Facebook Twitter

№ას-1297-2021 28 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. გ.

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ფ. (ბ.ფ-ას უფლებამონაცვლე)

მესამე პირი - მ. გ.

(დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი - უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ფ-ას სარჩელი მოპასუხე მ. გ-ის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 05 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარე (თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაეწყვიტა სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი (იხ. განჩინების 68-ე პუნქტი).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინებით, ბ. ფ-ას გარდაცვალების გამო, აღნიშნულ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება შეჩერდა 2021 წლის 01 დეკემბრამდე.

7. 2021 წლის 30 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მიმართეს მოპასუხე მ. გ-მა და გარდაცვლილი ბ. ფ-ას სავარაუდო უფლებამონაცვლე - თ. ფ-მ, საქმისწარმოების განახლების, უფლებამონაცვლეობის დადგენისა და მორიგების დამტკიცების მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ოქტომბრის საოქმო განჩინებით განახლდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის გამო №-/...-.. სამოქალაქო საქმისწარმოება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაება მ. გ-რე.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის საოქმო განჩინებით გარდაცვლილი ბ. ფ-იას უფლებამონაცვლედ წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე ცნობილი იქნა თ. ფ-ია. ამავე საოქმო განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება გარდა მორიგების აქტის მე-5 პუნქტისა, რომელიც ეხებოდა პირველ და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი ბაჟის მხარეთათვის დაბრუნების საკითხს. მორიგების აქტის მე-5 პუნქტის დამტკიცებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-მა და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

10.1. სააპელაციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.04.2019 წლის განჩინებაში აღნიშნული მითითების შესაბამისად, უნდა გადაეწყვიტა სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი. მან უსაფუძვლოდ არ დაამტკიცა მორიგების შესახებ აქტის მე-5 პუნქტი, რომელიც სწორედ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივარზე კასატორ - მ. გ-ის სასარგებლოდ გადახდილი - 3060 ლარის ოდენობის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხს ეხება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის საოქმო განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დამტკიცდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის მე-5 პუნქტი პირველ და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის და მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მათთვის დაბრუნების შესახებ.

14. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ მხარეებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს მორიგების აქტი და მისი დამტკიცება იშუამდგომლეს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცდა ხსენებული მორიგების აქტი, გარდა ამავე აქტის მე-5 პუნქტისა, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

„დაუბრუნდეს (საქმეზე სუს 05.04.2019წ. განჩინების 68-ე პუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც): მოსარჩელეს/მოწინააღმდეგე მხარეს - სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის შესაბამისი ოდენობის თანხა ..., აპელანტს/მოპასუხეს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის შესაბამისი ოდენობის თანხა...“ (ტ. 6, ს.ფ. ..-...).

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების განაწილების წესი, სასამართლო ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში მორიგებისას, ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ამ ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული არის კანონისმიერი იმპერატიული დანაწესი, რასაც მხარეთა შეთანხმება ვერ შეცვლის.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 05 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4 მუხლის (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით) საფუძველზე დაევალა გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხის გადაწყვეტა, კანონის ხსენებული დებულება შეეხება საქმის არსებითად განხილვის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მართებულად ეთქვათ უარი მორიგების აქტის მე-5 პუნქტის დამტკიცებაზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი