Facebook Twitter

4 მაისი, 2022 წელი,

საქმე №ას-1674 -2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ. ქ-ის უფლებამონაცვლე მ.გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ქ-ძე, თ. კ-ნი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ქ-ნი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ნ. ქ-ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და თ. კ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოსარჩელეები ცნობილ იქნენ თბილისში, გ-ს ქუჩა, პირველი გასასვლელ #.-ში, ს/კ-ით #----, მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრეებად; ცვლილება შევიდა 19.. წლის 10 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებულ #.... კანონისმიერ სამკვიდრო მოწმობაში, რომლითაც მოპასუხემ სამკვიდროს სახით მიიღო სადავო ქონება. მისი საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა 203 კვ.მ მიწის ნაკვეთი არასწორად მიიჩნიეს სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივად, რადგან მასზე საკუთრების უფლება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მოიპოვა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის გარდაცვალების გამო, საქმისწარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე.

4. საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქმისწარმოება განახლდა, მ. გ-ლი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის უფლებამონაცვლე) ცნობილ იქნა მოპასუხის უფლებამონაცვლედ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

6.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

6.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

6.3. კ. ქ-ნი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეების დიდი პაპა) 1944 წლის 28 აპრილს, ხოლო ა. კ-ცი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეების პაპა, მოსარჩელეების მამისა და მოპასუხის მამა ან მამკვიდრებელი) 1983 წლის 10 მაისს გარდაიცვალა. ამ უკანასკნელის სამკვიდროს შეადგენდა თბილისში, გ-ს ქუჩა, პირველ გასასვლელი #--ში მდებარე 49,85 კვ.მ სამი საცხოვრებელი ოთახი, 234 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 203 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების უფლება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სამკვიდრო ქონება, დანაშთი ქონება, უძრავი ქონება, სადავო ქონება).

6.3.1. თბილისში, გ-ს ქუჩა, პირველი გასასვლელი #--ში მდებარე 234 კვ.მ მიწის ნაკვეთი და თვითნებურად დაკავებული 203 კვ.მ მიწის ნაკვეთი, როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი, ერთიანი და განუყოფელია.

6.4. მოსარჩელეთა პაპას დარჩა ექვსი პირველი რიგის მემკვიდრე, კერძოდ, მეუღლე - ს. კ-ნი, შვილები - უ. კ-ნი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეების მამა), დ. კ-ი, ჟ. კ-ი, ჟ. (გ.) კ-ი და მოპასუხე.

6.4.1. მამკვიდრებლის მეუღლე და შვილები ჟ. და ჟ. (გ.) კ-ბი გარდაიცვალნენ, ხოლო დ. კ-ს სადავო ქონებაზე პრეტენზია არ აქვს.

6.5. 1987 წლის 10 სექტემბერს მოპასუხის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, გარდაცვლილი მამის დანაშთი სამკვიდრო სრულად მიიღო და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ.

6.5.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ფართობი დოკუმენტით შეადგენდა - 234 კვ.მ, ხოლო 1994 წლამდე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იყო - 203 კვ მიწის ფართი.

6.6. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით, 1925 წლის 19 დეკემბრის #--- სააღსრულებო ფურცლისა და იმავე თარიღის რ.#--- ნოტარიული ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება 1949 წელს მოსარჩელეების დიდი პაპის, ხოლო ბოლო მონაცემებით - 1987 წლის 10 სექტემბრის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობით, მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა.

6.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილი უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალის მიხედვით, სადავო ქონების მფლობელად 1987 წლის 10 სექტემბრის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მითითებულია მოპასუხე. სააღრიცხვო მასალა 1940 წლით თარიღდება.

6.8. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში მოსარჩელეების პაპის სამკვიდრო ქონების თაობაზე 1987 წელს პირველი სანოტარო კანტორის მიერ შესრულებული სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედებები და 1987 წლის 10 სექტემბრის ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესახებ ჩანაწერები მოიძებნა.

6.9. ამჟამად სადავო ქონება 1987 წლის 10 სექტემბრის #.-… კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობისა და 1956 წლის #--- სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე, მოპასუხის საკუთრებაა. უფლების რეგისტრაციის თარიღია - 20.04.2016 წელი.

6.10. მოსარჩელეების მამა 1979 წლიდან, ხოლო მისი მეუღლე ლ. ქ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეების დედა) 1959 წლის 30 ივლისიდან რეგისტრირებულია სადავო მისამართზე (იხ. საინფორმაციო ბარათები).

6.11. მოსარჩელეების დედა 1997 წლის 26 მარტს, ხოლო მამა 1989 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა. ამ უკანასკნელის გარდაცვლების სააქტო ჩანაწერში საცხოვრებელ ადგილად სადავო ქონების მისამართია აღნიშნული.

6.12. 2014 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელეების სახელებზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა, გარდაცვლილი მამის სამკვიდრო მიიღეს.

6.13. პირველი მოსარჩელე სადავო საცხოვრებელ მისამართზე 1977 წლის 8 სექტემბრიდან, ხოლო მეორე მოსარჩელე 1978 წლის 23 ივლისიდანაა რეგისტრირებული.

6.14. სს „თ-ს“ მონაცემთა ბაზაში 1996 წლის პირველადი მონაცემებით, სადავო ქონების მისამართზე აბონენტად მოსარჩელეების მამა, ხოლო შემდგომ პირველი მოსარჩელე ირიცხება. ხანდაზმულობის გამო, ცვლილების განხორციელების ზუსტი თარიღი უცნობია, ხოლო 1996 წლამდე ინფორმაცია არ ინახება.

7. სსკ-ის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ადგენს, იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

სსკ-ი 1997 წლის 25 ნოემბერს ამოქმედდა. დადგენილია, რომ მოსარჩელეები ითხოვენ 1983 წლის 10 მაისს გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიკუთვნებას. სამკვიდრო გაიხსნა ახალი სსკ-ის ამოქმედებამდე. ამასთან, მხარეები მოქმედი სსკ-ის გამოყენებაზე არ შეთანხმებულან. ამდენად, სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული საკითხები სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი, 1964 წლის რედაქციის სსკ-ის შესაბამისი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს.

8. 1964 წლის რედაქციის სსკ-ის 539-ე მუხლში აღნიშნულია, რომ მემკვიდრეობა გადადის კანონით ან ანდერძით. ამავე კოდექსის 544-ე მუხლით, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან, პირველ რიგში, გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები, ხოლო, 556-ე მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. 1964 წლის რედაქციის სსკ-ის 539-ე, 544-ე, 556-ე მუხლების იდენტურ მოწესრიგებას ადგენს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები (შდრ. სუსგ-ები# ას-480-454-2012, 30.04.2012წ; #ას-373-354-2013, 23.12.2013წ; #ას-964-913-2015, 12.12.2016წ; #ას-284-270-2016, 16.06.2016წ; #ას-530-506-2016, 23.09.2016წ; #ას-33-29-2017, 24.03.2017წ).

9. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება: სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება (მართვა) ან სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენა. აღნიშნული მოქმედებები განხორციელებულ უნდა იქნას სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდეს მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ - ანუ სამკვიდროს მიღებულად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრის ნებას, სურვილს, მიიღოს სამკვიდრო“ .

10. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, რომელიც უნდა არსებობდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის მანძილზე და რომლითაც დასტურდება მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება, საკმარისია, რომ სამკვიდრო ჩაითვალოს მიღებულად. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის 26 დეკემბერი) 556-ე მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად, ისეთ კონკლუდენტურ მოქმედებებს, რომლებიც მიუთითებენ სამკვიდროს მართვაზე, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს იმ შემთხვევებში, როდესაც მემკვიდრე, მართალია, არ ფლობს მამკვიდრებლის ქონებას, მაგრამ მისი მოქმედებებიდან (იხდის კომუნალურ გადასახადებს, განკარგავს ამ ქონებიდან მიღებულ შემოსავალს და ა.შ.) ირკვევა, რომ ამ ქონებას იგი თავისად მიიჩნევს“ (იხ. სუსგ # ას-483-794-09, 04/02.2010წ.) .

11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე და მოსარჩელეების მამა, მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულბებით, კერძოდ, საიფორმაციო ბარათებით, სს „თ-ს“ მიერ გაცემული ცნობითა და მოწმეთა ჩვენებებით (იხ, მოწმე დ. კ-ის და ს. მ-ის ჩვენება), დგინდება მოსარჩელეების მამის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადის დაცვით, სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი, შესაბამისად, იმ გარემოებათა ერთობლიობა, რომ მოსარჩელეების მამის საცხოვრებელი ადგილი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც სადავო უძრავი ქონება იყო, საკასაციო პალატას უქმნის იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მან მამის დანაშთი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო.

12. იმ ფაქტობრივი გარემოების გაქარწყლება, რომ მოსარჩელეების მამამ მშობლის დანაშთი სამკვიდროდან კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო სამკვიდრო (უძრავი ქონება) და მას წარმოეშვა კუთვნილ ½ წილზე საკუთრების უფლება, მოპასუხემ ვერ შეძლო. მოპასუხემ ვერ მოახერხა საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში დაეძლია მოწინააღმდეგის პოზიცია, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებას.

13. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა 203 კვ.მ მიწის ნაკვეთი არასწორად მიიჩნიეს სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივად, რადგან მასზე საკუთრების უფლება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მოიპოვა.

14. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბარათით უტყუარად დასტურდება 437 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1956 წელს აღრიცხვის ფაქტი. სადავო ქონება მოპასუხის სახელზე კი, 1987 წლის 10 სექტემბრის #.-… კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობისა და 1956 წლის #.... სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე დარეგისტრირდა, მითითებულ დრომდე უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლება არ დასტურდება, ასევე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი დოკუმენტურად შეადგენდა - 234 კვ.მ-ს, ხოლო 1994 წლამდე უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე დარჩენილი იყო - 203 კვ. მ.

ტექნიკური აღრიცხვის ბარათის მონაცემის მიხედვით, მამკვიდრებელს ექსპლუატაციაში ჰქონდა სწორედ 437 კვ.მ მიწის ნაკვეთი. დადგენილია, ისიც, რომ 234 კვ.მ მიწის ნაკვეთი და თვითნებურად დაკავებული 203 კვ.მ, როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი, ერთიანი და განუყოფელია, რომლითაც მოპასუხესთან ერთად სარგებლობდა მოსარჩელეების მამაც. შესაბამისად, მას მიღებული აქვს მამის დანაშთი ქონების ის ნაწილიც, რაც თვითნებურად იქნა დაკავებული და 203 კვ.მ მიწის ნაკვეთი ცალკე უფლების ობიექტი არ არის, მასზე უფლების მოპოვება მხოლოდ სამკვიდროს მიღების გზით/ფართით სარგებლობით იყო შესაძლებელი და ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების შეძენის უფლებაც სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივია, ამდენად, კასატორის პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.

15. ამრიგად, მოსარჩელეების მამა გახდა მამის დანაშთი უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრე, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, შესაბამისად, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, იმავე რიგის მემკვიდრის/მოსარჩელეების მამის უფლების გაუთვალისწინებლად მთლიან სამკვიდრო ქონებაზე აეღო სამკვიდრო მოწმობა. ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მამის დანაშთი ქონება მიიღეს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

18. კასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ლ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 871 ლარის (საგადახდო დავალება #., გადახდის თარიღი 23.08.2018წ), 70% - 609 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ----.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ქ-ის უფლებამონაცვლე მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ. ქ-ის უფლებამონაცვლე მ. გ-ლს (პ/ნ----) დაუბრუნდეს ლ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 871 ლარის (საგადახდო დავალება #., გადახდის თარიღი 23.08.2018წ), 70% - 609 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე