28 მარტი 2022 წელი
საქმე №ას-1220-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. ,,ჩ-ს რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ფი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ზ. რ, ნ. რ, თ. რ, გ. ლ.(მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. რ-მა, ნ. რ-მა, თ. რ-მა და გ. ლ-ემ სარჩელით მიმართეს ხ-ის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შ.პ.ს. „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ს ჯ-ის“ მიმართ ზიანის - 20277 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ხ-ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 11 000 ლარის გადახდა.
4. ხ-ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა, ისე - მოპასუხემ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. ხ-რის მუნიციპალიტეტის სოფელ …. მდებარე უძრავი ნივთი - 1111.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო) და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები (N . საერთო ფართი 182,3 კვ.მ., N . - 33.3 კვ.მ) საკადასტრო კოდით ….., მოსარჩელეების საკუთრებად ირიცხება (ტომი I, ს.ფ…-..).
5.2. მოპასუხემ ხ-რის მუნიციპალიტეტის სოფელ …2012 წლის ივლისიდან N. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დაიწყო (ტომი I, ს.ფ. ..-…).
5.3. ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ ძირითად შენობაზე მოგვიანებით მიშენებული ნაწილის, საკარმიდამო ეზოს ბეტონის ღობისა და ცალკე მდგომი დამხმარე ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ვერ უზრუნველყოფს მობინადრეების უსაფრთხოებას და მათი შემდგომი ექსპლუატაცია, როგორც მობინადრეებისათვის, ასევე ფერდობის ქვედა მხარეს მდებარე შენობებისათვის და მათი მობინადრეებისათვის საფრთხის შემცველია. ხ-რის მუნიციპალიტეტის სოფელ … მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ძირითად შენობაზე მოგვიანებით მიშენებული ნაწილისა და ცალკე მდგომი დამხმარე ნაგებობის დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის (EMS-…) მიხედვით, მე-3 და მე-4 ხარისხს მიეკუთვნება. 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები არ მომხდარა, რომლებიც ხ-რის რაიონის სოფელ … არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს გამოიწვევდა და ხ-ის რაიონის სოფელ … ზ. რ-ის კუთვნილ ძირითად შენობაზე მოგვიანებით მიშენებული ნაწილის, საკარმიდამო ეზოს ბეტონის ღობისა და ცალკე მდგომი დამხმარე ნაგებობის დაზიანებას გამოიწვევდა. არსებული დაზიანებები N. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული (ტომი I, ს.ფ. ..-..).
5.4. კომპანია „ე-ის“ დასკვნაში მითითებულია, რომ მოსარჩელეთა სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონის გარეთ მდებარეობს, სადავო (სახლის) მიმართ დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, ის დაზიანებები, რაზეც მოსარჩელე მხარე უთითებს, მე-.გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად არ არის გამოწვეული (ტომი I, ს.ფ. ..-…).
5.5. შ.პ.ს. „ა-ტ-ე-ტი-…“-ის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა კუთვნილ უძრავ ქონებაზე დაფიქსირებულ დაზიანებათა აღსადგენად საჭიროა 983.75 ლარი (ტომი II, ს.ფ…-..).
5.6. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა - 20277 ლარი შეადგინა (ტომი I,..-..).
5.7. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 992-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნებოდა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც, ერთერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.
5.8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებში აღწერილი მოსარჩელის სახლის დაზიანებები მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით იყო გამოწვეული. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას, რომლის თანახმად, სადავო საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები N… სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ ამჟამად ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოებაზე, შემუშავებული არ არის. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად არის დაზიანებული, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა ხდება, რაც შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე აისახება. ასევე, ექსპერტის მითითებით, ვიზუალური დათვალიერებით ირკვევა, რომ სადავო შენობა გასული საუკუნის 60-იან წლებშია აშენებული, ხოლო დაახლოებით 10 წლის წინ ტორსულ კედელზე მიშენება განხორციელდა, სადაც სველი წერტილები განთავსდა. რელიეფის დახრილობის მხარეს მდებარე და უკანა კედელზე დახრილი გამჭოლი ხაზები აღინიშნება, წვრილი სამშენებლო ბლოკის წყობა ვერტიკალური სიბრტყიდან დაძრულია, ასევე ვერტიკალური სიბრტყიდან გადახრილია ღობის ზეძირკველი, ხოლო ნაწილი გადანგრეულია და ფერდობზე არსებულ მცენარეულობაზეა მიყუდებული. გადახრილი ღობის ზეძირკველის დაძვრის შემთხვევაში, საფრთხე ექმნება ფერდობის ქვედა მხარეს არსებულ შენობებს, ამიტომ ფერდობიდან გადანგრეული ღობის ზეძირკვლის მოცილება დაუყოვნებლივაა აუცილებელი.
ნახევარსარდაფის ჩასასვლელსა და კედლებზე ჰორიზონტალური და დახრილი გამჭოლი ბზარები აღინიშნება, დეფორმირებულია იატაკი, კერძოდ, ფერდობის მხარესაა დახრილი, გადახურვის რკინაბეტონის ფილიდან რამდენიმე ადგილზე ბეტონის დამცავი შრე ჩამოშლილია და არმატურა გაშიშვლებულია, პირველ სართულზე, ფანჯრის ღიობთან გამჭოლი ნაპრალი, ხოლო კედლებზე ჰორიზონტალური, დახრილი და ვერტიკალური გამჭოლი ბზარები აღინიშნება. ფერდობის მხარეს მდებარე კედელი ვერტიკალური სიბრტყიდანაა დაძრული, რის გამოც მისი მყისიერად გადანგრევის შემთხვევაში ფერდობის ქვედა მხარეს არსებულ შენობებს საფრთხე ექმნება, რის გამოც აუცილებელია ფერდობის მხარეს მდებარე კედლის დემონტირება.
5.9. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნებთან დაკავშირებით პალატის მითითბითამ მიუთითა, რომ შ.პ.ს. „ა-ტ ს-ის ც-ის“ დასკვნის შინაარსის გაცნობის შედეგად ირკვეოდა, რომ ექსპერტიზა მოსარჩელეების სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზებისა და მათ მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენის მიზნით ჩატარდა. მასში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ჩრდილოეთის მხარეს არსებულ „აბაზანაზე“, მესაკუთრეთა განმარტებით, დანგრეულია გარე ფასადის ბლოკის კედელი; დანგრეულია აღმოსავლეთის კედელიც. მათ ადგილას აღინიშნება ბეტონის ბალავრის არსებობა, რომელიც დაზიანებული არ არის. დანგრეული კედელი შემოწმების მომენტისთვის აშენებულია. მითითებული კედლის დაზიანება, თუკი ასეთი არსებობდა, შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო უხარისხო მშენებლობითა და სეისმური მოვლენების შედეგად. ამავე დასკვნის მიხედვით, ეზოში ცალკე მდგარი დამხმარე ნაგებობა წარმოადგენს ერთსართულიან ნაგებობას სარდაფით. შენობის აღმოსავლეთის მხრიდან შეინიშნება ღრმა ვერტიკალური ბზარი კედლის მთელ სიმაღლეზე; შენობის სამხრეთის მხარეზე ფანჯრის გვერდით გახეთქილია კედელი და დაცილებულია ერთმანეთზე ღრმა ვერტიკალური ბზარით; დაზიანებულია (გაბზარულია) სარდაფის კედლებიც. აქვე აღნიშნულია, რომ დამხმარე ნაგებობისა და მისი სარდაფის კედლების დაზიანების მიზეზი დასადგენია, რისთვისაც საჭიროა კედლებზე განხორციელდეს სამშენებლო ნორმებით პრაქტიკაში მიღებული დაკვირვება. ასეთი დასკვნიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ამ ნაწილში კვლევა და, შესაბამისად, დასკვნაც სრულყოფილი არ არის. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ვერტიკალური სიბრტყიდან ჩრდილოეთის მხარეს გადახრილია ღობის ბეტონის ბორდიური, და რომ დეფორმაცია, ფორმა და მდგრადობის შემცირება გამოწვეულია სხვადასხვა დატვირთვებითა და ტექნოგენური ხასიათის ზემოქმედების შედეგად. ამავე დასკვნის მიხედვით, იმ დაზიანებათა აღსადგენად, რაც დაფიქსირდა მოსარჩელეთა კუთვნილ უძრავ ქონებაზე, საჭიროა 983.75 ლარი.
5.10. მტკიცებულებათა ერთობლივი კვლევის შედეგად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აშკარაა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იმპერატიული და ამომწურავი ხასიათისაა, კერძოდ, იგი სადავო დაზიანებების აფეთქებების შედეგად წარმოშობის ფაქტს ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, შედგენილია კვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტის მიერ (მუშაობის 31 წლიანი სტაჟით), რომელმაც დასკვნას საფუძვლად არა მხოლოდ სადავო უძრავი ქონების ვიზუალური დათვალიერება, არამედ 2012-2015 წლებში არსებული მეტეოროლოგიური გარემო ფაქტორები და სხვა სიღრმისეული კვლევა დაუდო (ტომი I, ს.ფ. ..-..). ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შ.პ.ს. „ა…ტ-ს…ის-ც…ის“ დასკვნით ექსპერტი ერთი მხრივ, დაზიანებების აფეთქების შედეგად გაჩენის ფაქტს უარყოფდა, თუმცა დასკვნაშივე მიუთითებდა, რომ საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს სხვადასხვა სახის დაკვირვების ჩატარება ესაჭიროებოდა იმისათვის, რათა დაზიანებების გენეზისი დადგენილიყო.
5.11. ზოგადად, სასამართლოში საქმის განხილვისას ექსპერტიზის დასკვნის მნიშვნელობა დიდია, განსაკუთრებით კი, ისეთი გარემოებების დასადასტურებლად, რომელთა შესახებაც მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია. იმისთვის, რათა ექსპერტის დასკვნა იყოს სარწმუნო, აუცილებელია ექსპერტიზის ჩატარებისას გამოყენებული მეთოდები გაკეთებული დასკვნების მიმართ რელევანტური იყოს. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ არასარწმუნოდ მიიჩნია საექსპერტო დასკვნაში, სხვა ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნის კომენტირება, ამასთან, პალატის შეფასებით, ექსპერტიზისთვის დასმული ამოცანა შ.პ.ს. „ა-ტ ს-ის ც-ის“ მიერ არ შესრულებულა, ვინაიდან ექსპერტმა სახლის დაზიანების კონკრეტული ან სულ მცირე, ალტერნატიული მიზეზი ვერ დაადგინა და მხოლოდ ჰიპოთეტურად მეტეოროლოგიური პირობებისა და მშენებლობის წესების დარღვევის თაობაზე მიუთითებდა. დასკვნაში არ არის წარმოდგენილი კვლევა, თუ რის საფუძველზე გამოირიცხა დაზიანებების მიზეზად დინამიური აფეთქებების დასახელება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების თანახმად (მასში შემდგომში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით), ყველა ორგანიზაციას, რომელიც მსგავსი მასშტაბური ხასიათის მშენებლობების წარმოებას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ ან საერთოდ გამოიწვია, თუ არა ის, საქმის მასალებით კი, მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდებოდა აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა და წარდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნებით კომპენსირებული ვერ იქნებოდა.
5.12. შ.პ.ს. „ე-ის“ დასკვნასთან დაკავშირებით კი, აღსანიშნავი იყო, რომ როგორც საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტაციით დგინდებოდა, გვირაბის მშენებლობის სამუშაოები 2012 წლის ივლისში დაიწყო, თუმცა, კომპანია მონიტორინგის განხორციელებას 2012 წლის ოქტომბერში შეუდგა და ფართომასშტაბიანი მონიტორინგი მხოლოდ 2013 წლის მარტის თვეში განახორციელა. ამასთანავე, საქმის მასალებში არსებული „ე-ის“ დასკვნები 2017 წლითაა დათარიღებული, შესაბამისად, სასამართლოს ვერ შეექმნებოდა გონივრული ვარაუდი იმისა, რომ აღნიშნული დასკვნა გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე ან მისი დაწყებიდან მოკლე ვადაში მოსახლეობის სახლების მდგომარეობის ან/და მოსარჩელის სახელზე რიცხული კონკრეტული ქონების დაზიანებების კვლევას სრულად ასახავდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოწვეული ზიანი, ნამდვილად მოპასუხის ქმედებით იყო გამოწვეული, ანუ მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობდა, რაც მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
5.13. ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი: დადგინდა ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებულმა სამუშაოებმა მოსარჩელეების ქონების დაზიანება გამოიწვია, თუმცა, სადავო ფაქტობრივ გარემოებას და, შესაბამისად, სასამართლოს საკვლევ საკითხს, მოპასუხისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობის მართლზომიერების შეფასება წარმოადგენდა. ანუ საქმეზე სწორი სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის აუცილებელი იყო დადგენილიყო, მოპასუხის მიერ გამოწვეულმა დაზიანებებმა გამოიწვია თუ არა სწორედ იმ ოდენობის ზიანი, რაც მხარეს სასამართლოს წესით დაეკისრა (11 000 ლარი). მოსარჩელეების მიერ საქმეზე წარმოდგენილი ინდივიდუალური მეწარმე - ზ. გ-ის მიერ 2019 წელს შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სახლის რეაბილიტაციისათვის 20277.56 ლარია საჭირო, თუმცა ხარჯთაღრიცხვაში შეყვანილია: დამხმარე შენობის ბეტონის კედლების დემონტაჟი, დამხმარე შენობისა და აბანოს ბლოკის კედლების დემონტაჟი, აბანოს შენობის გადახურვის ფილის დემონტაჟი, აბანოს იატაკის დემონტაჟი, ხის შემოღობვის დემონტაჟი და დასაწყობება, არსებული ბეტონის საყრდენი კედლების დაზიანებული მონაკვეთისა და საძირკვლის დემონტაჟი, მე-3 კატეგორიის გრუნტის დამუშავება, ხელით ღობის საყრდენი კედლის საძირკველში და მოსაწყობი კედლების უკან, ბეტონის ნამსხვრევების და გამომუშავებული ზედმეტი გრუნტის გაზიდვა ეზოს გარეთ ხელის ურიკით, დატვირთვა და ზიდვა ოთხ კილომეტრზე, აბანოს იატაკის მოწყობა 10 სმ. სისქით, ბეტონის მოჭიმვა 5სმ. სისქით, აბანოს დამხმარე შენობის კედლების მოწყობა, აბანოს გადახურვის ფილის მოწყობა, აბანოს და დამხმარე შენობის შიდა კედლების გალესვა, კერამიკული ფილების მოწყობა აბაზანის კედლებზე, ქვიშა ხრეშოვანი საგების მოწყობა 20 სმ. სისქით, საყრდენი კედლების მოწყობა, გრუნტის მიყრა ხელით კედლის უკან, ხის შემოღობვის მოწყობა, ინერტული სამშენებლო მასალების ზიდვა ეზოს გარედან სახლამდე ხელის ურიკით (ტომი I, ს.ფ. ..-…). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზედაპირული შედარებისა და დაკვირვების გზითაც დგინდებოდა, რომ ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნაში მითითებული დაზიანებები და ხარჯთაღრიცხვაში მითითებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთმანეთს არ ემთხვევა.
5.14. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ზიანის ოდენობის დადგენას არ უნდა მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ ის ხარჯები, რომლებიც აუცილებელია ზიანის ანაზღაურების საკომპენსაციოდ, ამისათვის კი, ზიანის ოდენობის გამოთვლა უნდა მოხდეს კონკრეტული გაანგარიშების საფუძველზე. ვალდებული მხარისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას მისი ოდენობა კონკრეტული მტკიცებულებების, დოკუმენტაციის ან/და ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მოპასუხის ბრალით გამოწვეული ზიანი, სამართლისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ ზიანის გამოსწორება დაზარალებული მხარის მიერ მოხდა თუ არა, რადგან აღიარებული პრინციპის თანახმად მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს. თუმცა, როდესაც მხარე აცხადებს, რომ ზიანის აღმოსაფხვრელად მან კონკრეტული ოდენობის თანხა დახარჯა, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, პირდაპირი მტკიცებულების არარსებობისა და არსებულ ირიბ მტკიცებულებათა ერთობლივი კვლევის შედეგად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 11 000 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
5.15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები არ არსებობდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დადგენილად მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში მოპასუხის ბრალეულობა და შესაბამისად, უსაფუძვლოდ დააკისრეს მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან სადავო საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ გვირაბში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.
6.2. სასამართლომ უგულებელყო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია „ე-ის“დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება მოპასუხის ბრალით არ არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ქონება მდებარეობს საშიში ზონის გარეთ, რაც დასტურდება ამ საცხოვრებელი სახლის მახლობლად მდებარე სეისმოგრაფების ციფრული მონაცემებით, რომელთა მიხედვით, აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და მოსარჩელეების სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი.
6.3. შ.პ.ს. „ა….ტ-ე…ტ-…“-ის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების აღსადგენად საჭიროა 983,75 ლარი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო დაადგენდა მოპასუხის ბრალეულობას, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ სწორედ მითითებული თანხა უნდა დაკისრებოდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების შემოწმება. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, ამდენად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიეკუთვნება და სადავო ურთიერთობა დელიქტური სამართლის ნორმებით, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებით მოწესრიგებას ექვემდებარება.
13. ამდენად, მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).
14. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; №ას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
15. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 18 მარტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ ძირითად შენობაზე მოგვიანებით მიშენებული ნაწილის, საკარმიდამო ეზოს ბეტონის ღობისა და ცალკე მდგომი დამხმარე ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ვერ უზრუნველყოფს მობინადრეების უსაფრთხოებას და მათი შემდგომი ექსპლუატაცია, როგორც მობინადრეებისათვის, ასევე ფერდობის ქვედა მხარეს მდებარე შენობებისათვის და მათი მობინადრეებისათვის საფრთხის შემცველია. ხ-რის მუნიციპალიტეტის სოფელ … მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ძირითად შენობაზე მოგვიანებით მიშენებული ნაწილის და ცალკე მდგომი დამხმარე ნაგებობის დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის (EMS-..) მიხედვით, მე-3 და მე-4 ხარისხს მიეკუთვნება. 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები არ მომხდარა, რომლებიც ხ-ის რაიონის სოფელ … არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს გამოიწვევდა და ხ-ის რაიონის სოფელ … ზ. რ-ის კუთვნილ ძირითად შენობაზე მოგვიანებით მიშენებული ნაწილის, საკარმიდამო ეზოს ბეტონის ღობისა და ცალკე მდგომი დამხმარე ნაგებობის დაზიანებას გამოიწვევდა. არსებული დაზიანებები N .. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული. აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საქმეში არსებული კომპანია „ე-ის“ დასკვნა არის ზოგადი ხასიათის, კერძოდ კვლევა შეეხება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად.
16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნაზე მითითებით, მოსარჩელეებმა წარმატებით უზრუნველყვეს თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, საცხოვრებელ სახლზე გვირაბის აფეთქების ზემოქმედების დადასტურება. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ცხადყოფს მოპასუხის ბრალეულობას ზიანთან მიმართებაში, შეჯიბრებითობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო იმგვარი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეების სახლის სხვა გარემოებების ზეგავლენით დაზიანებას, რასაც მოპასუხემ თავი სათანადოდ ვერ გაართვა.
17. საკასაციო პალატა, ექსპერტიზის დასკვნაზე და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეებს საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიადგათ ზიანი 11000 ლარის ოდენობით.
18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებითაც, რომ ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“დასკვნა იმპერატიული და ამომწურავი ხასიათისაა, კერძოდ, იგი სადავო დაზიანებების აფეთქებების შედეგად წარმოშობის ფაქტს ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, შედგენილია კვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტის მიერ (მუშაობის 31 წლიანი სტაჟით), რომელმაც დასკვნას საფუძვლად არა მხოლოდ სადავო უძრავი ქონების ვიზუალური დათვალიერება, არამედ 2012-2015 წლებში არსებული მეტეოროლოგიური გარემო ფაქტორები და სხვა სიღრმისეული კვლევა დაუდო. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შ.პ.ს. „ა…ტ-ს..ის-ც…ის“ დასკვნით კი, ექსპერტი ერთი მხრივ, დაზიანებების აფეთქების შედეგად გაჩენის ფაქტს უარყოფს, თუმცა დასკვნაშივე მიუთითებს, რომ საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს სხვადასხვა სახის დაკვირვების ჩატარება ესაჭიროება იმისათვის, რათა დაზიანებების გენეზისი დადგინდეს. ნიშნადობლივია, რომ ექსპერტიზისთვის დასმული ამოცანა შ.პ.ს. „ა-ტ ს-ის ც-ის“ მიერ არ შესრულებულა, ვინაიდან ექსპერტმა სახლის დაზიანების კონკრეტული ან სულ მცირე, ალტერნატიული მიზეზი ვერ დაადგინა და მხოლოდ ჰიპოთეტურად მეტეოროლოგიური პირობებისა და მშენებლობის წესების დარღვევის თაობაზე მიუთითებდა. დასკვნაში არ არის წარმოდგენილი კვლევა, თუ რის საფუძველზე გამოირიცხა დაზიანებების მიზეზად დინამიური აფეთქებები. ამრიგად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ შ.პ.ს. „ა…ტ-ე…ტ-..“-ის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული თანხა - 983,75 ლარი უნდა დაკისრებოდა.
19. რადგანაც სახეზეა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მართებულად დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 11 000 ლარის ოდენობით.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 550 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 550 ლარის 70% – 385 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. ,,ჩ-ის რ-ის …-ე ბ-ო ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. ,,ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ს“ დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 550 ლარის (საგადასახადო დავალება №…, გადახდის თარიღი: 07.12.2021წ. გადამხდელის ს/კ:….) 70% – 385 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…., სახაზინო კოდი ….).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი