Facebook Twitter

საქმე №ას-106-106-2018 15 თებერვალი, 2022 წელი, თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. მ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს…. ბ….ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2017წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

20.07.2016 წელს სს „ს…. ბ….ი“-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „ბ-ი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე") მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - რომლის მისამართია: ქალაქი თბილისი, ---- გამზირი №--, ფართი --, 380.00 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი -----, (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

2. 18.08.2016 წელს მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ბ-ის მიმართ და მოითხოვა: ქ. თბილისში, --- გამზ. №...-ში განთავსებული უძრავი ნივთიდან ზედმეტად რეალიზებული 34 კვ.მ. ფართის ღირებულების ანაზღაურება; ქ. თბილისში, --- ქუჩა, მე-.. კორპუსში მდებარე №.. ბინის ღირებულების ანაზღაურება; ბანკისათვის 9%-ს ზევით გადახდილი თანხების უკან დაბრუნება; სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების იმ დებულებების ბათილად ცნობა, რომლებითაც განისაზღვრა მაღალი პროცენტი, ხოლო მსესხებელს იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდგომ პერიოდზე შეუნარჩუნდა ვალდებულება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.08.2016 წლის განჩინებით - მოპასუხეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.10.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.08.2016 წლის განჩინებით მოპასუხეს გაუგრძელდა შესაგებლის წარსადგენად დანიშნული საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან ხუთი დღით. მოპასუხეს განჩინება ჩაჰბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია.

4.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 201-ე მუხლის პირველი ნაწილზე (მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით), ასევე ამავე კოდექსის 232I-ე მუხლზე (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას) და განმარტა, რომ მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

4.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელი დაკმაყოფილდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.03.2017 წლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 27.10.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2017 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

7.1. 18.08.2016წ. სასამართლოში ფოსტის მეშვეობით შევიდა შეგებებული სარჩელი (15 ფურცლად, 2 ეგზემპლარი, კონვერტთან და TNT-ს გზავნილის ჩაბარების ხელწერილთან ერთად), რაც დასტურდება სასამართლოს კანცელარიაში კორეპონდენციის შესვლის დამადასტურებელი ბეჭდით (იხ. ტ.1, ს.ფ….-..). შეგებებულ სარჩელზე დასართავად ...08.2016 წელს ოთხ ფურცლად დამატებით წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერები (ტ.1, ს.ფ…-..), იმავე დღეს, შეგებებულ სარჩელზე დასართავად ფოსტის მეშვეობით - მტკიცებულებები 14 (+1) ფურცლად (ტ. 1, ს.ფ ….).

7.2. მოპასუხემ წარმოადგინა 23.08.2016 წლის TNT-ს გზავნილის სასამართლოში ჩაბარების N--- ხელწერილის ასლი (ტ.1, ს.ფ…), რომელზეც დასმულია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის შტამპი და, სწორედ ამ გარემოებაზე მითითებით, მოპასუხე ამტკიცებს, რომ მის მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი გაიბნა კანცელარიებს შორის მასალების გადაცემისას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული მსჯელობა და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ...08.2016 წლის TNT-ს გზავნილის N--- ხელწერილით სასამართლოში შესაგებლის წარდგენის ფაქტი, რადგან ამ გზავნილით წარდგენილ დოკუმენტებს შორის შესაგებელი არ იყო (ტ. 1, ს.ფ ..-..).

7.3. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 241-ე, 215-ე, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა შესაგებლის დადგენილ ვადაში წარდგენის თაობაზე მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.

12. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

13. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

14. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

14.1. სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეს პირადად ჩაჰბარდა 03.08.2016წ. (ტ.1, ს.ფ…. 15.08.2016წ. მოპასუხემ სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარადგინა შესაგებლისთვის განსაზღვრული ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე განცხადება (ტ.1, ს.ფ. …).

14.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.08.2016 წლის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 5 დღით გაუგრძელდა შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადა (ტ.1, ს.ფ. ..,..). აღნიშნული განჩინება მოპასუხეს 30.08.2016წ. ჩაჰბარდა პირადად (ტ.1, ს.ფ. ..). მოპასუხეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია.

15. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მან შესაგებელი სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარადგინა სხვა დოკუმენტებთან ერთად (გზავნილი N……), გაურკვეველი მიზეზების გამო გზავნილი ჩაჰბარდა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიას, შემდეგ გადაეცა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, თუმცა შესაგებელი გაიბნა ორი კოლეგიის კანცელარიას შორის (ტ.2, ს.ფ….,…). რაიმე მტკიცებულება, რაც კასატორის მიერ მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ: 23.08.2016წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კანცელარიაში დარეგისტრირდა შეგებებულ სარჩელზე დასართავად მოპასუხის მიერ დამატებით წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერები ოთხ ფურცლად (სასამართლოში შესვლის N…..) (ტ.1, ს.ფ…-..), ასევე, მტკიცებულებები შეგებებულ სარჩელზე დასართავად 14 (+1) ფურცლად (სასამართლოში შესვლის N…) (ტ.I, ს.ფ…-..; იხ. გზავნილი N…..); თავად მოპასუხემ წარადგენა თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილი იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ 22.08.2016 წელს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი განცხადებები სასამართლოს კანცელარიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში დარეგისტრირდა 23.08.2016 წელს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში - N…. და N…. სარეგისტრაციო ნომრებით (ტ.2, ს.ფ….), ანუ საუბარია სწორედ გზავნილზე N….; საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის 23.08.2016 წლის განცხადებას, რომელშიც მოპასუხე ითხოვს, სასამართლომ გაითვალისწინოს, რომ 22.08.2016წ. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი აქვს შეგებებულ სარჩელზე დამატებითი მტკიცებულებები (ტ.1, ს.ფ….). ამდენად, თავად მოპასუხეც 23.08.2016 წლის ვითარებით მიუთითებდა მხოლოდ შეგებებულ სარჩელზე 22.08.2016 წელს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ მტკიცებულებებზე (კასატორის მიერ მითითებული გზავნილი N…) და არა შესაგებელზე, როგორც ამას მოგვიანებით განმარტავს.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ უზრუნველყო მის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარდგენის ფაქტის დადასტურება.

17. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება არ უკავშირდება შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებს, მათ სასამართლო ამოწმებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შესაბამისი საპროცესო ნორმების მხედველობაში მიღებით. ამდენად, ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარდგენილი ჰქონდა შეგებებული სარჩელი (რომლის მიღებაზეც 22.08.2016წ. განჩინებით ეთქვა უარი), ვერ მიიჩნევა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების საპროცესო საფუძვლად (შდრ. სუსგ Nას-101-2020, 08.07.2020წ.). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ შეგებებული სარჩელი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი) შინაარსობრივადაც არ მოიცავდა სავინდიკაციო სარჩელზე სსსკ-ის 201-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაგებლის არგუმენტაციას. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, სასამართლომ განმარტა, რომ იგი არ პასუხობდა სსსკ-ის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირობებს, ვინაიდან მოპასუხეს ბანკის მიმართ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნები გააჩნდა (ტ.1, ს.ფ…-..; ..-…).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე Nას-121-117-2016).

19. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 637). სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნას.

20. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.02.2018 წლის განჩინებით კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე) გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2017წ. განჩინება.

3. ნ. მ-ლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე