გარდა დამატებით შეადგინა 26 541,90 ლარი. მანვე აჩვენა, რომ შენობის მთელ შიდა ფართზე და გარე პერიმეტრზე საჭიროა მოეწყოს რკინა-ბეტონის ფილა და შენობას გარე პერიმეტრზე +5,30 მ. ნიშნულზე გაკეთდეს ფოლადის სარტყელი. მოწმემ დაადასტურა პროექტში მოცემული რკიბეტონის ფილისა და ფოლადის სარტყელის მოწყობისათვის საჭირო მასალების სპეციფიკაციის და შესაბამისი ნახაზების სისწორე, რომ მათ მიერ შედგენილი 2017 წლის და 2018 წლის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები ავსებს ერთმანეთს, რამეთუ პირველი მათგანი ასახავს შენობის შიდა მოპირკეთების რეაბილიტაცია-გამაგრების და საძირკვლის ფუძე გრუნტების გამაგრების სამუშაოებს, ხოლო 2018 წლის დოკუმენტაცია - შენობის შიდა ფართზე და გარე პერიმეტრზე რკინა-ბეტონის ფილის მოწყობის და გარე პერიმეტრზე ფოლადის სარტყელის მოწყობის სამუშაოებს. ასევე მანვე დაადასტურა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად და საველე საკვლევ-საძიებო მასალების საფუძველზე (იხ. ტომი II, ს.ფ. ..-..).
18. აღნიშნული მტკიცებულებების მიუხედავად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ, არ იყო უფლებამოსილი, გასცდენოდა მოპასუხის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებს და თავდაპირველი გადაწყვეტილება მოპასუხის საუარესოდ შეეცვალა, ამიტომ, საქმის ხელახლა განხილვის შედეგად სასამართლო მოსარჩელეს ვეღარ მიაკუთვნებდა 38 000 ლარზე მეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ს“, მიუხედავად ხარჯთაღრიცხვებით დადასტურებული ზიანის ოდენობისა, 38 000 ლარზე მეტი ვერ დაეკისრებოდა.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ასანაზღაურებელი მატერიალური ზიანის ოდენობად სააპელაციო სასამართლოს მიერ 38 000 ლარი მართებულად განისაზღვრა.
20. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ვერ დგინდებოდა კომპანიის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ზუსტი და სწორი მიზეზობრივი კავშირი, რადგან არცერთი დოკუმენტი არ განსაზღვრავდა, თუ სახლზე არსებული რომელი დაზიანება იყო აფეთქებების შედეგად გამოწვეული, გაზიარებული ვერ იქნება.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელი იყო კომპანიას მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა გამოეკვლია, დაზიანებები დაეფიქსირებინა და მშენებლობის პროცესის ტექნიკური მონიტორინგი განეხორციელებინა. ამიტომ, პალატა მოპასუხე ორგანიზაციას განუმარტავს, რომ ვიდრე იგი მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, მას უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, მშენებლობით მიყენებული ზიანი, საქმის მასალებით კი არ დასტურდება მსგავსი კვლევის ჩატარების ფაქტი. ყოველივე ეს მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით ან/და ზოგადი ხასიათის ზეპირი შედავებით შევსებული ვერ იქნება. აღნიშნული რელევანტურია მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკნაში ექსპერტი ცალსახად და იმპერატიულად ადასტურებს, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე მიყენებული დაზიანებები გამოწვეულია მოპასუხის მიერ, რკინიგზის მოწყობის სამუშაოების დროს წარმოებული აფეთქებების შედეგად.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გამოვლენილია კასატორის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა სარჩელით მოთხოვნილი 42 748 ლარიდან 38 000 ლარი.
23. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;სsაკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა: №ას-280-280-2018, 2019 წლის 31 მაისის №ას-482-2019, 2020 წლის 24 ივნისის №ას-204-2020, Nას-105.2021, 02.04.2021წ; Nას-346-2020, 19.02.2021წ; Nას-508-2019, 30.03.2020წ; Nას-1765-2019, 23.07.2020წ, №ას-1052-2019, 20 დეკემბერი, ას-487-2019, 27 დეკემბერი).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1089,62 ლარის 70% - 762,73 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ს ჯ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1089,62 ლარის (საგადასახადო დავალება №…, გადახდის თარიღი 30/12/2021) 70% - 762,73 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …., მიმღების ანგარიშის №…., სახაზინო კოდი….;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე