საქმე №ას-509-2020 31 მაისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ. გ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,კ-ტ პ-ს ჯ-ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,კ-ტ პ-ს ჯ-იამ“ (შემდგომ - მოსარჩელემ, მოწინააღმდეგე მხარემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ძის (შემდგომ - მოპასუხის, აპელანტის, კასატორის) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ----, ---- ქუჩა №---ში მდებარე №--ბინის (ფართი 58.15 კვ.მ, ს/კ ----) მესაკუთრეა, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება.
3. უძრავ ნივთს მოპასუხე არ ათავისუფლებს, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
მოპასუხეების შესაგებელი
4. მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ხელვაჩაურის რაიონის 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს დაევალა გამოთავისუფლებული უძრავი ქონების მესაკუთრისათვის გადაცემა.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. ქ-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა, კერძოდ, მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე ნივთის მფლობელი იყო. ამასთან, მოპასუხეს არ ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზირა აპელანტის მტკიცება, რომ უძრავ ქონებას ფაქტობრივად არ ფლობდა, შესაბამისად, არასათანადო მხარე იყო. პალატის მითითებით, მართალია, აპელანტი, როგორც მსჯავრდადებული, საქმის განხილვის მომენტში პენიტენციურ დაწესებულებაშია, მაგრამ უდავო იყო, რომ, სწორედ მისი ნების შესაბამისად, მესაკუთრეს არ ეძლეოდა უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობის საშუალება.
კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
10. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, მოპასუხეს ჰყავს მრავალსულიანი ოჯახი, არ აქვს სხვა, ალტერნატიული საცხოვრებელი. გამოსახლების შემთხვევაში ოჯახი უსახლკაროდ დარჩება, თანაც იმ დროს, როდესაც მოპასუხე სასჯელს იხდის. მოპასუხემ სთხოვა მოსარჩელეს, პატიმრობის დასრულებამდე შეეჩერებინა გამოსახლების პროცესი, მაგრამ მოსარჩელემ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.
12. მოპასუხემ ისესხა 15 000 აშშ დოლარი, რასაც ბევრად აღემატება ამ პერიოდის მანძილზე მის მიერ ბანკში შეტანილი ფულადი თანხის ოდენობა, მაგრამ მოსარჩელე ცდილობს, მაქსიმალურად მეტი მოგება მიიღოს მოპასუხისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება). ნორმის თანახმად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
16. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემობები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელია. ამასთან, მოპასუხეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე არ წარუდგენია იმგვარი სამართლებრივი მოსაზრებები, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა (სსსკ-ის 2321-ე მუხლი).
17. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მოპასუხის მიერ სადავო ნივთის მფლობელობას გამორიცხავს მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება, პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი იმთავითვე სადავო უძრავ ქონებაზე მფლობელობის შეწყვეტას არ გულისხმობს.
18. სსკ-ის 156-ე მუხლი (მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას) განსაზღვრავს მფლობელობის შეწყვეტის ორ ალტერნატივას: ნივთის მფლობელის მიერ ნების გამოვლენის საფუძველზე მფლობელობის დათმობას სამუდამოდ და სხვა გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, მხოლოდ გარდამავალი ხასიათის წინააღმდეგობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორცილებისას არ იწვევს მფლობელობის შეწყვეტას (შდრ. ლ. თორთლაძე, ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 156).
19. სადავო არაა, რომ მოპასუხე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე სადავო ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას ახორციელებდა. დადგენილია, რომ კასატორს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა ნებით არ შეუწყვეტია. პირიქით, საკასაციო საჩივრით სწორედ მოპასუხის მფლობელობის ნების არსებობა დასტურდება. რაც შეეხება „სხვა გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვას“, პალატის განსჯით, მფლობელობა შეწყვეტილად ვერ მიიჩნევა ისეთი დროებითი წინააღმდეგობის შემთხვევაში, როგორიცაა - პატიმრობა, მით უფრო, თავად მოპასუხე მიუთითებს, რომ მისი ოჯხის წევრები ახლაც სადავო სახლში ცხოვრობენ და მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი მოძრავი ნივთებიც იქვეა განთავსებული.
20. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს. ამასთან, სადავო ქონებაზე მესაკუთრის უფლების წარმოშობის მართლზომიერებაზე პრეტენზია სცდება ვინდიკაციური სარჩელის დავის საგნის ფარგლებს და მოპასუხეს შეუძლია, დამოუკიდებელი სარჩელით იდავოს.
21. პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ“ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“, განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
22. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
23. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, გამოკვეთილია ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა, რაც კასატორის მიერ სათანადო წესით უარყოფილი არ ყოფილა.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქ-სის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
გიორგი მიქაუტაძე