საქმე №ას-544-2022 17 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ბ. ხ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „….. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქ-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „… ბ-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ხ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ. ასევე, მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთს და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. მოპასუხის მითითებით, არ ფლობს, არ განკარგავს და არც სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიქმნება აღსრულების პრობლემა, ვინაიდან უძრავი ქონება დაკავებულია თავდაპირველი მესაკუთრის მიერ, ასევე, ფართში არსებული ნივთები წარმოადგენს მესამე პირთა საკუთრებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, ასევე, დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 17 იანვარს ნ. შ-ეს (შემდგომ - თავდაპირველი მესაკუთრე) და მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ შეიძინა სადავო უძრავი ქონება.
8. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე 2018 წლის 19 აპრილის N---- განკარგულების საფუძველზე მოსარჩელეა.
9. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოცემული დავის ფარგლებში ქ-ის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 4 დეკემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2019 წლის 26 დეკემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეს პირადად ჩაბარდა სადავო უძრავი ქონების მისამართზე, რის შემდგომაც მან წარმოადგინა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, სადაც მიუთითა, რომ არ ფლობდა სადავო ქონებას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე და 172-ე მუხლებში.
12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხე ფლობს თუ არა მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, გააჩნია თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.
13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ იგი სადავო უძრავ ქონებას არ ფლობს. როგორც საქმეში განთავსებული საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა და პირველი ინსტანციის სასამართლომაც აღნიშნა, რომ მოპასუხემ სასამართლო გზავნილი ჩაიბარა სადავო მისამართზე. მართალია, მოპასუხემ (აპელანტმა) პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით განახორციელა შედავება და მიუთითა, რომ არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, რომ გზავნილი საფოსტო განყოფილებაში ჩაიბარა, თუმცა მისი მითითების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც სადავო გახადა მოსარჩელე მხარემ.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა- განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ) 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. უნდა აღინიშნოს, რომ აპელანტმა 2022 წლის 14 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ახალი მტკიცებულება - სს „ს-ს ფ-ის“ წერილი „ინფორმაცია საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ“, სადაც აღნიშნულია, რომ გზავნილი გატანილია ადრესატის მიერ საფოსტო სერვისცენტრიდან, თუმცა გზავნილის გატანამდე ადრესატის მისამართზე ვიზიტი განხორციელდა ორჯერ, საიდანაც გზავნილი დაბრუნდა სტატუსით „არავინ დამხვდა მისამართზე“, კურიერის კომენტარით: „დავტოვე შეტყობინება ლურჯ კარზე“. აპელანტის მითითებით, აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა არა სადავო მისამართზე, არამედ საფოსტო დაწესებულებაში, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასება არ მისცა.
15. სსსკ-ის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულება წარმოადგინა, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას არ წარუდგენია და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზზე მიუთითებია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება დაუშვებელია და სასამართლო ვერ შეაფასებს.
16. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვითაც, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მისი მხრიდან მართლზომიერი ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელს არ წარმოადგენს და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნია. ის ფაქტი, რომ აპელანტი წარმოადგენდა სადავო ქონების ადრინდელ მოსარგებლეს, ვერ აქცევს მას სსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელად, ვინაიდან ამ ქონებაზე უფლება სამართლებრივად დაკარგული აქვს. ამავე კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
18. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის მხრიდან ფლობის ფაქტი, რაც დადასტურებულად ჩათვალა სამოქალაქო საქმეში არსებული მტკიცებულებით - 2019 წლის 26 დეკემბრის ჩაბარების დასტურით.
19. კასატორის განმარტებით, 2022 წლის 14 თებერვალს, აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა 2021 წლის 15 ნოემბრის NPOST ----ინფორმაცია საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ #.---- გზავნილი გაიგზავნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 20 დეკემბერს, ადრესატს წარმოადგენდა მოპასუხე, ხოლო ადრესატის მისამართი კი, ქ. ქ-სი, …. ქ. N-/ … ქ. N.., ნაკვეთი. მოწოდებული ინფორმაციით, გზავნილი ადრესატმა ჩაიბარა 2019 წლის 26 დეკემბერს, 16:00:59 საათზე და მისი გატანა ადრესატის მიერ მოხდა … საფოსტო სერვისცენტრიდან. გზავნილის გატანამდე, ადრესატის მისამართზე ვიზიტი განხორციელდა ორჯერ, კერძოდ: 2019 წლის 21 დეკემბერს და 2019 წლის 24 დეკემბერს. გზავნილი დაბრუნდა სერვისცენტრში სტატუსით: „არავინ დამხვდა მისამართზე“. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მტკიცებულება არ შეაფასა და მიიჩნია დაუშვებლად.
20. კასატორის მოსაზრებით, არასწორია ინფორმაცია, რომელიც სასამართლომ საკითხის შესაფასებლად გამოიყენა, თითქოსდა ზემოაღნიშნული საკითხის ირგვლივ საუბარი იყო ან შესაგებელში, ან მოსამზადებელ ან მთავარ სხდომაზე. გარდა ამისა, 2019 წლის 26 დეკემბრის ჩაბარების დასტურს მხარე შინაარსობრივად და თავისთავად საერთოდ არ იცნობდა, საწინააღმდეგო დოკუმენტაციის წარდგენის საჭიროებაც არ დამდგარა. თავის მხრივ, არც მოსარჩელე მხარეს გამოუყენებია ჩაბარების დასტური სასარჩელო მოთხოვნების გასამყარებლად და მოპასუხის მიერ უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ზემოაღნიშნულ ჩაბარების დასტურსა და მის შინაარსზე კასატორმა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებიდან შეიტყო, რაც გახდა შესაბამისი მტკიცებულებების მოძიებისა და სასამართლოსთვის მიწოდების საფუძველი.
21. კასატორმა მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გადაანაწილეს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის, ვინაიდან ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგნაირად: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება. მოსარჩელეს არ წარუდგენია მოპასუხოს მიერ უძრავი ქონების ფლობის დამდგენი რაიმე მტკიცებულება ისევე, როგორც არ მიუთითებია, თუნდაც 2019 წლის 26 დეკემბრის ჩაბარების დასტურზე.
22. კასატორის მოსაზრებით, სხვა პირთა მიერ უძრავი ქონების ფლობის ფაქტს ადასტურებს თუნდაც ის მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს წარედგინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნისას. გზავნილი (სარჩელი და თანდართული დოკუმენტები) ჩაიბარა სადავო უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრის ნათესავმა.
23. სააპელაციო სასამართლომ არც 2021 წლის 11 ოქტომბრის დასტური გაითვალისწინა, სადაც სადავო უძრავი ქონების მისამართზე მცხოვრები მეზობლები ადასტურებენ უძრავი ქონების მისამართზე სხვა პირთა ცხოვრების ფაქტს (ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია სანოტარო წესით), ისევე, როგორც მიუხედავად სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებითი შუამდგომლობისა ხელმომწერი პირების მოწმედ გამოკითხვის თაობაზე (რადგან არ გაიზიარა პირველმა ინსტანციამ), ეს უკანასკნელი არ განხილულა და არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს.
24. კასატორის მითითებით, საყურადღებოა მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა წერილობითი კორესპონდენციები შემდეგ მისამართზე: ქ. ქ-ი, პ. ი…..ს ქ. N.., რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ თავად მოსარჩელეც აღნიშნულ მისამართს მიიჩნევს სწორად მოპასუხესთან სამართლებრივი ურთიერთობისათვის და საკომუნიკაციოდ.
25. კასატორმა იშუამდგომლა, დასაშვებად იქნეს მიჩნეული და სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასდეს სააპელაციო საჩივარზე თანდართული „სქრინშოთი“ „ს-ს ფ-ის“ ვებგვერდიდან გზავნილის მოძრაობის შესახებ, აგრეთვე კონვერტი, რომლითაც გამოიგზავნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2021 წლის 11 ნოემბრის საფოსტო ამონაწერი და 2021 წლის 15 ნოემბრის N … ინფორმაცია საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ, რომელიც სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2022 წლის 14 თებერვალს. ასევე, დასაშვებად იქნეს მიჩნეული და სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასდეს საკასაციო საჩივარზე დართული 2022 წლის 28 აპრილის ამონაწერი „ს-ს ფ-ან“ (N - QQ …..) და საპატიოდ ჩაითვალოს ამჟამინდელი მდგომარეობით ამ გზავნილით მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა სასამართლოში.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
27. 2022 წლის 24 მაისს კასატორმა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს დამატებით ახალი მტკიცებულების - ს-ს ფ-ის 2022 წლის 2 მაისის საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ ინფორმაციის საქმეზე დართვის შესახებ. ასევე, მხარემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარზე დართული ახალი მტკიცებულების დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
30. 2017 წლის 17 იანვარს თავდაპირველ მესაკუთრესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ შეიძინა სადავო უძრავი ქონება.
31. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე 2018 წლის 19 აპრილის N--- განკარგულების საფუძველზე არის მოსარჩელე.
32. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოცემული დავის ფარგლებში ქ-ის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 4 დეკემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
33. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2019 წლის 26 დეკემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეს პირადად ჩაბარდა სადავო უძრავი ქონების მისამართზე, რის შემდგომაც მან წარმოადგინა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, სადაც მიუთითა, რომ სადავო ქონებას არ ფლობდა.
34. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არ მიიღო მოპასუხის მიერ მითითებული წერილობითი მასალები, ასევე, არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და საბოლოოდ, კანონდარღვევით დაადგინა, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ნივთის მფლობელია.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).
37. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
38. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
39. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
41. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
42. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
43. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუს 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ. საქმე №ას-1274-2020, 31.01.2020წ. საქმე №ას-434-2019 №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება).
44. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხება მოსარჩელე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
46. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
47. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
48. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. (შდრ: სუსგ: №ას-33-2012, 11 მარტი, 2021წ.; №ას-363-2020, 25 თებერვალი, 2021წ.; №ას-1579-2019, 17 დეკემბერი, 2019წ.).
49. საკასაციო საჩივრით მოპასუხემ სადავოდ გახადა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ნივთი მის მფლობელობაშია.
50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების ცნება, თავისი იურიდიული ბუნებით, მოიცავს ქონების ფლობისა და სარგებლობის უფლებას. შესაბამისად, როდესაც მესაკუთრე აპელირებს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სხვის მფლობელობაში ყოფნის ფაქტზე, მან სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს თავისი პოზიცია, რაც მოცემულ საქმეში მოპასუხემ სათანადოდ ვერ განახორციელა.
51. სააპელაციო პალატამ მოპასუხის არგუმენტის საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ მან სასამართლო გზავნილი სადავო მისამართზე ჩაიბარა. შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხის განმარტება შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე, რომ სადავო მისამართზე არ ცხოვრობს და გზავნილი რეალურად საფოსტო განყოფილებაში ჩაიბარა, აღნიშნული ფაქტის სარწმუნო მტკიცებულებად ვერ შეფასდა, რადგან რაიმე წერილობითი დოკუმენტით გამყარებული არ ყოფილა.
52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის ზემოთ მითითებული დასაბუთება კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით ვერ გააქარწყლა, ვინაიდან მისი არგუმენტები ეფუძნება მტკიცებულებებს, რომლებიც მან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით წარადგინა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 380-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მათზე მართებულად არ იმსჯელა.
53. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ, ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია.
55. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ახალი მტკიცებულება დაიშვება მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ დადასტურდება საპატიო მიზეზი, რის გამოც იგი მხარემ პირველი ინსტანციის წესით განხილვისას ვერ წარადგინა. ასეთ გარემოების არსებობა კი მოპასუხემ ვერ დაადასტურა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
56. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
57. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
58. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
59. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
61. კასატორს მის მიერ ერთ ფურცლად საკასაციო საჩივარზე დართული, ასევე 2022 წლის 24 მაისის განცხადებაზე დართული მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს.
62. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი/მ მ.ლ-ის მიერ 2022 წლის 28 აპრილს №. საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარისა და 2022 წლის 13 მაისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარის, სულ - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ბ. ხ-ეს (პირადი №….) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი/მ მ. ლ-ის მიერ 2022 წლის 28 აპრილს №. საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარისა და 2022 წლის 13 მაისს №..საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარის, სულ - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. კასატორის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს და დაუბრუნდეს მის მიერ ერთ ფურცლად საკასაციო საჩივარზე დართული, ასევე 2022 წლის 24 მაისის განცხადებაზე დართული მტკიცებულებები.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე