27 აპრილი 2022 წელი
№ას-1005-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ. ფ.
მოწინააღმდეგე მხარე - კ. კ.
მოპასუხეები - თ. ლ, თ. მ.
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კ. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 50000 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
2. მ.ფ-ემ და თ. მ-მა სარჩელი არ ცნეს. ხოლო თ. ლ-ეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 50000 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრათ.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ფ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით:
5.1. მოსარჩელესა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის 2016 წლის 6 ივნისს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ შ.პ.ს. „ს-სო კ-ია ს-ოს“ სესხის სახით გადასცა 50 000 აშშ დოლარი, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი - წლიური 25%, ხელშეკრულება დაიდო 4 თვის ვადით.
5.2. შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხა მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია.
5.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, დგინდებოდა, რომ შ.პ.ს. „ს-ო კ-ნია ს-ო“ რეგისტრირებულ იქნა 20… წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებელი თ. მ. იყო, ხოლო დირექტორის პოზიციას თ. ლ-ძე იკავებდა, თუმცა, შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ საქმიანობას, ფაქტობრივად, სრულად წარმართავდა თ. მ-ის მეუღლე - მ. ფ-ძე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც, არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ მოქალაქეებისაგან ჯამურად, სესხის სახით, აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ დირექტორმა - თ. ლ-ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ. ფ.ის წაქეზებითა და თ. მ-ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, სესხები გასცა, როგორც თავად მ. ფ-ის სახელზე, ისე, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით მ. ფ-ზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შ.პ.ს. „გ-ზე“- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაბრუნებულა და მ. ფ-ემ პირადი შეხედულებისამებრ გამოიყენა. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
5.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა) და სასჯელის სახედ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა ვადით.
5.5. ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლოს საქმეზე მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად.
5.6. შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, სწორედ, მოპასუხე ფიზიკური პირების, მათ შორის მ. ფ-ის დანაშაულებრივი ქმედების გამო. შესაბამისად, მოსარჩელეს არ დაბრუნებია სესხის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიისთვის გადაცემული 50 000 აშშ დოლარი, რაც დამნაშავედ ცნობილი პირების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ იქნა გაფლანგული, რითაც მოსარჩელეს მიადგა მითითებული ოდენობის მატერიალური ზიანი. აღნიშნული გარემოებების უარმყოფელი მტკიცებულებები მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
5.7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველ რიგში უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით).
5.8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების (სესხის ხელშეკრულება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი) საფუძველზე, უდავოდ დადგენილი გარემოება იყო, რომ მოპასუხეების დანაშაულებრივი (მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული) ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე განსახილველ საქმეში ითხოვს.
5.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის (დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება) სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 998.1 (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები) მუხლები წარმოადგენს.
5.10. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
5.11. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
5.12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით ერთმანეთისაგან არის გამიჯნული ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი და დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოება. კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით შემჭიდროვებულ ვადებში, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე.
5.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე დასართავ მტკიცებულებათა წრეს, კერძოდ, სარჩელი უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულს შეიძლება მოიცავდეს თვით განაჩენი ან კიდევ, შესაძლებელია, მითითებული მტკიცებულების დამოუკიდებლად შექმნა და სარჩელზე დართვა. რაც შეეხება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლს, აღნიშნული ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. „საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (საპროცესო კოდექსის 30917მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-937-888-2012, 13 დეკემბერი, 2012).
5.14. ამდენად, ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად კანონმდებელი დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს განაჩენს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მართებულად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, იგი სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსამარჩელემ უნდა წარადგინოს. თავის მხრივ, სასამართლო წარდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.
5.15. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეების მხრიდან კონკრეტული დანაშაულის ჩადენა სათანადო მტკიცებულებით (კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი) დასტურდებოდა, შესაბამისად, მათ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.
5.16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენის თანახმად, მართალია, ოფიციალურად მ. ფ-ეს ს-ო კ-ში არ გააჩნდა რაიმე სახის წილი და არ იყო კომპანიის თანამშრომელი, მაგრამ რეალურად ის იყო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მ. ფ-ეს შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ში“ დაკავებული არ ჰქონდა რაიმე თანამდებობა არ ქმნიდა საფუძველს, რომ საქმე განხილულიყო სხვა სამართლებრივი საფუძვლით და არა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის გამოყენებით.
5.17. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო პალატის განმარტებაზე მიუთითა, რომლის თანახმად, 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (№4075.სსმ1, №76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV თავი)“ (სუსგ №ას-638-605-2014, 22 აპრილი, 2016).
5.18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტები და ამდენად, სასამართლო მხოლოდ „მეწარმეთ შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით ვერ შემოიფარგლება.
5.19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ანალოგიურად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენიდან ცალსახად დგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეებს ბრალი სწორედ იმ დანაშაულის ჩადენაში დაედოთ, რომლითაც გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც განსახილველი სარჩელით იქნა მოთხოვნილი, აღნიშნულ ფაქტი უდავოდ დადგენილად მიიჩნეოდა.
5.20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
5.21. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებისა და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის წარმოდგენით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაძლია (მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის კონკრეტული ოდენობა დაადასტურა), მოპასუხეებს კი, მათი მტკიცების ფარგლებში, სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რაც ხსენებულ მტკიცებულებებში მითითებულ გარემოებებს გააქარწყლებდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რომ განსახილველი საქმე დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს დელიქტიდან გამომდინარე დავებისათვის დადგენილ ოთხ კომპონენტს, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა დელიქტური სამართლით რეგულირებადი ნორმების გამოყენებას გამორიცხავს, კერძოდ, კასატორის ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი არ დგინდება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება არ არის ის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადგენს დელიქტის არსებობასა და ზიანის ოდენობას.
6.2. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტებით. მოსარჩელეს ზიანი მიადგა შ.პ.ს „ს-ო კ-ია ს-ოს“ ხელმძღვანელი პირების მიერ დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შესრულების გამო. სწორედ ხელმძღვანელობის არასწორმა ქმედებებმა გამოიწვია კომპანიის გადახდისუუნარობა, კასატორის მიერ შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-გან“ თანხის სესხად აღება, არ გამხდარა ამ კომპანიის გაკოტრების მიზეზი, რაც დადგენილია განაჩენით, რომლის თანახმად, კასატორის მხრიდან კომპანიაში სესხის თანხის დაბრუნების პირობებშიც, იურიდიული პირი ვერ გადაურჩებოდა გაკოტრებას. ამდენად, აშკარაა, რომ კასატორის ქმედებას არ გააჩნია მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელისათვის დამდგარ ზიანთან, რომელიც ამ უკანასკნელმა შ.პ.ს „ს-ო კ-ია ს-ში“ ფულადი თანხის შეტანით განიცადა.
6.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპანიის დირექტორმა, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, კასატორზე სესხი უკანონოდ გასცა. აღნიშნულით პალატამ თავადვე აღიარა, რომ მოსარჩელის მიმართ სრული პასუხისმგებლობა სწორედ კომპანიის დირექტორს ეკისრება. კასატორი მოქმედებდა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელს უნდა მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გამიზნული იქნებოდა კომპანიის ინტერესების სწორად წარმართვისაკენ. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ემსჯელა სააპელაციო პალატას და კასატორი უნდა ამორიცხულიყო მოპასუხეთა წრიდან, რადგან მისი ბრალეული ქმედება არ იყო მიმართული მოსარჩელის მიმართ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არსებობს თუ არა კასატორისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები, კერძოდ, სახეზეა თუ არა მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ ზიანს შორის. კასატორის მტკიცებით, ის არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, სასესხო ურთიერთობა არსებობდა მოსარჩელესა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის. მითითებულ კომპანიასთან მას რაიმე შეხება არ აქვს, მოსარჩელეს ზიანი სწორედ კომპანიის ხელმძღვანელი პირების ქმედებების შედეგად მიადგა, მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს შორის არ ვლინდება, შესაბამისად, დავა უნდა გადაწყვეტილიყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და არა დელიქტური სამართლის ნორმებით, ხოლო კასატორს სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად არ უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხის აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები წარმოადგენს.
13. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
14. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი გამარტივებული წარმოების წესით განსახილველ საქმეთა წრეში ექცევა ცალკეული დელიქტით (მათ შორის დანაშაულით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები და მათი განხილვის წესი დადგენილია კოდექსის XXXIV3 თავით. ამ თავში მოქცეული 3093 მუხლის შესაბამისად, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილით ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს, არამედ, დამტკიცებულად მიიჩნევა ამავე ნორმით დადგენილი სპეციალური მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ განაჩენს სასამართლო შეაფასებს, როგორც შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ცალკეული ელემენტების დადგენის თვალსაზრისით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. შესაბამისად, მართალია განაჩენს, წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა, მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულვებელყოფილ იქნეს ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში, რომლის დანაწესიც განამტკიცებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას.
განაჩენის საპროცესო ძალასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით, პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, „კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადეკვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი“ (იხ. სუსგ №ას-176-163-2015, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).“
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. იმავე კოდექსის 102.3 მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
17. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შ.პ.ს „ს-ო კ-ია ს-ოს“ დამფუძნებელი, დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი (კასატორი) მეანაბრეთა, მათ შორის მოსარჩელის კუთვნილი თანხების გაფლანგვის გამო, დამნაშავეებად ცნეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად.
18. მითითებული განაჩენის საფუძველზე დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ო“ რეგისტრირებულ იქნა 20… წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებელი თ. მ-ი იყო, ხოლო დირექტორის პოზიციას თ.ლ-ძე იკავებდა, თუმცა, შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ საქმიანობას, ფაქტობრივად, სრულად წარმართავდა თ. მ-ის მეუღლე - მ. ფ-ძე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც, არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ მოქალაქეებისაგან ჯამურად, სესხის სახით, აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ დირექტორმა - თ. ლ-ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ. ფ-ის წაქეზებითა და თ. მ-ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, სესხები გასცა, როგორც თავად მ. ფ-ის სახელზე, ისე, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით მ.ფ-ზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შ.პ.ს. „გ-ზე“- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაბრუნებულა და მ. ფ-ემ პირადი შეხედულებისამებრ გამოიყენა. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.).
20. ამდენად, დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას - მოსარჩელისათვის მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანის მიყენების შესახებ.
21. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ განვიხილოთ კასატორს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება (სუსგ №ას-1263-2019, 13.03.2020).
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს დელიქტურ ვალდებულებაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს ორი ან რამდენიმე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შედეგად ზიანის დადგომა მოჰყვა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
23. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის ის პრეტენზია, რომლის თანახმად, ზიანის მიყენებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა, კერძოდ, მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებულ ზიანს შორის არ დგინდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი განაჩენი თავისთავად ასაბუთებს ამგვარი მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
24. საკასაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 412-ე მუხლებზე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) დაყრდნობით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას ზიანის ოდენობასთან მიმართებითაც და განმარტავს, რომ ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული თანხა უნდა იქნეს მიჩნეული (შდრ. სუსგ №ას-94-2021, 6 ივლისი, 2021 წელი).
25. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხეთა (ფიზიკურ პირთა) დელიქტური ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. შესაბამისად, სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, № 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
29. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი