24 ნოემბერი, 2021 წელი
ას-851-2021
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
აქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს-ს რ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ა --“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2017 წლის 22 ივნისს, გორის რაიონულ სასამართლოში შპს „დ-ა ..“-მა (შემდეგში: მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სს „ს-ს რ-ის“ (შემდეგში: მოპასუხის) მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 164 151.62 აშშ დოლარისა და სს „პ-ს ბ-ან“ დაკავებული საგარანტიო თანხის - 33 360.05 ლარის დაკისრება მოითხოვა.
სარჩელი დაეფუძნა შემდეგ გარემოებებს:
1.1.2015 წლის 21 აპრილს, მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--/..-…ხელშეკრულება, რომლის საგანს გორის №. მაღალი სამგზავრო ბაქნის კაპიტალური შეკეთება წარმოადგენდა. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, მაგრამ შემსყიდველმა ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხა - 167 566.64 აშშ დოლარი არ აანაზღაურა.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე შპს „ტ-ის“ 2016 წლის 17 ივნისის საექსპერტო დასკვნას დაეყრდნო, რომლითაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჩაითვალა შეუსრულებლად, თუმცა, ამავე დასკვნის თანახმად, ობიექტზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 140 383.62 აშშ დოლარი. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ერთ-ერთ ხარვეზს ბეტონის სიმტკიცე წარმოადგენდა, რომელიც B35 კლასს არ შეესაბამებოდა, რის საპირისპიროსაც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 18 დეკემბრის №---- დასკვნა ადასტურებს, საიდანაც დგინდება, რომ ბეტონის სიმტკიცე B35 კლასს შეესაბამება. ამავე საექსპერტო ბიუროს 2019 წლის 19 ნოემბრის №---- დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ დღგ-ის გარეშე 142 005.63 აშშ დოლარი შეადგინა.
მოსარჩელის მითითებით, შპს „ტ-ის“ დასკვნის საფუძველზე დარღვეულია ბაქნის სიმაღლის პარამეტრები. აქვე აღნიშნულია, რომ შესაძლებელია მოცემული ხარვეზის ღირებულებითი მაჩვენებელი გამოაკლდეს მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელ თანხას და არ გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. შპს „ტ-ის“ დასკვნის მიხედვით, ხარვეზს წარმოადგენდა ბაქნის მონოლითური პირის ზედაპირის ადგილებში ატმოსფერული ნალექების დაგროვებაც, რაც ბაქნის საპროექტო ქანობებიდან გადახვევით იყო გამოწვეული; ასევე, არ იყო სრული მოცულობით დასრულებული უსაფრთხოების ზონის მარკირება და მიწისქვეშა გადასასვლელის კიბის უჯრედების სამღებრო სამუშაოები. ჩამოთვლილი ხარვეზების გამოსწორებას შპს „ტ-ის“ დირექტორის - თ. თ-ის მიერ, 2016 წლის 28 ივნისს, მოპასუხისათვის გაგზავნილი წერილი ადასტურებს. სატენდერო კომისის 2016 წლის 05 სექტემბრის ოქმის საფუძველზე, მოპასუხემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--/..-..ხელშეკრულება შეწყვიტა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულება შესრულდა ჯეროვნად, ხოლო, მოპასუხემ სრულიად უსაფუძვლოდ მიიღო საბანკო გარანტია.
მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა 8 223.71 ლარის ნაწილში შეამცირა და სარჩელის აღძვრის დროისთვის დოლარის ლართან მიმართებაში არსებული კურსის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნამ 164 151.62 აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად თავდაპირველად სარჩელით მოთხოვნილი 167 566.64 აშშ დოლარისა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--/..-... ხელშეკრულება ნამდვილად გაფორმდა, თუმცა, მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობები არაჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, ბეტონის სიმტკიცე ხელშეკრულებით გათვალიწინებულ მოთხოვნას არ შეესაბამებოდა და ბაქნის მონოლითური ზედაპირის მოპირკეთებასთან დაკავშირებითაც ხარვეზები იყო; ასევე, ბაქნის სიმაღლის პარამეტრები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რაც შპს „ტ-ის“ 2017 წლის 17 ივნისის №../.. საექსპერტო დასკვნით დადასტურდა.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს შპს „ტ-ის“ 2016 წლის 28 ივნისის წერილს, სადაც საუბარია, რომ დასრულებულია სამღებრო, უსაფრთხოების ზონის მარკირებასთან და ბაქნის მონოლითური ზედაპირის ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებული სამუშაოები, ხოლო, ბაქნის სიმაღლის ზომების დარღვევა ორივე ლიანდაგთან მიმართებაში და ასევე, ბეტონის სიმტკიცის საკითხი, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად ვერ შეასრულა, რის გამოც მოპასუხემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. იმის გამო, რომ მიმწოდებლის მიერ, შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები არაჯეროვნად შესრულდა და მოსარჩელემ ზედამხედველის მიერ გამოვლენილი შეუსაბამოებები ვერც დამატებთ მიცემულ ვადაში ვერ აღმოფხვრა, შემსყიდველმა კომპანიამ სრულიად კანონიერად გამოიყენა სს „პ-ს ბ-ის“ მიერ გაცემული №----/..-... საბანკო გარანტია.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „დ-ა ..“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე სს „ს-ს რ-ას“ მოსარჩელე შპს „დ-ა ..“-ის სასარგებლოდ 164 151.62 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა; სს „ს-ს რკინიგზამ“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო, შპს „დ-ა ..“-მა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინებით, სს „ს-ს რ-სა“ და შპს „დ-ა ..“-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.2015 წლის 21 აპრილს, ერთი მხრივ, სს „ს--ს რ-სა“ (შემსყიდველი) და მეორე მხრივ, შპს „დ-ა ..“-ს (მიმწოდებელი) შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--/..-... ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანს გორის N. მაღალი სამგზავრო ბაქნის კაპიტალური შეკეთება წარმოადგენდა (ს.ფ. ..-..).
6.1.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--/..-... ხელშეკრულების მიხედვით დადგინდა, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 10.4. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება ფორმდება აშშ დოლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, 2015 წლის 02 მარტისათვის დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. ამასთან, ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს - 142 005.63 აშშ დოლარს, ხოლო, დღგ-ს ჩათვლით - 167 566.64 აშშ დოლარს (ს.ფ. ..-…).
6.2.სს „ს-ს რ-სა“ და შპს „დ-ა ..“-ს შორის გაფორმებული 2015 წლის 21 აპრილის № --/- ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოც) კალენდარულ დღეში. ამავე პირობების 3.5. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია ამ მუხლის 3.3. პუნქტში აღნიშნულ საბოლოო ვადამდე დაასრულოს სამუშაოები და მოითხოვოს შესრულებული სამუშაოების (შესყიდვის ობიექტი) მიღება-ჩაბარება ამ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-4 მუხლის შესაბამისად; ხოლო, 4.1. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების (შესყიდვის ობიექტი) მიღება-ჩაბარება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ და ექსპერტის (ექსპერტთა ჯგუფის) მიერ ობიექტზე წარმოდგენილი დადებითი დასკვნის გათვალისწინებით, შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის გზით (ს.ფ. ..-…).
6.3.მხარეთა შორის გაფორმებულ №--/..-... ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2015 წლის 30 აპრილის შეთანხმების მე-2 მუხლით, ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებს დაემატა ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მუხლი შემდეგი რედაქციით: „7.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოყენებული იქნება შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული ბანკის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ დოლარში და რომლის მოქმედების ვადაც 100 (ასი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადას; 7.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3. პუნქტით დადგენილ ვადაში სრულად შესრულების შემდეგ, შემსყიდველი დაუბრუნებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას; 7.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი არ დაუბრუნებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას და გამოიყენებს უპირობოდ, დარიცხული პირგასამტეხლოს ფარგლებში“;
-ამავე ცვლილებების თანახმად, „ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა“ განისაზღვრა მე-8 მუხლის სახით და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3. მუხლით გათვალისწინებული საბოლოო ვადის გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0,1%-ის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებულ იქნება აშშ დოლარში და მოთხოვნილი (გაქვითული) იქნება ქართულ ლარში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღეს, ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკურლების შეწყვეტის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდება მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევს ხელშეკრულების საერთო ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 10%-ს“ (ტომი 1; ს.ფ. 24-25).
6.4.შპს „დ-ა ---ის“ სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის დაზღვევის მიზნით, სს „პ-ს ბ-ს“ მიერ გაიცა №--/..-...საბანკო გარანტია 14200.6 აშშ დოლარის ოდენობით (ტომი 1; ს.ფ. ..).
6.5.სატენდერო კომისიის 2016 წლის 05 სექტემბრის ოქმის საფუძველზე, მოპასუხემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--/..-... ხელშეკრულება შეწყვიტა, რის საფუძვლადაც „ხელშეკრულების შეუსრულებლობა“ მიუთითა (ტომი 1; ს.ფ. ..-..);
6.6.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შპს „დ-ა --“-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალიწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი, რომლის ღირებულება 164 151.62 აშშ დოლარს შეადგენს და რაც შესაბამისობაშია დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნასთან. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე და 648-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „დ-ა --“-ის მოთხოვნა მოპასუხე სს „ს-ს რ-ის“ 164 151.62 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, კანონიერი იყო.
ამ კუთხით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე მხარის მიერ, საქმის მასალებში წარმოდგენილ დასკვნებზე, კერძოდ, შპს „ტ-ის“ 2016 წლის 17 ივნისის საექსპერტო დასკვნაზე (ტომი 1; ს.ფ. ..-..), სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 18 დეკემბრის №---- (ტომი 1; ს.ფ. ..-..) და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 19 ნოემბრის №--- დასკვნებზე (ტომი 1; ს.ფ. ...-...), რომლებთან დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ:
- შპს „ტ-ის“ 2016 წლის 17 ივნისის საექსპერტო დასკვნით, რომელიც მოპასუხე სს „ს-ს რ-ის“ დაკვეთით მომზადდა, ექსპერტიზის ჩატარების მდგომარეობით, №--.5-... ხელშეკრულების ფარგლებში, გორის N. მაღალი სამგზავრო ბაქნის კაპიტალური შეკეთების (რეკონსტრუქციის) სამუშაოები დასრულებულია გარკვეული ხარვეზებით. ხარვეზების ნაწილი ღირებულებით მაჩვენებელში ექვემდებარება შეფასებას და დამკვეთის მიერ შეფასებული თანხის სამშენებლო კომპანიისათვის ასანაზღაურებელი თანხებიდან დაკავებას. სამშენებლო კომპანიის მიერ მიმდინარეობს ხარვეზების მეორე ნაწილის აღმოფხვრა. შესაბამისად, ამ საკითხის შეფასება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ხარვეზების აღმოფხვრის სამუშაოების დასრულების შემდეგ. პალატამ აქვე მიუთითა დასკვნის 4.1.0. პუნქტის (სამუშაოთა შესრულების სტატუსი და ღირებულება) ბოლო აბზაცზე, სადაც აღნიშნულია, რომ შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა 2), რომელიც შედგენილია №--/..-... ხელშეკრულების თანდართული ხარჯთაღრიცხვის ერთეული განფასებებისა და აზომვითი სამუშაოების შედეგების საფუძველზე, ობიექტზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 140 383.62 აშშ დოლარს, დღგ-ის გარეშე;
-სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 18 დეკემბრის N--- დასკვნის მიხედვით, ბეტონის ნიმუშების კუმშვაზე სიმტკიცის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 45,41 მპა-ს, რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით, შეესაბამება ბეტონის B35 კლასს. რკინიგზის სადგურის ბაქნის ბეტონის საფარის საშუალო სისქეა - 12,8 სმ;
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 19 ნოემბრის N---- დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ დღგ-ეს გარეშე შეადგინა 142 005.63 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა გახდა, რაც გამოიხატებოდა გარკვეული სახის ხარვეზების არსებობაში. კერძოდ, დარღვეული იყო ბაქნის სიმაღლის პარამეტრები; ასევე, ხარვეზს წარმოადგენდა ბაქნის მონოლითური პირის ზედაპირის ადგილებში ატმოსფერული ნალექების დაგროვება, რაც გამოწვეული იყო ბაქნის საპროექტო ქანობებიდან გადახვევით; ამასთან, არ იყო სრული მოცულობით დასრულებული უსაფრთხოების ზონის მარკირება და მიწისქვეშა გადასასვლელის კიბის უჯრედების სამღებრო სამუშაოები. ერთ-ერთ ხარვეზს წარმოადგენდა ბეტონის სიმტკიცე, რომელიც არ შეესაბამებოდა B35 კლასს, თუმცა, პალატის მითითებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 18 დეკემბრის N---დასკვნა ადასტურებდა ბეტონის სიმტკიცის შესაბამისობას B35 კლასთან; ხოლო, შპს „ტ-ის“ დირექტორის 2016 წლის 28 ივნისის წერილი კი, მოსარჩელის მიერ სხვა ხარვეზების გამოსწორების ფაქტს ადასტურებდა. ამასთან, პალატის მითითებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 19 ნოემბრის N---დასკვნით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 142005.63 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები დღგ-ს გარეშე.
რაც შეეხება მოპასუხის პრეტენზიას ლიანდაგებთან მიმართებაში ბაქნის სიმაღლის დარღვევასთან დაკავშირებით, პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ რკინიგზის მონაკვეთი, რომელზეც მიმდინარეობდა სამუშაოები, პარალელურად უწყვეტად ფუნქციონირებდა. გარდა ამისა, მოპასუხეს არ ჰქონდა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება მასზედ, თუ რა ზიანი ადგებოდა/შესაძლოა მისდგომოდა აღნიშნული ხარვეზით მას, ან მგზავრებისა და ტვირთის გადაყვანა/გადაზიდვის უსაფრთხოებას.
6.7. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 172-ე მუხლებზე დაყრდნობით, არ გაიზიარა სს „ს-ს რ-ს“ აპელირება მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალებში წარმოდგენილი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა, არასწორად არ გაიზიარა შპს „ტ-ს“ დასკვნა, რომლის თანახმად, ერთ-ერთ ხარვეზს ბეტონის სიმტკიცე წარმოადგენდა და უპირატესობა არასწორად მიანიჭა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--- დასკვნას, რის საფუძველზეც არასწორად დაადგინა, რომ ბეტონის სიმტკიცე შეესაბამებოდა B35 კლასს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შპს „ტ-ის“ 2016 წლის 17 ივნისის საექსპერტო დასკვნა, ვერ აქარწყლებდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებულ N--- დასკვნას, რომელიც იმპერატიული ხასიათის იყო და პირდაპირ მიუთითებდა, რომ ბეტონის ნიმუშების კუმშვაზე სიმტკიცის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 45,41 მპა-ს, რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით, შეესაბამება ბეტონის B35 კლასს. რკინიგზის სადგურის ბაქნის ბეტონის საფარის საშუალო სისქეა - 12,8 სმ. პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელდა 19 ნიმუშის ამოკვეთა და გამოკვლევა, ხოლო, მეორე შემთხვევაში - 12 ცილინდრული ფორმის ნიმუშის ამოკვეთა. შესაბამისად, პალატის შეფასებით, ექსპერტიზის ბიურომ სადავო საკითხის გამოკვლევისას, უფრო ფართო არეალი მოიცვა, ვიდრე, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ კვლევა განახორციელა თანამედროვე მეთოდით, ბეტონის კუმშვაზე გამოცდა განხორციელდა თანამედროვე დანადგარზე CONTROL ADVANTEST. C---/..-ზე და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა ჩატარებულ იქნა 2 მეთოდით.
6.8.სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სს „ს-ს რ-ის“ აპელირება მასზედ, რომ მხარეთა შორის ანგარიშწორების საფუძველი უნდა ყოფილიყო მიღება-ჩაბარების აქტი. პალატამ აღნიშნა, რომ აქ მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ სს „ს-ს რ-ამ“ ისე შეწყვიტა მოდავე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, რომ მოსარჩელე მხარისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება არ განუხორციელებია. შესაბამისად, ვერ მოხდა მიღება-ჩაბარების აქტზე მხარეთა ხელმოწერების დაფიქსირება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით შესრულებული სამუშაოების დადასტურებასთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი არც ერთი ნორმით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები), კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით.
6.9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სს „ს-ს რ-ის“ მითითება მასზედ, რომ შესაფასებელი და გამოსაკვლევია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით (აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, მოპასუხე სს „ს-ს რ-ას“ მოსარჩელე შპს „დ-ა ..“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 164 151.62 აშშ დოლარის გადახდა, მაშინ, როცა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას შესრულებული სამუშაოების ღირებულების - სარჩელის შეტანის დღისათვის 167 566,64 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტით ლარში გადახდა წარმოადგენდა).
ზემოაღნიშნულთან მიმართებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა მოდავე მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 10.4. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება ფორმდება აშშ დოლარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, 2015 წლის 02 მარტისათვის დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. ამასთან, ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს - 142 005.63 აშშ დოლარს, ხოლო, დღგ-ს ჩათვლით - 167 566.64 აშშ დოლარს. ამასთან, სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე დაყრდნობით მიუთითა „ნომინალიზმის პრინციპზე“ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით, სასამართლო პრაქტიკაში განვითარებულ მსჯელობებზე, რისი გათვალისწინებითაც აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმა გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ფულის ნომინალს ცვლის ან კიდევ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ჰიპერინფლაციას. ვინაიდან, ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის მიმართ ზემოთმითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია სსკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ სს „ს-ს რ-ას“ მართებულად დააკისრა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ 164 151,62 აშშ დოლარის გადახდა.
6.10. მიუხედავად შპს „დ-ა ..“-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობისა, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დაირღვა სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს.
პალატის მითითებით, მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის აპრილის თვეში. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მესამე მუხლით, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 120 კალენდარული დღე. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 2016 წლის ივნისის თვეში. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ არაგონივრულად დიდი დრო მოანდომა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.
სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება მასზედ, რომ მაღალმა სიცხემ შეუშალა ხელი სამუშაოს დაგვიანებით შესრულებაში, რადგან გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილით, მართალია ირკვეოდა ჰაერის მაქსიმალური ტემპერტურის შესახებ ინფორმაცია, თუმცა საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება მასზედ, ჰაერის ტემპერატურის ზრდა იყო თუ არა მიზეზობრივ კავშირში სამუშაოს დროულ დასრულებასთან. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელე მხარის ის არგუმენტიც, რომ სამუშაოს დაგვიანებით შესრულება სარკინიგზო მიმოსვლის გამო მოხდა, ვინაიდან მოსარჩელისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან უნდა ყოფილიყო ცნობილი შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის შესახებ.
6.11. სააპელაციო სასამართლომ, გარანტიის გამოთხოვასთან დაკავშირებით შპს „დ-ა ..“-ის პრეტენზიის პასუხად, მიუთითა სსკ-ის 879-ე (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე), 881-ე (საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე) 882-ე (საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მუხლებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე - საბანკო გარანტიის გამოუთხოვად და არააქცესორულ ბუნებასთან დაკავშირებით, ასევე, სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან საბანკო გარანტიის მთავარ განმასხვავებელ თავისებურებებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული იყო შესრულების გარანტია, მოსარჩელემ კი დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის ფარგლებში არსებული შემსყიდველის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიით.
6.12. საგარანტიო თანხის ნაწილში სარჩელთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 418.2. (შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21.31 (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს) მუხლებზე და ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის, 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებაზე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლში შეტანილი ცვლილებების თაობაზე, რომლის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შემსყიდველი გამოიყენებს უპირობო საბანკო გარანტიას ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით. ამავე შეთანხმებით, მიმწოდებელს 120 დღიანი ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%. ამასთან პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდება მას შემდეგ, რაც პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა მიაღწევს ხელშეკრულების ღირებულების 10% დღგ-ს გარეშე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოდავე მხარეთა შორის 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმების 8.3 პუნქტი, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში იძლეოდა დარიცხული პირგასამტეხლოს საბანკო გარანტიიდან ანაზღაურების შესაძლებლობას.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „პ-ს ბ-ის“ მიერ გაცემული იყო საბანკო გარანტია 14200.6 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე გარანტიით, ბანკი უზრუნველყოფდა საგარანტიო თანხის გადახდას ბენეფიციარის - სს „ს-ს რ-ის“ წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე. დადგენილად იქნა ასევე მიჩნეული, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი (ვადის გადაცილება) შესრულებისათვის მოპასუხემ შეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--/..-… ხელშეკრულება და დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება მოახდინა საბანკო გარანტიიდან. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ საგარანტიო თანხის გამოთხოვა, მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმებით ორჯერ - 2015 წლის 30 ნოემბერსა და 2016 წლის 28 აპრილს მოხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება, პირგასამტეხლოს დარიცხვა მაინც მიმდინარეობდა და მისი დარიცხვის ათვლა დაიწყო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით განსაზღვრული 120 დღიანი ვადის ამოწურვიდან.
6.13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ექსპერტიზის ჩატარება განხორციელდა სასამართლოს ინიციატივით (ტომი 1; ს.ფ. …-…; გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ), რაც ნიშნავდა იმას, რომ ექსპერტიზის (სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 19 ნოემბრის N----დასკვნა) ჩატარების უზრუნველსაყოფად, ხარჯები თანაბარწილად უნდა აენაზღაურებინათ მოდავე მხარეებს.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს-ს რ-ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, რომლითაც დადგინდა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და რომლებიც საფუძვლად დაედო მხარეთა შორის არსებული სადავო გარემოებების გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული ფორმით გადაწყვეტას. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ბეტონის სიმტკიცესთან მიმართებით უპირატესობა მიანიჭა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას იმავე საკითხთან დაკავშირებით, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებასთან შედარებით მხოლოდ იმ მოტივით, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებული დასკვნა იმპერატიული ხასიათისაა, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ბეტონის ნიმუშების კუმშვაზე სიმტკიცის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 45,41 მპა-ს, რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით, შეესაბამება ბეტონის B35 კლასს და რომ ექსპერტიზის ბიურომ სადავო საკითხების გამოკვლევისას უფრო ფართო არეალი მოიცვა, ვიდრე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. სააპელაციო პალატის მოტივაციის საპირისპიროდ, კასატორი განმარტავს, რომ ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით არც ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნა იყო სარეკომენდაციო ხასიათის და მასში ასახული კვლევის შედეგები მოცემული იყო მტკიცებით ფორმაში. რაც შეეხება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, კვლევის უფრო ფართო არეალის მოცვას, კასატორი მიიჩნევს, რომ ეს გარემოება არ უნდა დაფუძნებოდა დასკვნის გაზიარებას, ვინაიდან ს-ო კ-ი ც-ის დასკვნაშიც ხაზგასმით იყო მითითებული, რომ საკვლევი ნიმუშები ამოღებულ იქნა ბაქნის მთელ სიგრძეზე, თანაც, შპს „ს-ო კ-თ ც-ს“ ბეტონის კვლევის შედეგების მომზადებისას, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსაგან განსხვავებით არანაირი ვარიაციის კოეფიციენტი არ გამოუყენებია. მეტიც, ს-ო-კ-ი ც-ი მის მიერ მომზადებულ დასკვნაში უთითებს, რომ „რვა უდიდესი შედეგის საშუალო მნიშვნელობით ბეტონის სიმტკიცე შეადგენს 39,2 მპა-ს“. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, ნათელია, რომ კვლევის მასშტაბის კრიტერიუმით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისათვის უპირატესობის მინიჭება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. რაც შეეხება კვლევის მეთოდს, ორივე კვლევითმა ორგანიზაციამ კვლევის ჩატარებისას ერთი და იგივე სტანდარტი - გოსტ 28570-90 გამოიყენა.
გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებების შეფასებისათვის, კასატორის მოსაზრებით, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს იმ საკითხებზე, თუ როდის აღწევს ბეტონი საპროექტო ნიშნულს და შედეგობრივი თვალსაზრისით, რა უპირატესობა აქვს მაღალი მარკის, საპროექტო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ბეტონს - B35 კლასს, სხვა უფრო დაბალი ნიშნულის მქონე ბეტონის კლასთან შედარებით. კასატორის განმარტებით, აღნიშნულ გარემოებაზე სს „ს-ს რ-მ“ ყურადღება გაამახვილა თავის სააპელაციო საჩივარშიც, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა. კერძოდ, კასატორის მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N1 1/251 ბრძანების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმები, წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა ნორმები. აღნიშნული ნორმებიდან ერთ-ერთია ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები (CHXII2.03.01-84), სადაც მითითებულია, რომ ბეტონი შესაბამის კლასს 28 დღე-ღამეში აღწევს. ეს გულისხმობს იმას, რომ შპს „დ-ა ..“-ის მიერ გამოყენებულ ბეტონს საპროექტო ნიშნულისათვის, იმ პერიოდისათვის, როცა ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა კვლევა ჩაატარა, უკვე მიღწეული უნდა ჰქონოდა. დროის გასვლასთან ერთად ბეტონი შრება და შესაბამისად, მარკიანობაც იმატებს, რაც აჩვენა კიდეც მენარდის დაკვეთით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მომზადებულმა დასკვნამ. თუმცა, განსხვავება ნორმატიულ ვადებში (სამშენებლო სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგულირების ნორმებით დადგენილი ვადა) მიღწეულ ბეტონის მარკიანობასა და უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ მიღწეულ ბეტონის სიმტკიცეს შორის, ნამდვილად არსებობს და აისახება პირველ რიგში, ნაკეთობის - გორის სამგზავრო ბაქნის, ფაქტობრივ მდგომარეობაში. საქმეში წარმოდგენილია სურათები, რაც თვალსაჩინოს ხდის ბაქნის დღევანდელ მდგომარეობას - გაჩენილი ბზარები, ჩამომტვრეული გვერდები, რასაც გამორიცხულია ადგილი ჰქონოდა საპროექტო მონაცემებით მოთხოვნილი მარკიანობის ბეტონის გამოყენების შემთხვევაში. კასატორის მითითებით, საქმეში არსებობს შპს „დ-ა ..“-ის მიმოწერა ს-ს რ-თან (29.06.2016წ . N….) და ასევე პროექტის ავტორ კომპანიასთან - შპს „კ-ან" (06.07.2015 წ.), რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ B35 მარკის ბეტონი თავისი კლასიფიკაციით გამოიყენება ჰიდროტექნიკურ ნაკეთობებზე. ასევე, ამავე მიმოწერაში აღნიშნულია, რომ B35 მარკის ბეტონი ერთმნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ბაქნის კიდეების დაცვას მექანიკური დაზიანებისაგან (კიდეების ჩამომტვრევა, ბზარების წარმოქმნა). დასახელებული გარემოებები კასატორისათვის ეჭვს აჩენს მენარდის მიერ გამოყენებული ბეტონის მარკიანობის საპროექტო ნიშნულთან შესაბამისობაზე და ეჭვქვეშ აყენებს ვადების დარღვევით ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის სარწმუნოობა/რელევანტურობას სადავო საკითხთან მიმართებით. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზირა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და ისე მიანიჭა უპირატესობა საქმეში არსებულ სხვა დასკვნასთან შედარებით, რომ სრულყოფილად და დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა ამგარი გადაწყვეტილების სისწორე, რის გამოც მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, რამაც საქმეზე არასწორი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა გამოიწვია.
7.2.გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი უსწორობის თვალსაზრისით, კასატორი ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის, 2015 წლის 21 აპრილს გაფორმებული №--..-… ხელშეკრულების ღირებულებაზე, რომელიც დადგენილ იქნა აშშ დოლარში, 2015 წლის 02 მარტისათვის არსებული, ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან მიმართებით ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (1USD- 2,1654 ლარი) და შეადგინა 167 566,64 აშშ დოლარი დღგ-ს ჩათვლით.
კასატორის განმარტებით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე წელია ეროვნული ვალუტა განიცდის მზარდ გაუფასურებას აშშ დოლართან მიმართებით. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია საინფორმაციო ხასიათის ცნობა (12.04.2021წ. N…), რომლის საშუალებითაც დგინდება, რომ კონტრაქტის ღირებულების განსაზღვრის დღიდან (02.03.2015წ.) მიმდინარე პერიოდისათვის ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია 58%-ით, ხოლო იმ პერიოდიდან დღემდე, როცა რეალურად მენარდეს სამუშაო უნდა დაესრულებინა ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში (20.08.2015 წ.), ლარის გაუფასურების პროცენტული მაჩვენელი 47%-ია და კასატორის მითითებით, სწორედ ვალუტის კურსის ამ მასშტაბის ცვლილებისაგან მოვალის ინტერესების დაცვის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი, რომლის თანხმად „თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს...“.
კასატორის მითითებით, დამკვეთს, ანუ სს „ს-ს რ-ას“, მენარდისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება მას შემდეგ უნდა აენაზღაურებინა, რაც ის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, არაუგვიანეს 2015 წლის 20 აგვისტოსი, დაასრულებდა გორის სამგზავრო ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მოცემული პერიოდისათვის, ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებით შეადგენდა 2,32 ლარს. იმ შემთხვევაში, თუკი მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად შესრულდებოდა დათქმულ ვადებში, მხარეთა შორის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-4 მუხლის შესაბამისად, გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი და სს „ს-ს რ-ზა“ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებას გადაიხდიდა ამავე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-6 მუხლით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. კასატორის განმარტებით, ვინაიდან ანგარიშსწორების ვალდებულება სს „ს-ს რ-ამ“ შპს „დ-ა .."-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო ვერ უზრუნველყო, 2015 წლის აგვისტოს თვეში დასასრულებელ სამუშაოთა ღირებულება მოვალემ უნდა აანაზღაუროს მიმდინარე პერიოდში, როცა ლარის გაუფასურება რეკორდულ მასშტაბებს აღწევს. მეტი თვალსაჩინოებისათვის, კასატორი განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით, შპს „დ--ა ..“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, რომლის ანაზღაურებაც სასამართლოს გადაწყვეტილებით სს „ს-ს რ-ას“ აქვს დაკისრებული, შეადგენს 164 151,62 აშშ დოლარს, რაც 2015 წლის 20 აგვისტოს მდომარეობით ეროვნულ ვალუტაში იქნებოდა 381 570,44 ლარი (164 151,62 X 2, 32), ხოლო, დღეს არსებული მოცემულობის პირობებში - 518 719.11 ლარს შეადგენს (164 151,62 X 3,16). აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა 137 148.67 ლარია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში გაუმართლებელ ტვირთად უნდა დააწვეს ს-ს რ-ას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 389-ე მუხლის განმარტებისას, ნომინალიზმის პრინციპის ავტომატურად მისადაგება მოცემული შემთხვევისათვის გაუმართლებელია, ვინაიდან გარემოებები (ვალუტის კურსი), რაც 2015 წელს საფუძვლად დაედო ხელშეკრულების გაფორმებას, აბსოლუტურად შეცვლილია მიმდინარე პერიოდში. კერძოდ, ეროვნული ვალუტის დღევანდელი მდგომარეობა ვერაფრით მოექცევა კურსის ნორმალური ცვლილების ფარგლებში, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მხარეთა რისკის სფეროს მიეკუთვნება. ს-ს რ-ზა, ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებისას გონივრული წინდახედულების პირობებშიც კი, ვერ განჭვრეტდა იმას, რომ მენარდეს ერთი წელი დასჭირდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასასრულებლად და თან ასე გართულდებოდა შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულებით დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დადასტურება.
ამგვარად, გაუფასურებული ლარის პირობებში და ამავდროულად, პანდემიური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, როცა ე.წ. „ლოქდაუნის“ მოქმედების დროს რამდენჯერმე შეჩერდა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანები, აბსოლუტურად გაუმართლებელია 389-ე მუხლის ამგვარი განმარტება და ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების გარეშე დატოვება, რაც უკავშირდება ერთი მხრივ, მენარდის მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებას და შესრულებულ სამუშაოთა საპროექტო მონაცემებთან შეუსაბამობას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში არსებულ პანდემიური სიტუაციით გამოწვეულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რამაც საგრძნობლად დააზარალა ს-ს რ-ის სამგზავრო გადაყვანების მიმართულება.
7.3.ასევე, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის ხარჯების განაწილების ნაწილში. კერძოდ, კასატორის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განჩინებით, მოცემულ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა, ამავე განჩინების დასკვნითი ნაწილის მე-7 პუნქტის თანახმად, ექსპერტიზის ხარჯების გადახდა თანაბარწილად დაეკისრა ორივე მხარეს. აღნიშნული ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულა ს-ს რ-ამ, რასაც მოწმობს საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 19 ნოემბრის N…. დასკვნა. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე დააკისრა სასამართლომ დამატებით ს-ს რ-ას შპს „დ-ა --“-ის მიერ გადახდილი ექსპერტიზის ხარჯების ნახევარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ კომპონენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ განჩინების 1.1 პუნქტში მითითებულ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.I (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 648-ე (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას) და 649-ე (თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში) მუხლების საფუძველზე.
15. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით მხოლოდ მოპასუხემ - სს „ს-ს რ-ამ“ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი თავისი შედავებას იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ მენარდეს ჯეროვნად არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და ამ მიმართებით, სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრის ნაწილში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნისათვის უპირატესობის მინიჭების საკითხს; ასევე, კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხაზე ე.წ. „ნომინალიზმის პრინციპის“ ავტომატურ მისადაგებასა და საპროცესო ხარჯების (სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის ხარჯების) განაწილების საკითხს.
16. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებები საკასაციო პალატის მოსაზრებით, ურთიერთდაკავშირებულია, რადგან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სწორედ სადავო დასკვნის გაზიარებასა და მის საფუძველზე, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევას დაეფუძნა. შესაბამისად, საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო პროცესში ექსპერტიზის დასკვნის მნიშვნელობაზე, მისი შეფასების სტანდარტზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა კასატორს, მის მიერ განხორციელებული შედავების ნაწილში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რელევანტურობას განუმარტავს.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ „ექსპერტის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სუსგ №ას-1152-2021, 31.01.2022).
19. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევი მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა კი, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ექსპერტის დასკვნის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია მთელ რიგ პროცედურულ ასპექტებზე, კერძოდ, სწორად გაიგო თუ არა ექსპერტმა დასმული კითხვა და რამდენად სწორად არის ეს გადმოცემული მის დასკვნაში; რამდენად სწორ საფუძვლებსა და წინაპირობებს ეყრდნობა ექსპერტი; მოყვანილია თუ არა დასკვნაში ის ხერხები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერტი მივიდა შესაბამის შედეგებამდე; იყო თუ არა გამოსაკვლევი მასალა (ნიმუში) საკმარისი; არის თუ არა გასაგები დასკვნის შედეგი“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122).
20. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნის გაზიარება სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მას სასამართლო სტანდარტულად, 105-ე მუხლით დადგენილი წესების მიხედვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე აფასებს. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა ედოს მტკიცებულებათა ობიექტური და სრული განხილვა. შესაბამისად, სასამართლომ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, ობიექტური შეფასების შედეგად, თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი მტკიცებულებაა სარწმუნო და რომელ მათგანს დაეყრდნოს.
21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს-ს რ-ს“ საკასაციო საჩივარი, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების არასათანადოდ შეფასებისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებული N--- საექსპერტო დასკვნისათვის დაუსაბუთებლად უპირატესობის მინიჭების შესახებ, დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიას არ შეიცავს. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს თავად საექსპერტო კვლევების მიმდინარეოებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 18 დეკემბრის N--- დასკვნასა (რომელიც ადასტურებს ბეტონის მარკიანობის საპროექტო ნიშნულთან შესაბამისობას) და შპს „ტ-ის“ 2016 წლის 17 ივნისის №--/-- კრებსით საექსპერტო დასკვნას (რომელიც ადასტურებს ბეტონის მარკიანობის საპროექტო ნიშნულთან შეუსაბამობას).
22. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 18 დეკემბრის N--- დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ 2016 წლის 05 სექტემბერს, განხორციელდა კერნების ამოკვეთა ქ. გორის რკინიგზის სადგურის ბაქნის ბეტონის ხარისხის გამოკვლევის მიზნით. მითითებულ ადგილებზე ამოკვეთილ იქნა 10 ცალი საცდელი ნიმუში ხელსაწყო DEWALT-D32585-QS-ის გამოყენებით. გაიზომა საცდელი ნიმუშების სიმაღლეები და მონაცემები შეტანი იქნა ამოჭრის ოქმში. 2016 წლის 20 ოქტომბერს განხორციელდა დამატებითი კერნების ამოკვეთა. დამატებით ამოკვეთილ იქნა 9 ცალი საცდელი ნიმუში ხელსაწყო DEWALT-D21585-QS-ის გამოყენებით. გაიზომა საცდელი ნიმუშების სიმაღლეები და მონაცემები შეტანი იქნა ამოჭრის ოქმში. ბეტონის საცდელი ნიმუშების დაჭრა განხორციელდა ф9, 5XH10 სმ ზომის ცილინდრებად ლაბორატორიის პირობებში, DEWALT-ის სპეციალურ საჭრელ დაზგაზე, ხოლო, დაჭრის შემდგომ უსწორმასწორო ზედაპირების გლუვად დამუშავება მოხდა CONTROLS GRINDING MACHINE 55-C0221/B3 დანადგარზე. ბეტონის ნიმუშების კუმშვაზე გამოცდა განხორციელდა წნეხ CONTROLS ADVANTESTS C5600/FR-ზე, საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა ჩატარებული იქნა 2 მეთოდით; ГOCT 28570-90 („ბეტონები, კონსტრუქციიდან ამოკვეთილი ნიმუშების სიმტკიცის განსაზღვრის მეთოდები“ და ГOCT 18105-86 („ბეტონები, სიმტკიცის კონტროლის წესები“)-ის მოთხოვნების შესაბამისად, რის შემდგომაც დადგინდა, რომ ბეტონის ნიმუშების კუმშვაზე სიმტკიცის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 45,41 მპა-ს (454,1 კგძ/სმ2, მარკა 450), რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით, შეესაბამება ბეტონის B35 კლასს, ხოლო, რაც შეეხება და შპს „ტ-ის“ 2016 წლის 17 ივნისის №--/-- კრებსით საექსპერტო დასკვნას, იგი ემყარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის 2016 წლის 16 ივნისის განმარტებითი ბარათის მიხედვით (რაც შემდგომ შპს „ტ-ის“ დასკვნაშიც მიეთითა), საექსპერტო კვლევის მიმდინარეობა აისახა შემდეგნაირად: პირველ ეტაპზე (21.04.2016 წ.) განხორციელდა 6 ცილინდრული ნიმუშის ამობურღვა. ბეტონის საშუალო სიმტკიცე გამოთვლილი გოსტ 28570-90-ის მოთხოვნების გათვალისწინებით შეადგენს 338.2 მპა (389,3 კგძ/სმ2). მეორე ეტაპზე (10.05.2016 წ.), მიღებული შედეგების დაზუსტების მიზნით, დამატებით ამობურღულ იქნა 6 ცილინდრული ნიმუში. მეორე ეტაპზე ამობურღული ნიმუშების საშუალო სიმტკიცე შეადგენს 40.2 მპა (409.6 კგძ/სმ2). აღებული ნიმუშების დამუშავება და გამოცდა განხორციელდა სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლომ სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაში გოსტ 28570-90-ის მოთხოვნების გათვალისწინებით. ნიმუშები გამოცდილ იქნა ჰიდრავლიკურ წნეხზე STYE-2000C. ბეტონის სიმტკიცის დასადგენად სულ ამობურღულ იქნა 12 ცილინდრული ფორმის ნიმუში. ბეტონის საშუალო სიმტკიცე რვა უდიდესი შედეგის საშუალო მნიშვნელობით შეადგენს 39.2 მპა (399.4 კგძ/სმ2), რაც დაბალია პროექტით გათვალისწინებულ ბეტონის სიმტკიცის მახასიათებელზე, რომელიც შეადგენს B35-ს (45.8 მპა, 458.4 კგძ/სმ2).
23. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 18 დეკემბრის N--- დასკვნა სრულყოფილად ასახავს მოვლენას - საექსპერტო კვლევის მიმდინარეობას, რომელიც 2 მეთოდის - ГOCT 28570-90 და ГOCT 18105 მოთხოვნების შესაბამისად იქნა ჩატარებული და ადასტურებს ფაქტის არსებობასაც - ბეტონის სიმტკიცის შესაბამისობას B35 კლასთან. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნის კვლევის მეთოდების შეფასებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაზიარებელია წინამდებარე განჩინების 6.7 პუნქტში, სააპელაციო პალატის მიერ განვითარებული მსჯელობა მასზედ, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ ბაქნის გამოკვლევისას უფრო ფართო არეალი მოიცვა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისაგან განსხვავებით, კვლევა განახორციელა თანამედროვე მეთოდით; ბეტონის კუმშვაზე გამოცდა განხორციელდა თანამედროვე დანადგარზე დაყრდნობით და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა ჩატარებულ იქნა 2 სხვადასხვა მეთოდით, რის გამოც, საკასაციო პალატას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსგავსად უჩნდება შინაგანი რწმენა, რომ გაიზიაროს სწორედ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, როგორც უფრო მეტად მოტივირებული და დამაჯერებელი.
24. გარდა იმისა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე ლოგიკური და სათანადოდ მოტივირებულია, საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ თავად კასატორი, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებულ შედეგს კი არ ხდის სადავოდ, არამედ ეჭვქვეშ აყენებს „ვადების დარღვევით“ ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის სარწმუნოობა/რელევანტურობას. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ დროის გასვლასთან ერთად ბეტონი შრება და მარკიანობაც იმატებს, რაც აჩვენა კიდეც მენარდის დაკვეთით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მომზადებულმა დასკვნამ. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორი უთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N1 1/251 ბრძანებაზე, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმები, წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა ნორმები. აღნიშნული ნორმებიდან ერთ-ერთია ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები (CHXII2.03.01-84), სადაც მითითებულია, რომ ბეტონი შესაბამის კლასს 28 დღე-ღამეში აღწევს, რაც კასატორის მოსაზრებით გულისხმობს იმას, რომ შპს „დ-ა ..“-ის მიერ გამოყენებულ ბეტონს საპროექტო ნიშნულისათვის, იმ პერიოდისათვის, როცა ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა კვლევა ჩაატარა, უკვე მიღწეული უნდა ჰქონოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით, ბეტონის მარკიანობის საპროექტო ნიშნულთან - B35 კლასთან შესაბამისობა დადასტურდა, ხოლო, დამატებითი პირობებზე შეთანხმებას (თუ კონკრეტულად როდის ან რა პერიოდში უნდა განხორციელებულიყო ინსპექტირება ბეტონის სიმტკიცის მახასიათებლების დასადგენად) არც საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაცია და არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა.
25. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ეროვნული ვალუტის ინფლაციასა და სააპელაციო პალატის მიერ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის არასწორ განმარტებას შეეხება. კერძოდ, კასატორის მითითებით, შპს „დ--ა ..“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, რომლის ანაზღაურებაც სასამართლოს გადაწყვეტილებით სს „ს-ს რ-ას“ აქვს დაკისრებული, 164 151,62 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2015 წლის 20 აგვისტოს მდომარეობით ეროვნულ ვალუტაში იქნებოდა 381 570,44 ლარი, ხოლო, დღეს არსებული მოცემულობის პირობებში - 518 719.11 ლარს შეადგენს. აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა 137 148.67 ლარია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში გაუმართლებელ ტვირთად უნდა დააწვეს ს-ს რ-ას.
26. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა უპირველესად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. ვალუტა არის ამა თუ იმ ქვეყნის ფულადი ერთეული, რომელიც საფუძვლად უდევს ქვეყნის ფულად სისტემას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს ფულადი ვალდებულება დადგინონ უცხოურ ვალუტაშიც. ასეთ შემთხვევაში ვალის ვალუტა იქნება ის ფულადი ერთეული, რომელშიაც გამოიხატება (გამოითვლება) ფულადი ვალდებულების თანხა, ხოლო გადახდის ვალუტაა ის ფულადი ნიშნები, რომელიც ითვლება ფულადი ვალდებულების შესრულების საშუალებად. საქართველოში გადახდის ვალუტას წარმოადგენს ეროვნული ვალუტა – ლარი (იხ. დამატებით: ბ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 383, თბილისი, 2001, გვ.331).
27. საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 10.4. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება ფორმდება აშშ დოლარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის 02 მარტისათვის დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. ამასთან, ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს - 142 005.63 აშშ დოლარს, ხოლო, დღგ-ს ჩათვლით - 167 566.64 აშშ დოლარს. ამგვარი შეთანხმება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებია მხარეთა სურვილის შემთხვევაში და ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ზოგად ნორმებთან მიმართებით, უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ხელშეკრულება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებას წარმოადგენს და მას ურთიერთობის სამართლებრივ მოწესრიგებაში უპირატესი ძალა გააჩნია (სსკ-ის 319-ე, 383-ე, 427-ე, მუხლები).
28. სსკ-ის 389-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მოიხმობს უზენაესი სასამართლოს განმარტებას: „ეს ნორმა ეფუძნება ნომინალიზმის პრინციპს, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვალდებული პირი კრედიტორს ფულს იმავე რაოდენობით უბრუნებს, რაც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. ფულის მსყიდველობაუნარიანობა მხედველობაში არ მიიღება. თუმცა, დასახელებული ნორმა თავისი სიტყვასიტყვითი დანიშნულებით ნომინალიზმის პრინციპისაგან განსხვავებულ წესს ადგენს და უთითებს, რომ თუ ფულის ერთეული (კურსი) შეიცვალა, ფულადი ვალდებულება იგივე რაოდენობის ნომინალით კი არ უნდა დაბრუნდეს, არამედ მისი მსყიდველობაუნარიანობის გათვალისწინებით, ანუ იმ კურსით, რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს არსებობდა. ამასთან, ნორმის ამგვარი სიტყვა-სიტყვითი განმარტება ეწინააღმდეგებოდა ნომინალიზმის პრინციპის არსს და მის დანიშნულებას, როგორც ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. სსკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას. ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. მაგალითად, დენომინაცია განიცადა საბჭოთა კავშირის დროს მანეთმა, როდესაც მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით. რაც შეეხება ჰიპერინფლაციას, აღნიშნული თავისთავად ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადამხდელო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას. ნორმის რეგულირების მიხედვით, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. აღნიშნული ნორმის კონტექსტში, ნომინალიზმის პრინციპის გათვალისწინებით, განმარტებას საჭიროებს, თუ რა იგულისხმება ვალდებულების შესრულების დროში. სსკ-ის 389-ე მუხლის კონტექსტის გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულების დროში იგულისხმება დრო, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს, ანუ დრო როცა ვალდებულება ვადამოსულია ან არსებობს კრედიტორის მოთხოვნა, და შესაბამისად, მოვალე ვალდებულია, შეასრულოს ვალდებულება. შესაბამისად, მოვალემ 389-ე მუხლის მიხედვით, ფულადი ერთეულის (კურსის) შეცვლისას ვალდებულება იმ ფულადი ერთეულით (კურსით) უნდა შეასრულოს, რომელიც ვადა მოსული ვალდებულების წარმოშობის დროს არსებობდა. „ნომინალი“ გულისხმობს ფულზე აღნიშნული ფულადი ერთეულის რაოდენობას (10 ლარი, 50 ლარი და ა.შ.). ამდენად, ვალიც ამ ერთეულით უნდა დაბრუნდეს. მაშასადამე, ვალდებულების საგანია ფულადი ერთეულის ესა თუ ის რაოდენობა და არა ამ ერთეულთა მსყიდველობითუნარიანობა. „ფულის მსყიდველობითუნარიანი ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას და არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილების მიუხედავად, ფულის მსყიდველობითუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება“. ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული ოდენობა, შესაბამისად, ფულის მსყიდველობითუნარიანობის ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას და არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. ვალდებულება ნაკისრ თანხაში უნდა დაიფაროს, ვინაიდან ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული თანხა (იხ. სუსგ-ები: №ას-762-730-2016, 16.01.2017წ; №ას-347-323-2010, 19.07.2010წ.; №ას-130-122-2017, 24.03.17 წ.; იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელექტრონული ვერსია: http://www.gccc.ge).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს მოცემულ საქმესთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ სს „ს-ს რ-ას“ მართებულად დაეკისრა 164151,62 აშშ დოლარის გადახდა.
30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მიზნებისათვის არარელევანტურია ასევე კასატორის პრეტენზია ექსპერტიზის ხარჯების განაწილების თაობაზე. ამ მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 52.1 მუხლის (სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა , წინასწარ შეაქვს მხარეს , რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად) საფუძველზე, დაევალათ სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის ხარჯების თანაბარწილად გადახდა.
31. 2019 წლის 19 დეკემბერს, გორის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მოსარჩელე შპს „დ-ა ..“-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობა და ექსპერტიზის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა (ტ.2, ს.ფ. ….), რომელთა მიხედვით დგინდება, რომ ექსპერტიზის ღირებულებამ 3 227 ლარი შეადგინა; აღნიშნული თანხა კი, შპს „დ-ა ..“-მა გადაიხადა. რაც შეეხება სს „ს-ს რ-ის“ კუთვნილ წილს ექსპერტიზის ხარჯის განაწილების თვალსაზრისით, მისი მხრიდან ხარჯის გაწევის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. მარტოოდენ კასატორის ზეპირსიტყვიერი განცხადება მასზედ, რომ მან ექსპერტიზის ჩასატარებლად მისი კუთვნილი წილი გადაიხადა, გადაწყვეტილების შეცვლას საფუძვლად ვერ დაედება, რადგან მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით კასატორმა ვერ შეძლო. შემდავებელს სასამართლოსთვის იმგვარი დასაშვები მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რომელიც უცილობლად სარწმუნოს გახდიდა მისი პოზიციის სისწორეს. ასეთ მტკიცებულებად კი, მხოლოდ ახსნა-განმარტება არ განიხილება, რადგან კასატორი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არ არის სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ისევე როგორც, დავის გადაწყვეტისას მართებულად განმარტეს სამართლის ნორმები. ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ს რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. სს „ს-ს რ-ას“ (----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება ---, გადახდის თარიღი 28.06.2021) 70% – 5600 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
ლაშა ქოჩიაშვილი