8დეკემბერი, 2021 წელი,
საქმე №ას-1488-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შ. დ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ა-ა ,,.. - მ-ს ..’’, გ. ს, ი. ა, დ. მ, გ. ლ, ა. ბ, ნ. ს, ნ. ს, ე. ს, ე. გ, ლ. ხ, მ. ქ, ნ.ჭ, ნ. ჭ, ნ. მ, ქ. კ, ზ. დ, თ.დ, გ. ნ.
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება, საგნის გაყიდვით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.თბილისის საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს 2011 წლის 15 დეკემბრის საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, „ა-ა №.. - მ-ს ..-ის“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან ამხანაგობა) წევრებს საკუთრებაში გადაეცათ, 1 920 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ.თბილისში, მ---ა და გ---ს ქუჩებს შორის მიმდებარე საერთო ეზოში (შემდეგში - მიწის ნაკვეთი ან სადავო ნაკვეთი).
2. სადავო ნაკვეთზე, N.-დან N..-ისა და N..-დან N..-ის ჩათვლით მდებარე შენობა-ნაგებობები, რეგისტრირებულია ამხანაგობის წევრების საკუთრებაში.
3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო ნაკვეთზე მდებარე N-----საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებიდან, თ. დ-ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) საკუთრებაშია ავტოფარეხები, შენობა-ნაგებობები N., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N., N.., N.., N.., N.., N.., N.., N., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N., N.., N.., N.., N.., N., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N., N.., N.., N.., N.. და N... ზ. დ-ი (შემდეგში - მესამე მოპასუხე) წარმოადგენს ავტოფარეხის შენობა N..-ის მესაკუთრეს, თ. ა-ძე (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე) ავტოფარეხის შენობა N.-ის მესაკუთრეა, გ. ს-ი (შემდეგში - მეხუთე მოპასუხე), შენობა N.-ს ფლობს საკუთრების უფლებით, გ. ნ-იას საკუთრებაშია ავტოფარეხის შენობა N.., ხოლო შ. დ-ის (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) საკუთრებაში ირიცხება ავტოფარეხების შენობა N.., N., N.. და N...
4. მიწის ნაკვეთი, დერეფნები და ავტოფარეხებთან მისასვლელი გზები წარმოადგენს მესაკუთრეთა თანასაკუთრებას, თითოეული ავტოფარეხი არის კონკრეტულ მესაკუთრეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში, ავტოფარეხები ისეა განლაგებული, რომ უზრუნველყოფს მის დანიშნულებით გამოყენებას.
5. სასამართლოში სარჩელი აღძრა მოსარჩელემ, სადაც პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხესთან ერთად, მოპასუხეებად დაასახელა: ა. ბ-ძე, გ. ს-ძე, ე. გ-ი, ლ. ხ-ძე, მ. ქ-ნი, ნ. ჭ-ია, ნ. ჭ-ია, ნ. მ-ლი, ქ. კ-ლი. მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ნაკვეთში მდებარე ავტოფარეხებსა და მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება, საზიარო საგნის გაყიდვითა და მხარეთა კუთვნილი წილების პროპორციულად ამონაგების განაწილებით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, თავდაპირველი მოპასუხის, გ. ს-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ - ნ. ს-ძე, ნ.ს-ძე და ე. ს-ძე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრებას, ხოლო მასზე მდებარე ავტოფარეხები, ამხანაგობის თითოეული წევრის საკუთრებაში ირიცხებოდა. ამდენად, თითოეულ მესაკუთრეს საკუთრებაში ჰქონდა სხვადასხვა მოცულობის ინდივიდუალური ფართი და არა რაიმე ოდენობის წილი, მთლიანი სახლთმფლობელობიდან.
9.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საზიარო უფლების გაუქმების საკითხები სხვადასხვაგვარად წყდება, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში - სსკ). სსკ-ის 953-ე მუხლის მიხედვით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუ კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის, მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრებაა - ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე, ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენებ და ა.შ.). ამავე კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
9.3. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, რაკი სადავო ნაკვეთზე მდებარე ავტოფარეხები მოპასუხეთა (ამხანაგობის წევრები) ინდივიდუალურ საკუთრებაში ირიცხებოდა და თითოეულ მოპასუხეს სხვადასხვა ოდენობის ინდივიდუალური ფართი ჰქონდა საკუთრებაში, ამიტომ მოცემული დავა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით უნდა მოწესრიგებულიყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საზიარო უფლების გაუქმების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას საფუძველი არ ჰქონდა და პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი სწორად არ დააკმაყოფილა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა. კასატორის საკასაციო მოთხოვნაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო მოთხოვნის საფუძვლები ასეთია:
10.1. სადავო ნაკვეთი მოპასუხეთა თანასაკუთრებაშია, რის გამოც, მხარეებს, კანონით მასზე თანასაკუთრების უფლება წარმოეშვათ. მიუხედავად ამისა, მოპასუხეები თანხმობას არ აცხადებენ, ქონების გამიჯვნაზე ან/და კომპენსაციის გადახდაზე, რითაც თავიანთ საკუთრების უფლებას ბოროტად იყენებენ. მოსარჩელემ, ავტოფარეხების შესაძენად ბანკიდან კრედიტი აიღო. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საზიარო უფლების გაუქმება შეუძლებელია იმგვარად, რომ გამიჯნულმა ავტოფარეხებმა არ დაკარგონ ფუნქციური ღირებულება. ვინაიდან საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია, ამიტომ საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს საზიარო საგნის რეალიზაციით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია, საგნის გაყიდვით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით - აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. სარჩელის დასახელებული მოთხოვნა, ასეთი შინაარსისაა: საზიარო უფლების გაუქმება თბილისში, მ-ის და გ-ის ქუჩებს შორის მდებარე საერთო ეზოს (საკადასტრო კოდი #----) გაყიდვით და კუთვნილი წილების პროპორციულად ამონაგების განაწილებით.
16. განსახილველი საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი გარემოებები:
1).ქ.თბილისის საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს 2011 წლის 15 დეკემბრის საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, ამხანაგობის წევრებს საკუთრებაში გადაეცათ სადავო ნაკვეთი.
2).სადავო ნაკვეთზე, N.-დან N..-ისა და N..-დან N..-ის ჩათვლით მდებარე შენობა-ნაგებობები, რეგისტრირებულია ამხანაგობის წევრების საკუთრებაში.
3).საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო ნაკვეთზე მდებარე N----საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებიდან, მეორე მოპასუხის საკუთრებაშია ავტოფარეხები, შენობა-ნაგებობები N., N.., N.., N.., N..,, N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N37, N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N.., N19, N.., და N... მესამე მოპასუხე წარმოადგენს ავტოფარეხის შენობა N..-ის მესაკუთრეს, მოთხე მოპასუხე ავტოფარეხის შენობა N.-ის მესაკუთრეა, მეხუთე მოპასუხე შენობა N.-ს ფლობს საკუთრების უფლებით, გ. ნ-იას საკუთრებაშია ავტოფარეხის შენობა N.., ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება ავტოფარეხების შენობა N.., N., N..და N...
4).მიწის ნაკვეთი, დერეფნები და ავტოფარეხებთან მისასვლელი გზები წარმოადგენს მესაკუთრეთა თანასაკუთრებას, თითოეული ავტოფარეხი არის კონკრეტულ მესაკუთრეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში, ავტოფარეხები ისეა განლაგებული, რომ უზრუნველყოფს მათ დანიშნულებით გამოყენებას.
ზემომითითებული გარემოებები კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა რომელიც მასსა და მოპასუხეებს შორის საზიარო უფლების გაუქმებას შეეხება წარუმატებელია. დასახელებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ერთ ერთი ძირითადი მოტივი ისაა, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ სადავო ნაკვეთზე სხვადასხვა ინდივიდუალური ფართი (ავტოფარეხები) მდებარეობს, რომლებზეც მხარეებს ინდივიდუალური საკუთრების უფლება უკვე მოპოვებული აქვთ. ამავე საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა მოიხმობს ამონარიდს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი განჩინებიდან: „საზიარო უფლებებთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მრავალბინიან სახლად მიიჩნევა სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან). ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა (იხ. სუსგ, №ას-759-1085-07, 2.11.2010).
18. აღნიშნული მსჯელობა განაპირობებს, რომ სადავო შემთხვევის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 953-ე, 961.1, და 964.1 მუხლების (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს; თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება; თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით), გამოყენება დაუშვებელია და მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა მოწესრიგდეს. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტსა (მრავალბინიან სახლად მიიჩნევა სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან)) და ამავე კანონის 10.1 მუხლზე (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე).
საგულისხმოა ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა ეკისრებათ მესაკუთრეებს, ხოლო, მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ #------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნივთის განკარგვა სამოქალაქო კოდექსის 953-968 -ე მუხლებით განსაზღვრული წესებით არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საგნის გაყიდვით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონსაწინააღმდეგობას გამორიცხავს.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შ. დ-ლს (პ/ნ ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. კ-ის (პ/ნ ----) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება - # -, გადახდის თარიღი - 29/01/2021) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე