Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-22-გ-03 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა ა. ბ-ს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე დავა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ბ-მ მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 15 იანვრის ¹5/5 განკარგულების “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაბა ურეკში მდებარე დასასვენებელი სპორტულ გამაჯანსაღებელი ბანაკი “ნ-ის” შრომით კოლექტივზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თაობაზე”, და საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს “ნ.”-ზე მიწის მიყიდვის დადგენილების ბათილად ცნობა. სასამართლოს 2002წ. 18 ნოემბრის განჩინებით ა. ბ-ს სარჩელი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული და ხარვეზის შესავსებად მოსარჩელეს ვადა მიეცა. 2002წ. 3 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და უარი განაცხადა მოთხოვნაზე საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს “ნ.”-ზე მიწის მიყიდვის დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით ა. ბ-ს სარჩელი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა პალატას. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით იხილავენ სარჩელს საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე და ა. ბ-ს სარჩელი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 15 იანვრის ¹5/5 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯადი იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია 2003წ. 1 აპრილის განჩინებით არ დაეთანხმა რაიონულ სასამართლოს ა. ბ-ს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული განკარგულება არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს და დავა ეხებოდა ადმინისტრაციული გარიგების დადება-შესრულების ნამდვილობას, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად არ აღემატებოდა 500000 ლარს, რის გამოც, არ წარმოადგენდა საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით განსჯად ადმინისტრაციულ სარჩელს და სასამარლოთა შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გამოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება განსახილველი საქმის განსჯადობაზე სწორია და ა. ბ-ს სარჩელი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 15 იანვრის ¹5/5 განკარგულება მიღებულია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის, საქართველოს პარლამენტის 1994წ. 20 სექტემბრის ¹555-ს დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების საფუძველზე. აღნიშნული აქტები კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებენ, იმ თავისებურებით, რომ გარიგების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო, რომელიც სკ-ს 24-ე მუხლის თანახმად, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სახით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ გასაჩივრებული განკარგულებით დაადასტურა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დაბა ურეკში მდებარე დასასვენებელი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის “ნ-ის” შრომით კოლექტივის დროებითი ამხანაგობის მიერ იჯარით აღებული ქონების ღირებულების დაფარვა და მიიღო გადაწყვეტილება მყიდველზე (“ნ-ის” შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობა) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 15 იანვრის ¹5/5 განკარგულება მიღებულია ადმინისტრაციული გარიგების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა, ხოლო ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საოლქო სასამართლოში პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს.

საქმეზე წარმოდგენილი შპს “ნ.” სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით ¹534-ი და მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ გამოსყიდული ქონების ღირებულება არ აღემატება 500000 ლარს. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის შესაბამისად, ა. ბ-ს სარჩელი რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავაა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, მე-5, მე-6 და 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ბ-ს სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს;

2. ა. ბ-ს სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. განჩინების თაობაზე ეცნობოთ მხარეებს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.