საქმე №ას-411-2022 20 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ა-ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ნ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ. ა-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ნ-ვის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და ქონების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. 2022 წლის 17 ივნისს მოპასუხემ საკასაციო სასამართლოში განცხადება წარმოადგინა, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ ….02.2022 გაცენული N./…-.. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით კერძო აღმასრულებლის ნ. ე-ის წარმოებაში არსებული NA---- (კრედიტორი სს ,,ტ-ი’’) სააღსრულებო საქმისწარმოების შეჩერება მოითხოვა.
8.1. განმცხადებელი განმარტავს, რომ კერძო აღმასრულებლის - ნ. ე-გან --.05.2022 წლის NA….-…/… წერილი მიიღო, რომელიც ატყობინებდა, რომ მის წარმოებაშია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ ...02.2022 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N./…-.., რომლის თანახმად, კრედიტორი სს ,,ტ-ი’’ ხოლო მოვალეები არიან ს. გ-ვი, ბ. ა-ი, ნ.ა-ი, ს. ა-ვა, ს. ჰ-ვა და რ. გ-ვი. მოპასუხეს, როგორც უძრავ ქონებაზე აკრძალვის/ყადაღის დამრეგისტირირებელს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით უახლოეს ვადაში დაინიშნება იძულებითი აუქციონი მოვალეების თანასაკუთრების უფლებით რეგისტირირებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ----, სოფელი ----, დაზუსტებული ფართობი 900.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N. საერთო ფართით - 225.3 კვ.მ. N. საერთო ფართით 59.52 კვ.მ. ს/კ -----. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების აუქციონზე გატანის გზით გასხვისების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება ა. ნ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვინაიდან უძრავი ქონება წარმოადგენს ერთადერთ ბერკეტს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.
8.2. განმცხადებლის მითითებით, მას უფლება აქვს ისარგებლოს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიებით, რათა დაიცვას მომავალში მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, განცხადების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა. აღნიშნული მოთხოვნა, თავისი არსით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნაა.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ქონების რეალიზაციის შეჩერება, თუმცა უზრუნველყოფის ღონისძიების ამ სახის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) დავა, რომლის გამოც უზრუნველყოფის ზომად ქონების რეალიზაციის შეჩერება გამოიყენება, აღძრული უნდა იყოს ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების თაობაზე და ბ) სახეზე არ უნდა იყოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა [იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე].
11. სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივ გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია, მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ (შდრ. იხ. სუსგ №ას-1165-1095-2015, 25.11.2015).
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა ქონების ყადაღისგან გათავისუფლება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ა-ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელი ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ ...02.2022 გაცემული N./…-.. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით კერძო აღმასრულებლის ნ. ე-ის წარმოებაში არსებული NA------ (კრედიტორი სს ,,ტ-ი’’) სააღსრულებო საქმისწარმოების შეჩერებას. ამასთან, სხვა დავის ფარგლებში მიქცეულია გადახდა - სხვა კრედიტორის მოთხოვნით დაწყებულია იძულებითი აღსრულება, ხოლო წინამდებარე სარჩელზე ჯერ არ არის მიღებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ შუამდგომლობის ავტორი განსახილველ საქმეში წარმოადგენს მოპასუხეს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ საქმეში გადაწყვეტილების აღსრულების დაცვას ვერ უზრუნველყოფს ის საპროცესო ღონისძიება, რომელსაც მოპასუხე სთავაზობს სასამართლოს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოცემული დავა დასრულდება მოსარჩელის სასარგებლოდ და დადგინდება მოთხოვნილი ქონების მის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო აღნიშნულ ქონებაზე სხვა კრედიტორის მოთხოვნით დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ზემოაღნიშნულის გარდა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება სსსკ-ის 191.1 მუხლს, რომლის მიხედვით, მოპასუხე ვერ მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, თუ მას, თავისი უფლების დასაცავად, სარჩელი არა აქვს აღძრული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2017 წლის ას-1136-1092-2016 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოხსენებული ნორმის დანაწესის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მოითხოვს სხვა კრედიტორის მოთხოვნით დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერებას, რაც დაუშვებელია.
13. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებელ ნ.ე-ის მიერ 2022 წლის .. თებერვალს გაცემული №./….-.. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულ ქონებაზე (---, ---, სოფელ ---, მდებარე შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N.საერთო
ფართით - 225.3 კვ.მ. N. საერთო ფართით 59.52 კვ.მ. ს/კ ----) დაწყებული NA---- სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ამ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დაიწყო შესაბამისი პროცედურები, დარჩება აღუსრულებელი. შესაბამისად, ყოველგვარი აზრი ეკარგება კრედიტორის დარღვეული უფლების აღიარებას.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 194-ე, 406-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ნ-ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი